ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის მოსმენა;

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#[548f]/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-06-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 18

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა 2021 წლის 4 ივნისი, 12:00 საათი საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: სოლომონ პავლიაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი N18 2021 წლის 4 ივნისი, თბილისი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი კომიტეტის წევრები: გოგი მეშველიანი, ნინო ლაცაბიძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ხახუბია მოწვეული სტუმრები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი ნინო კვეტენაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. აპარატის თანამშრომლები: კომიტეტის აპარატის უფროსი სალომე ქურასბედიანი, კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტები: ნანა გოგიტიძე, დენის სალუქვაძე, კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტები: მანანა მოსიძე, ფიქრია რობაქიძე, გიორგი ფანცხავა, ელისო შანავა, კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ხათუნა მუკბანიანი, კომიტეტის აპარატის მოწვეული სპეციალისტები: ნანა აღლემაშვილი და ნათია შამათავა. დღის წესრიგი 1. ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის მოსმენა მომხსენებელი: სოლომონ პავლიაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე I საკითხი მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია განსახილველი საკითხის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა კომიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნულმა პრიორიტეტმა ასახვა ჰპოვა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში, რომელიც შესაბამისობაშია, ერთი მხრივ, ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგთან, ხოლო მეორე მხრივ, სამთავრობო პროგრამასა და ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიასთან. სიტყვა გადაეცა სოლომონ პავლიაშვილს. მოისმინეს: სოლომონ პავლიაშვილის ინფორმაცია ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციაზე, პრინციპებსა და მისი დანერგვის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ცირკულარული ეკონომიკა წარმოადგენს აგროეკოსისტემების მდგრადობის შემადგენელ ნაწილს, ერთგვარად ინტერდისციპლინარულ მიმართულებას, რომელიც აერთიანებს შემდეგ კომპონენტებს: ბიომრავალფეროვნება, მიწის დეგრადაცია, რესურსების შეწოვის შემცირება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცირკულარული ეკონომიკური მოდელი. აღნიშნული მოდელი, ერთი მხრივ, ეკონომიკის განვითარებისა და ახალი, მწვანე სამუშაო ადგილების შექმნის, ხოლო, მეორე მხრივ, ნარჩენების პრევენციის, აღდგენის, გადამუშავებისა და მისგან ენერგიის მიღების საშუალებას იძლევა. ეს კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას, კერძოდ რესურსებზე ზეწოლის შემცირებას, უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პროექტი შვედეთის მთავრობისა და შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. გასულ წელს, როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებთან გამართული არაერთი შეხვედრის ფარგლებში დადასტურდა ქვეყნის მზაობა, აქტიურად იმუშაოს ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის მიმართულებით. ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა არ გულისხმობს წრფივი ეკონომიკის სრულად ჩანაცვლებას, არამედ ეკონომიკის ეს მოდელი უნდა იქცეს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად და მოხდეს მისი საფეხურებრივი დანერგვა სხვადასხვა სექტორებში შესაბამისი პროგრამებისა და საპილოტე პროექტების დახმარებით. პრეზენტაციის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული შემდეგი საკითხები: ცირკულარული ეკონომიკისა და მისი იმპლემენტირების მნიშვნელობა, შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა, სახელმწიფო უწყებათა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბიზნესთან შეთანხმებისა და მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობა, ასევე, მწვანე ეკონომიკური განვითარების ძირითადი გამოწვევები, მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირი, ბუნებრივი რესურსების ოპტიმიზაცია, წრფივი და ცირკულარული ეკონომიკური მართვის სქემები. ამას გარდა, მოხდა ცირკულარული ეკონომიკის მხარდამჭერი მოდელების (ოპტიმალურად გამოყენების, ცირკულარული დიზაინისა და ღირებულების აღდგენის მოდელი) დახასიათება და შედარება (იხ. დანართი 1). აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - აღნიშნულ თემაზე მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს კოორდინაცია როგორც სამთავრობო უწყებებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შორის, ასევე, მუნიციპალიტეტებთან. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხედვა, რამეთუ ცირკულარული ეკონომიკა ქვეყნის ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს. ქვეყანას ნამდვილად აქვს პროდუქტი, ის რესურსი, რომლისგანაც ეკონომიკის ახალი მიმართულების შექმნა და მნიშვნელოვანი ხარჯების დაზოგვაა შესაძლებელი. მაგალითად, ნაგავსაყრელების მართვის ხარჯებისა, რამეთუ შესაძლებელია ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენის გამოყენება ენერგიის აღსადგენად, ისევე, როგორც ახალი ნაგავსაყრელების გახსნის თავიდან არიდება. კომიტეტის სახელით, გამოითქვა მზადყოფნა, რომ შეიქმნას გარკვეული პლატფორმა, უკვე მოქმედი ბიზნესთან სამუშაო ჯგუფის მსგავსად, რომელიც აქტიურად იმუშავებს ცირკულარული ეკონომიკის საკითხის აქტუალიზებასა და შესაბამის თემატურ მიმართულებებზე. აზრი გამოთქვა: ნინო ლაცაბიძემ - მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო პრეზენტაციისათვის. აღნიშნა, რომ სართიჭალისა და მუღანლოს მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში ადგილზე გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წყალმომარაგების უპრეცენდენტო პროექტს, რომელმაც 5 დიდი სოფლის წყალმომარაგება უნდა უზრუნველყოს. ამასთან, აღნიშნა, რომ ადგილზე მიმდინარე ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოები საკმაოდ დიდი საფრთხეს უქმნის პროექტის ეფექტიანად მიმდინარეობას. შესაბამისად, დაინტერესდა იმ ლიცენზიებით, რომლებიც წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებით იქნა გაცემული და სთხოვა ქ-ნ მაიას აღნიშნული საკითხის მოსასმენად დამატებით კომიტეტის სხდომის ჩანიშვნა, რამდენადაც მნიშვნელოვანია მოხდეს სწორი კომუნიკაცია სამინსიტროებსა და მუნიციპალიტეტებს შორის მსგავსი პრობლემების თავიდან ასარიდებლად. კითხვა დასვა: ხატია წილოსანმა - მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო პრეზენტაციისათვის. ქ-ნი ხატიას აზრით, ცირკულარული ეკონომიკის შემოთავაზებული მოდელები დადებით გავლენას მოახდენს პროცესზე, თუმცა, როგორც პრეზენტაციისას აღნიშნა, საჭირო იქნება დამატებითი შეფასებები და მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესთან, რამეთუ ამ ტიპის რეგულაციები ბიზნესის მხრიდან დამატებით წნეხად აღიქმება ხოლმე. კითხვა სწორედ ბიზნესთან კომუნიკაციას შეეხებოდა: არის თუ არა შემუშავებული ბიზნესთან საკომუნიკაციო სტრატეგია, რომ სწორად მიეწოდოთ მათ ცირკულარული ეკონომიკის მოდელები და როგორი უნდა იყოს ამ პროცესში სახელმწიფოს როლი, რამდენადაც, ახალი რეგულაციების შემოღებისას, მოლოდინი არის ხოლმე სახელმწიფოს მიმართ, რომ სწორი მიმართულებების მიცემა მოხდება. ასევე, როგორია ბიზნესის განწყობები ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით და რა არის ის ხშირად დასმული შეკითხვები, რასაც ბიზნესი ხედავს ამ მოდელის რეალურ ამუშავებასთან მიმართებით. კითხვა დასვა: ალექსანდე დალაქიშვილმა - კითხვა დასვა: ნინო კვეტენაძემ - ბიზნეს სექტორის სახელით მადლობა გადაუხადა როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, მთლიანად პროექტის, ისევე როგორც თითოეული საპილოტე პროექტის განხორციელებას შესაბამისი კვლევა სჭირდება ჩვენი ქვეყნის პრაქტიკიდან და მოქმედი ეკონომიკური მოდელიდან გამომდინარე. აგრარული სექტორის გარდა კიდევ რა მიმართულებებით შეიძლება იყოს საინტერესო ცირკულარული ეკონომიკის დანერგვაზე მსჯელობა? კომიტეტს ასეთი შესაძლებლობისათვის და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნამდვილად გამოირჩევა ბიზნესთან სწორი და დროული კომუნიკაციით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სანიმუშოა. ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, განსაკუთრებით პანდემიიდან გამომდინარე, ძალიან გართულდა, შესაბამისად, გაიზარდა ბიზნესის მხრიდან აპელირება იმაზე, რომ დამატებითი რეგულაციები და ვალდებულებები არ არის მისასალმებელი. თუმცა, წამოწყება ძალიან მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები დაინახავენ პერსპექტივასა და იმ სარგებელს, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული პოლიტიკა და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელება წარმოშობს. უმთავრეს პრობლემას მოსახლეობის ცნობიერების ნაკლებობა წარმოადგენს, რამეთუ ბიზნესს ყველაზე მეტად ნარჩენის შეგროვება და მისი შემდგომი სეპარირება უჭირს. ამ მიმართულებით დანერგილი მექანიზმები უნდა გამარტივდეს და აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ვალდებულება, წაახალისოს ესეთი საქმიანობები, დაანახოს ბიზნესს სახელმწიფოს მხარდაჭერა და მოსალოდნელი სარგებელი. დღესდღეობით, ქვეყანაში მოქმედი ნარჩენების გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმოს პრობლემასაც ნარჩენების მცირე რაოდენობა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საწარმოები ნარჩენის იმპორტის შესაძლებლობაზე აპელირებენ. მართალია, აღნიშნული დარეგულირებულია გარემოს დაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე, თუმცა საინტერესოა, ხომ არ იგეგმება ამ მხრივ, საწყის ეტაპზე მაინც, იმპორტირებულ ნარჩენთან დაკავშირებით პოლიტიკის შემსუბუქება, მანამ, სანამ ქვეყნის მოსახლეობა თავად მოახდენს ნარჩენების სეპარირებას. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეწყოს ხელი ნარჩენების იმპორტს, რამდენადაც, ქვეყანას იმაზე მეტი ნარჩენი აქვს, ვიდრე ბიზნესს სჭირდება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მოსახლეობის ცნობიერების დონე, არამედ სამართლებრივი საფუძვლები, რომელზეც კომიტეტი, რა თქმა უნდა, აქტიურ მუშაობას აპირებს. ხოლო კანონში არსებული ჩანაწერი სახელმწიფოს მიერ წამახალისებელი მექანიზმების შექმნის თაობაზე ვერაფრით შემოიფარგლება მხოლოდ ცნობიერების ამაღლების კამპანიებით. კითხვა დასვა: ლევან ვეფხვაძემ - მადლობა გადაუხადა სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში გაწეული კოლოსალური საქმიანობისათვის და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ამ პროცესებში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა მოსალოდნელი „სარგებლისა“ და „დანახარჯების“ სწორი შეფასებისათვის. ხშირად კომპანიები მიუთითებენ იმაზე, თუ რატომ არ შეილება კონკრეტულ პროდუქტს თავად ქვეყანა აწარმოებდეს და რატომ არის აუცილებელი მისი იმპორტირება. პასუხი ძალიან მარტივია: იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება თავისუფალი სავაჭრო ბიზნეს ურთიერთობების პირობებში გაცილებით ნაკლები შეიძლება იყოს, ვიდრე წარმოებულისა. შესაბამისად, ახალი რეგულაცია არის არა წნეხი ან დამატებითი ვალდებულება ბიზნესისთვის, არამედ საფრთხე იმისა, რომ კომპანიას გაეზრდება დანახარჯები და მაღალ ფასად ვეღარ გაყიდის საკუთარ პროდუქტს. ამდენად, ნებისმიერი ფორმის ბიზნეს მოდელის ცვლილება, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნით ხორციელდებოდეს, საჭიროებს მოსალოდნელი სარგებლისა და დანახარჯების დათვლას, რომ კონკრეტული ბიზნესები არ აღმოჩნდეს გაკოტრების წინაშე და არ დაზარალდეს არსებული სამუშაო ადგილები. როდესაც სახელმწიფო ხედავს, რომ ახალი რეგულაცია მნიშვნელოვნად ზრდის ბიზნესის დანახარჯებს, მანვე უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეუმციროს ბიზნესს ეს დანახარჯები. მაგალითად, ევროპაში, 10 მილიონით მოხდა ასეთი ბიზნესების წახალისება, ხდებოდა სუბსიდირება, გაიცემოდა სპეციალური სესხები. შესაბამისად, საინტერესოა მიდის თუ არა აქტიური მსჯელობა ბიზნესის მხარდაჭერის მეთოდებსა და დაფინანსების წყაროების მოძიებაზე. უპასუხა: სოლომონ პავლიაშვილმა - სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების, ბიზნეს ომბუდსმენისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც შეფასდება თუ რომელ სფეროშია საინტერესო ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა, საბჭოს შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან ერთად გაგრძელდება აქტიური მუშაობა. ქ-ნი ნინო ლაცაბიძის კითხვასთან მიმართებით ითქვა, რომ აღნიშნული წიაღის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივას წარმოადგენს და შედის არა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არამედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში. ქ-ნი ხატია წილოსანის კითხვასთან მიმართებით აღინიშნა, რომ მხოლოდ საბჭოს წევრობა, რა თქმა უნდა, ეფექტური კომუნიკაციისათვის არ იქნება საკმარისი. შესაბამისად, მიმდინარეობს მსჯელობა თანამშრომლობის ფორმაზე, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყოველდღიური კომუნიკაცია და პროცესებში არა მხოლოდ ბიზნეს ასოციაციისა და ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენლების, არამედ სხვადასხვა კომპანიების ჩართულობაც. ბ-ნი ლევან ვეფხვაძის კითხვასთან მიმართებით აღინიშნა, რომ ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ფინეთის განვითარების სააგენტოსთან და სკანდინავიის ქვეყნებთან. ზოგადად კი, მიზანი არის არა წრფივი ეკონომიკის გაჩერება, არამედ ცირკულარული ეკონომიკური მოდელის წახალისება. ცირკულარული ეკონომიკა, ერთი მხრივ, არის წრფივი ეკონომიკის ალტერნატივა, მეორე მხრივ, კი, უადვილებს წრფივ ეკონომიკას რესურსებზე წვდომას. მართალია, ძალიან რთულია წრფივ ეკონომიკაზე აწყობილი სისტემის გადაწყობა, მაგრამ დღესაც არიან ბიზნესები, რომლებიც ამუშავებენ, მაგალითად, საბურავებს. ქ-ნი ნინო კვეტენაძის კითხვის პასუხად ითქვა, რომ მართალია ძალიან რთულად იღებს ბიზნესი ახალ გამოწვევებს, მაგრამ საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ცირკულარული ეკონომიკური მოდელი სხვადასხვა სექტორებში მოქმედ ბიზნესებს. შეიძლება აღნიშნული მოდელი საინტერესო აღმოჩნდეს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგისათვის, არამედ ისეთ სფეროებისთვისაც, როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა, მეტალურგია, კვება, ორგანული სასუქებისა და ენერგიის მიღება, განახლებადი ენერგიის გამოყენება, ბიოთერმული წყლებისა თუ ზღვის წყლის გამოყენება. ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის საკითხი არის საკმაოდ რთული და საინტერესო საკითხი, შესაბამისად თუ არ იარსებებს ყველა ინსტიტუციის ერთობლივი პოლიტიკური ნება, ძალიან რთული იქნება მისი რეალური იმპლემენტირება. აზრი გამოთქვა: თამთა შამათავამ - ძალიან საჭირო და მისასალმებელია ცირკულარულ მოდელზე საუბარი და ამ მოდელზე გადასვლა, რომლის ერთ-ერთი სარგებელიც შეიძლება იყოს რესურსების გამოყენების შემცირების შედეგად გარემოს ნაკლები დაბინძურება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივება, თუმცა აქვე არსებობს სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პრობლემა. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - ამ საკითხთან დაკავშირებით ცალკე კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელ სხდომაზეც დაბარებული გახლდათ დროებითი გარემოსდაცვითი მმართველი და მისგან მოვისმინეთ შესაბამისი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გრძელდება, თუმცა აღნიშნულ კომიტეტის სხდომაზე, ეს შეკითხვა არა რელევანტურია. ცირკულარული ეკონომიკის სფერო ძალიან ახალი სფეროა განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ისინი სხვადასხვა მოდელების დახმარებით გადავიდნენ აღნიშნული მოდელზე და განავითარეს ის. განსხვავებებია ევროკაშირსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის. რამდენადაც საქართველოს ორიენტირი არის ასოცირების ხელშეკრულება და სამართლებრივი ჰარმონიზაცია ევროკავშირის ფარგლებში მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია დაიწყოს მსჯელობა წახალისების მექანიზმებზე, რომელიც არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ცნობიერების ამაღლების მექანიზმებს. დღესდღეობით, ბიზნესს აკლია პროდუქტი - სეპარირებული ნარჩენი და სამწუხაროდ, მაინც ხდება დახარისხებული ნარჩენის იმპორტი საქართველოში. შესაბამისად, კომიტეტის პრიორიტეტია იმსჯელოს ისეთი ფინანსური მოდელის შექმნაზე, რომელიც მოსახლეობას წაახალისებს და გაუჩენს სეპარირების სურვილს. მეორე მხრივ, კი შესაქმნელია ფისკალური მოდელი ბიზნესის წასახალისებლად, რომელიც დაიწყებს გადამუშავებას და აირჩევს საქმიანობის „მწვანე გზას“. მართალია, რეგულაციების არსებობაც უბიძგებს მას, აირჩიოს „მწვანე გზა“, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებმა დაიწყონ მწვანე მიმართულებების წახალისებაც. ამ მიმართულებით კომიტეტი ძალიან აქტიურად აპირებს მუშაობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვთხოვთ, რომ საბჭოში დაამატოს თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რამეთუ ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარე ისინი დამოუკიდებლად მართავენ თავიანთ ნარჩენებს. მადლობა გადაუხადა ბ-ნ სოლომონს აქტიური მუშაობისათვის და განხილული თემის აქტუალიზაციისათვის. შემდეგ კვირში გაიმართება ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების აღსრულების მონიტორინგის მიზნით კომიტეტის სხდომა და ასევე, დაიწყება სამუშაო შეხვედრები მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით. გადაწყვიტეს: ცნობად იქნეს მიღებული ბ-ნი სოლომონ პავლიაშვილის წარმოდგენილი ინფორმაცია ცირკულარული ეკონომიკის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომის მდივანი ნანა აღლემაშვილი მიერ