საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე საერთაშორისო ანგარიშებისთვის მოსამზადებელი საკითხების და კომიტეტის სხვა საორგანიზაციო საკითხების განხილვა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2025
ავტორი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#[56ae]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-06-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 12

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3336?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 03 ივნისი 2025 14:00 2025 წლის 3 ივნისი, 14:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე საერთაშორისო ანგარიშებისთვის მოსამზადებელი საკითხების და კომიტეტის სხვა საორგანიზაციო საკითხების განხილვა; მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი. 6/2/2025, 11:20 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N12 2025 წლის 3 ივნისი თბილისი სხდომის თავმჯდომარე - ლევან მახაშვილი სხდომას ესწრებოდნენ: ვახტანგ თურნავა ნაცვლად ირმა ზავრადაშვილი გიორგი ჩაკვეტაძე ლიკა შარტავა ვიქტორ სანიკიძე ეკა სეფაშვილი გიორგი ხახუბია დღის წესრიგი: 1. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე საერთაშორისო ანგარიშებისთვის მოსამზადებელი საკითხების და კომიტეტის სხვა საორგანიზაციო საკითხების განხილვა; მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საგარეო ურთიერთობის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი საკითხი: 2. „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (07-2/48; 30.05.2025) და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაციის თაობაზე (07-2/49; 30.05.2025); მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე; სხდომის მსვლელობა: სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ლევან მახაშვილმა, აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში პარლამენტში ხშირად შემოდის სხვადასხვა ანგარიში, რომელიც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს ეხება. აქცენტი გაკეთდა ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშზე, ასევე სხვა საერთაშორისო სტრუქტურების, GRECO-ს (ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფის) და ვენეციის კომისიის, პერიოდულ ანგარიშებზე. აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, ხშირად სწორედ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია პასუხისმგებელი და საჭირო ხდება შესაბამის უწყებებთან, ძირითადად საგარეო საქმეთა, ზოგჯერ კი იუსტიციის სამინისტროსთან, ეფექტიანი კოორდინაცია. კომიტეტზე იმსჯელეს, რომ კომიტეტის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესების მიხედვით აიღონ პასუხისმგებლობა კონკრეტულ ანგარიშებზე, რაც განაპირობებს კომიტეტის მხრიდან უფრო სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას. კომიტეტის თავმჯდომარემ მოუწოდა წევრებს, ჩაერთონ ამ პროცესში და უზრუნველყონ, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია საერთაშორისო ანგარიშებში იყოს ზუსტი და ფაქტებზე დაფუძნებული. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, წარმოადგინა ინფორმაცია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისა და მომდევნო ოთხი წლის მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ. მან აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა 5.2% იყო, თუმცა საბოლოო მაჩვენებელი 9.4% აღმოჩნდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი შეადგინა 91.9 მილიარდი ლარი, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე – 9,141 აშშ დოლარი. ინფლაციის წლიური საშუალო მაჩვენებელი იყო 1.1%, რაც მიზნობრივზე დაბალია. საგარეო სექტორის მაჩვენებლების განხილვისას მან აღნიშნა, რომ საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 8.3%-ით და შეადგინა 23.5 მილიარდი ლარი. ექსპორტი იყო 6.6 მილიარდი, ხოლო იმპორტი – 16.9 მილიარდი. ევროკავშირის წილი საგარეო ვაჭრობაში შეადგენდა 22.1%. ტურიზმიდან ქვეყანამ მიიღო 4.4 მილიარდი ლარი, ვიზიტორთა რაოდენობა 6.4 მილიონს აღწევდა, რაც 2019 წლის დონეზე დაბრუნებას ნიშნავს. ფულად გზავნილებში დაფიქსირდა 21%-იანი შემცირება, რაც ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან ერთჯერადი გადმორიცხვების შემცირებას უკავშირდება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 1.3 მილიარდი აშშ დოლარი. სახელმწიფოს ერთობლივი ბიუჯეტის შემოსავლები შესრულდა გადაჭარბებით – 25.7 მილიარდი ლარი, აქედან გადასახადების სახით მიღებული იქნა 23.2 მილიარდი ლარი, რაც 100.1%-იანი შესრულებაა. პრივატიზაციიდან მიღებული იყო 559 მილიონი ლარი (111.8%-იანი შესრულება), ხოლო სესხების დაბრუნებიდან – 252 მილიონი ლარი (109.7%). ერთობლივი ბიუჯეტის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4% შეადგინა, მთავრობის ვალის რაოდენობა კი – 36.1%, რაც ნაკლებია გეგმურ მაჩვენებელზე. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმაც გადააჭარბა დადგემილ რაოდენობას: შემოსავალმა შეადგინა 21.8 მილიარდი ლარი (100.6%), მათ შორის გადასახადებში – 20.2 მილიარდი ლარი, გრანტებში – 335 მილიონი ლარი (126%), ხოლო სხვა შემოსავლებში – 1.3 მილიარდი ლარი (103.7%). პრივატიზაციიდან მიღებულია 301 მილიონი ლარი, სესხების დაბრუნებიდან – 344.6 მილიონი. ვალის ნაწილში საშინაო ფასიანი ქაღალდებიდან მიღეს 1.5 მილიარდი ლარი, საინვესტიციო კრედიტებიდან – 1 მილიარდი ლარი, ხოლო ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტებიდან – 327 მილიონი. ვალის მომსახურება და დაფარვა ჯამში შეადგენდა 2.75 მილიარდ ლარს. ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა დაახლოებით 900 მილიონი ლარით და შეადგინა 25.9 მილიარდი ლარი, რომლის შესრულება 100.1% იყო. უწყებრივი ჭრილით ხარჯები სრულად ან გადაჭარბებით იყო ათვისებული. მაღალი შესრულება დაფიქსირდა ჯანდაცვის (100.2%), განათლების (100.8%) და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის (104.1%) სამინისტროებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში შესრულება იყო 99.7%. დიასპორის მიმართულებით – 100%, ხოლო ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების პროგრამის ფარგლებში – 113%. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე წარედგინება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა შეადგენდა 9.3%-ს, ოთხთვიანი მონაცემით – 8.8%. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის პარამეტრებში ცვლილება არ განიხილება და შენარჩუნებულია 6%-იანი ზრდის პროგნოზი. მომდევნო წლებისთვის საბაზო სცენარით ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.3%-ის ფარგლებშია დაგეგმილი, ინფლაცია კი – მიზნობრივ დონეზე. დაბალი დეფიციტის პირობებში მოსალოდნელია მთავრობის ვალის ეტაპობრივი შემცირება. ოპტიმისტურ სცენარში ზრდა 6.7%-ს, ხოლო პესიმისტურში – 4.8%-ს შეიძლება შეადგენდეს, თუმცა მიმდინარე ტენდენციები ოპტიმისტურ პროგნოზს ემთხვევა. რაც შეეხება სამინისტროს ძირითად მიმართულებებს, მათში ცვლილება არ არის – შენარჩუნებულია წინა წლის ბოლოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელთა ფარგლებში ბიუჯეტის დაგეგმვა გაგრძელდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც. კენჭისყრის დაწყებამდე, ბატონმა ლევან მახაშვილმა ისარგებლა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობით და სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პირველ რიგში, მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ეს მიღწევები მიღწეულია რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და არ უნდა ჩაითვალოს ბუნებრივ ან შემთხვევით მოვლენად. მისი შეფასებით, ეს შედეგები წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მშვიდობისა და სტაბილური განვითარების პოლიტიკის ნაყოფს. მეორე მხრივ, ბატონმა ლევანმა ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობები გამოყო, განსაკუთრებით - საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების კონტექსტში. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 22.1%-ს შეადგენს, რაც ამ პარტნიორის უმნიშვნელოვანეს როლს უსვამს ხაზს. მისი თქმით, ამ მონაცემებს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სტრუქტურული მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროკავშირში პროდუქციის გატანა მოითხოვს შესაბამისი სტანდარტების, ტექნოლოგიებისა და პროცედურების დანერგვას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის შიდა ბაზარზეც. მესამე საკითხი, რომელსაც შეეხო, იყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური მიზანი ან პოლიტიკური დეკლარაცია და ევროკავშირში გაწევრინება მოითხოვს რთულ რეფორმებსა და დიდ ინვესტიციებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რეალურად მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანამ ეფექტიანად გაიაროს აუცილებელი გარდამავალი ეტაპები, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხს. ევროკავშირში ინტეგრაცია ამ პროცესის ნაწილი და შედეგია.