„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2023
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/338/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ ან ობიექტის მშენებლობა ითვლება კანონიერად ამ კოდექსის 1418 მუხლის შესაბამისად;“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1418 მუხლი: „მუხლი 1418. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის კანონიერება 1. ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწის მესაკუთრის მიერ 2024 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი დამხმარე შენობა-ნაგებობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ობიექტისა, არ საჭიროებს ლეგალიზებას და ითვლება კანონიერად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობა-ნაგებობის 2024 წლის 1 იანვრამდე აშენების ფაქტი დასტურდება იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობით ან მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ინფორმაციით, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემებით ან ორთოფოტოთი (აეროფოტოგადაღებით) აღნიშნულის საწინააღმდეგო არ დადგინდება. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლად ითვლება ცალკე მდგომი არაუმეტეს სამი მიწისზედა სართულის (მანსარდის გარდა) ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ კონსტრუქციულ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლად, ასევე, ჩაითვლება სახლი, რომელიც შედგება არაუმეტეს ორი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებზეც უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობის სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის ან დემონტაჟის მოთხოვნით.“. მუხლი 2 საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა, უზრუნველყოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების ნუსხისა და შესაბამისი გეოგრაფიული არეალების სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში მომზადებული საზღვრების ელექტრონული ვერსიის დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრულია სამშენებლო საქმიანობის წარმართვისა და შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის საჭირო მოთხოვნები. საგულისხმოა, რომ წლების განმავლობაში პროცესები წარიმართა იმგვარად, რომ მთელ რიგ შემთხვევებში სამშენებლო საქმიანობა განხორციელებულია შესაბამისი წესების დაცვის გარეშე. შედეგად, საკმაოდ დიდია იმ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების რაოდენობა, რომელთა მშენებლობაც დასრულებულია და საცხოვრებლად გამოიყენება, თუმცა, სამშენებლო წესების დარღვევების გამო, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და მოქმედი კანონმდებლობის პირობებში ვერც სამომავლოდ მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება. უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ დღეის მდგომარეობით, არამედ წარსულშიც, მათ შორის, საქართველოს სსრ არსებობის პერიოდშიც, ხშირი იყო იმ დროისათვის მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის დარღვევით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შემთხვევები. თვითნებური მშენებლობის აღსაკვეთად შესაბამისი რაიონების აღმასრულებელი კომიტეტების (აღმასკომების) მიერ დროული ზომების მიუღებლობის გამო ასეთ მშენებლობათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა. საცხოვრებელი სახლები ხშირად შენდებოდა სამშენებლო პროექტის ან/და ნებართვის გარეშე, ხოლო უნებართვო მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი სათანადოდ არ კონტროლდებოდა ამავე აღმასკომების მიერ. შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დიდი უმრავლესობა სამშენებლო საქმიანობის წესების დარღვევით არის აშენებული. სამშენებლო საქმიანობისთვის დადგენილი წესების დარღვევით აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს სსრ პერიოდიდან დღემდე ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები, ხშირად - მათი რამდენიმე თაობა. 1990-იან წლებში ჩატარებული მიწის რეფორმის პერიოდში მოხდა მიწის ნაკვეთების მოქალაქეებისთვის კერძო საკუთრებაში გადაცემა. მიწის რეფორმის დროს ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც დღეისათვის უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს. მიწის ნაკვეთებთან ერთად მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცემოდათ მათზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიც, თუმცა, იმგვარად, რომ გამოკვლეული არ ყოფილა მათი მშენებლობის კანონიერება. იმისათვის, რათა განხორციელდეს ზემოაღნიშნული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, მშენებლობის განმახორციელებლის მიერ უნდა აღმოიფხვრას ის დარღვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მშენებლობის პროცესში. თუმცა, მთელ რიგ შემთხვევებში, ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან ასეთი ობიექტების მესაკუთრეები ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობენ და სარგებლობენ ამ უძრავი ქონებით, ასხვისებენ, უფლებრივად ტვირთავენ და მემკვიდრეობით გადასცემენ მათ. გარდა ამისა, მთელ რიგ შემთხვევებში, პრაქტიკულად აღარ არსებობს მშენებლობის განმახორციელებელი პირი (ფიზიკური პირი გარდაცვლილია, ხოლო იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, გაუქმებულია). შესაბამისად, სახელმწიფო დგას იმ მოცემულობის წინაშე, რომ სახეზეა კანონმდებლობის დარღვევით წარმოებული ფუნქციონირებადი, მშენებლობადამთავრებული ობიექტები, თუმცა აღარ არსებობენ მათზე პასუხისმგებელი პირები, ან მათი მხრიდან შეუძლებელია არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. 1983 წლის 23 დეკემბერს გამოიცა „საქართველოს სსრ რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს №806 დადგენილება (მასში ცვლილებები შევიდა 1984 და 1994 წლებში), რომლითაც სახელმწიფომ, პრაქტიკულად, აღიარა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების თვითნებურად აშენების პრობლემა, ხოლო აღმასკომებს მიეცათ უფლება მოეხდინათ 1974 წლის სექტემბრამდე თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაცია, თუ მიზანშეუწონელი იყო მათი ჩამორთმევა და სახალხო დეპუტატთა საბჭოს ფონდისთვის გადაცემა ან დანგრევა (გამოცხადდა ერთგვარი „ამნისტია“). ამავე დადგენილებაში 1994 წლის 16 მარტს შეტანილი ცვლილებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნული ვადა 1994 წლამდე გადაწია. 2014 წლის (საქსტატის ბოლო მონაცემებით) მოსახლეობის აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 713 804-ს. აქედან თბილისის მოსახლეობა არის 1 108 717, ხოლო რეგიონების მოსახლეობა - 2 605 087. საქართველოში სოფლად ცხოვრობს 1 586 881 ადამიანი. საჯარო რეესტრში დაცული, რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, 791 585 მიწის ნაკვეთზე, რომლებზეც დგას შენობა-ნაგებობა, წარმოდგენილი არ არის სამშენებლო/საპროექტო დოკუმენტაცია. 2022 წლის ივლისიდან საჯარო რეესტრიდან ამონაწერში აისახება ჩანაწერი „სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე“, რომელიც, დღეის მდგომარეობით, მითითებულია 90 602 მიწის ნაკვეთზე მონაცემების განთავსებულ რაოდენობა შენობა-ნაგებობებთან იზრდება სისტემური მიმართებით. რეგისტრაციის რეგისტრირებული არეალებში მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის პარალელურად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, განხორციელდეს ამ მომენტისთვის არსებული მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მშენებლობის კანონიერად გამოცხადება საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. ამასთან, აუცილებელია, რომ ეს მიდგომა დაუკავშირდეს გარკვეულ თარიღს, რათა სამომავლოდ აღიკვეთოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების თვითნებურად, სამშენებლო წესების დარღვევით მშენებლობის ჩამოყალიბებული პრაქტიკა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიებზე არ არის მიზანშეწონილი კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციის გავრცელება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრულია განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია, რომელიც განმარტებულია, როგორც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დასახლებისათვის მინიჭებული განსაკუთრებული რეგულირების (სარეკრეაციო, საკურორტო, თავდაცვითი ან საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით მინიჭებული სხვა) სტატუსის მქონე ტერიტორია. საქართველოს მთავრობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ცალკეულ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებულ რეგულირებას ექვემდებარება, გაავრცელოს მიდგომა, რომლის თანახმად, ასეთ ტერიტორიებზე აუცილებელი იქნება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ლეგალიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სამშენებლო წესების დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კანონიერად მიჩნევა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონიერად ჩაითვლება 2024 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწის მესაკუთრის მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მშენებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს:  კოდექსს ემატება 1418 მუხლი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწის მესაკუთრის მიერ 2024 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი დამხმარე შენობანაგებობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ობიექტისა, არ საჭიროებს ლეგალიზებას და კანონიერად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში შენობა-ნაგებობის 2024 წლის 1 იანვრამდე აშენების ფაქტი უნდა დადასტურდეს იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობით ან მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ინფორმაციით, თუ სააგენტოში დაცული მონაცემებით ან ორთოფოტოთი (აეროფოტოგადაღებით) აღნიშნულის საწინააღმდეგო არ დადგინდება. ამასთან, კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულირება არ გავრცელდება იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებზეც უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობის სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის ან დემონტაჟის მოთხოვნით.  125-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ცვლილების თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო მიიღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ ობიექტის მშენებლობა კანონიერად ჩაითვლება ზემოთ აღწერილი პროცედურის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი (გარდა პირველი მუხლისა) ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტის ძირითადი ნაწილი (პირველი მუხლი) ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ამ ვადაში საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიების ნუსხისა და შესაბამისი გეოგრაფიული არეალების სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში მომზადებული საზღვრების ელექტრონული ვერსიის დამტკიცებას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): 2022 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით დადგინდა სისტემური რეგისტრაციის არეალები (მოიცავს 59 მუნიციპალიტეტს) და ამ არეალების მიხედვით განისაზღვრა სისტემური რეგისტრაციის განხორციელების ვადა - 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნულ ბრძანებაში 2023 წლის 10 ივნისს შეტანილი ცვლილების თანახმად, 2023 წლის ოქტომბრიდან სისტემური რეგისტრაცია დაიწყო და 2025 წლის 1 იანვრამდე დასრულდება, დამატებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ამავე ბრძანებით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში. მიწის სისტემური რეგისტრაციის მასშტაბური პროცესი 2024 წელს უნდა დასრულდეს. ამ პროცესში წარმოიშობა ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხებიც. იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო პაკეტში შედის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტიც, რომლითაც ახლებურად ყალიბდება იმ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებზეც არ არის გაცემული სამშენებლო ნებართვა, არ არსებობს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი ან ლეგალიზების აქტი და ასეთ შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლება რეგისტრაციას არ დაექვემდებარება, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო პაკეტი, მათ შორის, წინამდებარე კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით განიხილოს საქართველოს პარლამენტმა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსახლეობას არ მოუწევს დამატებით რაიმე სახის საფასურის გადახდა. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთებისა და მასზე არსებული შენობანაგებობების აზომვას, უკვე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლებს კი ამონაწერის განახლების დროს შეუცვლის სტატუსს. შედეგად, რეესტრის ამონაწერში აისახება შენობა-ნაგებობა, როგორც კანონიერი და ამ მიზნით მესაკუთრის მიერ დამატებითი საფასურის გადახდა არ არის გათვალისწინებული. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული