ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.04.2024
ავტორი
დმანისის მუნიციპალიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#[4fc9]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-04-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 105
შენიშვნა 2024 წლის 11 აპრილი, 14:00 საათი დმანისის მუნიციპალიტეტი დმანისის საგანმანათლებლო ცენტრი 9 აპრილის ქუჩა №62

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 4/10/24, 11:12 AM განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა თარიღი 11 აპრილი 2024 14:00 2024 წლის 11 აპრილი, 14:00 საათი დმანისის მუნიციპალიტეტი დმანისის საგანმანათლებლო ცენტრი 9 აპრილის ქუჩა N62 დღის წესრიგი 1. თემატური მოკვლევა - საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმის ნორმების დაცვის პრაქტიკა და არსებული გამოწვევების ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: ვლადიმერ კახაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი; 2. ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: კობა მურადაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი; 3. „2023-2026 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის განხორციელების“ ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: ვახტანგ ბააკაშვილი - სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. https://parliament.ge/print/announcement/2798?local=true 1/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომის ოქმი ოქმი N105 2024 წლის 11 აპრილი, 14:00 საათი დმანისის მუნიციპალიტეტი დმანისის საგანმანათლებლო ცენტრი (9 აპრილის ქუჩა N62) სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბექა დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე, ირაკლი ქადაგიშვილი (ადგილმონაცვლე მარიამ ლაშხის), იმედა ნიკურაძე, გიორგი სოსიაშვილი, რამინა ბერაძე, გენრიეტა წიწავა და როსტომ ჩხეიძე. კომიტეტის სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ნოდარ პაპუკაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინიტრის მოადგილე, ვახტანგ ბააკაშვილი - სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; კობა მურადაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი დოხტურიშვილი - ქვემო ქართლის რწმუნებული, პაატა ყულიაშვილი - დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1. თემატური მოკვლევა - საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმის ნორმების დაცვის პრაქტიკა და არსებული გამოწვევების ანგარიშის მოსმენა მომხსენებელი: ვლადიმერ კახაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი; 2. ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა მომხსენებელი: კობა მურადაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი; 3. „2023-2026 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის განხორციელების“ ანგარიშის მოსმენა მომხსენებელი: ვახტანგ ბააკაშვილი - სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. კომიტეტმა მოისმინა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ვლადიმერ კახაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა თემატური მოკვლევის ანგარიში, რომელიც შეეხებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმის ნორმების დაცვის პრაქტიკასა და არსებულ გამოწვევებს. მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისთვის სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რის გამოც კომიტეტმა გასულ წლებში მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პუნქტის/კაბინეტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. თემატური მოკვლევა მომზადდა მასწავლებლების, მშობლების, სკოლების ადმინისტრაციის, სკოლების ექიმების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, დარგის სპეციალისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მათი წერილობითი მოსაზრებების, საჯარო განხილვებისა და ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე კი შემუშავდა მოკვლევის ანგარიში. პირველ ეტაპზე, შემუშავდა თემატური მოკვლევის ტექნიკური მოთხოვნის დოკუმენტი, რომელიც მოიცავდა შეკითხვებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმის ნორმების დაცვის პრაქტიკასა და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. 90-მა დაინტერესებულმა მხარემ წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება, მათ შორის კომიტეტმა მიიღო ინფორმაცია 86 საჯარო სკოლიდან. მოკვლევის ფარგლებში, ჩატარდა 1 ზეპირი მოსმენა, 6 სამუშაო შეხვედრა, რომლიდანაც 2 იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ზემოხსენებული პროცესის შედეგად მიღებული მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა მიგნებები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. ვლადიმერ კახაძემ მოკვლევის ფარგლებში გამოკვეთილ მიგნებებსა და შემუშავებულ რეკომენდაციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დოკუმენტი გადაეგზავნებათ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხი უმნიშვნელოვანესია მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის, ის მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც მოკვლევის ფარგლებში შემუშავდა, გადაეგზავნებათ შესაბამის სამინისტროებს შესასრულებლად და კომიტეტი განსაზღვრულ ვადებში დაიწყებს მონიტორინგის პროცესს. მისივე განცხადებით, თემატური მოკვლევის განხორციელების პროცესში ჩართული იყვნენ კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები. აღნიშნული არის თანამშრომლობისა და ექსპერტული მოსაზრებების გაზიარების კარგი პრაქტიკა. კომიტეტმა გადაწყვიტა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ცნობად მიიღო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმის ნორმების დაცვის პრაქტიკისა და არსებული გამოწვევების შესახებ ჩატარებული თემატური მოკვლევის ანგარიში. კომიტეტმა მოისმინა: დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა დმანისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. მომხსენებლის განცხადებით, დმანისის მუნიციპალიტეტისათვის ახალგაზრდობის მხარდაჭერის პრიორიტეტულობა დასტურდება მუნიციპალიტეტში შემუშავებული ახალგაზრდებზე მორგებული პროგრამებითა და ქვეპროგრამებით. მისივე განცხადებით, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2020 წელს ჩატარდა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევა, რის შემდგომაც შემუშავდა და დამტკიცდა ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის თითქმის 90 პროცენტი შესრულდა და უკვე იწყება ახალ დოკუმენტზე მუშაობა. კობა მუარადაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი, ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებებით მიმდინარე აქტივობებზე, ბილინგვურ სწავლებაზე, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და ადგილობრივი სტუდენტების დაფინანსების პროგრამებზე ისაუბრა. ასევე, კულტურულ და სპორტულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2024 წლიდან ამოქმედდა წარმატებული ახალგაზრდობის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის მხრიდან მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას, რათა შეძლონ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და რეალიზება. ასევე, აღინიშნა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბირო აქტიურად მუშაობს. აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ჩართულობით გაიხსნა სივრცე, რომელიც ახალგაზრდობის სფეროს გასაძლიერებლად და მათი მხარდაჭერისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. მერის განცხადებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, დაწყებულია ახალგაზრდული სივრცის სამომავლო განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: გივი მიქანაძის განცხადებით, ახალგაზრდობის მიმართულებით, გარდა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე განხორციელებული ქმედებებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობის აქტიური მუშაობა. მან ყურადღება გაამახვილა ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სრულფასოვნად სწავლებაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები იდგება და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში დიდი წინსვლა ფიქსირდება. გიორგი დოხტურიშვილმა ბაღების ინფრასტრუქტურის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების მიმართულებით მასშტაბური მშენებლობები. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია დაწესებულებების აღჭურვის საკითხი, ვინაიდან მუნიციპალიტეტების მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე ვერ მოხერხდება ხარჯების სრულად დაფარვა. ნოდარ პაპუკაშვილმა ყურადღება გაამახვილა სტუდენტების მხარდამჭერ პროგრამებზე და განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალ პროგრამაზე, რომელიც რეგიონში მცხოვრები პირების უცხოეთში განათლების ხელშეწყობას გულისხმობს და შესაძლებლობას აძლევს გაიარონ სამაგისტრო საფეხური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პროგრამის მიზანია ახალგაზრდები დაბრუნდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტებში და გააძლიერონ ადგილობრივი ხელისუფლება. კომიტეტმა გადაწყვიტა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ცნობად მიიღო ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. კომიტეტმა მოისმინა ვახტანგ ბააკაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს „2023-2026 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის განხორციელების“ ანგარიში. მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „2020– 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია" განსაზღვრავს ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტებს მომდევნო 10 წლის მანძილზე. კონცეფციით განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება ევალება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. ამ მიზნით, მომზადდა „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ და ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (2023), რომელიც 2022 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავრობის N606 დადგენილებით დამტკიცდა. ვახტანგ ბააკაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგია მოიცავს 5 ძირითად მიზანს: ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერება, ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში, ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნები აერთიანებს 16 ამოცანას და 2023 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ 139 აქტივობას. სტრატეგიის განხორციელებაში 23 სახელმწიფო უწყება იყო ჩართული და საერთო ბიუჯეტი 2023 წლის განმავლობაში 71 მილიონი ლარს შეადგენდა, საიდანაც 69 მილიონ ლარზე მეტი იყო სახელმწიფო ბიუჯეტი და 1.4 მილიონ ლარამდე დონორების დაფინანსება. ვახტანგ ბააკაშვილის განცხადებით, 2023 წლის სამოქმედო გეგმიდან აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოიშვა რიგი გამოწვევები, რის გამოც აქტივობების რაოდენობა 100%-ით არ შესრულებულა, ესენია: საჭირო დაფინანსების, ადამიანური რესურსის და კოორდინაციის ნაკლებობა, 2023 წლის განხორციელებული სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებები და უწყებათაშორისო საბჭოს არარსებობა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში, სააგენტოსთან პარტნიორობით არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებით, ჩატარდა 6 მასშტაბური საჯარო დისკუსია ახალგაზრდებთან - ახალგაზრდული დიალოგის ფორმატში, 2023 წლის ოქტომბერში შეიქმნა უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი და კონსოლიდირდა 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის აქტივობები, შესაბამისი ბიუჯეტირების ინსტრუმენტი და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია წარდგენილია დონორთა სამუშაო ჯგუფთან. ვახტანგ ბააკაშვილმა 2023 წლის სააგენტოს ძირითად მიღწევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩატარდა ახალგაზრდული ბანაკების ლიდერების შერჩევის ღია კონკურსი. მომზადდა და ჩატარდა ლიდერების მოსამზადებელი პროგრამა. განხორციელდა ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებისთვის საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2022 და 2023 წლებში, ახალგაზრდულ ბანაკში ჩატარდა ინტერაქტიული ტრენინგი პროფესიის არჩევისა და მართვის, ფინანსური წიგნიერების, მოხალისეობისა და ახალგაზრდული შესაძლებლობების თემებზე. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოზარდებისთვის მოეწყო ბანაკი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში არსებულ საბანაკე ბაზაზე, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, განახორციელა ახალგაზრდული ფორუმი. 2023 წელს, ღია კონკურსის საფუძველზე, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" დებულებით განსაზღვრული წესებისა და პრინციპების გათვალისწინებით, გენდერული ბალანსის დაცვით შეირჩა საბჭოს 22 წევრი. არჩეულ იქნა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. ქვეყანას ჰყავს წარმომადგენელი ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ სამეთვალყურეო კომიტეტში (CDEJ) და ახალგაზრდობის დეპარტამენტის პროგრამულ კომიტეტში (CPJ). "Skills4Success უნარები წარმატებისთვის" პროექტის ფარგლებში დასაქმებულმა 20-მა მობილურმა ახალგაზრდულმა მუშაკმა საქართველოს 5 რეგიონის, 10 მუნიციპალიტეტში შექმნა ახალგაზრდული სერვისები და ჩართო 2000 ადგილობრივი NEET ახალგაზრდა. პროექტის დასრულების შემდგომ, 6-მა მუშაკმა განაგრძო საქმიანობა საქართველოს 3 რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში. 40 ახალგაზრდულ ორგანიზაციას სამეწარმეო უნარების განვითარებისა და პროექტების წერის ტრენინგები ჩაუტარდა, სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის [GSOA] და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტური ორგანიზაციების ჩართულობით, გაიმართა ევროპის სტუდენტური გაერთიანების [ESU] საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრა. მისივე განცხადებით, დამტკიცდა ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის სტანდარტი, შემუშავდება მოკლევადიანი და გრძელვადიანი 2 საგანმანათლებლო პროგრამის სამუშაო დოკუმენტი, შემუშავდა ახალგაზრდული სერვისების ხარისხის სტანდარტის სამუშაო დოკუმენტები (ახალგაზრდული ცენტრების, სივრცეების და ბანაკების), მომზადდა ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების კონცეპტუალური დოკუმენტი და რეკომენდაციების პაკეტი - ,,მუნიციპალური ახალგაზრდული სტრატეგიები“. სამოქმედო გეგმები დამტკიცებულია 26 მუნიციპალიტეტში და მუნიციპალურ დონეზე მოქმედებს 24 ახალგაზრდული სათათბირო. სააგენტოს შენობა ყოველდღიურად უსასყიდლოდ მასპინძლობს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ მხარი დაუჭირა ხაშურსა და დუშეთში ახალგაზრდული სივრცის და ცენტრის დაფუძნებას, დაიწყო ახალგაზრდების დასაქმების პროგრამის - “ახალგაზრდული გარანტიის” პილოტირება აბაშასა და ფოთში. შეიქმნა სტრუქტურული დიალოგის პლატფორმები, იდენტიფიცირდა ძირითადი გამოწვევები ეროვნულ დონეზე, შემუშავდა საგზაო რუქა მუნიციპალურ დონეზე და შემუშავდა პოლიტიკის რეკომენდაციები, მომზადდა შედარებითი ანალიზი თემაზე: „მოხალისეობრივი საქმიანობა საქართველოში და ევროპაში”. მომხსენებლის განცხადებით, იგეგმება ახალგაზრდული სტუდენტური ფესტივალი სტუდფესტი 2024-ის გამართვა, ახალგაზრდული ორგანიზაციების საგრანტო კონკურსის გამოცხადება, ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკებისა და ახალგაზრდული რეგიონული ფორუმების გამართვა. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვით მიმართეს მომხსენებელს: გივი მიქანაძემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ვლადიმერ კახაძემ, გენრიეტა წიწავამ და კობა მურადაშვილმა. მომხსენებელმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ცნობად მიიღო სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს „2023-2026 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის განხორციელების“ ანგარიში. სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე