„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.12.2025
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#223/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-12-08
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 261. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ლეგალიზაცია 1. 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. 2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე. 3. 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაკავებული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის თანხები, აგრეთვე საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სოციალური დახმარების სახეებია, სხვებს შორის, სოციალური პაკეტი და საარსებო შემწეობა. სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-12 მუხლით განსაზღვრულია სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლები, მათ შორის, სოციალური პაკეტის მიმღები პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება (გარდა შშმ პირებისა), ამავე პირის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, პირის გარდაცვალება და სხვა. სოციალური პაკეტის შეწყვეტა ხორციელდება შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. სოციალური პაკეტის თანხების ზედმეტად გაცემა ხდება, ძირითადად, პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების დაწყების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით მიღებისას, სოციალური პაკეტის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტის შესახებ ინფორმაციის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში დაგვიანებით ასახვისას და სხვა. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის თანახმად, ბენეფიციარი ვალდებულია სოციალური პაკეტის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობოს სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შესახებ ამ საფუძვლის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლის (ძირითადად, კანონით გათვალისწინებული საჯარო საქმიანობის დაწყება) წარმოშობის შესახებ ინფორმაციას ბენეფიციარი არ აწვდის სააგენტოს. გარდა ამისა, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით დამსაქმებელი დასაქმებულების განაცემთა შესახებ ინფორმაციას ადეკლარირებს ყოველი თვის 15 რიცხვამდე, რომელიც შეთანხმებული ფორმატით ადმინისტრირების ორგანოს მიეწოდება ყოველი თვის 25 რიცხვამდე. ამასთან, განაცემთა შესახებ ინფორმაციის დაკორექტირების შესაძლებლობა დამსაქმებელს აქვს 3 წლის განმავლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ინფორმაციის გვიან მოწოდების გამო ზედმეტად ხდება სახელმწიფო გასაცემლის გაცემა - სოციალური პაკეტის შეწყვეტა ხორციელდება დაგვიანებით და იწყება ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების ბენეფიციარისთვის მტკივნეული პროცესი, რომელიც ხშირად დროში ხანგრძლივდება და ხანდაზმული მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, ვინაიდან მათ უწევთ თანხების უკან დაბრუნება, სასამართლო პროცესები და ა.შ. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, სოციალური პაკეტის ადმინისტრირების პროცესში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილის ოჯახი პირის გარდაცვალებას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვიან არეგისტრირებს (თვეში დაახლოებით 30 ასეთი შემთხვევაა), რაც იწვევს სოციალური პაკეტის თანხების ზედმეტად გაცემას, ხოლო მომდევნო ეტაპზე - მისი უკან დაბრუნებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ამ კატეგორიის ზედმეტად გადახდილი თანხებიც ლეგალიზებას დაექვემდებაროს. ზედმეტად გაცემული თანხების უკან დაბრუნება შემდეგი პრინციპით ხორციელდება: სოციალური პაკეტის ადმინისტრირების ორგანოს მონაცემთა ბაზასა და მომსახურე ბანკიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზედმეტად მიღებული თანხის ბიუჯეტში აღდგენის თაობაზე წერილი იგზავნება მოქალაქესთან (გარდაცვალების შემთხვევაში - მის მემკვიდრესთან). თუ მოქალაქე (მისი მემკვიდრე) თანხმობას აცხადებს თანხის ბიუჯეტში აღდგენაზე, მისი წერილობითი დასტურის საფუძველზე თანხის უკან დაბრუნება ხდება ერთჯერადად ან ეტაპობრივად - საგადახდო დავალების წარდგენით ან სხვა პერიოდული სახელმწიფო გასაცემლიდან თანხის 20%-ის დაქვითვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე (მისი მემკვიდრე) არ აცხადებს თანხმობას თანხის უკან დაბრუნებაზე, საქმე სასამართლოში იგზავნება. რაც შეეხება სოციალური დახმარების მეორე სახეს - საარსებო შემწეობას, მისი მიღების მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციისას ოჯახი ადასტურებს, რომ თანახმაა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის (ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება (ოჯახის შემადგენლობიდან გასვლა), დამატება), საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლის, ოჯახის წევრის სპეციალიზებულ დაწესებულებაში, პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს ადმინისტრირების ორგანოს ცვლილების თვის მომდევნო თვის ბოლომდე. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ხშირად ვლინდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ოჯახის მხრიდან ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის (ოჯახის წევრის სამ თვეზე მეტი ვადით საზღვრის კვეთა, გარდაცვალება, პენიტენციურ ან სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსება) გვიან მიღების გამო ხდება საარსებო შემწეობის თანხების ზედმეტად დარიცხვა. ამ შემთხვევაშიც, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ორგანოს მონაცემთა ბაზასა და მომსახურე ბანკიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზედმეტად მიღებული თანხის ბიუჯეტში აღდგენის თაობაზე წერილი იგზავნება მოქალაქესთან (გარდაცვალების შემთხვევაში - მის მემკვიდრესთან). თუ მოქალაქე (მისი მემკვიდრე) თანხმობას აცხადებს თანხის ბიუჯეტში აღდგენაზე, მისი წერილობითი დასტურის საფუძველზე თანხის უკან დაბრუნება ხდება ერთჯერადად ან ეტაპობრივად - საგადახდო დავალების წარდგენით ან საარსებო შემწეობიდან თანხის 20%-ის დაქვითვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე (მისი მემკვიდრე) თანხმობას არ აცხადებს თანხის უკან დაბრუნებაზე, საქმე სასამართლოში იგზავნება. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები და სოციალური პაკეტის მიმღები ბენეფიციარები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები, მარჩენალდაკარგულები და სხვა) მოსახლეობის ერთერთი ყველაზე მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებიან. აქედან გამომდინარე, ამ პირთა სოციალური მხარდაჭერისა და სოციალური უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, საჭიროა მათ მიმართ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის თანხების ლეგალიზების შესახებ, რაც დადებითად აისახება საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებულია გასულ წლებშიც (2016 და 2021 წლები). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იქიდან გამომდინარე, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესებს ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ლეგალიზაციის პირობებს, საჭიროა ცვლილება შევიდეს ამავე კანონში, რათა მოხდეს 2021 წლის 1 აპრილიდან (ბოლო ლეგალიზაციის თარიღი) 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ლეგალიზაცია და შესაბამისი ოჯახები/პირები/გარდაცვლილი პირების მემკვიდრეები გათავისუფლდნენ სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისგან. ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ლეგალიზაცია. შედეგად, შესაბამისი ოჯახები/პირები/გარდაცვლილი პირების მემკვიდრეები გათავისუფლდებიან სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან, რაც გამორიცხავს ამ მოტივით მათი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. ამასთან, შეწყდება ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ლეგალიზებული საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს საერთო სასამართლოები კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ადმინისტრირებას განახორციელებენ არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მისი მიღება გამოიწვევს იმ პირთა ფინანსური ვალდებულების შეწყვეტას სახელმწიფოს მიმართ, რომელთაც ეს ვალდებულება წარმოეშვათ 2021 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ზედმეტად (არასწორად) დარიცხვისა და გაცემის გამო. გასაცემლების ადმინისტრირების ორგანოს - სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაციით (კანონპროექტის ინიციირების დროისთვის), კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეღავათი შეეხება: ა) სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 130 500 ლარს; ბ) საარსებო შემწეობის მიმღებ 1444 პირს/ოჯახს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 2 653 678 ლარს. ამასთან, ზედმეტად გაცემულ კანონპროექტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების თანხებთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოება მიმდინარეობს 49 საქმეზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს საერთო სასამართლოები კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ადმინისტრირებას განახორციელებენ არსებული რესურსების ფარგლებში. ამასთან, დამატებით გასაწევი აღარ იქნება აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობისა და სოციალური ოჯახები/პირები/გარდაცვლილ პირთა პაკეტის ლეგალიზაცია მემკვიდრეები და შესაბამისი გათავისუფლდებიან სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან - 2021 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს და საარსებო შემწეობის მიმღებ 1444 პირს/ოჯახს, მათ შორის, 49 პირს, რომელთა მიმართ მიმდინარეობს სასამართლო წარმოება, აღარ ექნება ზედმეტად გაცემული სოციალური დახმარების უკან დაბრუნების ვალდებულება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: გამოყენებული ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.