საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, ქ. ბუქარესტში (რუმინეთი) გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2024 წლის ყოველწლიურ სესიაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის (ნიკოლოზ სამხარაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი, თინათინ ბოკუჩავა) მონაწილეობის შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-19
ბიუროს ნომერი 377 (14:25)
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-10524/24
19-07-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
წარმოგიდგენთ ქ. ბუქარესტში (რუმინეთი) გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2024
წლის ყოველწლიურ სესიაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის
მონაწილეობის ანგარიშის.
დანართი 4 გვ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ქ. ბუქარესტში (რუმინეთი) გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2024 წლის
ყოველწლიურ სესიაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის
მონაწილეობის ანგარიში
მივლინების ადგილი: ქ. ბუქარესტი, რუმინეთი
მივლინების თარიღი: 2024 წლის 29 ივნისი - 3 ივლისი
მივლინების მიზანი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2024 წლის ყოველწლიური სესიის
მუშაობაში მონაწილეობის მიღება
დელეგაციის შემადგენლობა: ნიკოლოზ სამხარაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი, მაკა
ბოჭორიშვილი - დელეგაციის წევრი, თინათინ ბოკუჩავა - დელეგაციის წევრი, მერი
გოგოლაძე- დელეგაციის მდივანი.
მ.წ 29 ივნისიდან -3 ივლისის ჩათვლით, ქ. ბუქარესტში (რუმინეთი) გაიმართა ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია.
სესიის ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის
პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტს.
ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების
გარემოსა და გამოწვევებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და
გამომდინარე პრობლემებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი
ქვეყნების მხრიდან ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენების მნიშვნელობაზე და მოუწოდა იმ წევრ
ქვეყნებს, რომლებიც არ იყენებენ აღნიშნულ ტერმინს ამ ტერმინის გამოყენებისკენ.
„წლებია გრძელდება ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი, მათ შორის ეუთო-ს თანა
თავმჯდომარეობით, თუმცა სამშვიდობო პროცესის დარეგულირება სამწუხაროდ ვერ
ხერხდება“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.
გამოსვლის დასრულებისას, ნიკოლოზ სამხარაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო
თანამეგობრობას მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ, რომელიც უზრუნველყოფს
საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას.
მაკა ბოჭორიშვილმა ასამბლეაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ
გამწვავებულ უსაფრთხოების გარემოზე და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კვლავ მთავარ
გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და
რუსული ჯარის ყოფნა ამ ტერიტორიებზე.
„უკვე ათწლეულებია ვსაუბრობთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაზე
და საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე, თუმცა, რუსეთის
მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, უსაფრთხოების საკითხები და ასი ათასობით
იძულებით გადაადგილებული პირი კვლავ ჩვენს ყოველდღიურ პრობლემად რჩება“ განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობას და
საქართველოსა და მთელს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო
პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას მცდარი აღქმების
საფუძველზე. შეხედეთ სტატისტიკას და ეძიეთ კონკრეტული ფაქტები, რის შემდეგადაც მეტ
პასუხს მიიღებთ ფაქტებით და არა სპეკულაციებით“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს დელეგაციის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნითი
რეზოლუციის პროექტში, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის საკითხთა კომიტეტის
თავში შევიდა დამატება, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში,
რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციის შედეგად არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.
აღნიშნული ასევე აისახა დეკლარაციის საბოლოო ტექსტშიც.
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით
გამოვიდა და საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სახელწოდებით „ეუთო-ს როლი
მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ - საქართველოს
შესახებ დამატებულ შესწორებებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა:
„სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, როდესაც დავრეგისტრირდი დებატებზე, ვგეგმავდი
მესაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით,
მაგრამ პირველ და მესამე კომიტეტებში ახლახან განვითარებულმა მოვლენებმა ჩემი გეგმა
შეცვალა. გუშინ, სხვაგვარად ძალიან დაბალანსებულ და კარგ რეზოლუციებში რამდენიმე
შესწორების შეტანით, საქართველოზე უსაფუძვლო თავდასხმა განხორციელდა: პირველ
რიგში, ეუთო-ს სივრცეში წელს დაგეგმილი ათეულობით არჩევნებიდან და ამ შემოდგომაზე
გასამართი 8 არჩევნებიდან რატომღაც მხოლოდ საქართველოს შემთხვევა გამოიყო
და საქართველოში არჩევნების ღირსეულად ჩატარება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რითაც,
ფაქტობრივად, 4 თვით ადრე, მისი განზრახ დისკრედიტაცია მოხდა. ჩამატებული შესწორება
ასევე გულისხმობდა იმას, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განხორციელებული
სადამკვირვებლო მისიები არაეფექტური და არასაკმარისად ძლიერი იყო. ეს, სულ მცირე, ამ
ორგანიზაციის
მუშაობას
ნეგატიურად
აფასებს. ამასთან
ერთად,
კიდევ
ერთმა შესწორებამ გამოყო საქართველოში არსებული პოლარიზაცია და ამის გამო ჩვენი
ხელისუფლება გააკრიტიკა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა ეუთო-ს წევრ
ბევრ სხვა ქვეყანაში უფრო მწვავედ დგას, არავინ ამახვილებს ყურადღებას ამ ქვეყნებზე და
ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ საქართველოზე.
„მე ამას ვიღებ, როგორც მიზანმიმართულ თავდასხმას ჩემს ქვეყანაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ
სხვა მრავალ ბრალდებაზე, თითქოს, მაგალითად, ახალი კანონი გამჭვირვალობის შესახებ
შეზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას, რაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ტყუილია.
საფრანგეთმა და კანადამ, რომლებიც ასევე ამ ასამბლეის წევრები არიან, მიიღეს მსგავსი
კანონები გასულ თვეში, მაგრამ მე არ მინახავს არც ერთი მათგანი ნახსენები რეზოლუციებში,
რაც მაფიქრებინებს იმას, რომ აქაც შეგნებულად მოხდა საქართველოს გამოყოფა“, - განაცხადა
ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი შეფასებით, მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ეს ცვლილება არ არის ქვეყნისთვის ისეთი
მწვავე, როგორიც ის, რომელიც საქართველო-რუსეთის კონფლიქტს ეხება.
„მე თვითონ რომ არ ვყოფილიყავი ამ პროცესის შემსწრე, ვიფიქრებდი, რომ ეს შესწორება და
მისი ფორმულირება რუსეთის დუმის წევრებისგან მოდიოდა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ
რუსები აქ არ არიან. ტექსტის ისეთი ფორმულირება, როგორიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის
მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით არის ზუსტად ისეთი,
როგორსაც რუსეთი, ბოლო 16 წელია ცდილობს წარმოაჩინოს ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებებში - რომ თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე და მე ვციტირებ
ტექსტს შესწორებიდან - „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და
ოსეთის შერიგებაა საჭირო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი შეფასებით, ეს ყველაფერი სერიოზულად შემაშფოთებელია იმის გათვალისწინებით,
რომ ეუთო არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე და ამერიკის
შეერთებული შტატები (რომლის წარმომადგენლებიც არიან ამ ცვლილების ავტორები) არის
ჟენევის ფორმატის წევრი და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რაც ეწინააღმდეგება
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეუთო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების
გაცხადებულ პოლიტიკას.
„უცნაური და საოცარია ისიც, რომ საქართველოს წინადადება - საქართველოს ტერიტორიების
ოკუპაცია შესულიყო იმ ცვლილებაში, რომლებიც რუსეთის მავნე ქმედებებზე საუბრობს უარყოფილი იქნა. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ასე მწვავედ შელახვის გამო, ჩვენ
ხმას მივცემთ საბოლოო დეკლარაციის წინააღმდეგ. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენი ხმა არ
არის გადამწყვეტი, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ - ძალიან პატარა დელეგაციით, რაც
მარტივად დაძლევადია. ამის მიუხედავად, ჩვენ ღიად უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს
შესწორებები არა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დამყარებული, არამედ მიკერძოებულია.
ძალიან სამწუხარო და გასაბრაზებელია ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის
წისქვილზე მოხდა წყლის დასხმა, თუმცა, ჩვენი მიზანდასახულობა ურყევია და ჩვენ
გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დასაცავად”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ
სიტყვით გამოსვლისას.
ასამბლეის ყოვლეწლიური სესიის დასკვნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს
პარლამენტის დელეგაციის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ, ისევე როგორც დელეგაციის
ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გამოხატა
პროტესტი
შემდეგი შესწორების ტექსტთან დაკავშირებით- „თბილისის მიერ
კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და ოსეთის შერიგებაა საჭირო“, და მოუწოდა
ასამბლეას, რომ ხმა მიეცათ ამ ტექსტის საწინააღმდეგოდ. საბოლოოდ, აღნიშნული
შესწორების ტექსტი ამოღებულ იქნა ბუქარესტის დეკლარაციიდან. თუმცა, საქართველოს
დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრმა მაკა
ბოჭორიშვილმა დეკლარაციაში დამატებული სხვა შესწორებების გამო საბოლოო დოკუმენტს
მხარი არ დაუჭირა.