„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.04.2025
ავტორი
საქართველოს კულტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/36/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-05
ბიუროს ნომერი 45

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) 29-ე მუხლის: 1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კულტურული მოღვაწეობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 2. მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. სამინისტრო ახორციელებს კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსებას/ფინანსურ ხელშეწყობას, მათ შორის, საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია განახორციელოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან/ფინანსურ ხელშეწყობასთან დაკავშირებული წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2 1. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ 2025 წელს დამტკიცებული შესაბამისი პროგრამებით/ქვეპროგრამებით გათვალისწინებული საკონკურსო და არასაკონკურსო პროექტების/ღონისძიებების დაფინანსება და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა განხორციელდეს ამ კანონისა და ამ კანონის საფუძველზე მინისტრის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს კულტურის მინისტრმა უზრუნველყოს შესაბამისი აქტების გამოცემა. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს კულტურის სფეროს განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხებს. საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ - სამინისტრო), როგორც კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანო, ყოველწლიურად უზრუნველყოფს კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსურ ხელშეწყობას შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში. დაფინანსება გაიცემა საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად. სამინისტროს პროგრამებით/ქვეპროგრამებით გათვალისწინებულია როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო პროექტების/ღონისძიებების დაფინანსება. ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობის ეფექტიანობის გაზრდისა და შესაბამისი პროცესების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, მიზანშეწონილია კანონში დაკონკრეტდეს დაფინანსების გაცემის საკითხი, მათ შორის, განისაზღვროს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირის მიერ აღნიშნული პროცესის წარმართვის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, კულტურის სფეროში განსახორციელებელი ცალკეული საკონკურსო/არასაკონკურსო პროექტების დაფინანსება და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა შესაძლებელია განახორციელოს სამინისტრომ ან/და მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიული პირმა საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის მიღების შემთხვევაში კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსებას/ფინანსურ ხელშეწყობას სამინისტროს გარდა, მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მინისტრის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს კულტურის სფეროში სახელმწიფოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებს, ასევე, ადგენს კულტურისა და კულტურული მოღვაწეობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის მომწესრიგებელი ნორმების ახლებური განსაზღვრა საჭიროებს მოცემულ კანონში ცვლილებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსებას/ფინანსურ ხელშეწყობას სამინისტროს გარდა, მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მინისტრის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ძირითად ცვლილებებს:    ტექნიკური თვალსაზრისით ახლებურად ყალიბდება კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებული სამართლებრივი აქტის დასახელება და მიეთითება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, ნაცვლად „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა; კანონის 29-ე მუხლს დაემატება ახალი პუნქტები, რომლითაც განისაზღვრება, რომ კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსებასთან/ფინანსურ ხელშეწყობასთან დაკავშირებულ შესაბამის ღონისძიებებს, მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელებს სამინისტრო ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მინისტრის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად. გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული გარდამავალი დებულებები, რადგან მოწესრიგდეს ამ კანონის მიღებამდე სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით მიმდინარე პროექტების საკითხი. ასევე, განისაზღვრება 3 თვიანი ვადა, რომ მინისტრმა უზრუნველყოს შესაბამისი აქტების გამოცემა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ხელს შეუწყობს 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამით „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ (3.3.1. კულტურა) დასახული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად განხორციელებას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობის ეფექტიანობის ზრდა და შესაბამისი პროცესების მართვის ოპტიმიზაცია. ამდენად, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა განხორციელდეს დაფინანსების ახალი წესის დროული იმპლემენტაცია, რაც ხელს შეუწყობს კულტურის სფეროს განვითარებასა და ფინანსური რესურსების უფრო მეტად ეფექტიან ხარჯვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ვინაიდან კანონპროექტით იცვლება კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის ადმინისტრირების საკითხები, აღნიშნული არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი რესურსის გამოყოფას და დაიფარება საქართველოს კულტურის სამინისტროსთვის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას. 2025 წელთან მიმართებით, პროექტების/ღონისძიებების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფინანსების შემთხვევაში, შესაბამისი თანხები მიმართული იქნება სამინისტროს პროგრამების/ქვეპროგრამების ასიგნებებიდან, შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტში. კულტურის სფეროში განსახორციელებელი პროექტების/ღონისძიებების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფინანსების შემთხვევაში, შესაბამისი თანხები გათვალისწინებული იქნება ყოველი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სიტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საქართველოს კულტურის სამინისტროს გარდა, კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსებას/ფინანსური ხელშეწყობას ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე. ბენეფიციარებს ექნებათ შესაძლებლობა სამინისტროს გარდა, მიმართონ შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საკონკურსო/არასაკონკურსო წესით დაფინანსების მიღების მიზნით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს კულტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.