საქართველოს პარლამენტის წევრის ზაზა ლომინაძის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 2-6 ივნისს ბუქარესტში, რუმინეთი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 32-ს ყოველწლიური გენერალური ასამბლეის სხდომაზე მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-25
ბიუროს ნომერი 62
📜 ტექსტი
წერილი
2-8576/25
24-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარეს
ნიკოლოზ სამხარაძეს
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 2-6 ივნისს მივლინებით ვიმყოფებოდი ბუქარესტში,
რუმინეთი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 32-ს
ყოველწლიური გენერალური ასამბლეის სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად,
როგორც აღნიშნულ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის წევრი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
წარმოგიდგენთ აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: 3 ფურცელი.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი: ბუქარესტი, რუმინეთი
მივლინების თარიღი: 2025 წლის 2-6 ივნისი
მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (Interparliamentary
Assembly on Orthodoxy (IAO) 32-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეის სხდომა
დელეგაციის შემადგენლობა: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ზაზა ლომინაძე,
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი, ლიკა ფერაძე
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 32-ე ყოველწლიური
გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 2025 წლის 2-6
ივნისს, მთავარი თემით: „საპარლამენტო და რელიგიური ინსტიტუტების თანამშრომლობა
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბებაში: IPU-ს
მარაქეშის კომუნიკეს მნიშვნელობა”. ყოველწლიური გენერალური ასამბლეის სხდომა ჩატარდა
რუმინეთის დეპუტატთა პალატაში, იოან ვულპესკუს, IAO-ს პრეზიდენტისა და რუმინეთის
პარლამენტის წევრის ინიციატივით.
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
გენერალური
ასამბლეის
მუშაობაში
მონაწილებდნენ პარლამენტის წევრები შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი, სომხეთი, ალბანეთი,
ეგვიპტე, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი, საქართველო, ესტონეთი,
იორდანია, ირანი, კვიპროსი, მოლდოვა, რუმინეთი და სერბეთი.
გენერალური ასამბლეა გახსნილად გამოაცხადა რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცეპრეზიდენტმა, ვასილე დანიელ სუჩიუმ. გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვებით
გამოვიდნენ რუმინეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტი, რობერტ-მარიუს კაზანჩუკი, რუმინეთის
პატრიარქ დანიელის წარმომადგენელი, მამა ავგუსტინ კომანი, მოლდოვას პარლამენტის
თავმჯდომარის წარმომადგენელი, იგორ გროსუ, რუმინეთის პარლამენტის წევრი, ბორის მარკოჩი,
რუმინეთის აკადემიის პრეზიდენტი, იოან აურელი პოპი, რუმინეთის ეკონომიკის,
დიგიტალიზაციის, მეწარმეობისა და ტურიზმის მინისტრი, ბოგდან გრუია ივანი, ბუქარესტის
ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, მიჰნეა კოსმინ კოსტოიუ, საბერძნეთის
პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ათანასიოს ბურასი, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის
(PUIC) წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო კავშირის გენერალური მდივნის თანაშემწე, ალი
ასგარ მოჰამად სიჯანი, ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციების კომისიის პრეზიდენტი
(COMECE), ეპისკოპოსი მარიანო კროჩიატა, „ერთად ევროპისთვის“ ორგანიზაციის კოორდინატორი,
გერჰარტ პროსი, მუსლიმური სამყაროს ლიგის (MWL) ესპანეთის ოფისის დირექტორი, ხოჯა ჰუსამ
სიდიკი, ფოკოლარეს მოძრაობის წარმომადგენელი, მოძრაობა „ერთიანობის პოლიტიკის“
პრეზიდენტი (MppU), მარიო ბრუნო და მეფე ჰამადის სახელობის თანაცხოვრებისა და
ტოლერანტობის გლობალური ცენტრის თანაარსებობის (KHGC) დირექტორი, ნურა ალმანსური.
32-ე გენერალური ასამბლეის მონაწილეებსა და საპატიო სტუმრებს სპეციალური
ვიდეომიმართვებით მიესალმნენ − ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, როქსანა
მინზატუ, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური მდივანი, მარტინ ჩუნგონგი და
იუნესკოს გენერალური კონფერენციის მოქმედი პრეზიდენტი, სიმონ მირელა მიკულესკუ.
ასამბლეის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (WCC) გენერალური
მდივნის, დოქტორ ჯერი პილეის, ევროპის ეკლესიათა კონფერენციის (CEC) პრეზიდენტის,
თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოს ნიკიტას და ალექსანდრიისა და სრულიად
აფრიკის პაპისა და პატრიარქის, თეოდორე II-ის მისასალმებელი სიტყვები, ეს უკანასკნელი კი
წაიკითხა IAO-ს მეკავშირემ პან-აფრიკულ პარლამენტთან ურთიერთობებში, ზამბიისა და
მოზამბიკის მთავარეპისკოპოსმა იოანისმა.
აღსანიშნავია, რომ გენერალური ასამბლეის საინაუგურაციო ცერემონიას ესწრებოდნენ რუმინეთის
ყოფილი პრეზიდენტი (1996-2000) ემილ კონსტანტინესკუ და IAO-ს წევრი ქვეყნების ელჩები, მათ
შორის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, თამარ ბერუჩაშვილი.
გენერალური ასამბლეის სხდომა გაგრძელდა სპეციალური თემატური სესიით − „საპარლამენტო და
რელიგიური
ინსტიტუტების
თანამშრომლობა
ხელოვნური
ინტელექტის
გამოყენების
სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბებაში: IPU-ს მარაქეშის კომუნიკეს მნიშვნელობა”. ამ
თემასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს ასამბლეაზე
მოწვეულმა სპეციალურმა სტუმრებმა და ასამბლეის წევრმა დეპუტატებმა.
მოსმენილი იყო საინტერესო გამოსვლები ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ და პასუხისმგებლიან
გამოყენებაზე დემოკრატიულ ინსტიტუტებში, პარლამენტების მიერ ტექნოლოგიური ინოვაციების
ინტეგრაციასა და ხელოვნური ინტელექტის ადამიანზე ორიენტირებული და მონაწილეობითი
მმართველობის აუცილებლობაზე. გამომსვლელთა შორის იყვნენ რუმინეთის კვლევის,
ინოვაციებისა
და დიგიტალიზაციის მინისტრი, ბოგდან-გრუია ივანი,
ბუქარესტის
პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და კომპიუტერული ფაკულტეტის პროფესორი,
ფლორინ პოპი, ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების
ფაკულტეტის პროფესორი, ციპრიან დობრეა, საბერძნეთის პარლამენტის სამეცნიერო სამსახურის
სამეცნიერო დოკუმენტაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფოტიოს
ფიცილისი და სხვ.
აღსანიშნავია, რომ მარაქეშის კომუნიკე, მიღებული იყო 2023 წელს საპარლამენტთაშორისო
კავშირის (IPU) რელიგიათაშორისო დიალოგის კონფერენციაზე. ის ხაზს უსვამს რელიგიათაშორისი
დიალოგის სასიცოცხლო როლს მშვიდობის, ინკლუზიურობისა და ადამიანის უფლებების
ხელშეწყობაში და მოუწოდებს პარლამენტარებს დაიცვან კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური
თავისუფლებები - მათ შორის რელიგიის, რწმენის თავისუფლება - და ებრძოლონ სიძულვილის
ენას, დეზინფორმაციას და ექსტრემიზმს. კომუნიკე ასევე ხაზს უსვამს გენდერული
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ახალგაზრდების გაძლიერების და იმის უზრუნველყოფის
აუცილებლობას, რომ არცერთი რელიგია არ იქნას გამოყენებული ძალადობის ან გარიყულობის
გასამართლებლად.
ზაზა ლომინაძე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ასევე წარსდგა
სიტყვით თემაზე: „ქრისტიანული ფასეულობები, სუვერენიტეტი და ხელოვნური ინტელექტი:
საქართველოს ხედვა „Marrakesh Communiqué“-ს შუქზე“. მან ისაუბრა AI-ს განვითარებასა და მასთან
დაკავშირებული ახალი გამოწვევების შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტი აქტიურად იჭრება
ჩვენს ცხოვრებაში და გვაყენებს გამოწვევის წინაშე - თუ როგორ მოვარგოთ ეს ტექნოლოგია ჩვენს
ქრისტიანულ ფასეულობებს, ქვეყნის სუვერენიტეტს და ზოგადად ჩვენს ყოველდღიურობას. მისი
თქმით „საქართველომ, თავისი 3000-წლიანი სახელმწიფოებრიობით, კარგად იცის, რას ნიშნავს
ფასეულობებისა და სუვერენიტეტის დაცვა. IV საუკუნეში, როცა წმინდა ნინომ ქრისტიანობა კიდევ
ერთხელ იქადაგა საქართველოში და მეფე მირიანმა ის ჩვენი სახელმწიფოს საყრდენად აქცია, ჩვენ
ავირჩიეთ გზა, რომელიც რწმენასა და ღირსებას ეფუძნება.“ ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ
„ჩვენი პარლამენტი მხარს უჭერს AI-ს განვითარებას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ეთიკური
ნორმებითაა მართული. საქართველო, მზადაა, თქვენთან ერთად წარმართოს ეს პროცესი. ჩვენ
გვწამს, რომ ჩვენი ქრისტიანული ფასეულობები, ისევე როგორც ჩვენი სუვერენიტეტი,
ხელშეუხებელია. მოდით, შევქმნათ მომავალი, სადაც ტექნოლოგია ჩვენი ხალხის სამსახურშია,
ხოლო ჩვენი რწმენა — ჩვენი მარადიული საყრდენი“- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ასამბლეის მეორე დღე დაეთმო გრაფიკით განსაზღვრული ორგანიზაციული და საფინანსო
საკითხების განხილვას, მოსმენილი იყო გაწეული ხარჯების ფინანსური და საერთაშორისო
სამდივნოს მიერ განხორციელებული საქმიანობისა და ვიზიტების ანგარიშები. დაიგეგმა და
დამტკიცდა IAO-ს მომავალი 2025-2026 ფინანსური წლის ბიუჯეტი და ორგანიზაციის მომავალი
საქმიანობის გეგმა. მოსმენილი იყო IAO-ს გენერალური მდივნის, დოქტორ მაქსიმოს
ჩარაკოპულოსის მიერ წარდგენილი დეტალური მიმოხილვითი ანგარიში, რის შემდეგ დამტკიცდა
ორგანიზაციის მომავალი საქმიანობა, რომელიც ასევე მოიცავს: ა) ისეთ ჩარევებს, რომელიც
ევროპულ კულტურაში წარმოაჩენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და ფასეულობებს ევროპის
მომავლის ჩამოყალიბების პროცესში, ასევე ბ) ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანებისა და იქ
არსებული ქრისტიანული ძეგლების დაცვისკენ მიმართულ ქმედებებს.
სხდომის მეორე ნახევარი დაეთმო ასამბლეის წევრი დეპუტატების ინტერვენციებს აქტუალურ
საკითხებზე და IAO-ს საწესდებო ორგანოებში წევრთა შემადგენლობის განახლებას და ხელახალი
არჩევნების ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ გენერალური ასამბლეის წევრებმა IAO-ს არსებული
მუდმივმოქმედი კომიტეტების ფუნქციონირების მოდელი მიმდინარე ეტაპზე არაფუნქციურად
მიიჩნიეს და გადაწყვიტეს შეექმნათ ახალი - ორგანიზაციულ საკითხთა კომიტეტი, ორგანო,
რომელიც ორიენტირებული იქნება მიმდინარე ორგანიზაციული საკითხების მართვაზე და
რომელიც დაეხმარება საერთაშორისო სამდივნოს და გენერალურ ასამბლეას მათი საქმიანობის
განხორციელებაში, რაც კენჭისყრით განახორციელეს.
რაც შეეხება საერთაშორისო სამდივნოს (ბუროს) შემადგენლობას, მის ახალ წევრად აირჩიეს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ქადაგიშვილი,
რომელიც მანამდე რეგლამენტში ცვლილებების შემტანი კომიტეტის წევრად იყო არჩეული,
რომელიც ითვალისწინებდა ე.წ. „მოძველებულ“ რეგლამენტში საეტაპო ცვლილებების შეტანას, რაც
წარმატებით დასრულდა.
დამატებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებმა ერთხმად მიიღეს
რეზოლუცია სინას მთაზე მდებარე წმ. ეკატერინეს მონასტერთან დაკავშირებით. რეზოლუციაში
გამოხატულია „ძლიერი შეშფოთება ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მეორე ინსტანციის ისმაილიის
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებზე სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერთან
დაკავშირებით“. რეზოლუცია მოუწოდებს ეგვიპტის ხელისუფლებას, "უზრუნველყოს სინაის
საძმოს მიერ ისტორიულად გამოყენებული საკუთრების უფლებები, რათა დასრულდეს ეს
არასაჭირო გაურკვევლობა“.
დასასრულს, გენერალური ასამბლეის ფარგლებში IAO-ს ხელმძღვანელობას შესაძლებლობა ჰქონდა
შეხვედროდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, კატალინ პრედოვიუს, რომელსაც მიაწოდეს
ინფორმაცია ორგანიზაციის ბოლოდროინდელი ინიციატივების შესახებ და მადლობა გადაუხადეს
რუმინეთის პარლამენტის მიერ IAO-ს საქმიანობისადმი გაწეული დიდი ხნის მხარდაჭერისთვის.
ანგარიში მოამზადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, ლიკა ფერაძემ