საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 27-28 თებერვალს, ალბანეთში, ქ. ტირანაში გამართულ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში (COSAP) საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის (ლევან მახაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე) მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი
ნომერი
#2-4299/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-02
ბიუროს ნომერი 35 (11:45)

📜 ტექსტი

წერილი
2-4299/25 01-04-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2025 წლის 27-28 თებერვალს, ალბანეთში, ქ. ტირანაში გამართულ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში (COSAP) საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის მონაწილეობის შესახებ. დანართი: 6 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში (COSAP) 27-28 თებერვალი, 2025 წელი, ქ. ტირანა, ალბანეთი 2025 წლის 27-28 თებერვალს, ალბანეთში, ქ. ტირანაში, გაიმართა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XXI კონფერენცია (COSAP), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ. COSAP-ის კონფერენცია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის მუდმივმოქმედი პლატფორმაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის და მასში ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, სერბეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციაზე დამკვირვებლის სტატუსით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მიწვეული იყვნენ ასევე, თურქეთის, კოსოვოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების დელეგაციები. COSAP-ის კონფერენციის გახსნისას ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ელისა სპიროპალიმ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ალბანეთი არის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც სწრაფად და მიზანმიმართულად მიიწევს ევროპული ოჯახისკენ. მან ხაზი გაუსვა ასამბლეის ვალდებულებას, წვლილი შეიტანოს ალბანეთის ეროვნულ სტრატეგიულ მიზნებში, რომელიც არის 2027 წლისთვის მოლაპარაკებების პროცესის დასრულება და 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება. თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების მიზნით, 2023 წლის მარტში, განხორციელდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ასამბლეის როლის შესახებ, რომლის მიზანია ზედამხედველობა გაუწიოს მოლაპარაკებების პროცესის საჭიროებებსა და გამოწვევებს, უზრუნველყოს პროცესის დემოკრატიული ლეგიტიმურობა, ყოვლისმომცველობა და გამჭვირვალობა. ასევე, იზრდება ასამბლეის, განსაკუთრებით ევროპულ საქმეთა კომიტეტის და ევროპასთან ინტეგრაციის ეროვნული საბჭოს მაკონტროლებელი როლი, რათა გარანტირებული იყოს გაწევრიანების მოლაპარაკებების თავების გახსნისა და დახურვისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესრულება. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული პროცესის მონიტორინგში თანამშრომლობა დაინტერესებულ ჯგუფებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, არაპოლიტიკურ აქტორებთან, საზოგადოების ინფორმირების მიზნით. COSAP-ის კონფერენციის გახსნითი სესიის მოდერატორმა, ალბანეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯორიდა ტაბაკუმ, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბალკანეთის რეგიონში თანამშრომლობის გაზრდასა და საპარლამენტო განზომილების გაძლიერებაზე. მან აღნიშნა, რომ რეგიონის ყველა ქვეყნაში ევროკავშირისა და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პრიორიტეტი უცვლელია, რას თვისთავად მოიცავს კანდიდატი ქვეყნებისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობას. მან ხაზი გაუსვა საკანონმდებლო უწყებების ძალისხმევის 1 გააქტიურების აუცილებლობას, რათა კანდიდატი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტები და საგარეო პოლიტიკა იყოს ორიენტირებული ევროკავშირის გაფართოებაზე. ალბანეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იგლი ჰასანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ COSAP-ის ფორმატმა დაამტკიცა თავისი შეუცვლელი მნიშვნელობა, როგორც დიალოგის სივრცემ, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებას და ამით აძლიერებს პარლამენტების როლს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ალბანეთში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ანდრე რიცომ, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასოცირების პროცესი მნიშვნელოვანია სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რომლის მიზანია რეფორმების გზით, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებით და ქვეყნების თანხმობით გახდნენ ევროკავშირის ნაწილი. კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმო თემას „20 წელი სარაევოდან, მიდგომა - ერთად უფრო ძლიერად". COSAP-ის ახალი შესავალი სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ევროპულ საქმეთა კომისიის პრეზიდენტმა აგნიეშკა პომასკამ ისაუბრა დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის განვითარებაზე ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. მან მოუწოდა პარლამენტარებს გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა რეფორმების დაჩქარების მიზნით. ევროპაში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ დიქტატორი პუტინის უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის მნიშვნელობის მიუხედავად, ევროპას აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ მოვალეობაც, გამოხატოს საკუთარი პოზიცია. პომასკამ ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ალბანეთში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, კარლ ბერგნერმა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელება რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური პროგრესის კუთხით. კონფერენციის პირველ ნაწილზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა მტკიცე, მშვიდობიანი და ეკონომიკურად ძლიერი ევროპის მიმართ კონფერენციის მონაწილე ქვეყნების საერთო მისწრაფებაზე, საერთო შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში კანდიდატი ქვეყნების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. „საქართველო არის მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა, მშვიდობიანი და უსაფრთხო ევროპის ერთგული. საქართველომ ეს არაერთხელ დაამტკიცა ავღანეთიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამდე, ერაყიდან მალიმდე, და მათ შორის წარმატებული რეფორმებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები კვლავ რჩება და საქართველო თავის განვითარებას არსებითი საფრთხეების პირისპირ აგრძელებს, ჩვენი მიზანი – ევროპულ ოჯახში დაბრუნება – ურყევია,“ - აღნიშნა ლევან მახაშვილმა. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე: „ჩვენ ვერ შევცვლით გეოგრაფიას. ჩვენ ასევე არ შეგვიძლია ავირჩიოთ მეზობლები. მაგრამ ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია, არის ჩვენი მისწრაფება საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო ძლიერი ევროპის შენებისკენ; ევროპის, რომელიც პატივს სცემს თავის პარტნიორებს და პრიორიტეტს ანიჭებს თანამშრომლობას, ნაცვლად იმისა, 2 რომ უგულებელყოს პარტნიორების შიდა განვითარებები და უარი თქვას პარტნიორებთან დიალოგზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მძვინვარებს და აქამდე არსებული წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს“. ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა იგორ ზდრავკოვსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია, თავისი ოცი წლის აქტიური მონაწილეობით COSAP-ის კონფერენციებში გამოხატავს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და რეგიონის საერთო მომავლის მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია რჩება ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად და რეფორმები, რომლებიც განხორციელდება, მნიშვნელოვანია გაწევრიანების პროცესში პროგრესისთვის. მონტენეგროს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იოვან სუბოტიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოაქვს მშვიდობა, პროგრესი და კეთილდღეობა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციის პროგრესის კუთხით, მონტენეგრო ლიდერია, ხოლო განმცხადებელი ქვეყნების დინამიკა სხვადასხვა დონეზეა, მათ ერთობლივ ქმედებას შეუძლია მრავალი გამოწვევის გადაჭრა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. სუბოტიჩმა ხაზი გაუსვა ასევე, COSAP-ის როგორც რეგიონალური თანამშრომლობის ერთ-ერთ სასარგებლო პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კომუნიკაციას და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, რაც განსაზღვრავს გამოწვევების დაძლევას, ღია საკითხების გადაჭრას და ევროპული დღის წესრიგის კრიტერიუმებისა და ვალდებულებების შესრულებას. სერბეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა სტანისლავა იანოშევიჩმა ყურადღება გაამახვილა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ხორვატია გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ხოლო COSAP-ის სხვა დამფუძნებელი წევრები ჯერ კიდევ ევროინტეგრაციის პროცესში არიან. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნის სტრატეგიული მიზანია გახდეს ევროკავშირის წევრი. მათ შორის, სერბეთი მზადაა გააგრძელოს თავისი ვალდებულების შესრულება და იზიარებს იმ ღირებულებებს, რაზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. მან ასევე განაცხადა, რომ სერბეთს აქვს ამბიცია 2026 წლის ბოლოს სრულად დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას და დაასრულოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. მოლდოვის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა, ქალბატონმა ალინა დანდარამ აღნიშნა, რომ რუსულმა პროპაგანდამ, კიბერშეტევამ და სხვა ფენომენებმა დემოკრატია საფრთხის წინაშე დააყენა. მოლდოვა იმედოვნებს წინსვლას მოლაპარაკებების გახსნით. ევროინტეგრაცია პრიორიტეტია და ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას შეუძლია ამ პროცესის წინ წაწევა. ბურჰან კაიათურქმა, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ევროკავშირის ჰარმონიზაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბალკანეთი იბრძოდა ყოფილიყო ევროატლანტიკური წევრობის ნაწილი. COSAP არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა და ერთობლივი ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის. COSAP გააგრძელებს ამ გზაზე წვლილის შეტანას და გაფართოვდება. თურქეთი დამკვირვებლის სტატუსით ესწრება შეხვედრას და დროა გახდეს წევრი. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო თემას: „პოლიტიკური დისკუსიიდან ფუნქციონალურ თანამშრომლობამდე - დასავლეთ ბალკანეთის ზრდის გეგმა“. 3 მომხსენებლები იყვნენ რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს (RCC) უფროსი პოლიტიკური მრჩეველი მონიკა პეტროვა და ახალგაზრდული თანამშრომლობის რეგიონული ოფისის (RICO) გენერალური მდივანი ალბერტ ჰანი. მათ ისაუბრეს რეგიონული თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების შექმნის მნიშვნელობაზე და საჯარო პოლიტიკის მართვაში ინსტიტუციების ეფექტურობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე. რეგიონული და სექტორული თანამშრომლობის შესახებ დისკუსიაში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ საერთო რეფორმების განხორციელებასა და სექტორულ თანამშრომლობაზე, აგრეთვე, საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წვდომის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „2028 წლის ბოლოსთვის საქართველო შეძლებს შეასრულოს ასოცირების შეთანხმების 95% და იყოს ეკონომიკურად და ინსტიტუციურად მზად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის. საქართველოს განსაკუთრებული პოზიცია უკავია როგორც დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ამ კონტექსტში, საქართველოს შეუძლია და საკვანძო როლს ითამაშებს ფართო რეგიონის სტაბილურობასა და ზრდის პროცესში,“ - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ. ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიტკო ტრაიჩულესკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონი განიცდის მუდმივ გავლენას არაევროპელი აქტორებისგან, რომლებსაც საკუთარი ინტერესები აქვთ რეგიონში და ევროკავშირისგან განსხვავებულია. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ევროკავშირმა მეტი უნდა იაქტიუროს, გამოიჩინოს ლიდერობა და მიიღოს სწორი გეოსტრატეგიული გადაწყვეტილება, რაც მოიცავს ასევე დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანის გაწევრებას 2030 წლისთვის. მისი თქმით, ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯი ევროპას უფრო ძლიერს და გაერთიანებულს გახდის, რაც გაზრდის ევროკავშირის გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე. მეორე პანელის განხილვისას, სერბეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა სტანისლავა იანოშევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური დისკუსიიდან ფუნქციონალურ თანამშრომლობაზე გადასვლა არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ გარდაუვალია დასავლეთ ბალკანეთში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შესაქმნელად. ამასთან დაკავშირებით მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ სერბეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ თანამშრომლობას და არის არაერთი რეგიონალური ინიციატივისა და ფორუმის მონაწილე, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. მისი თქმით, გაღრმავებული ეკონომიკური ინტეგრაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფუნქციური თანამშრომლობისკენ და ყველა მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის. გამოსვლის დასასრულს, მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი არის დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონში თანამშრომლობის მშენებლობა აგრეთვე მნიშვნელოვანია. უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ ხაზი გაუსვა COSAP-ის პლატფორმის მნიშვნელობას, აზრთა გაცვლისა და საერთო პრობლემებისა და გამოწვევების გააზრებისთვის. მან აღნიშნა, რომ თითოეულ ქვეყანას შეუძლია თავისი წევრობით დამატებითი სარგებელი მოიტანოს საერთო ევროპულ პროექტში 4 და ეს არ უნდა იყოს კონკურენცია ერთმანეთის ხარჯზე. იგი აფასებს იმ ფაქტს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც წინ არიან ევროინტეგრაციის პროცესში, მზად არიან უკრაინას გაუზიარონ თავიანთი მიღწევები და გამოცდილება, შეცდომები და წარმატებები. კონფერენციის მსვლელობისას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე, რეგიონის გაძლიერებასა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, აგრეთვე გამოხატეს თურქეთის, მოლდოვას და კოსოვოს პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების დელეგაციების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მესამე ნაწილი, დაეთმო COSAP-ის პროცედურულ წესებში შესატან ცვლილებებს. სერბეთში გამართულ COSAP-ის XXI სესიაზე შეთანხმების შესაბამისად, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად. გაიმართა სამუშაო ჯგუფის ოთხი ონლაინ შეხვედრა, რათა მიღწეულიყო კონსენსუსი შემოთავაზებულ ცვლილებებთან და შენიშვნებთან დაკავშირებით. სხდომის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ COSAP-ის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია ერთობლივ გადაწყვეტილებას რეგლამენტში შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. აგრეთვე, არ შედგა მსჯელობა ერთობლივი დეკლარაციის პროექტის მიღებაზე. ინფორმაციისთვის: COSAP-ის საპარლამენტთაშორისო კონფერენცია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის საერთო პლატფორმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, მოქმედებს 2005 წლიდან. საქართველომ, 2024 წლის თებერვალს თბილისში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენციის გამართვით საფუძველი ჩაუყარა კანდიდატ ქვეყნებს შორის კონსულტაციების ახალ ფორმატს და შედეგად, COSAP-ის საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მასპინძელი ქვეყნის მოწვევით უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა. COSAP-ის შემდეგი შეხვედრა ბოსნია და ჰერცეგოვინაში 2025 წლის მეორე ნახევარში გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები ალბანეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართეს ალბანეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯორიდა ტაბაკუსთან; სერბეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან სტანისლავა იანოშევიჩთან და ანა იაკოვლევიჩთან; მონტენეგროს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან იოვან სუბოტიჩთან; ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან იგორ ზდრავკოვსკისთან და კომიტეტის წევრთან მიტკო ტრაიჩულესკისთან; თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ბურჰან კაიათურქთან. 5 შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს; გადადგმულ ნაბიჯებს და შემდეგ წლებში დაგეგმილ რეფორმებს; კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე არსებულ თანამშრომლობას, მათ შორის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში მიღებული გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით; ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ შესაძლებლობებს; ნატოსა და საერთაშორისო მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ბურჰან კაიათურქთან შეხვედრისას ისაუბრეს ასევე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგზე, შავი ზღვის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე მოვლენებსა და მათ შესაძლო შედეგებზე. მხარეები შეთანხმდნენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ერთმანეთის მხარდაჭერასა და საერთო ინტერესის მქონე საკითხების შესახებ საპარლამენტო საქმიანობის კოორდინირებაზე, შეთანხმდნენ საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიების გამართვაზე, მათ შორის, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. 6