„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.11.2025
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#180/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 213-ე მუხლის: ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ოქროს სიაში შეყვანით პირს 2028 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით.“. ბ) მე-9 და მე-10 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. 2028 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა. 10. 2028 წლის 1 იანვრამდე საბაჟო ორგანოსთვის ამ კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება.“. 2. 214-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. ამ კოდექსის X წიგნის მოქმედება შეჩერდეს 2028 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მომზადება გამოწვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დებულებების ამოქმედების გადავადებითა და საქართველოს საბაჟო კოდექსის ცალკეული ნორმების ამოქმედების შეჩერების აუცილებლობით და ზოგიერთი გარდამავალი დებულების მოქმედების გადავადების საჭიროებით. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს საბაჟო ფორმალობებში ჩართულ პირებს უკეთ მოახდინონ ადაპტირება კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის ცალკეული ნორმების ამოქმედების შეჩერება და ზოგიერთი გარდამავალი დებულების მოქმედების გადავადება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საბაჟო ფორმალობებში ჩართული პირები შეძლებენ ისარგებლონ გამარტივებული წესებით. გარდა ამისა, პირები, რომელთაც საქართველოში შემოაქვთ სხვადასხვა სახის საქონელი, შეძლებენ გამოიყენონ მოქმედი საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად შემოთავაზებულია იმ დებულებების მოქმედების გადავადება, რომელთაც ვადა ეწურებათ 2026 წლის 1 იანვარს. კერძოდ: 1. 213-ე მუხლის მე-7 ნაწილის ახალი რედაქცია ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი, „ოქროს სიის“ მარეგულირებელ ნორმის მოქმედების გადავადებას 2028 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის არსებობას. აღნიშნული სისტემა დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ ეტაპობრივად უნდა განახორციელოს აღნიშნული სისტემის სრულყოფილი ამოქმედება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებით ათეული წელია იცნობს „ოქროს სიის“ დეფინიციას, რომლის მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მსგავსად სარგებლობს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით და სხვადასხვა პროცედურული ბენეფიტებით. სწორედ არსებული „ოქროს სიის“ მონაწილეები მოიაზრებიან პირებად, რომლებიც დააკმაყოფილებენ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად აუცილებელ მოთხოვნებს. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის ამოქმედებისათვის, გარდა საკანონმდებლო ბაზის არსებობისა, აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რომელიც ინტენსიურად ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ (მათ შორის, თანამშრომლების მომზადება გადამზადება, ევროპული პრაქტიკის გაზიარება, კერძო სექტორთან, ძირითადად „ოქროს სიის“ მონაწილეებთან კომუნიკაცია და მათი მომზადება ახალ სისტემაში ადაპტირებისათვის და ა.შ). მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვიდრე არ იმოქმედებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სრულყოფილი სისტემა, „ოქროს სიის“ მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა ისარგებლონ გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით. 2. 213-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილების ახალი რედაქცია ითვალისწინებს საქონლის საქართველოში შემოტანასთან ან საქონლის საქართველოდან გატანასთან დაკავშირებით ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას 2028 წლის 1 იანვრამდე. საქონლის შემოტანისას/გატანისას ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენის შესაძლებლობა დადგენილ იქნა 2019 წლის სექტემბრიდან ამოქმედებული საქართველოს საბაჟო კოდექსით, თუმცა აღნიშნული დებულებები აქამდე არ ამოქმედებულა. გარდა პროგრამული უზრუნველყოფისა, აუცილებელია გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლების სწავლება და შესაბამისად მომზადება, რათა მათ შეძლონ საბაჟო ორგანოს ელექტრონულ სისტემაში ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენა. აღნიშული აქტივობები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად. ამასთან, ახალ სისტემაზე გადასასვლელად საკმარისი არაა მხოლოდ საბაჟო ორგანოს მხრიდან მზაობა, შესაბამისად მიზანშეწონილია აღნიშნული დებულებების ამოქმედება გადავადდეს. 3. საბაჟო კოდექსის მე-10 წიგნი, რომლის ამოქმედება შეჩერებულია 2026 წლის 1 იანვრამდე, ითვალისწინებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების დებულებებს. აღნიშნული წიგნი შედგება 32 მუხლისაგან და ითვალისწინებს ისეთი სახის შეღავათებს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, საქონელს ენიჭება მისი საქართველოში შემოტანის მიზნიდან გამომდინარე. საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერი საქონელი, რომელიც საქართველოში შემოტანილ იქნა გადასახადისაგან გათავისუფლებით მისი შემოტანის მიზნიდან გამომდინარე, ექცევა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და გრძელვადიანი პერიოდში საბაჟო ორგანომ უნდა აკონტროლოს ამ საქონლის მიზნობრივად გამოყენების სისწორე. იმისათვის, რომ საბაჟო ორგანომ სრულყოფილად განახორციელოს ახალი შეღავათების გამოყენების ადმინისტრირება, აუცილებელია გათავისუფლების ახალ სისტემაზე გადასვლამდე სრულად იქნეს გამართული მისი ყველა კომპონენტი, კერძოდ, შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავება, საქონლის გაშვების შემდგომ მისი მიზნობრივად გამოყენების ადმინისტრირება და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების დებულებების ამოქმედება შეჩერდეს 2028 წლის 1 იანვრამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლის ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია 2026 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის ა.ვ) ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნით დადგენილი შეღავათების ამოქმედება შეჩერდება 2028 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან შენარჩუნდება იმპორტის გადასახადისაგან განთავისუფლების საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედი შეღავათები და 2028 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული შინაარსობრივად ახალი და უფრო ფართო შეღავათები, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი პირი ისარგებლებს გათვალისწინებული შეღავათებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს „ოქროს სიაში“ შეყვანილ პირებზე, ვინაიდან, მათ 2028 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდებათ უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლონ გამარტივებული პროცედურებით. შედეგად, აღნიშნული პირები დაზოგავენ დროს და ფინანსურ რესურსს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარჯი, რომელსაც დაზოგავენ ეს პირები არის ე.წ. სატერმინალო ხარჯები. „ოქროს სიის“ მონაწილეს უფლება აქვს საქართველოში შემოტანილი ტვირთი საბაჟო გამშვები პუნქტიდან პირდაპირ საკუთარ საწყობში გადაზიდოს შესაბამისი საბაჟო ფორმალობების დაცვით. ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენის ვალდებულების შეჩერებასთან დაკავშირებული დებულებების გადავადება დადებითად იმოქმედებს იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანენ ან გაიტანენ საქონელს, რადგან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა ჩაეთვლებათ ზოგადი დეკლარაციის წარდგენად. საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნით დადგენილი შეღავათების ამოქმედება შეჩერდება 2028 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული უარყოფით ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებისთვისაც საბაჟო კოდექსი ითვალისწინებდა ახალი შეღავათების ამოქმედებას 2026 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ახალი შეღავათები უფრო ფართო და მრავალფეროვანია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.