„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.03.2024
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/376/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-01
ბიუროს ნომერი 337

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 49-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად 2028 წლის 1 იანვრამდე დაშვებულია: ა) ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება არაუმეტეს 30 ც. ძ.-ის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით; ბ) ვიზიტორთა მომსახურება თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებული საქმიანობები, მათ შორის, ეკოტურიზმი (ვიზიტორთა გადაადგილება) და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ლიმიტირებული ძოვება, თიბვა, თევზჭერა და საშეშე მერქნის დამზადება. კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს პალიასტომის ტბასაც, სადაც ხორციელდება, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით/პონტონებით, როგორც ვიზიტორთა მომსახურება, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თივის (ალტერნატიული სათიბები არ არსებობს) და სათბობი შეშის გადატანა. აღსანიშნავია, რომ ელექტრო ძრავები, რომლის დამონტაჟებასაც ითვალისწინებს მოქმედი კანონი, საკმაოდ ძვირია და ერთი 25 ც.ძ ელექტრო ძრავის (ძრავა, აკუმულატორი და დამტენი) ღირებულება ადგილზე შეადგენს დაახლოებით 17000 (ჩვიდმეტი ათას) ევროს (იხ. მწარმოებლის ვებგვერდი https://www.torqeedo.com/en/products/outboards/cruise/cruise-12.0-rtorqlink/M-1280-00.html; https://www.torqeedo.com/en/products/batteries/power-48-5000/210400.html; https://www.torqeedo.com/en/products/accessories/charging-equipment/charger-650-wforpower-48-5000/2213-00.html), რომელსაც დაემატება ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯები. აღნიშნული ხარჯის გაწევას კი ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტიურად ვერ შეძლებს. რაც შეეხება ვიზიტორების მომსახურების მიზნით პონტონის ელექტრო ძრავებს, ისინი კიდევ უფრო ძვირი ღირს და მათ შესაძენად შეკვეთა წინასწარ უნდა განხორციელდეს. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ პონტონზე (სულ 4 ერთეული პონტონი) დღეის მდგომარეობით დამონტაჟებულია 2 ერთეული თხევად საწვავზე მომუშავე 75 ც.ძ ძრავი. შესაბამისად, შეძენილი უნდა იქნეს 8 ერთეული 80 ც.ძ ელექტრო ძრავი (https://www.torqeedo.com/en/products/inboards/deep-blue-25-50i-1200/M-3302-00.html), რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არსებული თხევადსაწვავიანი ძრავები გამართულია და მუშა მდომარეობაშია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უახლოესი სერვის ცენტრი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს ელექტრო ძრავების მომსახურებას მდებარეობს ქალაქ სტამბოლში, რაც დამატებით უდიდეს პრობლემებს შეუქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ვიზიტორთა მომსახურებას. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ვერ შეძლებს ელქტროძრავიანი ნავების შეძენას, ასევე ვიზიტორთა მომსახურების მიზნით ძრავების შეძენა გამოიწვევს დიდ დანახარჯებს (აღნიშნული ძრავების მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით), კანონპროექტით გათვალისწინებულია, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით/პონტონებით ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორთა გადაადგილება დაშვებული იქნეს 2028 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობის გადაადგილებისა და ვიზიტორთა მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით გადაადგილების დაშვებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობებით მიმართეს ქალაქ ფოთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიებმა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორთა გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ, მოქმედი კანონის თანახმად, 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება დაშვებული იყო 2024 წლის 1 იანვრამდე. ქალაქ ფოთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რათა მათ შეძლონ ტრადიციული საქმიანობის განხორციელება, საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა და აღნიშნული რეგულაციის 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის დაშვებული იქნება გადაადგილება თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით 2028 წლის 1 იანვრამდე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, 2028 წლის 1 იანვრამდე დაშვებული იქნება კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ვიზიტორების მომსახურებისთვის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისთვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება, რათა პრობლემა არ შეექმნას ადგილობრივ მოსახლეობას და ვიზიტორების მომსახურებას, ვინაიდან კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, მოსახლეობისა და ვიზიტორების გადაადგილება იწყება მაისის/ივნისის თვიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევისთვის, დადგენილია ჯარიმა 60 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევაში გადის „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 49-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დანაწესის დარღვევის შემთხვევა. წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება შემოსავალი, რომელიც მიღებული იქნებოდა ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის თითოეული შემთხვევის აღსრულებიდან (ჯარიმა 60 ლარის ოდენობით). კონკრეტულად თუ რა გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე კანონპროექტს, ეს დამოკიდებული იქნება პოტენციურ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. კანონპროექტს გავლენა არ ექნება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, კანონის აღსრულებაზე მონიტორინგს ისედაც ახორციელებს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო და მომავალშიც განახორციელებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზეც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაკავებულია თევზაობით, საშეშე მერქნის და თივის მოპოვებით, იმ თვალსაზრისით, რომ ადილობრივ მოსახლეობას არ მოუწევს ძვირადღირებული ელექტროძრავების შეძენა ნავებზე დამონტაჟების მიზნით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთი ელექტროძრავის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 17 000 (ჩვიდმეტი ათას) ევროს. 2023 წლის მდგომარეობით კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობა იყენებს სამოცდაათამდე ნავს (თევზაობის, საშეშე მერქნის და თივის მოპოვების საქმიანობის მიზნებისთვის). აღნიშნულ სამოცდაათამდე ნავს იყენებს დაახლოებით 140 ოჯახი, შესაბამისად, წინამდებარე ცვლილებით დაახლოებით 140 ოჯახს არ მოუწევს სამოცდაათამდე ერთეულის ძვირადღირებული ელექტროძრავის შეძენა. ასევე მათ არ მოუწევთ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენა და შესაბამისად ჯარიმის გადახდა. კანონპროექტს ასევე დადებითი ფინანსური გავლენა ექნება იმ იურიდიულ პირზე, რომელიც ახორციელებს ვიზიტორთა მომსახურებას, ვინაიდან, მას 2028 წლის 1 იანვრამდე არ მოუწევს ძვირადღირებული ელექტროძრავის შეძენა მის სარგებლობაში არსებულ 4 ერთეული პონტონისთვის. ნავების ელექტრო ძრავები საქართველოში არ იწარმოება და მისი შეძენა უნდა მოხდეს საზღვარგარეთ. შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებულ ელექტრო ძრავების გამყიდველ/მწარმოებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე აღნიშნულ კანონპროექტს გავლენა არ ექნება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება და მრავალმხრივ არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF-ის) კავკასიის პროგრამოფისის ტექნიკური ხელშეწყობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.