„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.05.2025
ავტორი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/46/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის: 1. პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით;“. 2. მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით. აღნიშნული უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს სხვა მესამე პირს.“. 3. მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა (მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება) ამ კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და ამ მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებისა.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპეტენციის ნაწილში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ და გადაეცეს შესაბამისი ფუნქციები და უფლებამოსილებები. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპეტენციის ნაწილში მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. 3. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროგრამული კოდი: 25 05 - მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ნარჩენების აღრიცხვა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის წარმოება, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება, ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია და გეგმის განხორციელების ანგარიშის წარდგენა, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის წარმოება, ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა და ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. ამჟამად, ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიკუთვნებული აქვს ფუნქციათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, მათ შორის, აღსანიშნავია რომ სწორედ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვა უშუალო ზეგავლენას ახდენს გარემოზე და შესაბამისად, პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ისეთ ძირითად ფუნქციასთან, როგორიცაა გარემოს დაცვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა, ისევე როგორც ნარჩენების მართვის სფეროში სხვა არაერთი ფუნქციის განხორციელება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნებოდეს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, მართვისა და დახურვის, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობისა და მართვის კომპეტენციის მქონე სუბიექტი განსაზღვრულია საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით, შესაბამისად ამ უფლებამოსილების საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მინიჭება საჭიროებს ცვლილებას ამავე კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მიღების შედეგად, არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობას, მართვას და დახურვას, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და მართვას ნარჩენების მართვის კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ნაცვლად საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსი. ამასთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ისევე როგორც ამჟამად ინფრასტრუქტურის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება ზემოხსენებული კომპეტენცია განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ნარჩენების მართვის კოდექსის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს ემატება „ვ1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციათა ჩამონათვალში აისახება არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ამავე კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. გარდა აღნიშნულისა, სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით ცვლილებები შეეხება ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ რეგულაციებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი კავშირში არ არის სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, რამდენადაც მნიშვნელოვანია წინასწარი მოსამზადებელი პერიოდი სათანადო ღონისძიებების განსახორციელებლად. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მნიშვნელოვანია კანონპროექტის განხილვა განხორციელდეს დაჩქარებული წესით, რათა კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განმახორციელებული სუბიექტის ცვლილება, განხორციელდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილ სტრუქტურულ და სისტემურ ცვლილებებთან ერთიანობაში. აღნიშნული ცვლილებები განაპირობა კანონმდებლობის ცვლილებამ, რომლის თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაცვლად, ჩამოყალიბდა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გარდა აღნიშნულისა, სათანადო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გათვალისწინებულია კანონის ამოქმედება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, შესაბამისად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი პროექტი მიღებულ იქნეს მოკლე ვადებში, დაჩქარებული წესით, რათა დროულად მიეცეთ უფლებამოსილ სუბიექტებს შესაბამისი ღონისძიებების დაწყების შესაძლებლობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის - პროგრამული კოდი: 25 05 - მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროგრამული კოდი: 25 05 - მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის - პროგრამული კოდი: 25 05 - მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის ფარგლებში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.