საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის ნინო კვეტენაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-05
ბიუროს ნომერი 45
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
*00000134*
№ 00000134
01/05/2025
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ შოთა ბერეკაშვილს
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართეს სიგარილას
იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებმა, საქართველოში სარეალიზაციოდ
განკუთვნილი სიგარილას ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-1 მუხლის თანახმად, აკრძალულია
თამბაქოს ნაწარმის (გარდა გარკვეული სახის თამბაქოს ნაწარმისა) სტანდარტიზებული
შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება
სიგარაზე, ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველ
მასალაზე/კარტრიჯზე/კაფსულაზე, თამბაქოს გარეშე ნიკოტინის შემცველ პროდუქტზე
(რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად) და გასახურებელ
თამბაქოზე. ამდენად, სიგარილა ექვემდებარება სტანდარტიზებულ შეფუთვას.
როგორც იმპორტიორი კომპანიები აცხადებენ, სიგარა და სიგარილას მწარმოებლები ერთი
და იგივე კომპანიები (ბრენდები) არიან, მათი წარმოების პროცესი, ტექნოლოგია, შიგთავსი,
ნედლეული და იერსახე ანალოგიურია, გარდა ზომისა და წონისა. შესაბამისად,
მწარმოებელი კომპანიისთვის რთულია და დიდ ხარჯებს უკავშირდება სხვადასხვა
სტანდარტით აწარმოოს სიგარისა და სიგარილას შეფუთვა. ამასთან, საქართველოს ბაზარი
ძალიან პატარაა იმისთვის, რომ სიგარილას მწარმოებელმა დიდმა კომპანიებმა შეძლონ
საქართელოს ბაზრისთვის განკუთვნილი სიგარილების სტანდარტიზებული შეფუთვით
წარმოება. შესაბამისად, აღნიშნული მიგვიყვანს იმპორტიორების ეკონომიკური საქმიანობის
არაპროპორციულ შეზღუდვამდე და გამოიწვევს მსხვილი, მსოფლიოში ცნობილი
სიგარილას ბრენდების ქართული ბაზრიდან გასვლას, რაც ბუნებრივია, უარყოფითად
აისახება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილზე, ისე ტურიზმის განვითარებაზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროპის ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც
საფრანგეთია, სტანდარტიზებული შეფუთვა არ ეხება სიგარას და სიგარილას, ის მხოლოდ
სიგარეტზე ვრცელდება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხორციელდეს ცვლილება
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში და სიგარილა, როგორც სიგარის
ანალოგიური პროდუქტი მოექცეს ერთი რეგულაციის ქვეშ და სიგარის მსგავსად,
სიგარილაზე არ გავრცელდეს სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის/
განლაგების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, განიხილოთ ჩვენს
მიერ წარმოდგენილი წინადადება. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა
მივიღოთ საკითხის შემდგომ განხილვაში.
დანართი: „2“ ფურცელი.
პატივისცემით,
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის
შემსრულებელი/ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის
მოადგილე
ნინო კვეტენაძე