„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2025
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/51/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოში ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წყალბადის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს არეგულირებს საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“.“. 2. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) აწარმოონ მყარი სასარგებლო წიაღისეულის, ნავთობის, გაზის, ბუნებრივი წყალბადის, აგრეთვე მიწისქვეშა წყლების საბადოთა დამუშავება მომპოვებელ საწარმოთა დამტკიცებული პროექტების, სამთო სამუშაოების გეგმებისა და ტექნოლოგიური სქემების შესაბამისად.“. 3. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 49. მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) და წიაღით მოსარგებლის ვალდებულებები ავარიის ლიკვიდაციის დროს წიაღით მოსარგებლე ვალდებულია, დადგენილი წესის შესაბამისად, შექმნას კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) ან ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მომსახურებით სამთო გვირაბებზე ავარიების, მათ შორის, ნავთობის, გაზის და ბუნებრივი წყალბადის ჭაბურღილებზე ღია შადრევნების გაჩენის, თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტი წარმოადგენს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მიზნად ისახავს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ოპერაციების მარეგულირებელ ნორმებს, აუცილებელია, ამავე კანონში სათანადო რეგულაციები განისაზღვროს ბუნებრივ წყალბადთან მიმართებითაც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილებით, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების რეგულირება, ნავთობისა და გაზის ოპერაციების ანალოგიურად, ექცევა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონის რეგულირების სფეროში. ამასთან მიეთითება, რომ ნავთობისა და გაზის ანალოგიურად, ბუნებრივ წყალბადთან მიმართებითაც გავრცელდება სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების შესაბამისი მოთხოვნები და ასევე, ვალდებულებები ავარიის ლიკვიდაციის დროს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ვინაიდან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილია შემდეგ გარემოებათა გამო: უკანასკნელ პერიოდში, ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების საკითხი აქტუალურია მსოფლიოში. საქართველოში, ამ ეტაპზე, ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის გამო. ცვლილებების დროულად მიღების შემთხვევაში გააქტიურდება პოტენციალური ინვესტორების დაინტერესება ამ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში წყალბადის რესურსების გამოყენების დროულად შესწავლის საკითხს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების უფლების მოპოვების შესაძლებლობას, რაც საშუალებას მისცემს აღნიშნულ კომპანიას დაჩქარებულად განახორციელოს მნიშვნელოვანი პროექტები. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ბუნებრივი წყალბადის მოპოვება ძირითადად ხდება ნავთობისა და გაზის გამოფიტული ან მიტოვებული საბადოებიდან და მოპოვების თვალსაზრისით ბუნებრივი გაზის მოპოვების მსგავსია. ჭაბურღილები, საიდანაც პოტენციურად შეიძლება დაიწყოს ბუნებრივი წყალბადის მოპოვება უკვე მოქცეულია უსაფრთხოების მოთხოვნებში და არ გამოიწვევს ინვესტორის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას. ამასთან, ბუნებრივი წყალბადის მოპოვების შემთხვევაში ინვესტორს გაეზრდება შემოსავალი ბუნებრივი წყალბადის რეალიზაციის შედეგად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.