„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (№07-3/433; 03.04.2024) საქართველოს კანონის პროექტზე)

ალტერნატიული კანონპროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი
ნომერი
#07-3/435/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-08
ბიუროს ნომერი 342

📜 ტექსტი

ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მეათე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „101“ პუნქტი: „101) გრანტების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გრანტის მიმღები პირები ახორციელებენ წლიური საქმიანობის ანგარიშგებას“. 2. მე-9 მუხლის მეორე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი: „21) გრანტის მიმღები პირი ვალდებულია მისთვის ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საქმიანობის წლიური ანგარიში არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 აპრილისა, წარუდგინოს სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამსახურის მიერ განსაზღვრული ფორმით.“; 3. მე-9 მუხლის მესამე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31) სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგება გამოაქვეყნოს წარდგენიდან 1 თვის ვადაში.“; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო კურსია, კერძოდ, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. დღეს ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს პარლამენტში, განმეორებით ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის მიღებამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების მიღწევაზე. აღნიშნულს მოწმობს ქვეყნის არაერთი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის, ისე როგორც ევროპის კავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოთა წარმომადგენლების განცხადებები. ხელისუფლების რე-ინიცირებული კანონის პროექტი, უკვე მეორედ საქართველოს მოქალაქეების მიერ კვლავაც შეფასდა, როგორც ე.წ. „რუსული კანონი“ რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას და მათთვის უცხოური ქვეყნის გავლენის გამტარებელი სუბიექტის იარლიყის მიკერებას. ასევე ერთ სიბრტყეში აყენებს და ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის მეგობრებსა და მტრებს შორის, რამდენადაც არ აღიარებს საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და ამ საფრთხეებთან განსაკუთრებული ბრძოლის საჭიროებას, ისე როგორც არ განსაზღვრავს ამ ბრძოლის მექანიზმებს. ამასთან, ხელისუფლების მიერ, ხორციელდება კამპანია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რისთვისაც წარდგენილი კანონის პროექტით შემოთავაზებულია მადისკრედიტირებელი ზომები რომლებმაც საზოგადოებაში შესაძლოა დაამკვიდროს სამოქალაქო სექტორის მიმართ მნიშვნელოვნად ნეგატიური განწყობები ყოველგვარი იდენტიფიცირებული ან/და დადგენილი საფუძვლის გარეშე, რაც ქმნის მომატებულ რისკებს შეაფერხოს სამოქალაქო სექტორის საქმიანობა, გამოიწვიოს ამ სექტორის დასუსტება ან/და შევიწროვება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სწორედ სამოქალაქო სექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლით დიდი წვლილი შეიტანონ პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებაში, ხელი შეუწყონ პოზიტიურ და შედეგზე ორიენტირებულ ცვლილებებს, იმისათვის რომ გაძლიერდეს ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ა. შ. დღეს საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია მოღვაწეობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჰუმანიტარული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ეკონომიკური გაძლიერების, გამჭვირვალობის, სოფლის მეურნეობის, ანტიკორუფციული, ინფორმაციის თავისუფლების, სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების მხარდაჭერის და სხვა მიმართულებით. თუ კი, ხელისუფლების რეალური მოტივი, არსებული გამჭვირვალობის უფრო მეტად გაუმჯობესება და საჯაროობაა, მაშინ ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია არა მათ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით („უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტით), არამედ ალტერნატივად წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით არსებულ კანონმდებლობაში. ამასთან გამჭვირვალობის დამატებითი სტანდარტი უნდა ეხებოდეს გრანტის ყველა მიმღებ ორგანიზაციას, მიუხედავად გრანტის წარმომავლობისა ან/და წლიურ შემოსავლებში მისი წილისა. გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობის მიზნით, წარდგენილი ცვლილებები, იძლევა საქართველოს მთავრობის მიერ, გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობას. ეს კანონი განსაზღვრავს ძირითად საკითხებს, რომლებზეც ინფორმაცია უნდა წარედგინოს გრანტის მიმღები პირების მიერ შესაბამის სახელმწიფო უწყებას. ამასთანავე, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება, განსაზვროს იმ საკითხების წრე, რომლებზეც ინფორმაცია იქნება წარსადგენი გრანტის მიმღები პირების მხრიდან. აღნიშნული პროექტის მიზანი გამომდინარეობს „გრანტების შესახებ „ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებებიდან. რითაც განისაზღვრება გრანტის მიმღებ პირთა წარდგენილი წლიური ანგარიშგებების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი უწყება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის არსი და მიზანი მოითხოვს ამ კანონის მიღებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ჩვენი მოქალაქეებისათვის დეტალურად იქნება ხელმისაწვდომი ინფორმაცია გრანტის მიმღები ორგანიზაციების მიერ მიღებული და განხორციელებული საგრანტო პროექტების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია იქნება საჯარო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონი განსაზღვრავს გრანტის მიმღებ ორგანიზაციათა წარდგენილი ანგარიშგებების ადმინისტრირებასა და საჯარო ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ როგანოს, კერძოდ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით უკუძალის მინიჭება მოთხოვნილი არ არის. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე რადგანაც არანაირი ბარიერი და დამატებითი დროის საჭიროება არ არსებობს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებას მსგავსი მოსალოდნელი ფინანსური შედეგები არ ექნება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი.