თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.04.2025
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#[55f6]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 9

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
4/2/25, 10:35 AM საქართველოს პარლამენტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა თარიღი 04 აპრილი 2025 10:00 2025 წლის 4 აპრილი, 10:00 საათი კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა; მომხსენებელი: თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე. https://parliament.ge/print/announcement/3224?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა ოქმი №9 2025 წლის 4 აპრილი, 12:30 საათი საქართველოს პარლამენტის სასახლე ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) სხდომის თავმჯდომარე: თენგიზ შარმანაშვილი − კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ირაკლი ხელაძე, აკაკი ალადაშვილი. სხდომა გახსნა თავმჯდომარემ და დაადასტურა კვორუმის არსებობა. ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის განხილვა. 2. თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა. მომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე − პაატა პატიაშვილი და მინისტრის მოადგილე − გრიგოლ გიორგაძე. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა კომიტეტის წევრებს და აღნიშნა, რომ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, განსახილველ საკითხთა დღის წესრიგს დაემატა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის განხილვა. საკითხის დღის წესრიგისთვის დამატებას კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა ანრი ოხანაშვილს. 1. ანრი ოხანაშვილი მიესალმა კომიტეტის წევრებს, სხდომაზე მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა: “ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე წარდგომა. პირველ რიგში, მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის ეს არის დიდი პატივი. ვაცნობიერებ იმ დიდ პატივისცემას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან, ამ სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციასთან და ამ პოზიციიდან ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესების დაცვასთან. მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, რომელმაც გამოწვევებით სავსე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირება უზრუნველყო. მადლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც დაუღალავი შრომით ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეების თავიდან აცილებაში წვლილი შეიტანა. მსურს შევეხო იმ ძირითად საკითხებსა და პრიორიტეტებს, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას. ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში საუბრისას მხედველობაში მისაღებია არაერთი ფაქტორი, მათ შორის, რეგიონში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები. 2022 წლიდან უკრაინაში მიმდინარე ომმა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონალური უსაფრთხოების გარემოს, რის გამოც საქართველო გაზრდილი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. ამდენად, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი − ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე − ძალაშია. აქედან გამომდინარე, არსებული საფრთხეების საქართველოზე გავლენის აღსაკვეთად გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი საქმიანობა, რომელიც აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენისკენ, პრევენციისა და აღკვეთისკენ იქნება მიმართული. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანამდევი პროცესები. ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი პრობლემაა ოკუპაციის, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის, გამოყენება, ადამიანის უკანონო დაკავება და საქართველოს უსაფრთხოების გარემოსთვის საზიანო სხვა ქმედებები. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხებთან მიმართებით უნდა აღინიშნოს ის ისტორიული გამარჯვებები, რომლებსაც საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზე მიაღწია საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებული ის გამარჯვებები, რომლებსაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად მიაღწია. მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს აქტიური მუშაობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან გამომდინარე საფრთხეებისგან თავის დასაცავად და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. ამასთანავე, შესაბამისი მანდატის ფარგლებში გაგრძელდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრეთვე განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო კომისიასთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებს განეკუთვნება აგრეთვე სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება, ამ მხრივ რესურსების მობილიზება. სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების ინტერესებში შედიოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების ალბათობა. ამასთანავე, გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებულ პირთა მცდელობები საქართველოს მოქმედ მედიასაშუალებებსა და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და მათი გამოყენების მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგად, მათ შორის, სხვა ორგანოებთან კოორდინაციის ფარგლებში მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურის მიერ ინსპირირებული საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების საზიანო ღონისძიებების განეიტრალება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს. აქვე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და სამინისტროს თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდრო და ნაყოფიერი კოორდინაციისთვის. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს აქტიურ მუშაობას აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით. საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საკითხი. ამის ერთერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შედეგად ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისა და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის, აღნიშნული კამპანიების დაფინანსების გამოვლენას. მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ ტარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო ღონისძიებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰიბრიდული საფრთხეებისა და საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მიმართულებაა კიბერდანაშაულები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად გააგრძელებს ამ დანაშაულებზე რეაგირებასა და სხვა სახის ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპასუხო ღონისძიებების გატარებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად იმუშავებს აგრეთვე კონტრტერორისტული მიმართულებით, რაც გულისხმობს ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ტერორიზმთან ბრძოლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერებას და სათანადო რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ამ მხრივ შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ამ მხრივ უწინდებურად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების საკითხებში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ, ტერორიზმის გლობალური ინდექსის 2025 წლის მონაცემების თანახმად, საქართველო ტერორიზმის გავლენისგან თავისუფალი ქვეყნების რიგშია. ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტი იქნება კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესება და შესაძლო ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება. ყურადღება დაეთმობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უშუალოდ მონაწილე დანაყოფების შემადგენლობის უწყვეტ მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას, პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის მექანიზმების შემდგომ დახვეწას. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო მიმართულებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სამოხელეო დანაშაულებში შესაძლო მონაწილე შესაბამის მოხელეთა გამოვლენა. ამ მხრივ სამსახური რეაგირებს სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მიღებულ შეტყობინებებსა და სხვა სათანადო ინფორმაციაზე კორუფციული დანაშაულების შესაძლო ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით. სამსახური გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობასა და სათანადო ღონისძიებების განხორციელებას. კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ, კორუფციის აღქმის ინდექსის 2025 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო კარგი შეფასების მქონე ქვეყნების რიგშია. ყველა ზემოხსენებულ გამოწვევასთან გამკლავებასა და სამსახურის საქმიანობის ჯეროვან განხორციელებას სათანადო ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი ესაჭიროება. შესაბამისად, ყურადღება დაეთმობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებას, სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებას და მისი მატერიალურ-ტექნიკური საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას. ამ თვალსაზრისით საყურადღებო და მნიშვნელოვანი როლი ექნება საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. მოგეხსენებათ ამ სააგენტოს როლის შესახებ და ამ თვალსაზრისით ყურადღება დაეთმობა აღნიშნული სააგენტოს ადამიანური რესურსითა და ტექნოლოგიური აღჭურვილობით კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია აღნიშნული სააგენტოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. დასკვნის სახით რომ შევაჯამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწინდებურად მაღალ დონეზე განაგრძობს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კონტრდაზვერვით, ოპერატიულ და საინფორმაციო-ანალიტიკურ საქმიანობასთან, ჰიბრიდული საფრთხეების, ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებს. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურის საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება, მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია და, შესაბამისად, ჩვენ ყველა სათანადო ფორმატში უზრუნველვყოფთ პარლამენტთან თანამშრომლობას. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს, იმ გუნდს, ვისთან ერთადაც ამ თვეების განმავლობაში ჩვენი მცირე წვლილი შევიტანეთ ამ სამინისტროს საქმიანობის შემდგომ გაძლიერებაში, დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ყველას, იმ მნიშვნელოვანი წლებისთვის, ვისთან ერთადაც მომიწია საქართველოს პარლამენტში კონკრეტულ, იმ საქმიანობაში ჩართულობა, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღირსეულად დაცვას, და, ვფიქრობ, რომ ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით. მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი საზოგადოება იჩენდა იმ ნაბიჯების, იმ რეფორმების მიმართ, რასაც საქართველოს პარლამენტი ახორციელებდა, და, შესაბამისად, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში მექნება პატივი, რომ განვაგრძო ამ ძალიან დიდ, საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობა, და, რა თქმა უნდა, არ დავიშურებ ძალისხმევას იმისთვის, რომ ღირსეულად იყოს დაცული ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები და სახელმწიფო უსაფრთხოების ყველა თანამშრომელი ემსახურებოდეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულად“. სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მიზანშეწონილია სხდომის კითხვა-პასუხის ნაწილის დახურულ რეჟიმში გაგრძელება, რის შემდეგადაც კომიტეტის სხდომა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. დახურული სხდომის გახსნის შემდეგ კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლით დადგენილი წესით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა. კომიტეტმა მოისმინა წარმოდგენილი კანდიდატის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და გეგმების შესახებ, რის შემდეგაც კანდიდატმა უპასუხა კომიტეტის წევრებისა და სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრების შეკითხვებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საკითხის საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის კენჭსაყრელ საკითხებში განხილვის გარეშე შეტანა. 2. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე მომხსენებელი მიესალმა კომიტეტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას და განაცხადა: „დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ საინტერესო ფორმატში თანამშრომლობისთვის და მოხარული ვარ, გაგაცნოთ თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიღწევები. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მიმართ, თქვენი აქტიური ინტერესისა და ჩართულობისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავრობის გადაწყვეტილება და თქვენი მხარდაჭერა თავდაცვის ბიუჯეტის მზარდი დინამიკის შენარჩუნების კუთხით. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროსთვის 2025 წელს 1 730,0 მლრდ ლარი არის გამოყოფილი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას მნიშვნელოვნად აღემატება. ცხადია, გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, მეტი ძალისხმევა გავწიოთ ჩვენს სამხედროებზე ზრუნვისთვის. თქვენ იცით, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სამხედროების ხელფასი, გაუმჯობესებულია ჯარის ინფრასტრუქტურული და კვებითი პირობები. ბოლო ორ წელიწადში სამხედროების ხელფასი მინიმუმ 10-10%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკონტრაქტო სამსახურის რიგითის წოდებრივი სარგო თითქმის გაორმაგდა და დღეს არის 1947 ლარი. თქვენ იცით, რომ ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ასევე წვევამდელთა ეროვნული სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამხედროების დაფასებისათვის და ამ სამსახურისადმი წარსულში არსებული უარყოფითი დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად. სამხედროებზე ზრუნვის გაგრძელებაა სოციალური მხარდაჭერის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. პოლიტიკის ჩვენი სოციალური პოლიტიკა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: 1. სოციალური პროექტები; 2. განათლების ხელშეწყობა; 3. სოციალური შეღავათები; 4. საცხოვრებელი პირობები და ბინებით უზრუნველყოფა; 5. დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებზე ზრუნვა; 6. ჯანმრთელობაზე ზრუნვა. 1. სოციალური პროექტები საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარების მიზნით უზრუნველყოფს მოსამსახურეებისთვის სხვადასხვა სახის სოციალური მხარდაჭერის აღმოჩენას. სამინისტროში შექმნილია სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველი კომისია, რომელსაც ევალება სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების (სამკურნალო ხარჯების დაფინანსების) თაობაზე სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურისა) შვილის შეძენის/შვილის აყვანის შემთხვევაში ეძლევათ ფულადი დახმარება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით. სამინისტროს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირებს), რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი. ზღვრულ ასაკს მიღწეულ სამხედრო მოსამსახურეებს ტრანზიციის პროგრამაში (სამოქალაქო სექტორში ადაპტაციისთვის ხელის შეწყობა) ჩართვის შესაძლებლობა გააჩნიათ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელში გადიან მათ მიერ შერჩეული სპეციალობების მიხედვით გადამზადების პროგრამას. 2. განათლების ხელშეწყობა უმაღლესი განათლებისა და სარეზიდენტო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროში დანერგილია სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი) საქართველოს ავტორიზებულ სასწავლებლებში უფინანსდებათ მათ მიერ გადასახდელი სწავლის წლიური საფასური არაუმეტეს 1125 ლარის ოდენობით, აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას ეძლევათ მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მინისტრის სახელობითი სტიპენდია 750 ლარის ოდენობით. • 2024 წელს სწავლა დაუფინანსდა 2172 ბენეფიციარს; მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე სტიპენდია გაიცა 258 ბენეფიციარზე; • 2025 წელს სწავლა დაუფინანსდა 819 ბენეფიციარს; მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე სტიპენდია გაიცა 143 ბენეფიციარზე. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი ან დაშავებული სამხედროებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლება ფინანსდება. ასევე 2024 წელს ამ კატეგორიას დაემატა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების უმაღლესი განათლების დაფინანსება. 3. სოციალური შეღავათები სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრო მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რაც უწყების მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, ორგანიზაციების მომსახურებებზე ისარგებლონ შეღავათიანი პირობებით (ფასდაკლებით). სამინისტროს მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, სოციალური სახის შეღავათები მიიღონ 60-მდე ორგანიზაციაში. სოციალურ სარგებელთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დანერგილია სოციალური მხარდაჭერის ვებგვერდი − defencesupport.mod.gov.ge. პოტენციური პარტნიორი ორგანიზაციების გამოვლენა და შეღავათიანი მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 4. საცხოვრებელი პირობები და ბინებით უზრუნველყოფა სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამხედროების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ბინებით უზრუნველყოფას. სამინისტროში შექმნილია საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის კომისია, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურეებს შესაძლებლობა აქვთ, დაიკანონონ თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობი, რომელსაც ფაქტობრივად ფლობდნენ წლების განმავლობაში. ამასთან ერთად, სამინისტროში ფუნქციონირებს საბინაო პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბინები სამხედრო მოსამსახურეებს 50%-იანი თანადაფინანსებით და მრავალწლიანი შიდა განვადებით ეძლევათ. პროექტი გრძელვადიანია, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო კვლავ გააგრძელებს თანადაფინანსებით სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს (დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად), რომლებიც წლების მანძილზე მსახურობენ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, მიეცათ შესაძლებლობა, გაწევრდნენ სახელმწიფოს თანადაფინანსებით შექმნილ ბინათმშენებლობის ამხანაგობაში და არაუმეტეს 3 (სამი) წლის შემდეგ მიიღონ საცხოვრებელი ბინები. 5. დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებზე ზრუნვა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებზე ზრუნვას. სამინისტროს სისტემის მძიმე ხარისხის სხეულის დაზიანების მქონე დაჭრილი მოსამსახურეები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი ფართობით. ამასთანავე, დაჭრილ-დაშავებული მოსამსახურეების საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს გერმანულ კომპანიასთან „Ottobock SE & Co. KGaA („ოტობოკი“), რომელიც დარგის ლიდერი კომპანიაა მსოფლიოში. 2023-2024 წლებში აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობით ყველა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, ვინც საჭიროებდა პროთეზების შეცვლას, ჩაუტარდა ზედა და ქვედა კიდურების, ასევე თვალის პროთეზირება. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა დაჭრილ-დაშავებულთა მხარდაჭერის ფონდთან, რომლის ფარგლებშიც მძიმე და ნაკლებად მძიმე სხეულის დაზიანების ხარისხის მქონე მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს უფინანსდებათ სამედიცინო სერვისები, მედიკამენტები, საგანმანათლებლო პროგრამები და კურსები. ასევე ფონდი მხარდაჭერას უცხადებს ბენეფიციარებს გარემოს ადაპტაციის საკითხებში. გარდა აღნიშნულისა, თავდაცვის სამინისტრო ხელს უწყობს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში, რომლის მიზანია მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა. აღნიშნული ტიპის ღონისძიებები ყოველწლიურად ტარდება და ქართველი მონაწილეები გამოირჩევიან შედეგებით. 6. ჯანმრთელობაზე ზრუნვა სამინისტროს მოსამსახურეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა სოციალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრინციპია. სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მათ კეთილდღეობასა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების ოჯახის წევრების დაზღვევასაც ითვალისწინებს. არსებული სადაზღვევო პაკეტი საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ონლაინრეჟიმში მომსახურების შესაძლებლობასაც იძლევა. ამასთანავე, ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩაწერა და ელექტრონული ანაზღაურების სერვისით მომსახურებების მიღება ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის საშუალებითაც. სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობისას გაჩენილი პრობლემური გარემოებებისა და ხარვეზების არსებობისას 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტთან დაკავშირება. საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტებით. 2024 წლიდან გაიზარდა იმ პირთა წრე, რომლებიც შეძლებენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისებით სარგებლობას მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში. კერძოდ, თუ აქამდე ცენტრი ემსახურებოდა მხოლოდ დაჭრილ-დაშავებულ მოსამსახურეებს, ახლა უკვე არსებული სერვისები ხელმისაწვდომია თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. სამინისტრო შემდგომ წლებშიც გააგრძელებს ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას“. სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და სხდომა დახურულად გამოაცხადა. (კომიტეტის ვებგვერდზე სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიოჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე თენგიზ შარმანაშვილი სხდომის მდივანი მაია კომლაძე