„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.12.2025
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#223/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 433) 381 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „მუხლი 38 . ზედმეტად გაცემული კომპენსაციის ლეგალიზაცია 1. 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული კომპენსაცია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. 2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე. 3. 2025 წლის 1 ნოემბრამდე კომპენსაციიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე კომპენსაციის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლები, მათ შორის კომპენსაციის მიმღები პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება, ამავე პირის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალება და სხვა. სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტა ხორციელდება შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. სახელმწიფო კომპენსაციის თანხების ზედმეტად გაცემა ხდება, ძირითადად, პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების დაწყების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით მიღებისას, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტის შესახებ ინფორმაციის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში დაგვიანებით ასახვისას და სხვა. სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირი ვალდებულია სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობოს კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შესახებ ამ საფუძვლის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში. ზემოაღნიშნული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის (ძირითადად, კანონით გათვალისწინებული საჯარო საქმიანობის დაწყება) წარმოშობის შესახებ ინფორმაციას ბენეფიციარი არ აწვდის სააგენტოს. გარდა ამისა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით დამსაქმებელი დასაქმებულების განაცემთა შესახებ ინფორმაციას ადეკლარირებს ყოველი თვის 15 რიცხვამდე, რომელიც შეთანხმებული ფორმატით ადმინისტრირების ორგანოს მიეწოდება ყოველი თვის 25 რიცხვამდე. ამასთან, განაცემთა შესახებ ინფორმაციის დაკორექტირების შესაძლებლობა დამსაქმებელს აქვს 3 წლის განმავლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ინფორმაციის გვიან მოწოდების გამო ზედმეტად ხდება სახელმწიფო კომპენსაციის თანხების გაცემა - გასაცემლის შეწყვეტა ხორციელდება დაგვიანებით და იწყება ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების ბენეფიციარისთვის მტკივნეული პროცესი, რომელიც ხშირად დროში ხანგრძლივდება და ხანდაზმული მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, ვინაიდან მათ უწევთ თანხების უკან დაბრუნება, სასამართლო პროცესები და ა.შ. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების პროცესში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილის ოჯახი პირის გარდაცვალებას სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვიან არეგისტრირებს (თვეში დაახლოებით 30 ასეთი შემთხვევაა), რაც იწვევს კომპენსაციის თანხების ზედმეტად გაცემას, ხოლო მომდევნო ეტაპზე - მისი უკან დაბრუნებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ამ კატეგორიის ზედმეტად გადახდილი თანხებიც ლეგალიზებას დაექვემდებაროს. ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნება შემდეგი პრინციპით ხორციელდება: სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების ორგანოს მონაცემთა ბაზასა და მომსახურე ბანკიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზედმეტად მიღებული თანხის ბიუჯეტში აღდგენის თაობაზე წერილი იგზავნება მოქალაქესთან (გარდაცვალების შემთხვევაში - მის მემკვიდრესთან). თუ მოქალაქე (მისი მემკვიდრე) თანხმობას აცხადებს თანხის ბიუჯეტში აღდგენაზე, მისი წერილობითი დასტურის საფუძველზე თანხის უკან დაბრუნება ხდება ერთჯერადად ან ეტაპობრივად - საგადახდო დავალების წარდგენით ან სხვა პერიოდული სახელმწიფო გასაცემლიდან თანხის 20%-ის დაქვითვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე (მისი მემკვიდრე) არ აცხადებს თანხმობას თანხის უკან დაბრუნებაზე, საქმე სასამართლოში იგზავნება. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო. აქედან გამომდინარე, ამ პირთა სოციალური მხარდაჭერისა და სოციალური უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, საჭიროა მათ მიმართ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ზედმეტად გაცემული კომპენსაციის თანხების ლეგალიზების შესახებ, რაც დადებითად აისახება საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებულია გასულ წლებშიც (2013, 2016 და 2021 წლები). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იქიდან გამომდინარე, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესებს ზედმეტად გაცემული კომპენსაციის უკან დაბრუნების პირობებს, საჭიროა ცვლილება შევიდეს ამავე კანონში, რათა მოხდეს 2021 წლის 1 აპრილიდან (ბოლო ლეგალიზაციის თარიღი) 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები/გარდაცვლილი პირების მემკვიდრეები გათავისუფლდნენ სახელმწიფოს მიმართ კომპენსაციის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისგან. ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია. შედეგად, შესაბამისი პირები/გარდაცვლილი პირების მემკვიდრეები გათავისუფლდებიან სახელმწიფოს მიმართ კომპენსაციის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან, რაც გამორიცხავს ამ მოტივით მათი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. ამასთან, შეწყდება ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს საერთო სასამართლოები კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ადმინისტრირებას განახორციელებენ არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მისი მიღება გამოიწვევს იმ პირთა ფინანსური ვალდებულების შეწყვეტას სახელმწიფოს მიმართ, რომელთაც ეს ვალდებულება წარმოეშვათ 2021 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში სახელმწიფო კომპენსაციის ზედმეტად (არასწორად) დარიცხვისა და გაცემის გამო. გასაცემლების ადმინისტრირების ორგანოს - სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით (კანონპროექტის ინიციირების დროისთვის), კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეღავათი შეეხება სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ 252 პირს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 600 000 ლარს. ამასთან, ზედმეტად გაცემულ კომპენსაციის თანხებთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოება მიმდინარეობს 32 საქმეზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს საერთო სასამართლოები კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ადმინისტრირებას განახორციელებენ არსებული რესურსების ფარგლებში. ამასთან, დამატებით გასაწევი აღარ იქნება აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები/გარდაცვლილ პირთა მემკვიდრეები გათავისუფლდებიან სახელმწიფოს მიმართ კომპენსაციის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან - 2021 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ 252 პირს, მათ შორის, 32 პირს, რომელთა მიმართ მიმდინარეობს სასამართლო წარმოება, აღარ ექნება ზედმეტად გაცემული კომპენსაციის უკან დაბრუნების ვალდებულება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშო რისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.