საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ლაშხის მიერ წარმოდგენილი, მისი და საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი შატაკიშვილის, პროფესიული განათლების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით 2023 წლის 2-7 დეკემბერს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინსა და ქალაქ ბონში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.01.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი
ნომერი
#2-899/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-899/24 29-01-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, გაცნობებთ, რომ 2023 წლის 2-7 დეკემბერს, პროფესიული განათლების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ვიზიტით, ვიმყოფებოდი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კერძოდ ქ. ბერლინსა და ქ. ბონში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ განხორციელებული მივლინების ანგარიშს. დანართი 3 გვერდი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში 2023 წლის 2-7 დეკემბერს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავჯდომარის, მარიამ ლაშხისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი შატაკიშვილის სამუშაო ვიზიტი. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, განათლების საფეხურების მიხედვით საუკეთესო პრაქტიკის შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გასულ წელს, განხორციელდა კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისგან შემდგარი დელეგაციების სასწავლო ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში. იქიდან გამომდინარე, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პროფესიული განათლებისა და სწავლების დუალური სისტემა აღიარებულია მთელ მსოფლიოში და საქართველოს პროფესიული განათლების საფეხურიც აწყობილია გერმანული მოდელის მიხედვით, განხორციელდა ვიზიტი, რომლის მიზანი იყო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის ფორმების განსაზღვრა. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი შეხვედრები: 3 დეკემბერი - შეხვედრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორის გამოწვევები, ასევე საეკლესიო ღვთისმსახურებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის შესაბამისი შენობის მოძიების საკითხი. 3 დეკემბერი - შეხვედრა ბერლინის ქართული საკვირაო სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული საკვირაო სკოლის მიღწევებსა და გამოწვევებს. ასევე გაჟღერდა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საკვირაო სკოლების მდგომარეობის შესწავლისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით თემატურ მოკვლევას განახორციელებს. 3 დეკემბერი - შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობა, ასევე სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით კომიტეტის ინიციატივები. პარლამენტის წევრებმა მოისმინეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების მიღწევები, გამოწვევები და საზღვარგარეთ შეძენილი განათლების საქართველოში გამოყენების პერსპექტივები. 4 დეკემბერი - შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, დოქტორ პეტრა სიტტესთან შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს დაუდასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. აღინიშნა პროფესიული განათლების განვითარების კუთხით გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. საუბარი ასევე შეეხო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიმდინარე თემატურ მოკვლევას, რომლის მიზანია პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გამოკვეთა, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების განსაზღვრა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენა. მხარეებმა საქართველოში ორი ქვეყნის განათლების კომიტეტების ერთობლივი სხდომის ჩატარების საკითხი განიხილეს. ასევე ისაუბრეს მეცნიერების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბუნდესტაგის განათლების, კვლევისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პეტრა სიტე შეხვედრას გამართავს განათლების საკითხებში ევროკომისართან და Erasmus+ წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერ წინადადებას შესთავაზებს. 4 დეკემბერი - შეხვედრა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროსა და პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების გერმანულ, დუალურ მოდელს და კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში. ქართულმა მხარემ მიიღო დამატებითი რეკომენდაციები ქვეყანაში არსებული მოდელის განვითარების მიმართულებით. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის გარდა), სამხრეთ კავკასიისა და შუააზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის რეფერატის ხელმძღვანელის მოადგილე ოლივერ პიპერი და პროფესიულ განათლებასა და მომზადებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფედერალური უწყების GOVET პროექტების ხელმძღვანელი, ჰანელორე კრესსი. 5 დეკემბერი - შეხვედრა სახელობო პროფესიების პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელობო პროფესიების პალატის საქმიანობა და ის განსხვავებული პრაქტიკა რომელიც ამ მიმართულებით გერმანიაში არსებობს. 6 დეკემბერი - შეხვედრა პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის (BBIB) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელსა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ქართული მხარე გერმანიის პროფესიული განათლების იმ მექანიზმებს და ინსტრუმენტებს გაეცნო, რისი საშუალებითაც, არსებული მოდელი წარმატებას ინარჩუნებს. აღნიშნული ინსტიტუტი პროფესიული განათლების მიმართულებით კვლევების ჩატარებასა და სახელმწიფოსთვის კონსულტაციების გაწევას უზრუნველყოფს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისთვის, კონსულტაციების, რეკომენდაციებისა და სიღრმისეული კვლევის მიზნით, ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვიეს. 7 დეკემბერი - შეხვედრა გაეროს პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული ორგანიზაციის UNESCO-UNEVOC - ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. ასევე განიხილეს საქართველოსა და UNESCO-UNEVOC-ს შორის თანამშრომლობა და საქართველოში UNESCO-UNEVOC-ის ექსპერტთა ჯგუფისა და წარმომადგენლობის შექმნის საკითხი. UNESCO-UNEVOC არის გაეროს პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული ორგანიზაცია, რომელიც წევრი სახელმწიფოების პროფილების შექმნას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებასა და შესაბამისი კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრებზე განხილული საკითხები სრულ თანხვედრაშია პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის ანალიზის მიზნით საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში მიმდინარე თემატური მოკვლევის ძირითად მიმართულებებთან. ამჟამად მიმდინარეობს თემატური მოკვლევის დასკვნაზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.