ინტერპელაციის წესით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათელა თურნავას საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[4e61]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2024-02-23

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 9125/3-26/23 29-11-2023 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ ნათელა თურნავას ქალბატონო ნათელა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ინტერპელაციის წესით მოგმართავთ შემდეგი კითხვებით: 1. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა სახის საბანკო პროდუქტებს სთავაზობს სს ,,ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს; 2. იყო თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში 3-6 თვიანი ,,საშეღავათო პერიოდის“ გამოყენებისთვის, სს „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს სესხებს უხანგრძლივებდა 2-დან 4 წლამდე ვადით; 3. სესხების ვადის შეუსაბამო გაზრდასთან დაკავშირებით, გაქვთ თუ არა შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები, რას გულისხმობს ის და თუ არ გაქვთ რა მიზეზით; 4. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ სს ,,ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს უფორმებდა ეგრეთ წოდებულ „ოვერდრაფტებს“ მათი სათანადო ინფორმირების გარეშე. შესაბამისად, გთხოვთ განგვიმარტოთ, როდესაც კომერციულ ბანკს აქვს კლიენტის ინფორმირების ვალდებულება, რასაც ,,ლიბერთი ბანკი“ თავს არიდებდა, რა სახის რეაგირება მოყვა თქვენი მხრიდან, ან თუ არ გქონიათ რეაგირება, რატომ? 5. თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, სამომავლოდ გაქვთ თუ არა შემუშავებული რეკომენდაციები ეგრეთ წოდებულ ,,ოვერდრაფტებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პენსიონერებმა ,,ვალი სიცოცხლის“ ბოლომდე დაარქვეს; 6. მიმდინარე წელს მოგმართეთ განცხადებით (N 6507/3-38/23), რომლითაც თქვენი უწყებისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, საპენსიო სესხებთან დაკავშირებით თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ერთიანი წესის შემუშავების თაობაზე. თქვენი კორესპონდენციიდან (N 1-12190/23) ირკვევა, რომ მიმდინარე წელს ზემოაღნიშნული პრობლემით განცხადებით მოგმართათ 900-ზე მეტმა პენსიონერმა. ჩვენი მოსაზრებით აღნიშნული რიცხვი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონოდა შესაბამისი რეაქცია და შეემუშავებინა სათანადო რეკომენდაციები. შესაბამისად, გვაინტერესებს გაქვთ თუ არა შემუშავებული რეკომენდაციები და თუ არ გაქვთ რატომ; 7. მოგეხსენებათ რომ, მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან ნოემბრის ჩათვლით, შეიქმნა არაერთი პრეცედენტი, როდესაც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ,,მოქალაქეების“ ჩართულობით და ძალისხმევით, მოქალაქეებმა მომართეს ეროვნულ ბანკს და მათი უნებართვოდ გაზრდილი სესხი, (რომელიც პანდემიის დროს გამოყენებული საშეღავათო პერიოდის გამო, სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გახანგრძლივდა 2-დან 4 წლამდე,) დაუბრუნდა ძველ ჩარჩოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს , რომელსაც 2026 წლამდე უნდა ეხადა სესხი, 2023 წლის აგვისტოს თვეში დაუსრულდა სესხის გადახდის ვადა. შესაბამისად, მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით მყისიერად რატომ არ შეიმუშავეთ რეკომენდაციები, რათა სს „ლიბერთი ბანკს“ გაეცა სრულყოფილი ინფორმაცია, კოვიდ პანდემიამდე აღებული სესხების ძველ ჩარჩოში დაბრუნების შესაძლებლობაზე და აღნიშნული ინფორმაცია მიეტანა მომხმარებლამდე. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რეკომენდაცია შემუშავებული გაქვთ, ეწევით თუ არა მისი შესრულების მონიტორინგს; 8. იმ მსესხებლებს, რომელთა სესხიც დაუბრუნდა „ძველ ჩარჩოს“, სს „ლიბერთი ბანკმა“ წინმსწრებით სესხის გაუქმებისთვის შეატანინა გარკვეული თანხა, რომლის მოცულობაც აღემატებოდა „საშეღავათო პერიოდში“ გადაუხდელ თანხას, შესაბამისად აპირებთ თუ არა ამ საკითხის მოკვლევას, რეაგირებას და რეკომენდაციების შემუშავებას. აქვე მოგახსენებთ, რომ საშეღავათო პერიოდში გადაუხდელი თანხის გადახდას, პენსიონერს ბანკი სთხოვს ერთიანად, რაც მათთვის წარმოუდგენლად დიდი ტვირთია. შესაბამისად, აპირებთ თუ არა ამ საკითხზე გასცეთ რეკომენდაცია, პენსიონერის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული თანხა გადანაწილდეს იმ ვადაზე, რომელსაც მოიცავდა „საშეღავათო პერიოდი“. 9. ვინაიდან უკვე შეიქმნა არაერთი პრეცედენტი, პენსიონერების მიერ აღებული და პანდემიის პერიოდში, ბანკის მიერ გადავადებული სესხების „ძველ ჩარჩოში“ დაბრუნების მიმართულებით, გეგმავთ თუ არა, კონკრეტული მექანიზმის შემუშავებას, რათა აღნიშნული პრეცედენტები გავრცელდეს ყველა მსგავს შემთხვევაზე. იმ შემთხვევაში თუ არ შეგიმუშავებიათ შესაბამისი რეკომენდაცია, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ უარის დასაბუთებული არგუმენტაცია. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია პარლამენტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი პარლამენტის წევრი ჰერმან საბო პარლამენტის წევრი ვახტანგი მეგრელიშვილი პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი
წერილი
N 2-14/552 22/02/2024 552-14-2-202402221950 საქართველოს პარლამენტს მის: საქართველო, თბილისი, 0118, შოთა რუსთაველის გამზირი №8, ტელ: (+995)0322281679, ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ქალბატონებო და ბატონებო, პარლამენტის წევრების მიერ 2023 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში გამოგზავნილ №9125/3-26/23 კორესპონდენციასთან დაკავშირებით, პუნქტობრივად გიზიარებთ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის პოზიციას: 1. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა სახის საბანკო პროდუქტებს სთავაზობს სს ,,ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს; - საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს და განსაზღვრავს კომერციული ბანკებისთვის დაშვებული საქმიანობის ჩამონათვალს. სს „ლიბერთი ბანკი“ ზემოაღნიშნული მუხლის ფარგლებში მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სახით საბანკო პროდუქტებს, მათ შორის, სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხებს/კრედიტებს, ასევე, ე.წ. „ოვერდრაფტებს“. აქვე, აღსანიშავია, რომ ე.წ. „ოვერდრაფტი“ წარმოადგენს მომხმარებლის შესაბამის საბანკო ანგარიშზე დაშვებულ გარკვეული თანხის ოდენობის ლიმიტს, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლის რეგულარული ფულადი შემოსავლის ერთმაგ ოდენობას. აღნიშნული თანხმობრივი ლიმიტის ფარგლებში მომხმარებელს სესხის/კრედიტის სახით შეუძლია ლიმიტირებული თანხის ათვისება, რომელიც, როგორც წესი, იფარება რეგულარული შემოსავლის შემდგომი ჩარიცხვის დროს და მომხმარებელს კვლავ შეუძლია ამ თანხის ათვისება. 2. იყო თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში 3-6 თვიანი ,,საშეღავათო პერიოდის“ გამოყენებისთვის, სს „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს სესხებს უხანგრძლივებდა 2დან 4 წლამდე ვადით; - ახალი კორონავირუსის („COVID-19“) პანდემიით გამოწვეული შესაძლო ფინანსური პრობლემების შემსუბუქების მიზნით, კომერციულმა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მომხმარებლებს მათ სახელზე არსებული სესხების/კრედიტების გადახდის ე.წ. „საშეღავათო პერიოდი“ შესთავაზეს, რაც შესაბამის პერიოდში რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ამასთან, აღნიშნული ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ პირობები ფინანსური ორგანიზაციების მიხედვით შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო, მათ შორის, ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ განმავლობაში შესაბამისი თანხები ნაწილდებოდა შემდგომ გადახდებზე, ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნულის ერთიანად გადახდა მოითხოვებოდა; ასევე, რიგ შემთხვევებში ხორციელდებოდა გადავადებული თანხის ე.წ. კაპიტალიზაცია, რაც გულისხმობს სესხზე/კრედიტზე დარიცხული და გადაუხდელი (მათ შორის გადავადების პერიოდში) პროცენტის და/ან პირგასამტეხლოს ძირ თანხასთან გაერთიანებას, რასაც დამატებით პროცენტი დაერიცხება. ამასთან, აღნიშნული ტერმინი ფინანსური ორგანიზაციების მიერ შესაძლებელია განიმარტოს და შესაბამისი ხელშეკრულებით დარეგულირდეს ინდივიდუალურად და განსხვავებულად. გარკვეულ შემთხვევაში გადავადება ხორციელდებოდა იმგვარად, რომ ყოველთვიური შენატანი მნიშვნელოვნად არ გაზრდილიყო, შესაბამისად, სესხის/კრედიტის მომსახურების საბოლოო ვადა ე.წ. „საშეღავათო პერიოდთან“ შედარებით უფრო ხანგრძლივი პერიოდით იზრდებოდა, მათ შორის სს „ლიბერთი ბანკის“ შემთხვევაში. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკმა“ ე.წ. „საშეღავათო პერიოდი“ მომხმარებლებს შესთავაზა სამ ეტაპად - 2020 წლის მარტის, ივნისისა და დეკემბერის თვეებში, სამი, სამი და ექვსი თვით შესაბამისად. ამასთან, სესხის/კრედიტის დაფარვის ვადის გათვალისწინებით, სესხების/კრედიტების გარკვეულ რაოდენობას შეეხო ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ მხოლოდ ერთი, ორი ან სამივე ეტაპი. აღნიშნული ცნობილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკისთვისაც. გარდა ამისა, ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ მესამე ეტაპზე სს „ლიბერთი ბანკმა“ განახორციელა ფულად ვალდებულებებზე დარიცხული და გადაუხდელი საპროცენტო სარგებლის კაპიტალიზაცია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული თუ მოსალოდნელი ფინანსური პრობლემების შემსუბუქების მიზნით სესხის/კრედიტის გადახდის გადავადება ან/და სესხის/კრედიტის რესტრუქტურიზაცია ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მათ სახელზე არსებული ფულადი ვალდებულებები პირადი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე დაფაროს. ამასთან, აღნიშნულ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელი სათანადოდ იყოს ინფორმირებული ე.წ. „საშეღავათო პერიოდისა“ თუ რესტრუქტურიზაციის პირობების შესახებ და, ასევე, საშუალება ჰქონდეს უარი თქვას ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან შეთავაზებულ პრობებზე. 3. სესხების ვადის შეუსაბამო გაზრდასთან დაკავშირებით, გაქვთ თუ არა შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები, რას გულისხმობს ის და თუ არ გაქვთ რა მიზეზით; - საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზარზე პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებას აქტიურად უწყობს ხელს, რაც მომხმარებლებს ჭარბვალიანობისგან იცავს. ამ მიზნით, შემუშავებულია შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, მათ შორის, „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულება, რაც მათ შორის, განსაზღვრავს სესხებზე/კრედიტებზე რეგულარული შენატანების მსესხებლის შემოსავალთან თანაფარდობის კოეფიციენტებს. აღნიშნულის მიზანია მომხმარებელმა მარტივად და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გარეშე შეძლოს ფულადი ვალდებულებების მომსახურება. ხსენებული პრინციპის დაცვა მნიშვნელოვანია, მათ შორის, ვალდებულების შესრულების გადავადების (ე.წ. „საშეღავათო პერიოდი“) ან/და რესტურქტურიზაციის პროცესშიც, რომლის დროსაც რეგულარული შენატანის შესანარჩუნებლად, ბუნებრივია, იზრდება სესხის/კრედიტის მომსახურების მთლიანი ვადა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი სათანადოდ იყოს ინფორმირებული ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ ან/და რესტრუქტურიზაციის პირობების შესახებ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსით („COVID-19“) გამოწვეული პანდემიის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ, კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ დაწესების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების პროცესში რიგი ხარვეზების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ზემოხსენებულ ფინანსურ ორგანიზაციებს მიეცათ წერილობითი მითითება გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ. ამასთან, კომერციულ ბანკებს მიეცათ შემდეგი სახის წერილობითი მითითება: „იმ შემთხვევაში, თუ [ე.წ. “საშეღავათო პერიოდის“ დაწესების პროცესში] მხარეებს შორის არ ფორმდება დამატებითი ან/და ცვლილების შესახებ ხელშეკრულება, მომხმარებლებს დაუყოვნებლივ ან/და ტექნიკური მოწყობის ფარგლებში პირველივე შესაძლებლობისთანავე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა მიეწოდოთ გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ან/და დაფარვის გრაფიკი. ასევე, მომხმარებლებს ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ხელშეკრულების პირობ(ებ)ის ცვლილების ფაქტთან დაკავშირებით და წყარო, სადაც ხელმისაწვდომი იქნება დეტალური გრაფიკი ან/და გადახდების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, რამდენადაც, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შედეგად შეცვლილ პირობებზე მომხმარებლები წინასწარ არ არიან ინფორმირებულნი, და მათთვის რთულია ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, მათი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საშეღავათო პერიოდით სარგებლობამდე მოქმედი გრაფიკის მიხედვით გადახდების მიღება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ბანკების მხრიდან მომხმარებლისთვის სესხის გადავადებული ნაწილის წინსწრებით დაფარვის შეთავაზების შემთხვევაში, წინსწრების საკომისიო უნდა იყოს ნული.“. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოითხოვონ ე.წ. „საშეღავათო პერიოდამდე“ არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება. ამასთან, მითითებული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა უნდა მიმართონ შესაბამის მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას, რის შედეგადაც, აღნიშნული ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია იმოქმედოს ხსენებული წერილობითი მითითებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული უფლებით მოხმარებლები სარგებლობენ ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ პირველი ეტაპიდანვე. 4. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ სს ,,ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს უფორმებდა ეგრეთ წოდებულ „ოვერდრაფტებს“ მათი სათანადო ინფორმირების გარეშე. შესაბამისად, გთხოვთ განგვიმარტოთ, როდესაც კომერციულ ბანკს აქვს კლიენტის ინფორმირების ვალდებულება, რასაც ,,ლიბერთი ბანკი“ თავს არიდებდა, რა სახის რეაგირება მოყვა თქვენი მხრიდან, ან თუ არ გქონიათ რეაგირება, რატომ? - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელშეკრულებო თვისუფლების პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, საბანკო პროდუქტების, მათ შორის, სესხის/კრედიტისა თუ ე.წ. „ოვერდრაფტის“ მომსახურების პირობები მხარეთა შორის შეთანხმების საგანია. ამასთან, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული წესი, მათ შორის, განსაზღვრავს საფინანსო მომსახურების გაწევისას მომხმარებლის სათანადოდ ინფორმირების საკითხებს და სასესხო/საკრედიტო (რაც ასევე მოიცავს ე.წ. „ოვერდრაფტასაც“) ხელშეკრულებებში სავალდებულოდ მისათითებელი ინფორმაციის ჩამონათვალს. ამდენად, ზემოაღნიშნული წესით განსაზღვრული ინფორმაციის ხელშეკრულებაში მითითების გარეშე საფინანსო მომსახურების გაწევა, მათ შორის ე.წ. „ოვერდრაფტის“ გაფორმება არ უნდა ხდებოდეს. ამასთან, ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია რამდენად სათანადოა და უზრუნველყოფს თუ არა მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, შეფასების საგანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. „ოვერდრაფტებთან“ დაკავშირებით მომხმარებელთა მომართვებისა და კომერციულ ბანკებში შესაბამისი პრაქტიკის ანალიზმა ცხადჰყო, რომ ზემოაღნიშნული წესების ფინანსური ორგანიზაციების, მათ შორის, კომერციული ბანკების მიერ ზედმიწევნით დაცვის მიუხედავად, გარკვეულ შემთხვევაში მომხმარებლებს, მათ შორის პენსიონრებს, უჭირთ ე.წ. „ოვერდრაფტებთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გაანალიზება, განსაკუთრებით აღნიშნული საფინანსო პროდუქტის ბანკომატში გააქტიურების ან/და სარგებლობის დროს. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 01 მარტიდან ამოქმედდა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისი ცვლილებები, რომელიც, მათ შორის, ითვალისიწნებს ფინანსური ორგანიზაციების გარკვეულ ვალდებულებებს პირდაპირ და უშუალოდ ე.წ. „ოვერდრაფტებთან“ მიმართებით მომხმარებლის ინფორმირების კუთხით. კერძოდ, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლებს ბანკომატზე საკუთარი სახსრებისა და ე.წ. „ოვერდრაფტის“ ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამიჯნულად მიღების შესაძლებლობა აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო ნათლად დაინახონ, თუ მათთვის ხელმისაწვდომი თანხის რა ნაწილია ე.წ. „ოვერდრაფტის“ ლიმიტი, რომელიც ამ ლიმიტის ათვისების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ. ასევე, ე.წ. „ოვერდრაფტის“ ლიმიტის ათვისებისას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს მოკლეტექსტური შეტყობინებით აცნობოს, რაც შედეგობრივად მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებელთა ინფორმირებულობას. გარდა ზემოაღნიშნულისა, ე.წ. „ოვერდრაფტებთან“ მიმართებაში, სს „ლიბერთი ბანკის“ არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მომხმარებლებს შეუძლიათ ბანკს მიმართონ მათ სახელზე არსებული ფულადი ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის/რეფინანსირების მოთხოვნით, რის შემდეგაც, ბანკი განიხილავს მითითებულ საკითხს და დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის სახელზე არსებულ ფულად ვალდებულებაზე გავრცელდება სს „ლიბერთი ბანკსა“ და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. გასათვალისწინებელია, რომ სს „ლიბერთი ბანკსა“ და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკის მიერ მიზნობრივი სოციალური გასაცემლის უზრუნველყოფით გაცემული სესხების/კრედიტების წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო პროდუქტის გაცემის მომენტში ექვს თვიანი თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის ინდექსისა („TIBR6“) და 15 (თხუთმეტი) პროცენტული პუნქტის ჯამურ ოდენობას და არ უნდა იცვლებოდეს საკრედიტო პროდუქტის მომსახურების ვადის ბოლომდე. ამასთან, 2024 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით ზემოხსენებული წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა შეადგენს 25.0551%-ს. 5. თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, სამომავლოდ გაქვთ თუ არა შემუშავებული რეკომენდაციები ეგრეთ წოდებულ ,,ოვერდრაფტებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პენსიონერებმა ,,ვალი სიცოცხლის“ ბოლომდე დაარქვეს; - როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზარზე პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკიდრებას აქტიურად უწყობს ხელს, რაც მომხმარებლებს ჭარბვალიანობისგან იცავს. ამ მიზნით შემუშავებულია შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც მათ შორის განსაზღვრავს სესხებზე/კრედიტებზე რეგულარული შენატანების მსესხებლის შემოსავალთან თანაფარდობის კოეფიციენტებს. აღნიშნულის მიზანია მომხმარებელმა მარტივად და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გარეშე შეძლოს ვალდებულებების მომსახურება. გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული წესის მითითებული ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო პენსიის თანხით უზრუნველყოფილი სესხების/კრედიტების, მათ შორის ე.წ. „ოვერდრაფტების“ რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ სახელმწიფო პენსიის თანხით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. საქართველოს ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებით, ფინანსური ორგანიზაციები ვერ შეძლებენ სახელმწიფო პენსიის თანხით უზრუნველყოფილი სესხების/კრედიტების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც სახელმწიფო პენსიის თანხის ან/და სხვა ტიპის სახელმწიფო სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს სესხს/კრედიტს შესთავაზებს. საგულისხმოა, რომ მითითებული ცვლილების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ე.წ. „მოწყვლადი ჯგუფების“ დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. ასევე, აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული საკრედიტო გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას. ამასთან, სს „ლიბერთი ბანკში“ არსებული პრაქტიკით, იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ ე.წ. „ოვერდრაფტით“, 77 წლის ასაკის მიღწევისას ე.წ. „ოვერდრაფტს“, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული იდენტური საპროცენტო განაკვეთით, ბანკი ე.წ. ანუიტეტური გრაფიკის მქონე სესხად ავტომატურად გადაუკეთებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ანუიტეტური გრაფიკი გულისხმობს თანაბარ პერიოდულ გადახდებს, რომლითაც იფარება როგორც დარიცხული საპროცენტო სარგებელი, ასევე, ძირი თანხის ნაწილი. გარდა ამისა, ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას ოვერდრაფტის ე.წ. ანუიტეტური გრაფიკის მქონე სესხად ტრანსფორმაციის შესახებ სს „ლიბერთი ბანკი“ განიხილავს ინდივიდუალურად. 6. მიმდინარე წელს მოგმართეთ განცხადებით (N 6507/3-38/23), რომლითაც თქვენი უწყებისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ერთიანი წესის შემუშავების თაობაზე. თქვენი კორესპონდენციიდან (N 1-12190/23) ირკვევა, რომ მიმდინარე წელს ზემოაღნიშნული პრობლემით განცხადებით მოგმართათ 900-ზე მეტმა პენსიონერმა. ჩვენი მოსაზრებით აღნიშნული რიცხვი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონოდა შესაბამისი რეაქცია და შეემუშავებინა სათანადო რეკომენდაციები. შესაბამისად, გვაინტერესებს გაქვთ თუ არა შემუშავებული რეკომენდაციები და თუ არ გაქვთ რატომ; - როგორც უკვე აღინიშნა, ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ დაწესების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების პროცესში რიგი ხარვეზების გათვალისწინებით, მითითებული პერიოდის გავრცელების პირველივე ეტაპიდანვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსურ ორგანიზაციებს მიეცათ წერილობითი მითითება „საშეღავათო პერიოდამდე“ არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე მომხმარებელთა დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ. ამასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, ზემოხსენებული ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწასა და განვითარებას. აღნიშნულთან მიმართებით, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აძლიერებს საბაზრო ქცევის შესწავლისა და მონიტორინგის და რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის მიმართულებას. სწორედ ამ მიზნით, 2023 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს ეროვნულ ბანკში სპეციალური განყოფილებაც შეიქმნა. გარდა აღნიშნულისა, მომხმარებლის შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში, სს „ლიბერთი ბანკი“ ახორციელებს ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ მესამე ეტაპისას სესხებზე/კრედიტებზე გავრცელებული კაპიტალიზაციის შედეგად დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანხის ოდენობის კორექტირებას. 7. მოგეხსენებათ რომ, მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან ნოემბრის ჩათვლით, შეიქმნა არაერთი პრეცედენტი, როდესაც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ,,მოქალაქეების“ ჩართულობით და ძალისხმევით, მოქალაქეებმა მომართეს ეროვნულ ბანკს და მათი უნებართვოდ გაზრდილი სესხი, (რომელიც პანდემიის დროს გამოყენებული საშეღავათო პერიოდის გამო, სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გახანგრძლივდა 2-დან 4 წლამდე,) დაუბრუნდა ძველ ჩარჩოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს , რომელსაც 2026 წლამდე უნდა ეხადა სესხი, 2023 წლის აგვისტოს თვეში დაუსრულდა სესხის გადახდის ვადა. შესაბამისად, მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით მყისიერად რატომ არ შეიმუშავეთ რეკომენდაციები, რათა სს „ლიბერთი ბანკს“ გაეცა სრულყოფილი ინფორმაცია, კოვიდ პანდემიამდე აღებული სესხების ძველ ჩარჩოში დაბრუნების შესაძლებლობაზე და აღნიშნული ინფორმაცია მიეტანა მომხმარებლამდე. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რეკომენდაცია შემუშავებული გაქვთ, ეწევით თუ არა მისი შესრულების მონიტორინგს; - ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ დაწესების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების პროცესში რიგი ხარვეზების გათვალისწინებით, აღნიშნული პერიოდის გავრცელების პირველივე ეტაპიდანვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსურ ორგანიზაციებს მიეცათ წერილობითი მითითება „საშეღავათო პერიოდამდე“ არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე მომხმარებელთა დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის, მომსახურე კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს, რის შედეგადაც, აღნიშნული ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია იმოქმედოს ხსენებული წერილობითი მითითებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ზემოაღნიშნული უფლების გამოყენების პროცესში შესაძლო ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს, რომელიც მოქმედებს ზემოხსენებული ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2023 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 21 თებერვლის პერიოდში უშუალოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს 1,700-მდე პირმა მიმართა. გარდა ამისა, სს „ლიბერთი ბანკისთვის“ მიმართვის შედეგად, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით გადავადებული თანხის შეტანის საფუძველზე ძველ გრაფიკს დაუბრუნდა 56 სესხი/კრედიტი, ხოლო განულდა 196 სესხი/კრედიტი. აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ზემოხსენებული პრინციპით მომხმარებლები ნაკლებად აქტიურად სარგებლობენ, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მათ მიერ ე.წ. „საშეღავათო პერიოდში“ გადავადებული თანხის გადახდასთან დაკავშირებული სირთულით; ასევე, ხშირ შემთხვევაში, განხორციელებულია ძველი ვალდებულებების ახალი სესხით/კრედიტით რეფინანსირება და ღნიშნული ხელშეკრულებების ძველ გრაფიკზე დაბრუნება სამართლებრივად და პრაქტიკულად შეუძლებელია. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ ორგანული კანონით რეგლამენტირებული მანდატის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციას/კრედიტორს მოსთხოვოს პირის სახელზე არსებულ სესხებზე/კრედიტებზე კონკრეტული შეღავათიანი პირობების დაწესება ან/და ამ სესხების/კრედიტების გაუქმება. ამდენად, აღნიშნულთან მიმართებაში კონკრეტულ შეღავათიან პირობებს ადგენს და განსაზღვრავს, ასევე, სესხების/კრედიტების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფინანსური ორგანიზაცია/კრედიტორი. 8. იმ მსესხებლებს, რომელთა სესხიც დაუბრუნდა „ძველ ჩარჩოს“, სს „ლიბერთი ბანკმა“ წინმსწრებით სესხის გაუქმებისთვის შეატანინა გარკვეული თანხა, რომლის მოცულობაც აღემატებოდა „საშეღავათო პერიოდში“ გადაუხდელ თანხას, შესაბამისად აპირებთ თუ არა ამ საკითხის მოკვლევას, რეაგირებას და რეკომენდაციების შემუშავებას. აქვე მოგახსენებთ, რომ საშეღავათო პერიოდში გადაუხდელი თანხის გადახდას, პენსიონერს ბანკი სთხოვს ერთიანად, რაც მათთვის წარმოუდგენლად დიდი ტვირთია. შესაბამისად, აპირებთ თუ არა ამ საკითხზე გასცეთ რეკომენდაცია, პენსიონერის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული თანხა გადანაწილდეს იმ ვადაზე, რომელსაც მოიცავდა „საშეღავათო პერიოდი“. - ძველ გადახდის გრაფიკზე დაბრუნების მიზნით, მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის, მომსახურე კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს, რის შედეგადაც, შესაბამისი ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია იმოქმედოს ხსენებული წერილობითი მითითებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული უფლების გამოყენების პროცესში შესაძლო ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს, რომელიც მოქმედებს ზემოხსენებული ორგანული კანონით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში. ამასთან, თუ მომხმარებელს არ სურს ძველ გრაფიკზე დაბრუნება და იგი აგრძელებს ე.წ. „გადავადების პერიოდში“ გავრცელებული პირობებით სარგებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარეს არსებული ინფორმაციით, გადავადებული თანხა სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ შემდგომ პერიოდზე იმგვარად ნაწილდება, რომ ყოველთვიური შენატანი ე.წ. „საშეღავათო პერიოდამდე“ არსებული გრაფიკისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდეს. ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ბანკი აძლიერებს საბაზრო ქცევის შესწავლისა და მონიტორინგის და რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის მიმართულებას. აღნიშნული კუთხით შესაბამისი განყოფილების მიერ განხორციელდა კომერციული ბანკების მიერ საფინანსო პროდუქტების დისტანციურად შეთავაზებისა და გაყიდვის პრაქტიკის შესახებ თემატური მოკვლევა, რომლის შედეგები შესაძლოა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საზედამხედველო ქმედებების საფუძველიც გახდეს, მათ შორის მოწყვლად სეგმენტთან მიმართებით, რომელიც საბაზრო ქცევის ზედამხედველობის მიზნებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მაღალრისკიან სეგმენტადაა განსაზღვრული. 9. ვინაიდან უკვე შეიქმნა არაერთი პრეცედენტი, პენსიონერების მიერ აღებული და პანდემიის პერიოდში, ბანკის მიერ გადავადებული სესხების „ძველ ჩარჩოში“ დაბრუნების მიმართულებით, გეგმავთ თუ არა, კონკრეტული მექანიზმისშემუშავებას, რათა აღნიშნული პრეცედენტები გავრცელდეს ყველა მსგავს შემთხვევაზე. იმ შემთხვევაში თუ არ შეგიმუშავებიათ შესაბამისი რეკომენდაცია, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ უარის დასაბუთებული არგუმენტაცია. - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ გავრცელების პირველივე ეტაპიდანვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემულია შესაბამისი წერილობითი მითითება ე.წ. „საშეღავათო პერიოდამდე“ არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე მომხმარებელთა დაბრუნების შესახებ, რისთვისაც მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის, მომსახურე კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს, რის შედეგადაც, აღნიშნული ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია იმოქმედოს ხსენებული წერილობითი მითითებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული უფლების გამოყენების პროცესში შესაძლო ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს, რომელიც მოქმედებს ზემოხსენებული ორგანული კანონით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში. აქვე, მოგახსენებთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებს მითითებული ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში. პატივისცემით, ნათელა თურნავა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს ეროვნული ბანკი