საქართველოს პარლამენტის წევრის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 7-9 აპრილს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (გივი მიქანაძე, გიორგი სოსიაშვილი, ვლადიმერ ბოჟაძე) ინდოეთის რესპუბლიკაში, ქ. ნიუ დელიში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ნომერი
#2-4866/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-15
ბიუროს ნომერი 40

📜 ტექსტი

წერილი
2-4866/25 11-04-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7-9 აპრილს საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდი ინდოეთის რესპუბლიკაში, ქ. ნიუ დელიში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 02 (ორი) ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge პუნქტის
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის - გივი მიქანაძის მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 7-9 აპრილს საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდი ინდოეთის რესპუბლიკაში, ქ. ნიუ დელიში. დელეგაციის შემადგენლობაში ვიყავით: მე, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის წევრები, გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი, დავით გიორგაძე. 7 აპრილს დელეგაციის წევრები შევხვდით ინდოეთის პარლამენტის განათლების, ქალთა, ბავშვთა, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის წევრებს, ბანსური სვარაჯს და აკოიჯამ ბიმოლს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ინდოეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მასპინძელ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, რის უმნიშვნელოვანეს საფუძველსაც საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმება წარმოადგენს. ინდოეთის პარლამენტის განათლების, ქალთა, ბავშვთა, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს მიმართულებით, ინდოელი სტუდენტების მზარდი ინტერესი და სრული მზაობა გამოთქვეს ქართულ და ინდური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორმაგი ხარისხის პროგრამების შემუშავებისა და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის მხარდასაჭერად. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ვიმსჯელეთ დარგობრივი კომიტეტების მხრიდან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლო გზებზე. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დელის უნივერსიტეტისა და ინდოეთის უნივერსიტეტების ასოციაციის ხელმძღვანელებს შევხვდით. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში, განსაკუთრებით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ვიმსჯელეთ საქართველოს და ინდოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორმაგი ხარისხის პროგრამებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე. 8 აპრილს კომიტეტის წევრები ინდოეთის რესპუბლიკის განათლების სახელმწიფო მინისტრს, დოქტორ სუკანთა მაჯუმდარს შევხვდით, რომელიც ინდოეთის სახელმწიფო მოწყობის შესაბამისად, პარლამენტის სახალხო პალატის წევრს წარმოადგენს. მხარეებმა ერთმანეთს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული მიღწევები გავაცანით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ინდოელი სტუდენტების მხრიდან ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ ინტერესი მზარდია. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თითქმის 21 000 ინდოელი სტუდენტის სწავლის ფაქტი და მხარეებმა სრული მზაობა გამოვთქვით სამომავლო თანამშრომლობისთვის, მათ შორის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ორმხრივი აღიარების კუთხით. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე გაიმართა ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ, აშუტოშ შარმასთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ როლზე, ქართველი და ინდოელი მეცნიერების ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განხორციელების წახალისებაზე ვისაუბრეთ. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო თანამშრომლობის გზებზე. ვიზიტის დასასრულს, შეხვედრა გაიმართა ინდოეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მეეტა რაჯივლოჩანთან, რომელსაც გავაცანი საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები და ახალგაზრდობის კონტექსტში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობა. თავის მხრივ, მასპინძელმა გაგვიზიარა ახალგაზრდობის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები. მხარეებმა ვიმსჯელეთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. ინდოეთის რესპუბლიკაში გამართულ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი და კონსული ქეთევან ლაგვილავა.