საქართველოს პარლამენტის წევრის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (გივი მიქანაძე, ბაია კვიციანი, რამინა ბერაძე, ნოდარ ტურძელაძე) 2023 წლის 4-9 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.12.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-20511/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-12
ბიუროს ნომერი 316

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-20511/23 12-12-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4-9 დეკემბერს მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, მივლინებით ვიმყოფებოდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ვოლსკს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მივლინების ანგარიში მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4-9 დეკემბერს მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, მივლინებით ვიმყოფებოდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციის შემდეგ წევრებთან ერთად: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბაია კვიციანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, რამინა ბერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ ტურძელაძე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის უფროსი, დავით გიორგაძე, ამავე კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი, ოთარ ბეჟიტაშვილი და წამყვანი სპეციალისტი, ნინო გოგნიაშვილი. ვიზიტი განხორციელდა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კომიტეტის ხელმძღვანელის, ლუო შუკანგის მიწვევით. მივლინების ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე შანხაის საკანონმდებლო ორგანოს და ცინჰუასა და ფუდანის უმაღლეს სასწავლებლების ხელმძღვანელ პირებთან. დელეგაციის შეხვედრებს ჩინეთში ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ შარაშენიძე და საელჩოს სხვა თანამშრომლები. ვიზიტის პირველ დღეს, დელეგაციას ჩინეთის სახალხო კონგრესის ვიცე-სპიკერმა თიე ნინგმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ზაფხულში ჩვენი ქვეყნების ლიდერებმა გააფორმეს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ყურადღება გავამახვილეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითრების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საპარლამენტო დიპლომატიასა და ხალხთა შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე. თიე ნინგმა ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე დიდი მადლობა გადაგვიხადა ერთიანი ჩინეთის მხარდაჭერისთვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბატონი ლუო შუკანგი და სხვა წარმომადგენლები. თიე ნინგთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდგე, ასევე ცალკე შეხვედრა განხორციელდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის სხვა წევრებთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ფართე სპექტრი განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ლუო შუკანგს და დამსწრე პირებს გავაცანი ქართული განათლების სისტემა და მისი განსაკუთრებული, პრიორიტეტული მნიშვნელობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, საუბრისას შევეხე იმ კონკრეტულ რეფორმებს, რაც დღესდღეობით საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე მ/წ ივლისში ჩვენი ქვეყნების ლიდერებს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებასა და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე. ჩემი მხრიდან მთავარ განსახილველ საკითხებად დასახელებულ იქნა ჩვენს ქვეყნებში გაცემული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების ურთიერთაღიარება და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაზრდის მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელებისა და დიპლომების გაცემის ხელშეწყობა. კომიტეტის თავმჯდომარის, ლუო შუკანგის განცხადებით დიდ მნიშვნელობა ენიჭება ქართული დელეგაციის ვიზიტს და გამოითქვა სრული მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების კუთხით. შეხვედრის დასასრულს, ჩინელი კოლეგა, კომიტეტის წევრებთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში მოვიწვიე და სავარაუდო პერიოდად შევთავაზე 2024 წლის პირველი ნახევარი. აღნიშნული შეთავაზება მოწონებულ იქნა ლუო შუკანგის მხრიდან და მის განსახორციელებლად შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე. მომდევნო დღეს, დელეგაციის წევრები შევხვდით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვანი ცინჰუას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. კერძოდ, უნივერსიტეტის პრორექტორს, ვანგ ჰონგვეის. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილე ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და დავადასტურე ამ მხრივ პოლიტიკური მხარდაჭერა ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სადიპლომო პროგრამების განვითარებისა და კვლევითი საქმიანობის წარმოების თაობაზე. პრორექტორს ასევე გაცანი ქართული უნივერსიტეტების და განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობა და სურვილი სამომავლო თანამშრომლობაზე. უნივერსიტეტის პრორექტორმა გამოხატა დიდი ინტერესი ქართულ უნივერსიტეტებთან ორმხრივი თანამშრომლობის დაწყებაზე და ამ საკითხზე საკონტაქტო პირად განსაზღვრა საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებულ დეკანი, ვანგ ჰუი. ვიზიტის ბოლოს დავათვალიერეთ 400 ჰექტარზე განთავსებული უნივერსიტეტის კამპუსები და სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარების ობიექტები. ცინჰუას უნივერსიტეტი აზიის უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზე. უნივერსიტეტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვესტუმრეთ ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიას, სადაც გვიმასპინძლა აკადემიის ვიცე-პრეზედენტმა - ჟანგ იაპინგმა. ჩემს მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. განსაკუთრებულად გამოვყავი ორი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიებს შორის ჩამოყალიბებული მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა და გამოვთქვი სურვილი ამ მიმართულებით შემდგომი წინსვლის თვალსაზრისით. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა ქართული დელეგაციის ვიზიტს ჩინეთში, აღნიშნა მისი მნიშვნელობა ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში და დააფიქსირა მომავალი თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრის შედეგად მხარეები შევთანხმდით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში კომუნიკაციასა და ერთობლივი ძალისხმევით საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების ხელშეწყობაზე. მათ შორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის ერთიანი სამეცნიერო პლატფორმის შექმნის კუთხით, არსებული გამოცდილების გაზიარებაზე, რათა ქართველ მეცნიერთა ნაშრომები და მიგნებები ხელმისაწვდომი გახდეს ქართველი მკვლევარებისთვის. სამუშაო დღის ბოლოს შეხვედრა გავმართე ჩინეთის განათლების სამინისტროში, მინისტრის მოადგილე, ჩენ ძიესა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელ დეპარტამენტების დირექტორებთან. შეხვედრაზე, ძირითადი აქცენტები გაკეთდა ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე და დაფიქსირდა კომიტეტის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განხილვის განსაკუთრებული საგანი იყო ორი ქვეყნის სამინისტროების შეთანხმების გაფორმების დაჩქარება უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა. მხარეებმა ვიმსჯელეთ შეთანხმების პროექტზე, აღინიშნა, რომ კონკრეტული წინადადებებით შეჯერებული ვერსია ჩინურმა მხარემ მიაწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ჩენ ძიესმა ქართულ დელეგაციას განუცხადა, რომ როგორც კი ტექსტი შეთანხმდება და მიიღებენ ქართული მხარის პოზიციას, მზად არიან მოკლე ვადაში გაფორმდეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება. დასასრულს მხარეები შევთანხმდით აქტიურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე. ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე შედგა ქალაქ შანხაის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე, ჭოუ ხუეილინთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარესთან. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ორ ქვეყანას შორის 2023 წლის ივლისში გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე. ასევე, მასპინძლებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე, განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებით. ჭოუ ხუეილინმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, ასევე, გამოხატა მზაობა მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების თაობაზე. მან სურვილი გამოთქვა საქართველოს ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის თაობაზე. მხარეები შევთანხმდით აქტიურ კომუნიკაციაზე სამომავლო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრის შემდეგ, ქართული დელეგაცია სახალხო კონგრესის ჰონგქიაოს რეგიონულ წარმომადგენლობას ესტუმრა და გავეცანით მის საქმიანობას. შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზში კომიტეტის წევრები გავეცანით შანხაის განვითარების მოდელსა და სამომავლო განვითარების გეგმებს. ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ვესტუმრეთ ქალაქ შანხიაში მდებარე ფუდანის უნივერსიტეტს და შევხვდით უნივერსიტეტის პრორექტორ, ძინ ხაიიენს. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილე ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ, პოლიტიკური მხარდაჭერა დავადასტურე ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სადიპლომო პროგრამების განვითარებისა და კვლევითი საქმიანობის წარმოების თაობაზე. უნივერსიტეტის პრორექტორმა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოხატა. დელეგაცია ფუდანის უნივერსტიტეტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათ საგანმანათლებლო საქმიანობას გაეცნო. უნივერსიტეტში ვიზიტის დასასრულს, დავათვალიერეთ უნივერსიტეტის კამპუსები და ინფრასტრუქტურა. მივლინების ფარგლებში განხორციელებულ ყველა შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კომიტეტის წევრი, ლი ვეი. გივი მიქანაძე 12 დეკემბერი, 2023 წელი