სსიპ „ჩერქეზული (ადიღეური)კულტურის ცენტრის ფუნქციონირებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ" ინფორმაციის მოსმენა

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2024
ავტორი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[50a7]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-05-31
კომიტეტის სხდომის ნომერი 8

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 5/29/24, 6:11 PM დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 31 მაისი 2024 11:00 2024 წლის 31 მაისი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ფუნქციონირებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ კულტურის ცენტრის ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: ნუგზარ ანთელავა - „ჩერქეზული (ადიღეური) დირექტორის მოადგილე. https://parliament.ge/print/announcement/2881?local=true 1/2
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N8 2024 წლის 31 მაისი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N 8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: ბექა ოდიშარია, რესან კონცელიძე, ნოდარ ტურძელაძე, ფრიდონ ინჯია, ირაკლი მეძმარიაშვილი, აბდულა ისმაილოვი, თამარ ჩარკვიანი. სხდომას არ ესწრებოდა: ლევან ხაბეიშვილი, კობა ნაყოფია. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ფუნქციონირებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. მომხსენებელი: ნუგზარ ანთელავა - „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. მომხსენებლის განცხადებით, სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი, რომელსაც ამა წლის 16 თებერვალს 13 წელი შეუსრულდა, მართალია, სტრუქტურულად საკმაოდ პატარა დაწესებულებაა, მაგრამ თვისობრივად და ფუნქციურად მეტად აქტიურ, ამბიციურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რასაც მოწმობს მისი ეგიდით განხორციელებული სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებათა გეოგრაფია, სოლიდური პარტნიორული სპექტრი, ბეჭდურ გამოცემათა სიუხვე და მრავალფეროვნება. დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციის დოსიე ითვლის: 60-მდე ბეჭდურ პუბლიკაციას (ფუნდამენტური ხასიათის საავტორო მონოგრაფიები, ავტორთა ნაშრომების კრებულები, ფუნდამენტური კვლევითი პროექტების ანგარიშები, კონფერენციათა და სესიათა მასალები, უცხოელ მკვლევართა ნაშრომებისა და კავკასიის ხალხთა მხატვრული ჟანრის ლიტერატურის თარგმანები და სხვ.), ორ ათეულზე მეტ გამოფენას (ფერწერული ნამუშევრები, საარქივო დოკუმენტები, რარიტეტული გამოცემები, პოეტური კრებულები, დეკორაციები და სუვენირები, თოჯინები, ნაციონალური კოსტუმები, კავკასიური თავსაბურავები, ეროვნული სამზარეულო და სხვ.), საერთაშორისო სტატუსის მქონე სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო სემინარებსა და სადარგთაშორისო სამეცნიერო სესიებს, ლიტერატურულ ფესტივალებს, მიძღვნით შემოქმედებით საღამოებს, ფორუმებს, საზაფხულო სკოლებსა და კვირეულებს. ნუგზარ ანთელავას განმარტებით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ კვლევებში ძირითადი ადგილი ეთმობა ჩერქეზი ხალხის ეთნოკულტურის, ენების, ისტორიის მეცნიერულ შესწავლასა და პროპაგანდას საერთაშორისო მასშტაბით, თუმცა ბრძანებულებაში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის შექმნის შესახებ“ იმთავითვე აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაციის მიზანი, აგრეთვე, უნდა ყოფილიყო სრულიად ჩრდილოკავკასიის ხალხთა და თვითმყოფად კულტურათა შორის დიალოგის დაწყება: საქართველოს ინტელექტუალური რესურსის გააქტიურება, მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლების, ასევე უცხოეთში არსებული კავკასიოლოგიური ცენტრების გაერთიანება კავკასიის რეგიონში უფრო ინტენსიური და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მისაღწევად. სწორედ ამ კონცეპტუალური მოსაზრებების შინაარსზე დაყრდნობით, ორგანიზაციის ინტერესთა სფეროში შემოდის, ჩერქეზების გარდა, ყველა სხვა კავკასიელი ხალხი: აფხაზები, აბაზები, ინგუშები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ოსები ... მომხსენებლის განცხადებით, ჩერქეზული კულტურის ცენტრს მჭიდრო კავშირი აქვს მსოფლიოს 40 ნქვეყანაში მცხოვრები 7-მილიონიანი ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან; ცენტრი ყოველწლიურად აღინიშნავს ჩერქეზთა და ზემოჩამოთვლილ სხვა კავკასიელ ხალხთა ნაციონალური მნიშვნელობის ისტორიულ თარიღებს; ეწევა აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას წმინდა სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, მხატვრულლიტერატურული მიმართულებით; ქმნის ნოყიერ ნიადაგს მომავლის პერსპექტივაზე გათვლით; მიიჩნევს, რომ ჩრდილოკავკასიის ერებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა მხოლოდ რეგიონის პრობლემატიკის კვალიფიციურ ცოდნას ეფუძნება, საამისოდ კი აუცილებელია თითოეული კავკასიელი ხალხის ენის, ისტორიის, კულტურის, ეთნოფსიქოლოგიისა და პოლიტიკური ვითარების მაღალპროფესიონალური შესწავლა. ნუგზარ ანთელავამ კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა 2023-2024 წლებში ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ გაწეულ საქმიანობაზე მისი განმარტებით, ძალზე ნაყოფიერი იყო ჩერქეზული კულტურის ცენტრის კვლევითი საქმიანობა 2023 წელს. გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამი მონოგრაფია - „კავკასიის ხალხები, კულტურები, ენები“ (ავტორები: ნუგზარ ანთელავა, მერაბ ჩუხუა, მაგომედხან მაგომედხანოვი), „ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია“ (ავტორები: ნუგზარ ანთელავა, მანანა ბუკია, ირმა კვაშილავა, მერაბ ჩუხუა), „ეთნოლინგვისტურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“ (ავტორები: ნუგზარ ანთელავა, მანანა ბუკია, მერაბ ჩუხუა). მომხსენებლის განცხადებით, 2023 წელს ცენტრის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი კვლევითი პროექტის - „ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები: ქართულ-აფხაზურ-კავკასიური პრაქტიკა“ - მიზანი ქართული კულტურის კავკასიური მასშტაბით დომინირებისა და კეთილისმყოფელი გავლენის ისტორიული საფუძვლების დასაბუთებაა. ჩრდილოეთ კავკასიაში და, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქში) განფენილი ქართული კულტურული მემკივიდრეობის ობიექტური, არაცალმხრივი კვლევა-შეფასება გახლდათ ამოცანა პროექტისა, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. გამოქვეყნებული 8-ენოვანი ნარკვევი აღნიშნილი პროექტის ფარგლებში წარმოებული კვლევის შედეგების ერთ ნაწილს წარმოადგენს, ხოლო მეორე ნაწილს შეადგენს ვიდეო პროდუქტი, წარმოდგენილი 12სერიანი ფილმი-გადაცემის სახით. მომხსენებლის განმარტებით, 2023 წელს ჩატარდა ერთი საერთაშორისი და ერთიც ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციები და საერთაშორისო სამეცნიერო სესია, რომლებიც კავკასიურ თემატიკაზე იყო ბაზირებული. კონფერენციებსა და სესიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც კავკასიის რესპუბლიკებიდან ჩამოსულმა მკვლევარებმა, ისე თურქეთის, შვედეთის, პოლონეთის კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა. 2017 წლიდან ჩერქეული კულტურის ცენტრი ანაკლიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ატარებს კავკასიური პოეზიის ფესტივალს მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. ეს ღონისძიება მოეწყო 2023 წელსაც. ფესტივალში, რომელიც კავკასიური სამუსიკო ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის თანხლებით წარიმართა და ქართულ, აფხაზურ, ოსურ, აბაზურ, ჩერქეზულ, ინგუშურ, ჩეჩნურ, დაღესტნურ და რუსულ ენებზე წარიმართა, მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და ჩრდილოკავკასიელმა პოეტებმა, პროზაიკოსებმა და ლიტერატურისმცოდნეებმა. მისი განცხადებით, ჩერქეზული კულტურის ცენტრის 2023 წლის აქტივობებიდან აღსანიშნავია ყველა იმ ღონისძიება, რომელიც ჩერქეზებისა და კავკასიის სხვა ხალხების ეროვნული მნიშვნელობის ისტორიულ თარიღებს უკავშირდება. ყოველ ასეთ ღონისძიებაზე ჩრდილოკავკასიელებიც არიან მოწვეულნი. ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება 2024 წელსაც გრძელდება. უკვე აღინიშნა: 1. ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე (14 მარტი) 2. ჩერქეზული დროშის დღე (25 აპრილი) 3. ჩერქეზთა გენოციდის დღე (21 მაისი), რომელიც თანხლებული იყო ჩერქეზული ტრადიციული საბრძოლო იარაღების გამოფენით. ნუგზარ ანთელავამ ასევე ისაუბრა ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონიშძიებების შესახებ, კერძოდ, იგეგმება: უახლოეს ხანებში დასრულდეს მუშაობა დიდი მოცელობის „ჩერქეზულ ბიბლიოგრაფიაზე“; გამოსაცემად მომზადდეს მონოგრაფია-ალბომი - „ჩერქრზები და ჩერქეზეთი დიმიტრი ერმაკოვის შემოქმედებაში“; დაიწყოს მუშაობა მონოგრაფიაზე - „მამაკაცური და ქალური სუბკულტურები კავკასიაში (ტრადიცია და თანამედროვეობა)“; მოეწყოს ჩერქეზი მხატვრების - მ. მისაჩისა და ა. ხახანდუკოვის - ფერწერული ნამუშევრების გამოფენა; ჩატარდეს ახალგაზრდა კავკასიოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია; გაიმართოს ფესტივალები - „კავკასიური პოეზია“ და „კავკასიური იავნანა“. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ფუნქციონირებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. სხდომის თავმჯდომარე: გივი ჭიჭინაძე სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი