საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის დავით სონღულაშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 5-10 ივლისს, კანადაში, ქ. მონრეალში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 49-ე სესიაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.07.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი
ნომერი
#2-10743/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-10743/24 24-07-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 5-10 ივლისს, სამსახურეობრივი მივლინებით ვიმყოფებოდი კანადაში, ქ. მონრეალში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 49-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 3 (სამი) ფურცელი. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების მიზანი: ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 49-ე სესიაში მონაწილეობის მიღება დელეგაციის შემადგენლობა: დავით სონღულაშვილი - დელეგაციის ხელმძღვანელი; ანტონ ობოლაშვილი - დელეგაციის წევრი; ნინო ბუჯიაშვილი - დელეგაციის მდივანი. მივლინების ადგილი: კანადა, ქალაქი მონრეალი მივლინების თარიღი: 5-10 ივლისი 5-10 ივლისს, კანადაში, ქალაქ მონრეალში გაიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 49-ე ყოველწლიური სესია. სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „ხელოვნური ინტელექტი და პარლამენტარიზმი’’. სესიაში მონაწილეობას ღებულობდა 350 დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის 13 ქვეყნის და რეგიონალური პარლამენტის თავმჯდომარე. სესია 6 ივლისს ასამბლეის ქალ-პარლამენტართა ქსელისა და ახალგაზრდა პარლამენტართა ქსელის შეხვედრებით დაიწყო. შეხვედრების განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა: ,,მოქალაქეების მობილობის გაუმჯობესება მეწარმეობის ხელშეწყობისათვის,, და „ქალთა უფლებები შეიარაღებულ კონფლიქტებში“. ზემოაღნიშნულ თემებზე განიხილეს და მიიღეს შესაბამისი მოხსენებების პროექტები. 7 ივლისს გაიმართა ასამბლეის კომიტეტების სხდომები. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მუშაობაში. კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, საფრანგეთის სენატორი კრისტოფ ანდრე ფრასა. სხდომის განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა: „მულტილატერალიზმის როლი დემოკრატიისა და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობაში“; „კიბერუსაფრთხოება და საარჩევნო ჩარევა“. კომიტეტის სხდომაზე, ასამბლეის თითოეულმა დელეგატმა ისაუბრა საკუთარ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, არსებულ რეფორმებსა და გამოწვევებზე. სხდომაზე დავით სონღულაშვილმა დელეგატებს სიტყვით მიმართა. სიტყვით გამოსვლა შეეხო რუსული ოკუპაციისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უკვე მრავალი წელია, რაც საქართველო რუსულ ოკუპაციას საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემით პასუხობს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საფრთხეების შემცირების ნაცვლად, რეგიონი უფრო მეტად რთული ხდება და შესაბამისად, ყოველდღურად ხდება შექმნილ მძიმე ვითარებასთან გამკლავება. როგორც მან აღნიშნა, ასეთ მდგომარეობაში დიდია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა. მან ასევე ისაუბრა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებზე, როგორიცაა: ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. კომიტეტის სხდომაზე ასევე განხილულ იქნა რეზოლუციის პროექტი დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ. დელეგაციის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის მუშაობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა კანადის თემთა პალატის დეპუტატი ჟოელ გოდენი. კომიტეტის სხდომის განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა:‘’საპარლამენტო გარემოში დეზინფორმაციასთან ბრძოლა’’; ‘’ფრანგული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა’’ ანტონ ობოლაშვილმა კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და გამოწვევებზე, ასევე თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რამდენად ზეგავლენას ახდენს ამ პროცესებზე დეზინფორმაცია და პოლარიზება, რაც მეტწილად გამოწვეულია სხვადასხვა ძალების მიერ. დელეგაციის წევრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უპირველესი ამოცანაა ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარება და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოხდება სირთულეების დაძლევა, რაც მიგვიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე. 8 ივლისს ასამბლეის 49-ე სესია ოფიციალურად პლენარული სესიით გაიხსნა. გახსნით ნაწილში სესიაზე დამსწრე დელეგატებს სიტყვით მიმართეს: ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა, კანადის სენატის თავმჯდომარემ რეიმონდ განიემ და კანადის თემთა პალატის თავმჯდომარემ გრეგ ფერგასმა. გახსნითი ნაწილის სემდეგ სესიაზე გაიმართა გენერალური დებატები თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და პარლამენტარიზმი.“ დელეგატებს სიტყით მიმართა დელეგაციის ხელმღვანელმა დავით სონღულაშვილმა. 9 ივლისს, ასამბლეაში შემავალი რეგიონების საქმეთა ხელმძღვანელებმა გააკეთეს ყოველწლიური მოხსენებები და ისაუბრეს მათ რეგიონებში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და გამოწვევებზე. ამავე დღეს დელეგატებმა მოისმინეს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ლუიშ მუშიკივაბოს ყოველწლიური მოხსენება. სესიაზე დასასრულს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომდევნო, რიგით 50-ე სესია გაიმართება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. ანგარიში მოამზადა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა ნინო ბუჯიაშვილმა.