საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 11-13 მარტს უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (გივი მიქანაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, პაატა სალია, დავით მათიკაშვილი) ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-3357/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-17
ბიუროს ნომერი 29

📜 ტექსტი

წერილი
2-3357/25 14-03-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10-13 მარტს საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდი უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 02 (ორი) ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის - გივი მიქანაძის მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 10-13 მარტს საქართველოს დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდი უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში. პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ვიყავით: მე, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, მოადგილე, პაატა სალია, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი, დავით გიორგაძე. 11 მარტს დელეგაციის წევრები შევხვდით უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ლორინც ნაჩას და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლასლო პოშანს. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე მხარეებმა ვისაუბრეთ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე, მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების მნიშვნელობასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე. შეხვედრის ფარგლებში, უნგრულ მხარეს მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისთვის. კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, ყურადღება გავამახვილეთ ქვეყნებს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით, დარგობრივ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მხარეებმა ვისაუბრეთ ორივე ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლების წახალისების აუცილებლობაზე, რათა ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“. ასევე, ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის ერთობლივი გაცვლითი ბანაკების განხორციელების მნიშვნელობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გავუსვით ამ მიზნებისთვის საპარლამენტთაშორისო დიპლომატიის მნიშვნელობას. ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, ლასლო პოშანი საქართველოში მოვიწვიე. უნგრელმა კოლეგამ თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში ვიზიტისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 12 მარტს დელეგაციის წევრები უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ვერონიკა ვარგა-ბაიუსს და ბუდაპეშტის Mathias Corvinus Collegiumის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, როდრიგო ბალესტერს შევხვდით. მხარეებმა ვისაუბრეთ ორი ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების პოზიტიურ როლზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე, ასევე ახალგაზრდობის საკითხებზე. მხარეებმა ვიმსჯელეთ საქართველოს და უნგრეთის ახალგაზრდებისთვის ერთობლივი გაცვლითი ბანაკების განხორციელების საკითხებზე. ამასთანავე, მადლიერება გამოვხატე უნგრეთის მთავრობის მიმართ სასტიპენდიო პროგრამის „Stipendium Hungaricum“-ს დაფინანსებისთვის, რომლის ფარგლებშიც 2017 წლიდან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს 342-მა სტუდენტმა მიიღო განათლება საბაკალავრო, სამაგისტრო ან დოქტორანტურის საფეხურზე. ვერონიკა ვარგა-ბაიუსმა მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა ბუდაპეშტის ევროპის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორს, ბალინტ მოლნარს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში და ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ბალინტ მოლნარს გავაცანი საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები და ახალგაზრდობის კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობა. მხარეებმა ვიმსჯელეთ არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. ქ. ბუდაპეშტში, ასევე შევხვდით უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პრეზიდენტს, გლადენ პაპინს. მან დელეგაციის წევრებს ინსტიტუტის საქმიანობის მიზნები და ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევაში უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მხარეებმა ვიმსჯელეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში, კულტურისა და ინოვაციების სამინისტროში და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტთან შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში, თამარ ლილუაშვილი.