2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული
საქმიანობის მეორე შუალედური ანგარიში
(2025 წლის 13 თებერვალი - 2025 წლის 23 მაისი)
მოწონებულია კომისიის 2025 წლის 23 მაისის სხდომაზე
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის N240IIმს-XIმპ დადგენილების საფუძველზე შეიქმნა „2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის
შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“
(შემდგომში - საგამოძიებო კომისია).
2025 წლის 10 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ განსაზღვრა
საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა: ილია ინჯია („ევროპელი სოციალისტები“),
გურამ მაჭარაშვილი („ხალხის ძალა“), პაატა სალია („ქართული ოცნება“), სოზარ
სუბარი („ხალხის ძალა“), ალექსანდრე ტაბატაძე („ქართული ოცნება“), ალუდა
ღუდუშაური („ქართული ოცნება“), თენგიზ შარმანაშვილი („ქართული ოცნება“),
და თეა წულუკიანი („ქართული ოცნება“).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების
შესაბამისად, 2025 წლის 13 თებერვალს, საგამოძიებო კომისიამ გამართა პირველი
საორგანიზაციო სხდომა, რომელზეც არჩეულ იქნენ საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარე (თეა წულუკიანი) და საგამოძიებო კომისიის მდივანი (სოზარ
სუბარი).
გარდა ამისა, აღნიშნულ სხდომაზე, კომისიამ შეიმუშავა საგამოძიებო კომისიის
დებულების პროექტი, რომელსაც კენჭი ეყარა მომდევნო სხდომაზე, 17 თებერვალს,
და ის დასამტკიცებლად გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
შემდგომში, 2025 წლის 25 მარტს, საგამოძიებო კომისიამ შეიმუშავა დამატებითი
ცვლილებები კომისიის დებულებაში, რაც, დადგენილი წესით, ასევე გადაეგზავნა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. მოცემული ცვლილებების
შედეგად, სხვებს შორის, გაფართოვდა საგამოძიებო კომისიის ინდივიდუალური
წევრის უფლებამოსილებები, რომელსაც შესაძლებლობა მიეცა, გამოკითხოს ესა თუ
ის პირი, შეადგინოს შესაბამისი ოქმი და წარუდგინოს ის საგამოძიებო კომისიას
განსახილველად.
ამასთან, საგამოძიებო კომისიამ, მისი წევრების ქმედითი დახმარების შედეგად,
საქმიანობის პირველივე დღეებიდანვე განსაზღვრა კომისიის მხარდამჭერი
ადმინისტრაციული პერსონალი (შემდგომში - კომისიის ადმინისტრაციული
პერსონალი).
საანგარიშო პერიოდში, საგამოძიებო კომისიას დახმარებას უწევდა საქართველოს
პარლამენტის ადმინისტრაცია და მისი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები.
საგამოძიებო კომისიასთან საუკეთესო თანამშრომლობა ჰქონდა ყველა
სახელმწიფო სტრუქტურას, განსაკუთრებით კი - საქართველოს პროკურატურას.
საგამოძიებო კომისიამ წარმატებით ითანამშრომლა შემდეგ მედიასაშუალებებთან,
რომელთაც მოთხოვნისამებრ წარმოადგინეს მნიშვნელოვანი საარქივო მასალები:
ტელეკომპანია
„იმედი“,
ტელეკომპანია
„რუსთავი-2“,
საქართველოს
საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია
„ერთსულოვნება“. ამასთან, ტელეკომპანია „მაესტრო“ პირდაპირ ეთერში
გადაცემდა კომისიის თითოეულ სხდომას.
2025 წლის 1 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის
საფუძველზეც გაფართოვდა საგამოძიებო კომისიის მანდატი და კომისიის
სახელწოდებაც ახლებურად ჩამოყალიბდა („2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის,
ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან
დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისია“).
2025 წლის 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბატონი პაატა
სალიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის გადაწყვეტილება. მის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტის ბიურომ,
2025 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო კომისიის წევრად
განსაზღვრა ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“).
2025 წლის 20 მაისის სხდომაზე, საგამოძიებო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება,
შუამდგომლობით
მიემართა
საქართველოს
პარლამენტისათვის
მისი
უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე, როგორც ამას
საქართველოს პარლამენტის 66-ე მუხლი ითვალისწინებს. კერძოდ, კომისიის
სხდომაზე აღინიშნა, რომ მოცემული დამატებითი ვადა აუცილებელი გახდა არა
მხოლოდ თავდაპირველად განსაზღვრული გამოსაკვლევი საკითხების დიდი
მოცულობიდან გამომდინარე, არამედ იმის გათვალისწინებითაც, რომ
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 1 აპრილის დადგენილების საფუძველზე,
მნიშვნელოვნად გაფართოვდა საგამოძიებო კომისიის მანდატი და ის 2012-2025
წლების პერიოდსაც მოიცავდა.
საგამოძიებო კომისიის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა განხილულ იქნა
კანონმდებლობით დადგენილი წესით და, 2025 წლის 29 აპრილის პლენარულ
სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კომისიისათვის
უფლებამოსილების ვადის 5 ივნისამდე გაგრძელების შესახებ.
2025 წლის 13 თებერვლიდან 23 მაისის ჩათვლით, საგამოძიებო კომისიამ 29 სხდომა
გამართა, რომელთაგან მხოლოდ ერთი სხდომის ერთი ნაწილი გამოცხადდა
დახურულად მოწვეული პირის (ბატონი გრიგოლ ვაშაძე) მოთხოვნის
საფუძველზე. მოცემული სხდომები (გარდა დახურული ნაწილისა) გადაიცემოდა
პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით, ასევე, საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე.
საანგარიშო პერიოდში, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ იქნა 96 პირი,
მათ შორის, 69 დაზარალებული პირი/მსხვერპლი.
საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის (სხდომაზე გამოცხადება)
არაერთი ფაქტის სამართლებრივი შეფასების მიზნით, საგამოძიებო კომისიამ
საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა შემდეგ პირებთან
დაკავშირებული ინფორმაცია: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი
ოქრუაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკანორ
მელია, გიორგი (გივი) თარგამაძე. ამჟამად, მოცემული პირების მიმართ
მიმდინარეობს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სასამართლო
პროცედურები, რაც სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპეტენციის ფარგლებს.
კომისიის
სამდივნოს
შესაბამისი
წარმომადგენლები
განუხრელად
თანამშრომლობდნენ საგამოძიებო ორგანოებთან კანონმდებლობის შესაბამისად
და დადგენილი წესით.
2025 წლის 23 მაისის მდგომარეობით, საგამოძიებო კომისიის სახელზე შემოსულია
536 განცხადება, რომელთაგან კომისიის ადმინისტრაციული პერსონალის მიერ
დამუშავებულია 455 განცხადება. 455 განცხადებიდან 114 ეხება ქონებრივი
უფლებების დარღვევას, 105 - წამებას/არაადამიანურ მოპყრობას, 11 – 2008 წლის
აგვისტოს ომს, ხოლო 225 წერილი კი, სხვადასხვა შინაარსისაა.
კომისიის ადმინისტრაციული პერსონალის მიერ შედგენილ იქნა დოკუმენტთა
რეესტრი და კვლავ გრძელდება აუდიო- და ვიდეომასალის არქივის შედგენა,
რომელთა ანალიზის საფუძველზეც დაწყებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნის
პროექტის შედგენა. მოცემული ეტაპისათვის, დამუშავებულია 200-მდე
მოცულობითი დოკუმენტი, მათ შორის, ეროვნული და საერთაშორისო ანგარიშები,
მოხსენებები, საქართველოს სასამართლოების განაჩენები, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, 2008-2025 წლებში საქართველოს
პარლამენტის მიერ შექმნილი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების მიერ
მოპოვებული მასალები და შემუშავებული ანგარიშები, სხვადასხვა სახელმწიფო
უწყებიდან გამოთხოვილი დოკუმენტები და ინფორმაცია, და მრავალი სხვა.
კვლავ მიმდინარეობს კომისიის სხდომების სტენოგრამების შედგენა, რაც
გარკვეული გამოწვევაა, და მოცემული ინფორმაციის ანალიზი საგამოძიებო
კომისიის დასკვნაში მათი სათანადოდ ასახვის მიზნით.
ჯამში, საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის სხვადასხვა თემატური
თავის/ქვეთავის შედგენა წარმატებით მიმდინარეობს, რის შედეგადაც, ამ
დოკუმენტის შემდეგი ნაწილების პროექტები - შესავლის ზოგიერთი ნაწილი;
წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, სხვაგვარ ძალადობასა და მკვლელობებთან
დაკავშირებული თავები სრულად; ბიზნესის რეკეტსა და ელიტურ კორუფციასთან,
მედიის თავისუფლების შელახვასა და, ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომთან
დაკავშირებული თავების დიდი ნაწილი არის მომზადებული (ჯამში, 400-ზე მეტი
გვერდი).
თუმცა, ამჟამად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს 2013-2025 წლებში, გარკვეულ
პოლიტიკოსთა და ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ
სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი განგრძობადი ხასიათის საზიანო ქმედებების
კვლევა და მათ შესახებ მასალების დამუშავება, რაც დამატებით გარკვეულ
გონივრულ დროს მოითხოვს. ამასთან, საგამოძიებო კომისია გეგმავს, მისმა
წევრებმა მიმდინარე წლის ივნისის თვე მეტწილად დოკუმენტური მასალების,
აუდიო/ვიდეო არქივისა და სხდომების შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და
მტკიცებულებების შესწავლასა და ანალიზს დაუთმონ, რაც, წინა პერიოდში,
სრულფასოვნად ვერ ხერხდებოდა, სხდომების რეგულარული და ხანგრძლივი
ხასიათის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო კომისიამ იმსჯელა და
თვლის, რომ მას დამატებით დაჭირდება ერთი თვე, რათა დაასრულოს მიმდინარე
თემების კვლევა ათამდე საჯარო სხდომის ფორმატში და მეტწილად დაკავდეს
დასკვნის პროექტისათვის საბოლოო სახის მიცემით, რაც მისი საქმიანობის
ყველაზე შრომატევადი და საპასუხისმგებლო ნაწილია.