საქართველოს პარლამენტის წევრის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 10-17 მარტს კაიროში (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომაზე მივლინების ანგარიში

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი
ნომერი
#2-5843/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-05
ბიუროს ნომერი 45

📜 ტექსტი

წერილი
2-5843/25 30-04-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ნიკოლოზ სამხარაძეს გაცნობებთ, რომ ა.წ 10-17 მარტს მივლინებით ვიმყოფებოდი კაიროში (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც აღნიშნულ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 4 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი: ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა მივლინების თარიღი: 2025 წლის 10-17 მარტი მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (Interparliamentary Assembly on Orthodoxy (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომასა და პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა დელეგაციის შემადგენლობა: ირაკლი ქადაგიშვილი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი; ნიკოლოზ სამხარაძე, სპეციალური სტუმარი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლიკა ფერაძე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი აქტივობები: საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა, საერთაშორისო სამდივნოს წევრების სამუშაო შეხვედრები, ასამბლეის მიერ არაბულ ენაზე გამოცემული ალბომის პრეზენტაცია 2025 წლის 10-17 მარტს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს დელეგაცია ეწვია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას, გენერალური მდივნის, დოქტორ, მაქსიმოს ჩარაკოპულოსის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ დეპუტატები შემდეგი ქვეყნებიდან: ეგვიპტე, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, იორდანია, კვიპროსი, მონტენეგრო, პალესტინა, რუმინეთი, სერბეთი, სუდანი; ასევე IAO-ს მრჩეველი, დოქტორი კოსტას მიგდალისი, ზამბიისა და მოზამბიკის არქიეპისკოპოსი იოანისი, რომელიც ასევე არის IAO-სთან პან-აფრიკული პარლამენტის (PAP) მეკავშირე, ხოლო სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ ათანასიოს ბურასი, საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ანელი აკერმანი, ესტონეთის პარლამენტის წევრი და ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 1) ვიზიტი ალექსანდრიაში. IAO-ს საერთაშორისო სამდივნოს წევრებმა ეგვიპტეში ვიზიტი დაიწყეს ქალაქ ალექსანდრიიდან, სადაც ეწვივნენ ალექსანდრიის ბიბლიოთეკას, ადგილს სადაც თანამედროვე ცოდნა და ისტორია ჰარმონიულად თანაარსებობს და შეხვედრა გამართეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დირექტორთან, ეგვიპტის სენატის წევრთან, პროფესორ აჰმედ აბდულა ზაიდ ჰეგაბთან. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო ალექსანდრიის ბიბლიოთეკასა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთობების გამყარებას, ხოლო შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ ბიბლიოთეკა თავისი საქმიანობით კვლავაც გააგრძელებს სინათლის გამოსხივებას და დაეხმარება ადამიანებს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და მშვიდობის ღირებულების უკეთ შემეცნებაში. ალექსანდრიაში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარეს პაპსა და პატრიარქთან, თეოდორე II-თან, რომელმაც IAO-ს გენერალურ მდივანი დააჯილდოვა ალექსანდრიის ლომის ორდენის უფროსი ტაქსიარქისა და დალუქული საპატრიარქო სიგელით, მართლმადიდებლური ღირებულებების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი ფასეული წვლილისთვის და ალექსანდრიის საპატრიარქოს საქმიანობის მხარდაჭერისთვის. IAO-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, რუმინეთის პარლამენტის წევრმა, იოან ვულპესკუმ კი მის უნეტარესს გადასცა საერთო აღდგომის შესახებ დეკლარაცია, რომელიც IAO-მ მიიღო ევროპის რიგ სხვა ქრისტიანულ ორგანიზაციებთან ერთად. ალექსანდრიის „ბერძნულ კვარტალში“ დელეგაციას უმასპინძლა ალექსანდრიის ბერძნული თემის პრეზიდენტმა, ანდრეას ვაფეიადისმა, სადაც ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა ავეროფიის სკოლის შენობაში სკოლის დირექტორთან, აფროდიტი პევერეტუსთან. ბოლოს IAO-ს წევრები ეწვივნენ ნილოსის დასავლეთით მდებარე წმინდა ბიშოის მე-4 საუკუნის კოპტურ მონასტერს ნიტრას ხეობაში, სადაც დეპუტატების მეგზური იყო მამა ონუფრიოსი, რომელიც დელეგაციის წევრებს ესაუბრა მონასტრის ისტორიასა და კოპტი ქრისტიანების მდგომარეობის შესახებ ეგვიპტეში. 2) წმინდა ეკატერინეს მონასტრის მონახულება სამხრეთ სინას მთაზე. IAO-ს დელეგაცია ეწვია სამხრეთ სინას მთაზე განლაგებულ წმინდა ეკატერინეს მონასტერს, სადაც მათ შეხვედრა გამართეს მონასტრის მღვდელმსახურებთან, მოინახულეს ფასდაუდებელი სულიერი და ისტორიული მნიშვნელობის ხატების მუზეუმი და მონასტრის ცნობილი ბიბლიოთეკა, რომელიც სათუთად ინახავს ათასობით უძველეს ხელნაწერს, მათ შორის ქართულ ენაზე. შეხვედრაზე მამა აკაკიოსმა დელეგაციის წევრებს გააცნო სინაის, ფარანისა და რაითოს არქიეპისკოპოსის დამიანოს მისასალმებელი სიტყვა, რომელმაც ავადმყოფობის გამო ვერ შესძლო შეხვედრაზე დასწრება. მისი უწმინდესობა თავის მისასალმებელ სიტყვაში სხვა საკითხებთან ერთად საუბრობს წმ. ეკატერინეს მონასტრის ფასეულობაზე „ჩვენი მონასტერი წარმოადგენს კაფსულას, მოგონებების ბანკს, რომელსაც ევროპა იცავდა და ინახავდა თავის გარეთ, წმინდა ადგილას, რათა რეალისტურად შეეხსენებინა მისთვის ყველაფერი, რომ დრო, ან თუნდაც დროის ახირება ხშირად უწყობს ხელს მის დავიწყებას, ფესვებიდან გაუცხოებას. ჩვენი მონასტერი მთლიანობაში ევროპული და დასავლური ცივილიზაციისთვის არის წინდახედულობის, სულიერი ასახვის და თვითშეგნების საშუალება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს და თქვენს წმინდა რელიქვიებს, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია ჩვენი წმინდა ხატებისა და ხელნაწერების კოლექცია, ბიზანტიისა და ევროპის სულიერი საკუთრება, როგორც კულტურისა და ისტორიულობის მემკვიდრეობა“. IAO-ს გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა მაქსიმოს ჩარაკოპულოსმა, წმ. ეკატერინეს მონასტრის ღვთისმსახურთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა თუ რა დიდი სიხარულია დელეგაციის თითოეული წევრისთვის უდაბნოს შუაგულში მსოფლიოში უძველესი მართლმადიდებლური ოაზისის სტუმრობა, სადაც საუკუნეების მანძილზე დაუღალავი ბერები იცავდნენ ჩვენს სარწმუნოებას. მისი თქმით აღსანიშნავია მონასტრის ურთიერთობა მუსულმანურ თემთან და ადგილობრივ ბედუინებთან, და ზოგადად ეგვიპტის სახელმწიფოსთან რაც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე და მონასტრის უძველესი პრივილეგიების შენარჩუნებაზე, „რაც ასევე გვაძლევს მისაბაძ მაგალითს ისეთი ორგანიზაციებისათვის, როგორიცაა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელსაც სურს სამყარო არსებობდეს შერიგებისა და თანამშრომლობისათვის, შეუწყნარებლობისა და რელიგიური ფანატიზმის გარეშე“- განაცხადა მან. სპეციალური შეხვედრა შედგა სამხრეთ სინას რეგიონის გუბერნატორთან, დოქტორ ხალედ მუბარაქთან, სადაც ისაუბრეს სინას რეგიონის შესახებ. გუბერნატორმა დელეგაციის წევრებს ამცნო, რომ სინას რეგიონი იქცა რელიგიური შემწყნარებლობის ადგილად, სადაც შენდება ახალი ავტომაგისტრალები, ტურისტული ობიექტები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია წმ. ეკატერინეს სახელობის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც გაიხსნება 2026 წლის აპრილში. რადგან წლევანდელი აღდგომა ემთხვევა იუნესკოს მსოფლიო დღეს, გუბერნატორმა დელეგაციის წევრები დაპატიჟა ამ დღისადმი მიძღვნილ ინაუგურაციის ცერემონიაზე და დღესასწაულებზე. დასასრულს, საერთაშორისო სამდივნოს წევრებმა გუბერნატორის პირით მადლობა შეუთვალეს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს, აბდელ ფათაჰ ალ-სისის იმ განსაკუთრებული ინტერესისთვის, რომელიც მან გამოიჩინა წმინდა ეკატერინეს მონასტრის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციის საქმეში. 3) ვიზიტი კაიროს კოპტურ საპატრიარქოში და ალბომის „აია სოფია. ღვთის სიბრძნის ეკლესიები მთელს მსოფლიოში“ პრეზენტაცია. კაიროში, დელეგაცია ეწვია კოპტური ეკლესიის საპატრიარქოს და შეხვედრა გამართა კოპტური ეკლესიის პატრიარქ თეოდორიუს II-თან. კოპტი ქრისტიანი პატრიარქი მიესალმა საერთაშორისო სამდივნოს მონაწილე თითოეული ქვეყნის პარლამენტის წევრს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს და განაცხადა: "მოხარული ვარ ამ მეგობრობით, რომელიც ახლა იწყება. ეგვიპტე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ. შეხვედრაზე IAO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით ე.წ. ქრისტიანული სამყარო პასუხისმგებელია ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების მომავალზე, ლტოლვილების თავიანთ სახლებში დაბრუნებაზე და იმისათვის, რომ შეიქმნას მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარებისათვის საჭირო პირობები საჭიროა ყველას მხარდაჭერა და ამასთანავე „ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი როლი ქრისტიანების გადარჩენის ერთობლივ კამპანიაში ახლო აღმოსავლეთში არის და უნდა იყოს საკვანძო“ განაცხადა მან. კოპტური საპატრიარქოში ჩატარდა IAO-ს მიერ არაბულ ენაზე გამოცემული ალბომის „აია სოფია. ღვთის სიბრძნის ეკლესიები მსოფლიოში“ პრეზენტაცია. საერთაშორისო სამდივნოს წევრებთან ერთად ალბომის წარდგენას ესწრებოდნენ ეგვიპტის პარლამენტის წევრები, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის წარმომადგენელი და სხვა მოწვეული საპატიო სტუმრები. ალბომის პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ ეგვიპტე ერთდროულად აერთიანებს მრავალ მნიშვნელოვან მახასიათებელს და არის საკვანძო მნიშვნელობის ქვეყანა რომელიც მიჰყვება მტკიცე მშვიდობისმოყვარე პოზიციას, და ხელს უწყობს შერიგებასა და ურთიერთგაგებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ზოგადად არაბული და ისლამური სამყაროსთვის. 4) ეგვიპტის წარმომადგენელთა პალატის ისტორიულ შენობაში გაიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის პარლამენტის სათათბირო დარბაზი პირველად დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციას შეხვედრის გასამართად. საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გახსნა IAO-ს გენერალურმა მდივანმა, საბერძნეთის პარლამენტის წევრმა, დოქტორმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა, რომელმაც გულთბილი მადლობა გადაუხადა ეგვიპტის პარლამენტს მასპინძლობისთვის. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის გასული 6 თვის საქმიანობა და ისაუბრა IAO-ს პოზიციაზე, რომელიც ეფუძნება დიპლომატიის მხარდაჭერას, შერიგებას, მშვიდობასა და თანამშრომლობისკენ სწრაფვას „ჩვენ გვჯერა დიალოგისა და დიპლომატიის, რაც საუკეთესო იარაღია სახელმწიფოებრივი, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების, ომისა და ნგრევის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ეს ღირებულებები გადამწყვეტია იმ სერიოზული პრობლემების დასაძლევად, რომლებიც დღეს დგას მსოფლიოს წინაშე“. შემდეგ მან დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ ორგანიზაციის მრავალფეროვანი საქმიანობა მოიცავს მთელ რიგ საერთაშორისო ინიციატივას, რაც მიზნად ისახავს პარლამენტებს შორის ურთიერთანამშრომლობას, ასევე დიალოგისა და თანამშრომლობის არხების შექმნას და ევროპაში ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებას. საერთაშორისო სამდივნოს წევრების წინ სიტყვით წარსდგენ ეგვიპტის პარლამენტის გენერალური მდივანი, აჰმედ ეზატ მანა, რელიგიურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ეგვიპტის ყოფილი დიდი მუფთი, ალი გომა, რომლებიც მიესალმნენ ორგანიზაციის ინიციატივებს ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის მშვიდობისა და თანამშრომლობის სფეროში. სიტყვით გამოვიდნენ საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ათანასიოს ბურასი და ეგვიპტის პარლამენტის წევრი, მანალ ჰალალი, რომელიც პირველი პარლამენტარი ქალია, რომელსაც ეგვიპტის პარლამენტიდან მიენიჭა IAO-ს წევრობის ოფიციალური მანდატი. სხდომის მეორე ნახევარი დაეთმო მიმდინარე ორგანიზაციულ და საფინანსო საკითხების განხილვას და დეპუტატების ადგილიდან ინტერვენციებს. მოსმენილი იყო ფინანსური ანგარიში გაწეული ხარჯების შესახებ. დაიგეგმა მომავალი ექვსი თვის ბიუჯეტი და საქმიანობის გეგმა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ასევე გამოვიდნენ სიტყვით. თავის გამოსვლაში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა კოლეგებს შეახსენა IAO-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც არის ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების მხარდაჭერა და გავრცელება ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებსა და მთელ მსოფლიოში და ამასთან მიმართებაში ისაუბრა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის უახლესს ინიციატივებზე. მან ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან კანონებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ოჯახის მცნებისა და მოზარდების მავნე გავლენებისაგან დასაცავად. ის ასევე შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ და განაცხადა, რომ „ჩვენი უცხოელი პარტნიორები არ იყვნენ განმსჭვალული დიდი ენთუზიაზმით ამ კანონმდებლობის მიმართ, განსაკუთრებით ევროკავშირში. მაგრამ ჩვენთვის აბსოლუტურად აუცილებელი და არსებითია შევინარჩუნოთ ჩვენი ერის ჯანსაღი ტრადიციული განვითარება, ასევე მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს, შესაძლებლობა გვქონდეს ვემსახუროთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“ განაცხადა მან. ნიკოლოზ სამხარაძემ თავდაპირველად მადლობა გადაუხადა ეგვიპტის პარლამენტის წევრს, მანალ ჰალალს და აღნიშნა, რომ პირველად იღებდა მონაწილეობას ორგანიზაციის მუშაობაში სპეციალური სტუმარის სტატუსით, რამაც მას საშუალება მისცა შეეფასებინა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი დღის წესრიგი, როგორც ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცველი, რისთვისაც მან ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამდივნოს ხელმძღვანელობას. ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია და „ჩვენ მართლაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ორგანიზაციას განსაკუთრებით დღეს, როდესაც ვხედავთ მიმდინარე გეოპოლიტიკურ ძვრებს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში. აქ ბევრი ითქვა უკრაინაში, ღაზაში, პალესტინასა და ასევე მსოფლიოს სხვა ადგილებში არსებულ ვითარებაზე და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჩვენ ვაწყდებით მართლმადიდებელი რუსეთის ოკუპაციას, რომელიც არ აძლევს უფლებას საქართველოს მოსახლეობის თითქმის 8% დაუბრუნდეს თავიანთ სახლებს აფაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მან ასევე ისაუბრა აფხაზეთში მიმდინარე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მხატვრული იერსახის მიზანმიმართული შეცვლის ფაქტებზე, ფრესკების „გადახატვაზე“ – „ამ ოკუპაციას აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური და სამხედრო განზომილება, არამედ რელიგიური განზომილებაც, რაც ასევე ძალიან სამწუხაროა. ეს კი ნიშნავს კულტურული თუ რელიგიური კვალის წაშლას, ამიტომ ჩვენ უნდა დავგმოთ რუსეთის ფედერაციის ეს ქმედებები“-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ის ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს და ამ მიმართებით გამოთქმულ შეფასებებსა და თავდასხმებს, რომელიც მომდინარეობს არა მარტო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან არამედ რიგი ევროპელი მაღალი დონის პოლიტიკოსებისაგან და მიმართულია მართლმადიდებლობის, ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების წინააღმდეგ და რელიგიური ინსტიტუტების ნდობის შელახვისაკენ. დასასრულს მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ორგანიზატორებს ღონისძიებაზე მოწვევისთვის და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში „მინდა საქართველოს პარლამენტის სახელით განვაცხადო, რომ ჩვენ მომავალში აქტიურად ვიქნებით ჩართული ამ ორგანიზაციის საქმიანობაში“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. საერთაშორისო სამდივნოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა ეგვიპტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ჰანაფი ალი ელ-გებლისთან. ეგვიპტის პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა: "ჩვენ ვადასტურებთ იმ სტაბილურ ურთიერთობებს, რომელიც გვაკავშირებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან და მის წევრ ქვეყნებთან და ასევე ვადასტურებთ ჩვენს ინტერესს მათი შემდგომი გაძლიერების მიზნით ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“. ანგარიში მოამზადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, ლიკა ფერაძემ