საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ნ. სამხარაძე, მ. ბითაძე, ლ. მახაშვილი) 2025 წლის 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, ქალაქ პორტოში, (პორტუგალიის რესპუბლიკა) ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.07.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-9950/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-01
ბიუროს ნომერი 69

📜 ტექსტი

წერილი
2-9950/25 15-07-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გიგზავნით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში ა. წ. 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით მუშაობის ანგარიშს. დანართი: 6 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტი ქ. პორტოში, პორტუგალიის რესპუბლიკა და მონაწილეობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ყოველწლიურ სესიაში მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი: ქ. პორტო, პორტუგალიის რესპუბლიკა მივლინების თარიღი: 2025 წლის 29 ივნისი- 3 ივლისი მივლინების მიზანი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ყოველწლიური სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება დელეგაციის შემადგენლობა: ნიკოლოზ სამხარაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი; მაია ბითაძე - დელეგაციის წევრი ; ლევან მახაშვილი - დელეგაციის სათადარიგო წევრი მერი გოგოლაძე- დელეგაციის მდივანი. 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით პორტუგალიის რესპუბლიკაში, ქ. პორტოში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა (დელეგაციის ხელმძღვანელი ნ. სამხარაძე), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (მ. ბითაძე) და ევროპასთან ინტეგრაციის (ლ. მახაშვილი) კომიტეტის თავმჯდომარეებმა. სესიის ფარგლებში დაგეგმილი იყო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის (29 ივნისი დელეგაციის ხელმძღვანელების ფორმატი) და სამი პლენარული სხდომა (29 ივნისი, 2 ივლისი და 3 ივლისი), აგრეთვე 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდა პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის (ნ. სამხარაძე), გარემოს დაცვითი და ეკონომიკურ საკითხა კომიტეტის (მ. ბითაძე) და ადამიანის უფლებათა და დემოკრატიულ საკითხთა კომიტეტის სხდომები (ლ. მახაშვილი). აღნიშნული სხდომების გარდა, დელეგაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა „სილქ როუდ გრუპ“-ის (ასამბლეასთან არსებული ეკონომიკურსატრანსპორტო დაკავშირებადობის თანამშრომლობის თემაზე შექმნილი გაერთიანების) შეხვედრაში (29 ივნისი) და გამართეს ორმხრივი შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტთან, სამხრეთ კავკასიის საკითხებზე სპეციალურ წარმომადგენელთან, ლუიშ გრასასთან (1 ივლისი), სადაც იმსჯელეს საქართველოს პარლამენტსა და ასამბლეას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე. 2 ივლისს საქართველოს დელეგაცია აგრეთვე შეხვდა ოდირი-ს დირექტორს მარია თელალიანს. ასამბლეის 2025 წლის ყოველწლიური სესიის თემატიკას წარმოადგენდა „ჰელსინკი - 50“ (ეუთოს ფუძემდებლური დოკუმენტის - „ჰელსინკის დასკვნითი აქტი“-ს მიღებიდან 50 წლის წლისთავიდან გამომდინარე) და შესაბამისად, კომიტეტებისა და პლენარული სხდომების დღის წესრიგებიც და ანგარიშებისა და რეზოლუციების პროექტებიც შეეხებოდა აღნიშნულ თემებს. პლენარულ სხდომებზე პარლამენტარებს მიმართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ, პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ჟოზე პედრო აგუიარ-ბრანკომ, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ და ოდირის დირექტორმა მარია თელალიანმა; ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების გენერალურ კომიტეტზე, სადაც ისაუბრა საქართველოში დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის მცდელობებზე, რომლებიც მისი განცხადებით, უცხოეთიდან ფინანსდება. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება იმ შეფასებებს, სადაც საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე. „ამჟამად საქართველო არაერთი შიდა და გარე გამოწვევის წინაშე დგას. თითოეული ეს გამოწვევა განპირობებულია პირდაპირი თუ ირიბი უცხოური ჩარევის შედეგად. საქართველოს ტერიტორიების 20%, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქვეყნის შიგნით კი ვხედავთ დესტაბილიზაციის ხელოვნურად შექმნის სასოწარკვეთილ მცდელობებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა უცხოური ძალები ცდილობენ ხელჰყონ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაც. ჩვენ მკაცრად არ ვეთანხმებით რეზოლუციის ზოგიერთ ჩანაწერს, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების, თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობაზე. საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების საუკეთესო მტკიცებულებაა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ადამიანის მიერ ცენტრალური გამზირის გადაკეტვა თბილისში. ისინი ამას აკეთებენ მშვიდობიანად და ამიტომაც მათი უფლება დაცულია. მათ არავინ აწუხებს მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა არ არის საკმარისი ცენტრალური გამზირის გადასაკეტად. რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, ეუთო-ს ბოლო ანგარიშშიც აღინიშნა, რომ საქართველოში გვაქვს მედია პლურალიზმი.“ - განაცხადა ნ. სამხარაძემ. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერები დაემატა. ანგარიშში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმაცია მიანიჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო სამართლით არ არის აღიარებული და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს სრულად აღასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც გულისხმობს რუსული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას დაზარალებულ რეგიონებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებას და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ ჩართულობას. პლენარულ სხდომაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა უძლებს ბევრ სირთულეს, რომელთა შორის, განსაკუთრებით მძაფრია ქვეყნის ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. სხვა ბევრ მწვავე საკითხთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის არარსებობა ამ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისათვის, ისევე როგორც ქართული კულტურული და რელიგიური ძეგლების მიზანდასახული სახეცვლილება და საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებები და დაკავებები ოკუპანტების მხრიდან, რაც საგანგაშოდ ხშირია. დელეგაციის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს საერთო გამოწვევაა და საფრთხეს უქმნის საზოგადოების კეთილდღეობას, ეკონომიკასა და ქვეყნების გრძელვადიან განვითარებას. შესაბამისად, ამ კრიზისთან გამკლავება სახელმწიფოებსა და სხვადასხვა სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს. „საქართველომ კლიმატის ცვლილების სფეროში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. 2024 წელს პარლამენტმა დაამტკიცა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმა (NECP), რომლის მიზანი სათბურის აირების ემისიების შემცირება და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაა. ამასთან, პარიზის შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ შემუშავებული განახლებული ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტი 2030 წლისთვის განსაზღვრავს სათბურის აირების ემისიების 47%-ით შემცირების მიზანს. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში, საქართველო მუშაობს სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემის შექმნასა და კლიმატის კანონის პროექტზე, რომლითაც ქვეყანაში შეიქმნება სათბურის აირების ემისიებით ვაჭრობის სისტემა და 2025 წლისთვის განისაზღვრება კლიმატნეიტრალურობის მიღწევის მიზანი“. დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს შესახებ გაკეთებული შესწორება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეხება. მისი თქმით, აღნიშნული შესწორებები მრავალი თვალსაზრისით აბსურდულია. „პირველი ორი წინადადება ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს. შესაბამისად, მსურს ვკითხო პოლონელ დეპუტატს, რომელიც ამ ინიციატივის ავტორია, რატომ ცდილობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის სანდოობისთვის ძირის გამოთხრას? რა აზრი აქვს სადამკვირვებლო მისიების არსებობას, თუკი ასამბლეის ზოგიერთი წევრი მაინც ეჭვქვეშ დააყენებს მას პირადი პოლიტიკური ინტერესების და იმის გამო, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და თან მეგობრები ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებში“, განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. „ვფიქრობ, ამ ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველო ამ ასამბლეაში, უკრაინასთან ერთად, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა სახის კავშირების გაძლიერებაზეა საუბარი? ვფიქრობ, ინიციატივის ავტორმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, თუ რა კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. მან გააკრიტიკა შესწორება, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდირება, რისთვისაც შესაბამის კანონებს იღებენ. „მოხარული ვიქნები მოვისმინო, რომელ კანონებზეა საუბარი, არის თუ არა ისინი ანტიდემოკრატიული ან არაკონსტიტუციური და რა დებულებებია ამ კანონებში. არ შეიძლება რომ მტკიცებულებების გარეშე ვისროდეთ რაღაც განცხადებებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ნ. სამხარაძის მიერ დეკლარაციის ტექსტში შეტანილი დამატება რომლის მიხედვითაც ასამბლეა „მოუწოდებს სირიის მთავრობას უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის და უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუჰანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.“ აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს პირველ ამგვარ ფორმულირებას საერთაშორისო დოკუმენტებში და ამგვარად, ქმნის უაღრესად მნიშვნელოვან პრეცედენტს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედ პრეზიდენტს პია კაუმას მისი ლიდერობისთვის და ძალისხმევისთვის, ეწარმოებინა კონსტრუქციული დიალოგი რთულ პირობებში და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში. მან აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ეგზისტენციალურ კრიზისშია და ეუთო-მ ვერ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ვერ ახერხებს სხვა კონფლიქტების რეგულირებას. „ჩვენი დებატების თემა არის ეუთო ჰელსინკიდან 50 წლის შემდეგ. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ორგანიზაცია ახლა ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა. ის უსაფრთხოების არქიტექტურა, რომლის შექმნასაც ის ცდილობდა წევრი სახელმწიფოებისთვის, უკვე დანგრეულია. ჩემი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიები უკვე 17 წელია ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვერაფერს ახერხებს სტატუს-კვოს შესაცვლელად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები. მისი თქმით, კომიტეტებში გამართულ დებატებზე ნათლად გამოჩნდა, რომ ქვეყნის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა და სრულად უგულებელყოფს ფაქტებს. „თუ დღეს ხდება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების შინაარსის დამახინჯება, სიცრუის გავრცელება და პიროტექნიკითა და „მოლოტოვის“ კოქტეილებით „შეიარაღებული“ თავდამსხმელების მშვიდობიან მოქალაქეებად მონათვლა, ხვალ, ამავე ლოგიკით, შეიძლება გვიწოდონ სპილოები და თუ უმრავლესობას ეს ტერმინი მოეწონება, მაშინ მსგავსი აბსურდი შეიძლება რეზოლუციაში მოხვდეს“, განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს. „მაქვს პატივი, ვისაუბრო საქართველოს სახელით, იმ ქვეყნის სახელით, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ევროპის მასშტაბით მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. იმის ფონზე, როდესაც ომი ჩვენი რეგიონის საზღვრებს ცვლის - უკრაინიდან შუა აღმოსავლეთამდე, საქართველო, დიდი წნეხის მიუხედავად, სიმშვიდის იშვიათ კუნძულად რჩება. ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს, ინსტიტუციურ განვითარებას და არა პოპულიზმს, გრძელვადიან პროგრესს და არა მოკლევადიან პროვოკაციებს. მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისათვის“. - აღნიშნა მაია ბითაძემ. მისივე განცხადებით, ეუთო-ს როლის დაკნინება პოლიტიზირებული დაკვირვებისა თუ შერჩევითი კრიტიკის გზით, საქართველოს მიმართ მხოლოდ უსამართლო მიდგომას არ წარმოადგენს, არამედ იგი ძირს უთხრის ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპებსა და კოლექტიურ უსაფრთხოებას. „ქართველმა ხალხმა უარი უთხრა და რისკის ქვეშ აყენებს ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს. მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს და თავი შეიკავოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევისაგან“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. „დეზინფორმაცია და გარე მანიპულაციები, ასევე საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, მათ შორის, ჩვენს დემოკრატიულ არჩევანში, ხელს არ უწყობს მშვიდობასა და დემოკრატიას ეუთო-ს რეგიონში და მათ საფრთხეს უქმნის. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და საერთაშორისო სამართალს“, განაცხადა მაია ბითაძემ.