სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ , „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.08.2024
ავტორი
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
ნომერი
#1-9090/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
*SIS62400016077* SIS 6 24 00016077 22/08/2024 საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საკანონმდებლო წინადადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიებისა და პრევენციული ღონისძიების ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით. წინადადების დასაბუთება: ციფრული ეპოქისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით აქტუალურ საკითხს პირადი ცხოვრების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სამსახურის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მზარდია ამ მიმართულებით მომართვიანობა. ამასთან, ხშირად დანაშაულის მსხვერპლებს არასრულწლოვანი პირები წარმოადგენენ. საკითხის მნიშვნელობისა და სენსიტიურობის გათვალისწინებით, გამოძიების ერთიანი სტანდარტითა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე წარმართვისთვის მიზანშეწონილია კონკრეტული მიმართულებით მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკაში არსებული გამოწვევებისა და ტენდენციების ანალიზს. სამსახურის აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა უკავშირდება ინტერნეტ სივრცესა და მის მიღმა პირადი ცხოვრების კადრების მოპოვების, გავრცელებისა და ჟანტაჟის გახშირებულ შემთხვევებს, რომლის მსხვერპლებიც, როგორც უკვე აღინიშნა სრულწლოვან ადამიანებთან ერთად ხშირად მცირეწლოვანი და არასრუწლოვანი ბავშვები ხდებიან. კერძოდ, ყალბ ე.წ „ექაუნთებს“ ამოფარებული, მათ შორის პედოფილიის ნიშნების მქონე დამნაშავეები ადვილად შედიან ბავშვებთან ნდობაში, რის შემდეგაც მათი ინტიმური კადრების მოპოვებით ხელყოფენ ბავშვთა პირად ცხოვრებას, რასაც თან ახლავს მათ მიმართ სქესობრივი იძულება, გამოძალვა, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებები. ტექნოლოგიური განვითარებისა და დანაშაულის მასშტაბის გათვალისწინებით, დანაშაული სხვადასხვა ფორმით შესაძლოა ნებისმიერ ბავშვს ან მოქალაქეს შეეხოს, რის გამოც აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური კონტროლის მექანიზმის არსებობის აუცილებლობას. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების წინააღმდეგ კომპლექსური და ეფექტიანი ბრძოლით ხდება შესაძლებელი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულება, მათ შორის დანაშაულის პრევენციის გზით არ დაუშვას ამ მნიშვნელოვანი უფლებების ხელყოფა და დაიცვას ადამიანი, როგორც ინდივიდი. შესაბამისად, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების შემუშავების მიზეზია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა, ერთის მხრივ პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესებით და მეორეს მხრივ ამ მიმართულებით სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებით. უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურის მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად მზარდია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა), 1571 -ე (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა), 158-ე (კერძო კომუკიცაიის საიდუმლოების დარღვევა) და 159-ე (პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევები, რომლებიც განსაზღვრულია “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022-23 წლისა და 2024 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების თანახმად პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი დანაშაულების შეთხვევებზე სამსახურმა გამოძიება 385 საქმეზე დაიწყო, დანაშაულში 100 პირია მხილებული, საიდანაც სისხლის სამართლის 92 საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პირადი ცხოვრების კადრებით ჟანტაჟისა და სქესობრივ იძულებაში მხილებულ პირთა რეესტრი და მონიტორინგის მექანიზმის შექმნა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემების რეესტრს აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ასევე უფლებამოსილი და ვალდებულია პერიოდულად განახორციელოს მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეულის დაკვირვება და მონიტორინგი (მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეულის გათავისუფლების, პირობით ვადამდე გათავისუფლების, საპატიმრო სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის, ძირითად სასჯელად არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას). საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ასევე ექნება უფლებამოსილება აწარმოოს სისხლის სამართლის 157 პრიმა მუხლით მსჯავრდებული პირთა რეესტრი. ამასთან, ვინაიდან სამსახურს ექნება კოორდინაცია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის/უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმების აღმასრულებელ და მონიტორინგის განმახორციელებელ დაწესებულებებთან, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილი რეესტრი, სხვა დამატებითი რელევანტური მონაცემებისა, ასევე მოიცავდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეესტრით განსაზღვრულ მონაცემებსაც. სამსახურის მხრიდან აღნიშნული საკანომდებლო ცვლილებების მიზანია, რომ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგსა და სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებების შეზღუდვას დაექვემდებარონ ის მსჯავრდებულებიც, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს მცირეწლოვანი ბავშვების, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში, ასევე ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრებს უკანონოდ მოიპოვებენ და ავრცელებენ ანგარების მიზნით, ასევე ის მსჯავრდებულები, რომელთაც მსგავსი ტიპის რამდენიმე დანაშაული (დანაშაულთა ერთობლიობა) აქვთ ჩადენილი ან/და ამ დანაშაულს ჩადიან განმეორებით ან დანაშაული ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. ხსენებულ რეესტრში შეყვანილი პირების მიმართ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე სპეციალურ მონიტორინგს განახორციელებს, რომელიც მათ შორის მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე პირის შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნასა და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ამასთან, საგულისხმოა არასრულწლოვნები, რომლებიც დაცვის განსაკუთრებულ გარანტიებს საჭიროებენ, რაც სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაშიც მოიაზრება სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებაც. ლანსაროტის 2007 წლის 25 ოქტომბრის „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს მიიღონ აუცილებელი საკანონმდებლო ან სხვა ზომები განზრახი ქმედების კრიმინალიზაციის მიზნით, იმ შეთხვევაში თუ ისინი ჩადენილია ა) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის უკანონო დამზადება; ბ) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის შეთავაზება ან ხელმისაწვდომად ქცევა; გ) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის დისტრიბუცია ან გადაგზავნა; დ) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ყიდვა საკუთარი თავისთვის ან სხვა პირისთვის; ე) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ფლობა; ვ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ბავშვთა პორნოგრაფიული მასალით სარგებლობის შესაძლებლობის შეგნებულად მოპოვება. ამავე კონვენციის თანახმად, ხელმომწერი მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ გაატარებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, მსხვერპლის უფლებებისა და ინტერესების, მათ შორის, მათი როგორც მოწმეების განსაკუთრებული საჭიროებების დასაცავად საგამოძიებო და სასამართლო პროცესების ყველა სტადიაზე, სისხლის სამართლის კოდექსში ცალკეულ მუხლებზე დამამძიმებელი გარემოებების დამატება აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა რაც გამოიხატება 157-ე, 1571 მუხლებთან მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებასა და ყოვლისმომცველი, კომპლექსური პოლიტიკის გატარებაში. აღნიშნული მოითხოვს, მათ შორის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის გამკაცრებას და არსებული დასჯადი ქმედებების პასუხისმგებლობის დამძიმებას. სამსახურის მიერ გაკეთებული ანალიზისა და პრაქტიკაში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63 მუხლის 11ნაწილში, 71-ე მუხლის 51 ნაწილში, 731-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომელთაც ჩამონათვალში დაემატება 1571 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევები. ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სსკ-ის 157-ე და 1571 მუხლებს დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს დაემატოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა მძიმე შედეგის დადგომა, პირი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის ნასამართლობის ქონა, წინასწარი შეცნობით სრულწლოვანის მიერ არასრულწლოვანისა და 14 წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ, ასევე ცალკე ნაწილად დაემატოს აღნიშნულ ორ მუხლს შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები, როგორიცაა ბ) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ; გ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; დ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, რომელთა სანქციად მიზანშეწონილია განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდი დან ათ წლამდე შესაბამისად, მოსამართლეს, სასჯელის მინიმუმისა და მაქსიმუმის ფარგლებში, ექნება შესაძლებლობა, მსხვერპლის ასაკის გათვალისწინებით, დანიშნოს ნაკლებად მკაცრი ან უფრო მძიმე სასჯელი. დღეს არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციები მეტ სიმკაცრეს მოითხოვს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლისას ხელს შეუწყობს მსგავსი კატეგორიის დანაშაულების თავიდან აცილებას და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწერსიგის დაცვას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ კავშირშია დაზარალებულის სქესობრივ ცხოვრებასთან, სქესობრივი ცხოვრების თავისუფლებასთან და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციით, დამნაშავის მხრიდან ხდება მის მიმართ სხვადასხვა სახის მანიპულაცია. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა ჩამონათვალში (მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის დამატება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ობიექტური გამოძიების წარმართვის აუცილებელ წინაპირობას გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხის არსებობა განაპირობებს. სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი გარანტიების შექმნა და პოტენციურ მსხვერპლზე მორგებული ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების დანერგვა სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამსახურში, ამოქმედებიდან მალევე პოტენციური მსხვერპლებისათვის: ა) საქმის მასალების გაცნობის გამარტივებული წესი დაინერგა; ბ) მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაცვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა. გ) სამსახურის სერვისებზე წვდომისა და მსხვერპლთა უფლებების უკეთ რეალიზების უზრუნველსაყოფად, მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც მოქალაქეების დახმარებას ყოველდღიურად ახორციელებს. სწორედ ზემოაღნიშნული სიახლეების პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელებამ უზრუნველყო პოტენციური მსხვერპლი და დაზარალებული უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებით. როგორც ცნობილია, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წლებია ფუნქციონირებს, ხოლო ამ უკანასკნელი უწყების წარმომადგენლები 2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პროცესის მონაწილე სუბიექტებიც გახდნენ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებული რედაქციით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის პროცესში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი ან გამომძიებელი, რომელშიც კანონმდებლობით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი იგულისხმება. მსგავსი და კიდევ უფრო ფართო ფუნქციის მქონე სამსახური სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც არსებობს და თითქმის მთლიანად ფარავს საქართველოს რეგიონებს. მსხვერპლთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების ეტაპზე იგივე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელსაც მიენიჭოს, რათა სრულად იქნას უზრუნველყოფილი მსხვერპლთა და დაზარალებულების გამოძიების პროცესში ყოველგვარი დისკომფორტისა და მეორეული ვიქტიმიზაციის გარეშე მონაწილეობა, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან დანაშაულებზე, როგორციაა წამება, არასათანდო მოპყრობა, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა და სხვა. მსხვერპლთა უფლებების სამმართველოს წარმოადგენლების კომუნიკაცია გამოძიების სრულ ეტაპზე კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად გაზრდის მსხვერპლთა ჩართულობასა და მათ მხარდაჭერას. შესაბამისად, მიზანშეწონილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდეს ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც პროცესის მონაწილე სუბიექტების ჩამონათვალს დაემატებიან მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოს თანამშრომლებიც. ხსენებული ცვლილებები სამსახურს მისცემს შესაძლებლობას როგორც ბავშვთა და მოქალაქეთა პირადი ცხოვრების დასაცავად ეფექტური მექანიზმი აამოქმედოს, რომლის განხორციელებისა და შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია, ასევე გაზარდოს მსხვერპლთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მისცეს მათ დამატებითი სამართლებრივი გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობა. სწორედ მოქალაქეთა და განსაკუთრებით კი ბავშვთა პირადი ცხოვრებისა და სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის დასაცავად, ასევე მომეტებული საფრთხის მატარებელი დამნაშავე პირების, მათ შორის სხვადასხვა ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა შესაჩერებლად და მათ მიმართ სახელმწიფო კონტროლის გასაძლიერებლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში, ასევე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მოთხოვნით. პატივისცემით, კაციტაძე კარლო სპეციალური საგამოძიებო სამსახური სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი