წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა - გატარებული რეფორმები და რეზერვის გაძლიერება

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.09.2025
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი
ნომერი
#[57a6]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-09-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 19

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა 2025 წლის 3 სექტემბერი, 10:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა - გატარებული რეფორმები და რეზერვის გაძლიერება. მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე. 2. საქართველოს მთავრობის წარდგინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად მამუკა მდინარაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ. (N1-8072/25; 02.09.2025)
ოქმი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა ოქმი N19 2025 წლის 3 სექტემბერი, 10:00 საათი საქართველოს პარლამენტის სასახლე ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) სხდომის თავმჯდომარე: ალექსანდრე ტაბატაძე − კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, იოსებ ჯორბენაძე, ირაკლი ხელაძე სხდომა გახსნა თავმჯდომარემ და დაადასტურა კვორუმის არსებობა. ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა სხდომის დღის წესრიგი. 1. საქართველოს მთავრობის წარდგინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად მამუკა მდინარაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ. (N1-8072/25; 02.09.2025) 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა - გატარებული რეფორმები და რეზერვის გაძლიერება. მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა კომიტეტის წევრებს და აღნიშნა, რომ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, განსახილველ საკითხთა დღის წესრიგს დაემატა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურის განხილვა. საკითხის დღის წესრიგისთვის დამატებას კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მიზანშეწონილია სხდომის დახურულ რეჟიმში მოსმენა, რის შემდეგადაც საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ სხდომა განახლდა ღია რეჟიმში. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 193-ე მუხლის შესაბამისად, მხარს დაუჭირა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. ამასთანავე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ კანდიდატის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევის საკითხი კომიტეტის სხდომაზე ამომწურავად იქნა განხილული, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი, განხილვის გარეშე, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში კენჭსაყრელ საკითხებში შეტანა. 2. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე მომხსენებელი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და განაცხადა: „მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი - თავდაცვის ახალი კოდექსის ფარგლებში ამოქმედებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობა და მისი წარმატებული შედეგები. ეს არის სარეზერვო სისტემის გაძლიერებასა და ახალგაზრდების რეალურ საბრძოლო მომზადებაზე ორიენტირებული რეფორმა, რომელიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვიუნარიანობას და რომელიც თქვენი, პარლამენტის ძლიერი მხარდაჭერით განხორციელდა. „თავდაცვის კოდექსის“ შესაბამისად, 2025 წლის პირველი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, გაუქმდა გაწვევის არსებული სისტემა და ძალაში შევიდა როგორც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალი წესი, ასევე სამსახურის პირობები. რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდა მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები - ჩამოყალიბდა სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო და შეიქმნა გაწვევის ელექტრონული პროგრამა ძველი სისტემით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ახორციელებდა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები და ამ პროცესში ჩართული არ იყვნენ სამხედროები. თავდაცვის კოდექსის ამოქმედების შემდეგ, 2024 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო, კერძოდ, მის სტრუქტურაში ახლადჩამოყალიბებული სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. გაწვევის ორგანიზებულად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით, სააგენტო ჩამოყალიბებიდან მალევე დაკომპლექტდა კვალიფიციური ოფიცრებითა და სერჟანტებით, შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტში აღნიშნულ პროცესს უკვე სამხედრო მოსამსახურეები ხელმძღვანელობენ. სააგენტო ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე დაკომპლექტდა ახალი ავტოტექნიკით (მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტომობილებით, მაღალმთიანი რეგიონებისთვის) და მატერიალურტექნიკური საშუალებებით. უმოკლეს დროში ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში იგეგმება გაწვევის სამსახურებისთვის ახალი ოფისების გახსნა. 2025 წელს წვევამდელების წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო პირველი იანვრიდან და დასრულდება 30 ნოემბერს. გაწვევას ექვემდებარებიან 18დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველი. გასულ წლებში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს წვევამდელები გადიოდნენ სხვადასხვა „ძალოვანი“ უწყების შემადგენლობაში; მიმდინარე რეფორმის შედეგად, 2025 წლიდან წვევამდელები სამხედრო სამსახურს გადიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, ხოლო მათი შერჩევა ამ სამსახურისთვის ხორციელდება სპეციალურად, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში შექმნილი ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე. ელექტრონული სისტემით პროცესის მართვა პრაქტიკულად გამორიცხავს ადამიანის სუბიექტურ ჩარევას გაწვევის პროცესში და თანაბარ პირობებს ქმნის ყველა წვევამდელისთვის. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელების გაწვევის ორგანიზების ეს მოდელი ითვალისწინებს ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებას და მაქსიმალურად უზრუნველყოფს სამართლიან მიდგომას. ჩვენი რეფორმის ინსტიტუციური მიზნები - ნაკლოვანი სისტემის დახვეწა და რეზერვის გაძლიერებაა. განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, ასევე, ხელი შეუწყო ზოგიერთი პირის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მავნე პრაქტიკის შეცვლას და ვეღარ ხორციელდება ისეთი არაკეთილსინდისიერი გზით გადავადების მიღება როგორიც იყო ე.წ. მღვდელმსახურის სტატუსი, რომელიც გამოიყენებოდა არაერთი ფსევდო რელიგიური ორგანიზაციების მიერ, საკუთარი კეთილდღეობის მიზნით. ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა 2025 წლიდან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არის შესაძლებელი. ახალწვეულები სამსახურის პერიოდში სრულად დაკავდებიან სამხედრო საქმით, გაივლიან სრულყოფილ საბრძოლო მომზადებას, რაც მოიცავს როგორც სამხედრო წვრთნებს, ასევე თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, შესაბამისად, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ქვეყნის სამხედრო რეზერვს შეემატება ერთი სტანდარტით მომზადებული მოქალაქეები, რაც დაეხმარება თავდაცვის ძალებს სამომავლოდ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში და განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამობილიზაციო რეზერვის სისტემა. სამობილიზაციო რეზერვი შედგება მაღალი მზადყოფნის და ზოგადი სამობილიზაციო რეზერვისაგან. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტება/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, აგრეთვე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით. სწორედ მაღალი მზადყოფნის რეზერვში ჩაირიცხებიან პირები, რომლებსაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური აქვთ გავლილი და თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, შემდგომი 10 წლის განმავლობაში გაივლიან რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამას, არაუმეტეს 15 დღისა წელიწადში. პროგრამა შესაძლებლობას მისცემს რეზერვისტებს, შეინარჩუნონ სამხედრო უნარ-ჩვევები და საჭირო დროს შეძლონ ისეთი ამოცანის შესრულება, როგორიცაა კრიზისების დროს მოკლე დროში რეაგირება, ამავდროულად, უზრუნველყოფს ქვეყნის სამხედრო ძალების მომზადებული პერსონალით გაძლიერებასა და შევსებას. დასახული მიზნების შესასრულებლად შეიცვალა წვევამდელთა სამხედრო სამსახურის სახეები და სამსახურის პერიოდი. 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადა აღარ არის 12 თვე. წვევამდელმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შესაძლებელია იმსახუროს 6-8 ან 11 თვის ვადით: 6 თვის ვადით სამხედრო სამსახურის გავლა ხდება საბრძოლო ქვედანაყოფში, ასეთი სახის სამსახურში საბრძოლო მომზადების ინტენსივობა გაცილებით უფრო მაღალია, ხოლო სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს; 8 თვის ვადით სამხედრო სამსახურის გავლა ხდება საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში, სადაც საბაზისო საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები თავის მოვალეობას ასრულებენ სამ დღეში ერთხელ სამსახურის პრინციპით. გაწვეული მოსამსახურეების ქვედანაყოფებში ჩარიცხვა ხდება ტერიტორიული პრინციპის მაქსიმალური დაცვით, რათა დასვენების უფლების გამოყენების დროს სამხედრო მოსამსახურემ მარტივად შეძლოს საკუთარ სახლამდე და უკან მგზავრობა. 11 თვის ვადით სამსახურისთვის შერჩევა და დაკომპლექტება ხდება მხოლოდ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელებისგან. შერჩეული წვევამდელები იმსახურებენ საბრძოლო ქვედანაყოფში ოფიცრის ან სერჟანტის უმცროს სამეთაურო ან საშტაბო თანამდებობაზე და გამოცდილი ინსტრუქტორების მხარდაჭერით უხელმძღვანელებენ 6 თვის ვადით გაწვეულ რიგითთა შემადგენლობას. 11-თვიანი სამსახური, ძირითადად, სტუდენტებისა და უკვე უმაღლესი განათლების მქონე პირებისთვის არის ხელსაყრელი, რადგან სამსახურის დასრულების შემდეგ, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი ლეიტენანტის ან სერჟანტის სამხედრო წოდებით ჩაირიცხებიან რეზერვში, ამასთანავე, სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ. ზემოთ ჩამოთვლილი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეები იძლევა იმის საშუალებას, რომ გაწვევის სისტემა იყოს მაქსიმალურად მოქნილი, ხოლო გაწვევის ასაკის მქონე მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ მათთვის მისაღები სამსახურის ფორმა. რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ანაზღაურება, წახალისდა სამსახურის ნებაყოფლობითი გავლა და არსებითად გაუმჯობესდა სამსახურის პირობები. წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად არის გაზრდილი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხული მოსამსახურეების ანაზღაურებაც, რაც 6 თვის ვადით სამსახურისთვის შეადგენს 765 ლარს ყოველთვიურად, 8 თვის ვადით სამსახურისთვის 635 ლარს, ხოლო 11 თვის ვადით სამსახურისთვის 1275-დან 1530-ლარამდე. ამასთანავე, გამოძახებამდე ნებაყოფლობით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლის დაფიქსირების და შემდგომ ჩარიცხვის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს ზემოთ დასახელებულ ხელფასზე ბონუსის სახით დაემატება 30%. ნებაყოფლობით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ელექტრონულ გვერდზე, რომელიც კონკრეტულად ამ მიზნით არის შექმნილი. გარდა გაზრდილი ანაზღაურებისა, თავდაცვის სამინისტრო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, აღჭურვილობით, კვებით, სამედიცინო მომსახურებით, მათ შორის, მაღალი დონის სამედიცინო დაზღვევით. აღსანიშნავია, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების და საკონტრაქტო-პროფესიულ სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გადიან იდენტური პირობებით. რეფორმის დასაწყისი მოსალოდნელზე წარმატებული აღმოჩნდა და უკვე მკაფიოდ ჩანს მნიშვნელოვანი შედეგები. უწყება პროაქტიულ რეჟიმში აქტიურად მუშაობს, რომ დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს. განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომელსაც იმედით და ფრთხილი ოპტიმიზმით ვეკიდებოდით, მოსალოდნელზე დიდი აქტიურობა გამოიწვია წვევამდელებს შორის, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე 2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეების თითქმის ნახევარი ნებაყოფლობით დარეგისტრირებული მოქალაქეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა. ერთის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს რიგებში ერთიანდებიან მოტივირებული, საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნის მსურველი ახალგაზრდები, რომლებიც სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, გადაინაცვლებენ რეზერვში და, საჭიროების შემთხვევაში, მაღალ დონეზე შეძლებენ შეასრულონ მათთვის მიცემული დავალებები; მეორეს მხრივ, თავდაცვის სამინისტრო უახლოვდება თავის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას - წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გახადოს იმდენად მიმზიდველი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ მისი დაკომპლექტება სრულად განხორციელდეს ნებაყოფლობითობის პრინციპით, ისევე როგორც ბევრ პარტნიორ ქვეყანაშია. 2025 წლის გაწვევის დაწყებიდან 8 თვის შემდეგაც, ყოველდღიურ რეჟიმში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირების მსურველების მზარდი დინამიკა ნარჩუნდება, რაც განპირობებულია რიგი ფაქტორებით, კერძოდ, ყველა მუნიციპალიტეტში გაწვევის სამსახურების სამხედრო მოსამსახურეები აქტიურ კომუნიკაციაში არიან სამოქალაქო საზოგადოებასთან, ორგანიზდება და ტარდება შეხვედრები სოფლებში, ქალაქებში, საშუალო სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში. ღია კარის დღეების პრინციპით ხდება, უკვე გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების მშობლების მოწვევა სამხედრო ნაწილებში და მათთვის გაცნობა, თუ როგორ პირობებში მსახურობენ მათი შვილები, როგორაა მოწყობილი ინფრასტრუქტურა, სად ცხოვრობენ, როგორ იკვებებიან და საჭიროების შემთხვევაში, სად იღებენ სამედიცინო მომსახურებას... გარდა ამისა, სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მიერ წესად დამკვიდრდა ნებაყოფლობით გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის მადლობის წერილების დაგზავნა, რამაც ასევე დადებითი გავლენა იქონია სამხედროთა და ახალწვეულთა ოჯახის წევრების ურთიერთობებზე. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ საქმიანობისა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მოქალაქეების დადებითი განწყობების ჩამოსაყალიბებლად და, უნდა აღინიშნოს, რომ მათი მხრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისადმი ნდობა აშკარად გაზრდილია. დღეის მდგომარეობით, უკვე განხორციელდა საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისთვის წვევამდელების გაწვევის 3 ეტაპი, ხოლო საბრძოლო ქვედანაყოფებში გაწვევის ერთი ეტაპი; ყველა ეტაპზე გაწვევის გეგმა შესრულდა სრულად. მნიშვნელოვანია და ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე ჩარიცხულმა სამხედრო მოსამსახურეებმა თავი გამოავლინეს როგორც მაღალი მოტივაციისა და პასუხისმგებლობიანმა მოქალაქეებმა, რომლებიც მზად არიან ემსახურონ საკუთარ სამშობლოს. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპისთვის უკვე განხორციელებულმა ცვლილებებმა გაამართლა, რისი დასტურია ის ფაქტიც, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის 2025 წლის გაწვევის გეგმა შესრულდება სრულად, 100%-ით. საერთო ჯამში, აღნიშნული რეფორმა ემსახურება მეტი მოტივირებული, მომზადებული, სამშობლოზე მზრუნველი ახალგაზრდის მომზადებას, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას განაპირობებს“. (კომიტეტის ვებგვერდზე სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიოჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი ალექსანდრე ტაბატაძე მაია კომლაძე