საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციის მოსმენა, ქართული დიასპორის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.06.2025
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[5758]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-06-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 10

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი 2025 წლის 25 ივნისი, 14.00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციის მოსმენა, ქართული დიასპორის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მომხსენებელი: საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - კახა ხანდოლიშვილი. თანამომხსენებლები: ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი - ანა ლუკავა სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამის მენეჯერი - ანი კუდუხაშვილი. 2. კომიტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანა. მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N10 2025 წლის 25 ივნისი, 14.00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გოჩა ენუქიძე, ეკა ჭიჭინაძე, ზურაბ რურუა (თორნიკე ბერეკაშვილის უფლებამონაცვლე), ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, სოზარ სუბარი, ილია ინჯია. სხდომას არ ესწრებოდა: გივი ჭიჭინაძე. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი 1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციის მოსმენა, ქართული დიასპორის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მომხსენებელი: საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - კახა ხანდოლიშვილი. თანამომხსენებლები: ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი - ანა ლუკავა სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამის მენეჯერი - ანი კუდუხაშვილი. 2. კომიტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანა. მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით, მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ქართული დიასპორის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ კახა ხანდოლიშვილის განცხადებით, დიასპორა და საკვირაო სკოლების მხარდაჭერა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტრტული მიმართულებაა. ამ კუთხით, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რადგან ყველა დიასპორული ინიციატივა თუ მოთხოვნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით შედის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. ყოველწლიურად, მოთხოვნების შესაბამისად, საკვირაო სკოლებისთვის ხერხდება წიგნების და დამხმარე მასალების შეძენა სახელმწიფო ბიუჯეტით და სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გადაეცემათ ჩვენს თანამემამულეებს. წიგნების და დამხმარე მასალების ეფექტიანად მიწოდების კუთხით, მომავალში იგეგმება სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებთან, რათა უფრო სწრაფად და შეღავათიან ფასებში მოხდეს ტრანსპორტირება. მომხსენებლის განმარტებით, ამ პროექტების ხელშეწყობის მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ქართველ ბავშვებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, საშუალება ჰქონდეთ, არ დაავიწყდეთ ქართული ენა, კულტურა და საქართველოს ისტორია. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის დახმარებითაც, ჩვენს თანამემამულე ბავშვებს ონლაინ უტარდებათ გაკვეთილები, სადაც ყოველ წლიურად იზრდება ჩართული ბავშვების რაოდენობა. ამ პროგრამის დადებითი მხარე ის არის, რომ გეოგრაფიული შეზღუდვა არ აქვს, საათობრივ სარტყელებზეა მიბმული და ერთ კლასში შესაძლებელია იყვნენ ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ანი კუდუხაშვილის განცხადებით, პროგრამა „დიასპორისთვის ქართული ენის სწავლება“ 2017 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპზე 2854 ბავშვია ჩართული 76 ქვეყნიდან. გასულ წელს სარეგისტრაციო პორტალს გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, რის გამოც დაიწყო ახალ პორტალზე მუშაობა. ივნისის ბოლოს ახალი პორტალი დასრულდება, რომელიც 10 000-ზე მეტ ბავშვს გაატარებს რეგისტრაციაში. რაც შეეხება ჯგუფებს, ისინი მაქსიმალურად ცოდნის დონისა და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით არიან დაყოფილი. ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 240 ჯგუფი კვირაში 2-ჯერ, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რაიონიდან არიან მასწავლებლები ჩართულნი და „TEAMS“ - ის პლატფორმის საშუალებით ტარდება მათი ონლაინ შეხვედრები. მომხსენებლის განმარტებით, თავიდან გაკვეთილები იყო 30 წუთიანი, რეალურად საკმაოდ ცოტა იყო დრო და ამიტომ გაიზარდა 60 წუთამდე. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, შეიქმნა სასწავლო რესურსი. პირველი ეტაპზე არის „33 გასაღები“, რომელიც ფარავს ა1 დონეს, დასრულდა და დაკაბადონებას გადის მე-2 დონე - „ამბები ჩემი ქვეყნიდან“ და ასევე, დაწყებულია მუშაობა მე-3 დონეზე. არსებობს გამოწვევა - ბავშვები ხშირად არიან შერეული ოჯახებიდან ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში დაბადებულები და საქართველოს შესახებ მათთვის ინფორმაცია მწირია, აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ ყველა სახელმძღვანელოში ინტეგრირებული იყოს საქართველოს ისტორია, კულტურა, გეოგრაფია და ა.შ. მეორე დონის სახელმძღვანელო უკვე გაფორმებულია თვითონ ემიგრანტი ბავშვების ილუსტრაციებით. მათ გადაეცათ ის ტექსტები, რაც უნდა შესულიყო წიგნში და შესაბამისად, წიგნები მათი ილუსტრაციებით გაფორმდა. მომხსენებლის განცხადებით, არსებობდა გამოწვევა, კერძოდ, საკვირაო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც პროფესიით არ არიან და ვერ იქნებიან მასწავლებლები, მათ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ პედაგოგიური პრაქტიკა, ამიტომ დაიწყო გრძელვადიანი ტრენინგები მასწავლებლებისთვის. ტრენინგებს ესწრებოდა 68 მასწავლებელი და დაიფარა 72 საათი, რომელმაც სრულად მოიცვა წერისა და კითხვის უნარების განვითარება და სწავლასწავლების თანამედროვე მეთოდები. მნიშვნელოვანი იყო, დიასპორის დღეზე დატრენინგებული მასწავლებლებისათვის იმის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემა, რომ მათ გაიარეს გრძელვადიანი ტრენინგი. პერიოდულად ეწყობა უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსული ჩვენი მასწავლებლებისა და აქ, საჯარო სკოლის მასწავლებლების შეხვედრები, რათა საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა გარკვეული ტიპის რეკომენდაციები მიიღონ, ნახონ ჩვენთან სასწავლო პროცესი როგორ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება ნებისმიერი საფეხურის წარმომადგენელი მოსწავლე გახდეს ემიგრანტი და გახდეს საკვირაო სკოლაში მათი მოსწავლე. ანი კუდუხაშვილის განცხადებით, ყოველ წელს ტარდება მშობელთა კმაყოფილების კვლევა შეკითხვით: „რა შეიძლება გაუმჯობესდეს პროგრამაში“, რის პასუხადაც, ბოლო 3 წელია აქტიურად ითხოვდნენ ისტორიას და რელიგიას. შესაბამისად, ცენტრი მე-2 წელია უკვე თანამშრომლობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, რომელსაც ხელმძღვანელობს მამა ანდრია ჯაღმაიძე. ღირებულებით განათლების გაკვეთილები ტარდება თბილისის სკოლებში. წელს 30 სკოლა იყო ჩართული, ოღონდ არაფორმალური კლუბების სახით, სადაც სასულიერო პირები მიდიოდნენ და ღირებულებებზე ესაუბრებოდნენ მოსწავლეებს. ეს იყო პიროვნული და უნივერსალური ღირებულებები. კარგი ის არის რომ ღირებულებითი გაკვეთილები სკოლებში უკვე სექტემბრიდან, როგორც არჩევითი საგანი იქნება და არა როგორც არაფორმალური, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ღირებულებითი განათლება დაემატოს ჩვენს ონლაინ სკოლას სექტემბრიდან. აღნიშნული გაკვეთილები მოიცავს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმ საამაყო ქართველ ადამიანებზე, ვინც მაგალითად სპორტში დიდი საქმე გააკეთა ქვეყნისთვის. ამიტომ აი ეს, ბოლო მე-3 ნაწილი სრულად აეწყობა ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა კულტურა, სპორტი, ხელოვნება და ა.შ. და ბოლოს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეეხება იმ ფაქტს, რომ პროგრამაში მონაწილე ბავშვების მაქსიმალური ასაკი იყო 15 წელი, რაც შეიცვალა და გაიზარდა 18 წლამდე. ირმა ზავრადაშვილი დაინტერესდა:   ონლაინ ჩართცის ნაწილში, სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროა ბავშვისთვის და როგორ ხდება ამ ბავშვების ერთდროულად თავის მოყრა ონლაინ გაკვეთილზე? შერეული ოჯახის შვილი, როგორ უნდა მოხვდეს ამ პროგრამის პლათფორმაზე, ბავშვმა როგორ უნდა დაიწყოს ამ სკოლაში სწავლა, როცა ერთი სიტყვა არ იცის ქართული? ან როგორ უნდა დარეგისტრირდეს და თუ დარეგისტრირდა ქართველ მასწავლებელთან როგორ ხდება კომუნიკაცია? ანი კუდუხაშვილის განმარტებით პირველ რიგში, რაც შეეხება საათობრივ ბადეს, მაქსიმალურად არის მორგებული. მაგალითად, ამერიკის ჯგუფები, სადაც დიდი საათობრივი სხვაობა გვაქვს, ისინია ხოლმე პრობლემური, ამიტომ ჩვენი მასწავლებლები, ღამის სამის ნახევარზე ატარებენ გაკვეთილს. მაქსიმალურად ხდება გრაფიკის მორგება, თუ ჯგუფი სავსეა (ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში არის 5, სხვა შემთხვევაში ონლაინ სწავლების ხარისხი დაიკარგება), ერთი ბავშვიც რომ იყოს დამატებით, ერთი ბავშვისთვისაც კი გაიხსნება ახალი ჯგუფი. რაც შეეხება რეგისტრაციას - ცენტრს ყავს ენის ექსპერტები, თვითონ ცენტრში არიან საგნობრივი ექსპერტები, რომლებიც საკომუნიკაციო ძირითად ენებს ფლობენ. ამ ექსპერტების დახმარებით ხდება მშობლებთან დაკონტაქტება და შესაბამისად ენის ბარიერის გამო ჯერჯერობით არც ერთი ბავშვი არ დაკარგულა. ილია ინჯია დაინტერესდა:     2017 წლიდან კარგი სტატისტიკა ფიქსირდება, და საინტერესოა ამ ხნის განმავლობაში რა პრობლემები გამოჩნდა? რას ექცევა ყურადღება? რა გამოწვევბია? 76 ქვეყანა აღინიშნა, რომელიც ჩართულია ამ პროგრამაში, და საინტერესოა რომელი ქვეყნებიდან არის უფრო აქტივობა? რომელი ქვეყნიდან არიან უფრო მეტი ბავშვები? აღინიშნა, რომ 42 მასწავლებელია დაკავებული ამ პროგრამით, და თუ არიან გამორჩეული მასწავლებლები, რომლებსაც ყველაზე მეტი დატვირთვა აქვთ? ან მოთხოვნა არის მაღალი? და თუ არის რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? აღნიშნულ კურსს რომ გადიან ჩვენ რამე სერტიფიკატს ვაძლევთ? და თუ ვაძლევთ, რამე ძალა თუ აქვს და სადმე თუ არის აღიარებული? თუ აქვს საერთაშორისო დატვირთვა? ანი კუდუხაშვილის განცხადებით, ყოველწლიურად, ტარდება როგორც მშობელთა კმაყოფილების, ისე, სტატისტიკური მონაცემების კვლევა, ასევე, დასწრების, გაცდენების, მიზეზების და ა.შ. ჩვენს პროგრამაში სექტემბრიდან ჩაერთვებიან დაბრუნებული ემიგრანტი ბავშვებიც, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ რომ ენა ერთი წლის განმავლობაში დახვეწონ და ადვილად შეძლონ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. (ეს არის სკოლის რესურსთან ერთად დამხმარე რესურსი, რომ ბავშვმა მალე დაძლიოს ბარიერები და ქართულ ენაზე უფრო მალე შეძლოს სხვა საგნების სწავლა, ხშირად არის რომ საუბარი შეუძლიათ ქართულ ენაზე, მაგრამ საგნებს, მაგალითად, მათემატიკას და ფიზიკას, ან ქიმიას ვერ იგებენ, იმიტომ რომ ეს საგნები გარკვეულ სხვადასხვა ტერმინოლოგიას მოითხოვს) რაც შეეხება, ე.წ. პოპულარულ მასწავლებლებს, პროგრამაში 2017 წლიდან არიან ჩართულები, არიან, რა თქმა უნდა, გამორჩეული მასწავლებლები, რომლებიც ენის დღეს დაჯილდოვდნენ. მათგან 2 ახლაც ეროვნულ ჯილდოზეა წარდგენილი. პროგრამაში მონაწილე მასწავლებლები არ არიან ისეთები, როგორც საჯარო სკოლებში, რომლებიც საფეხურიდან მიჰყვებიან მოსწავლეებს, მაგალითად 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით. პროგრამაში მასწავლებლები არიან დონეების მიხედვით, მაგალითად ა 1 დონის მასწავლებელი არის 12 ადამიანი, იმან იმდენი უნდა იშრომოს ბავშვებთან მთელი წლის განმავლობაში და ესეც გვაძლევს მერე გარკვეულ სტატისტიკას, რომ ბავშვი უნდა მივიდეს ა1+ დონემდე, არსებობს ასევე შუალედური ჯგუფებიც, იმიტომ რომ ბავშვის პირდაპირ ა2 დონეზე გადაყვანა ხშირად რთულია. რაც შეეხება სერტიფიკატს, ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი არ გაიცემა, ამ საკითხზე გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს, რომ ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტი შეიმუშავოს. ცენტრისგან გაიცემა ცნობა, რომ ბავშვი სწავლობს ონლაინ ქართულს და ხშირად ყოფილა შემთხვევა, მოსწავლეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში დასჭირვებია ქართული ენის ონლაინ შესწავლის დამადასტურებელი ცნობა. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც უფრო მეტი მომართვიანობაა, უმეტესად ესენია: იტალია, გერმანია, სადაც ჩვენი დიასპორაა, საბერძნეთი, ამერიკა. ირაკლი ზარქუა დაინტერესდა:    ჩვენს მიერ აქედან გადამზადებულ საკვირაო სკოლის მასწავლებლებს, იქ მუშაობა თუ ეთვლებათ სამუშაო სტაჟში? და თუ არ ეთვლებათ, რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს ამის გამოსასწორებლად? საკვირაო სკოლების პედაგოგების უმეტესობა არ არის პროფესიით პედაგოგი, ამიტომ თუ ხდება მათთვის, გადამზადების და ტრენინგების გატარების შედეგად ოფიციალურად რაიმე სტატუსის მინიჭება და შემდგომ უკვე მათი მეთვალყურეობა, გაკვეთილების პროგრამის შესაბამისად ჩატარების კუთხით? ასევე საინტერესოა გამოწვევების, პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. თუ არსებობს ამ ეტაპზე პარლამენტის მხრიდან რაიმე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა? ასევე საინტერესოა, როგორ ხდება მასწავლებლების მოძიება, როგორც საკვირაო სკოლებისთვის, ისე ონლაინ გაკვეთილებისთვის? ანი კუდუხაშვილის განმარტებით ეს ორი განსხვავდება ერთმანეთისგან. კერძოდ, ვინც ონლაინ ასწავლის ისინი ე.წ. სტატუსიანი მოქმედი მასწავლებლები არიან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში მუშაობენ, პარალელურად საღამოს საათებში ამ საქმიანობას ახორციელებენ. ასევე მოქმედებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდამჭერი პროგრამა და ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ონლაინ ვასწავლით და იქაც ეს მასწავლებლები არიან ჩართულნი. რაც შეეხება, უკვე პირისპირ საკვირაო სკოლებს, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყო უკვე რამოდენიმე წელია. იქ არ არიან პროფესიით პედაგოგები, შეიძლება არც პედაგოგიური გამოცდილება ჰქონდეთ და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ამ ადამიანების პროფესიული გადამზადება და დატრენინგება. ამასთან, საკვირაო სკოლის მასწავლებლის კეთილი ნებაა რომ ჩაერთოს ტრენინგებში, მისი სურვილის შესაბამისად, თუმცა ისინი ითხოვენ, რომ ამ 120 საათიანი კურსის გავლის შემდეგ, მათთვის გადაცემულ სერტიფიკატს ჰქონდეს იურიდიული ძალა, რომელიც გამოადგებათ მაგალითად, საქართველოში საჯარო ან კერძო სკოლაში სამსახურის დაწყების შემთხვევისთვის. სწორედ ამ კუთხით არის სამუშაო და თუკი ჩვენი სახელმწიფო ამ მხრივ გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, ეს ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს თანამემამულე მასწავლებლებს. ირაკლი ზარქუას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკვირაო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც უსასყიდლოდ, პატრიოტიზმის მაღალი გრძნობის გამო ასწავლიან ჩვენს პატარა თანამემამულეებს, შევუქმნათ მოტივაცია რომ ჰქონდეთ ინტერესი გაიარონ ეს კურსები, რათა მომავალში შეძლონ აქ ჩამოსვლა და მათთვის სასურველ პროგრამაში მუშაობა. ილია ინჯია დაინტერესდა თუ გვაქვს სტატისტიკა, რომ ვინც ეს კურსი გაიარა იმან ჩააბარა მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო ენის გამოცდა და შესაბამისად აიღო საქართველოს მოქალაქეობა? მუხრან გულაღაშვილის განცხადებით, ეს იყო საპილოტე შემთხვევა, როცა განათლების სამინისტროსთან ერთად გაკეთდა მასწავლებლების გადამზადება, და ძალიან კარგი შედეგებიც დაიდო. თავიდან დიასპორის წარმომადგენლების ნაწილი ცოტა სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ მერე იმდენად მოეწონათ, იმდენად კარგი შედეგი დაიდო რომ უკვე ძალიან ბევრი თხოვნა წამოვიდა რომ ეს პროგრამა კვლავ გაგრძელდეს. შესაბამისად, თუ კი ეს პროგრამა ასე გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი სამოტივაციო შესაძლებლობები ჩაიდება აუცილებლად მივალთ იმ შედეგამდე, რომ ყველას დიდი სურვილი გაუჩნდება, შეისწავლოს მშობლიური - ქართული ენა. ნოდარ ტურძელაძე დაინტერესდა რამდენად საკმარისია 42 მასწავლებელი? და თუ არის გეგმაში, რომ ონლაინ ფორმატში, ქართული ენის მსგავსად, მოხდეს ბავშვებისთვის ქართული სიმღერის გაკვეთილების ჩატარება? ზურაბ რურუა დაინტერესდა თუ ხდება აღნიშნული ონლაინ გაკვეთილების ჩაწერა? ციური ანთაძე დაინტერესდა შემდეგი საკითხით: 2024 წლის მოკვლევის ერთ-ერთ გამოწვევად, პედაგოგების მიერ, დასახელდა ჯგუფში სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ცოდნის მქონე მსმენელების არსებობა და ხომ არ არის ეს გათვალისწინებული პედაგოგების დატრენინგების დროს? როგორია სწავლების სპეციფიკური მეთოდიკა ასეთ ჯგუფებთან კომუნიკაციის დროს? ანი კუდუხაშვილის განმარტებით ონლაინ სკოლაში ეს გათვალისწინებულია და ასაკობრივი კატეგორია და ცოდნის დონე გამიჯნულია, თუმცა საკვირაო სკოლა, რადგან კვირაში ერთხელ ტარდება, დიფერენცირების საშუალება ნაკლებად არსებობს. მომხსენებლებმა სხდომაზე დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. ირაკლი ზარქუამ მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისა და წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი საკვირაო სკოლების მასწავლებლებს გადამზადებისთვის გავუჩინოთ დამატებითი მოტივაცია გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შედეგად. მისი განმარტებით ერთია პატრიოტიზმი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რომ საზღვარგარეთ ჩვენმა პატარა თანამემამულეებმა საფუძვლიანად შეისწავლონ ქართული ენა და სხვა საგნები. ქართული არ არის მარტივი, და ყველა გრამატიკული ნიუანსი უნდა იყოს დაცული. ამისთვის ბუნებრივია, უნდა შეიქმნას სამოტივაციო მოცემულობა, რათა საკვირაო სკოლების პედაგოგებმა გამოხატონ გადამზადების სურვილი. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-2 საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს კომიტეტის დებულებაში შესატან ცვლილებებზე. კომიტეტმა გადაწყვიტა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა: 1. მოისმინა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაცია, ქართული დიასპორის მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. 2. შეიმუშავა კომიტეტის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი. სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ზარქუა სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი