თემატური მოკვლევა - საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის საერთო როუმინგული სივრცის შექმნის მიზანშეწონილობისა და როუმინგული ტარიფების მდგრადი შემცირების შესაძლებლობების შესწავლა

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.11.2023
ავტორი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#[4d73]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-30
კომიტეტის სხდომის ნომერი 75

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2577?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 30 ნოემბერი 2023 11:00 2023 წლის 30 ნოემბერი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის საერთო როუმინგული სივრცის შექმნის მიზანშეწონილობისა და როუმინგული ტარიფების მდგრადი შემცირების შესაძლებლობების შესწავლა; თემატური მომხსენებელი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე; 2. სხვა საორგანიზაციო საკითხები. 11/30/2023, 11:06 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N75 2023 წლის 30 ნოემბერი თბილისი სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: მაკა ბოჭორიშვილი ლევან ქარუმიძე თეონა აქუბარდია დავით ბაქრაძე მიხეილ დაუშვილი არჩილ თალაკვაძე ვახტანგ მეგრელიშვილი - ჰერმან საბოს ადგილმონაცვლე ნიკოლოზ სამხარაძე ვიქტორ სანიკიძე დავით სონღულაშვილი სალომე ჯინჯოლავა - სალომე ქურასბედიანის ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა - ნინო წილოსანის ადგილმონაცვლე დავით ხაჯიშვილი დღის წესრიგი: 1. საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის საერთო როუმინგული სივრცის შექმნის მიზანშეწონილობისა და როუმინგული ტარიფების მდგრადი შემცირების შესაძლებლობების შესწავლა. თემატური მომხსენებელი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე 2. სხვა საორგანიზაციო საკითხები. სხდომის მსვლელობა: კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი გააცნო. მისი განცხადებით, ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში საქართველოს ჩართვის საკითხზე დისკუსია საკამაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს, შესაბამისად ამის შესახებ თუ რამდენად შესაძლებელია საქართველო გახდეს აღნიშნული სისტემის ნაწილი მომზადდა თემატური მოხსენება, როგორც ეს განსაზღვრული იყო 2023 წლის კომიტეტის სამოქმედო გეგმით. თემატური მოხსენება თემაზე - საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის საერთო როუმინგული სივრცის შექმნის მიზანშეწონილობისა და როუმინგული ტარიფების მდგრადი შემცირების შესაძლებლობების შესახებ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, როუმინგული მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო სერვისია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. თუმცა, როუმინგული მომსახურების საერთაშორისო ბუნებიდან გამომდინარე, მომსახურების საფასური ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე იგივე საკომუნიკაციო მომსახურებისთვის დაწესებული ადგილობრივი ტარიფები. როგორც ბატონმა ლევანმა აღნიშნა, წარმოდგენილი ანგარიში მიზნად ისახავს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრების ინფორმირებას ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან საქართველოს მიერთების შესაძლებლობის შესახებ. დოკუმენტი ასევე მოიცავს შესაბამის რეკომენდაციებს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც სახელმწიფო უწყებებმა უნდა გადადგან ამ შესაძლებლობის გამოყენებისთვის. მომხსენებელმა მოკვლევის პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, არა ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან, აგრეთვე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში როუმინგული მომსახურების მიმწოდებელ სხვადასხვა კომპანიებთან. მისივე თქმით, ანგარიშის მომზადების მიზნით, ასევე, მოხდა ევროკავშირის როუმინგული მომსახურების მოქმედი რეგულაციების, არსებული როუმინგული გაერთიანებების და მათ ეფექტიანობასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშების დეტალურად შესწავლა. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის თავისუფალ როუმინგულ სივრცეში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ვინაიდან ამ მიზნის მიღწევა ითვალისწინებს ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებას, რაც ერთი მხრივ საქართველოს დაეხმარება სატელეკომუნიკაციო სფეროში დანერგოს ევროპული სტანდარტის მომსახურება და მომხმარებლებს შესთავაზოს შესაბამისი ხარისხის პროდუქტი/მომსახურება, ხოლო მეორე მხრივ კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ურყევ სწრაფვას ევროპული ფასეულობების მიმართ. მოხსენების თანახმად, ევროპაში მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებით, საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საერთაშორისო როუმინგულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული მომსახურება განეკუთვნება ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას, თუმცა, „საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ არ განმარტავს როუმინგულ მომსახურებას. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს კომუნიკაციების კომისიას შეუძლია სატარიფო რეგულაციის დაწესება მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის და მას არ აქვს ცალკე როუმინგული მომსახურების ნაწილში ჩარევის უფლება. ასევე, როუმინგული მომსახურების ტარიფები საქართველოს მომხმარებლებისთვის მხოლოდ როუმინგული შეთანხმებების საფუძველზეა დადგენილი და ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს როუმინგული მომსახურების რეგულირებას, ამ სფეროში კომისია შეზღუდულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების შესახებ „რეგლამენტით განსაზღვრული საკითხებით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განხილულ იქნა არაწევრი სახელმწიფოს ევროპის ერთიან თავისუფალ როუმინგულ სივრცესთან მიერთების სამართლებრივი ასპექტები. ვინაიდან, ამ სივრცის შექმნის დროს არ იყო განსაზღვრული არაწევრი სახელმწიფოების ევროპულ როუმინგულ სივრცეში ჩართვა, მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო მსგავს მექანიზმებს არ ითვალისწინებს. მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ევროკომისია მუშაობს იმ სამართლებრივი გზების შემუშავებაზე, რომელიც შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდის არაწევრი სახელმწიფოების ევროპის ერთიან თავისუფალ როუმინგულ სივრცეში გაერთიანებას. მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და ევროკავშირის პროექტს, „ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მხარდაჭერა (AA Facility)“, ექსპერტული და ფინანსური ხელშეწყობისთვის. კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კითხვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელს მიმართა, კერძოდ კი რა ეტაპზეა მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირის მხარესთან. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, სამინისტრო ამჟამად ასრულებს საკანონმდებლო საჭიროებების შესწავლის პროცესს. რაც შეეხება ევროკომისიასთან თანამშრომლობას, სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2022 წლის 5 დეკემბერს შედგა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა. მასში მონაწილეობდნენ ერთი მხრივ ევროკომისიის, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ევროკომისიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ დამატებით ნაბიჯებზე, რომელიც ევროპული როუმინგული რეგულაციის წესების დანერგვასთან ერთად უნდა გადადგას საქართველომ. მისივე განცხადებით კომისიის მხრიდან არსებობს მზაობა ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართების გადახედვის თაობაზე. კომიტეტის წევრი თეონა აქუბარდია დაინტერესდა, რეკომენდაციების ფართო ნუსხის გათვალისწინებით თუ როგორ წარმოუდგენიათ კვლევის ავტორებს, რა რეალურ ვადებში არის შესაძლებელი აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დაწყება და დასრულება. როგორც ლევან ქარუმიძემ აღნიშნა, პროცესი 2017 წელს დაიწყო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნისთვის, მისივე თქმით, შეუძლებელია ზუსტი ვადების განსაზღვრა, თუმცა მისი ვარაუდივით აღნიშნულ პროცესს მინიმუმ 3 წელი დასჭირდება, როგორც ეს ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში მოხდა. კომიტეტმა განხილული თემატური მოხსენება ცნობად მიიღო. მაკა ბოჭორიშვილი სხდომის თავმჯდომარე