„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალია
ნომერი
#07-3/69/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-16
ბიუროს ნომერი 59

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) D1 კატეგორიის - უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ უცხოელზე;“; 2. მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველში მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება. შრომითი ბინადრობის მისაღებად, უცხოელი სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის შესახებ დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები და მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისთვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე;“. 3. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. კერძოდ, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების მარეგულირებელი ახალი ნორმები, რომლებიც ასევე ითვალისწინებს უცხოელზე ვიზისა და შრომითი ბინადრობის ნებართვების გაცემის პროცედურების ცვლილებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლისა და დარჩენის პროცედურები რეგულირდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, უცხოელთა დასაქმების მიზნით შემოსვლისა და დარჩენის პროცედურის დახვეწის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს აღნიშნულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიგრაციული პროცესების რეგულირებისა და მართვის მექანიზმებს. აღნიშნული პოზიტიურად აისახება ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის შემცირებაზე, შრომის ბაზრის დაცვაზე და მის სტაბილურ განვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, უცხოელი, რომელიც მოიპოვებს შრომითი საქმიანობის უფლებას, ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიმართოს შესაბამის უწყებას D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზისა ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად. ამავდროულად, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის ერთ-ერთ სავალდებულო კრიტერიუმად განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2026 წლის 1 მარტს ამოქმედებას, ვინაიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ის ნორმები, რომელთა ასახვაც მოხდა აღნიშნულ კანონპროექტში, ამოქმედდება 2026 წლის 1 მარტიდან. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე აღნიშნული კანონპროექტის მიღება. საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, 2025 წლის საგაზაფხულო სესია მთავრდება 27 ივნისს, შესაბამისად, ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იწვევს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებს გავლენა არ აქვთ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ ადგენს ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალია.