საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი 2026 წლის 27 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით საპარლამენტო დელეგაციის კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.02.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-1315/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-02-09
ბიუროს ნომერი 111

📜 ტექსტი

წერილი
2-1315/26 05-02-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმოგიდგენთ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ანგარიშს, რომელიც გაიმართა 2026 წლის 27 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით. დანართი 3გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში (2026 წლის 27 იანვარი-1 თებერვალი, ქ. სეული) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა: ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ილია ინჯია - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი; ნოდარ ტურძელაძე - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი. ირაკლი ზარქუა - საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე. საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქ. სეულში, კორეის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ გამართა შეხვედრები კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან- ვი სონგგონთან, ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა და გაერთიანების კომიტეტის თავმჯდომარესთან-კიმ სოკ-კისთან, ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან-სონგ ილ-ჯონგთან, კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების და ბირთვული საკითხების ბიუროს გენერალურ დირექტორთან-ლი ჩულთან და კორეის ეროვნული დიპლომატიური აკადემიის (KNDA) კანცლერთან- ჩო ჰიონგ-ჩანთან. ასევე ვიზიტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა აღნიშნული აკადემიისა და კორეის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტის (IFANS) წამყვან ექსპერტებთან შეხვედრა. ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავდა ბ-ნი ნიკოლოზ სამხარაძის ინტერვიუს კორეის ერთერთ წამყვან ინგლისურენოვან გაზეთ “The Korea Herald”-თან. კორეის რესპუბლიკის პარლამენტში (ეროვნული ასამბლეა) გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. საუბრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას წარმოადგენდა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ხაზი გაესვა, რომ კორეის რესპუბლიკა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციას. თავის მხრივ, საქართველო თანასპონსორია კორეის რესპუბლიკის მიერ ინიცირებული რეზოლუციებისა, რომლებიც კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას ეხება. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კორეა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ვი სონგ-გონთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებზე. კორეულმა მხარემ აღნიშნა, რომ 1992 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, საქართველო-კორეის ურთიერთობები სტაბილურად და დინამიკურად ვითარდება. ქართულმა მხარემ გააცნო კორეელ კოლეგებს ინფორმაცია საქართველოს მზარდი ეკონომიკის შესახებ, მათ შორის ხაზი გაუსვა 2022 წლის შემდეგ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგებას და ამ კუთხით 2030 წლისთვის დასახულ მიზნებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალსა და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო-კაბელის პროექტზე, ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალის კუთხით. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმსჯელეს კულტურულ-ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო გაცვლების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, ქართულმა მხარემ ოფიციალურად მიიწვია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე საქართველოში. კორეის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა და გაერთიანების კომიტეტის თავმჯდომარესთან, კიმ სოკ-კისთან გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ეკონომიკური დღის წესრიგის ხელშეწყობა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის ტურიზმის, ხელოვნური ინტელექტის (AI) და ახალი ტექნოლოგიების სფეროებში. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეის რესპუბლიკასთან პარტნიორობის გაღრმავება წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საგარეო პოლიტიკის რეზოლუციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს, და ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო დიპლომატიის როლზე. ორივე მხარემ ასევე დაადასტურა ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების (EPA) უახლოეს პერიოდში ხელმოწერისთვის მზადყოფნა და პარალელურად ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებაზე (BIT) მუშაობის დროულად დასრულების მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ წამოაყენა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სონგ ილ- ჯონგთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს შეფასებები რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოების საკითხებზე, აგრეთვე იმსჯელეს პოლიტიკურეკონომიკური თანამშრომლობისა და საპარლამენტთაშორისო კონტაქტების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრის ფარგლებში ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ განიხილავს კორეის რესპუბლიკას აზიაში ერთ- ერთ პრიორიტეტულ პარტნიორად, ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციასა და რეგიონულ კრიზისებზე, მათ შორის სომხეთაზერბაიჯანის კონფლიქტზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ ამოცანას, შეინარჩუნოს შიდა სტაბილურობა. კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბირთვული საკითხების ბიუროს გენერალურ დირექტორთან ლი ჩულთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი პოლიტიკური კოორდინაციის გაღრმავებაზე, გაეროს ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებასა და ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე. კორეულმა მხარემ ხაზი გაუსვა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაგროვილ პოზიტიურ გამოცდილებას, მათ შორის გაეროს ფარგლებში. სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე გამოყო სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, მათ შორის კორეის მიერ საქართველოს IDP რეზოლუციის მიმართ პოზიციის შეცვლის კონტექსტში და გამოთქვა მზადყოფნა საერთაშორისო საკითხებზე მჭიდრო კოორდინაციის შემდგომი გაგრძელების მიმართ, განსაკუთრებით კი, ჰუმანიტარული და დენუკლეარიზაციის დღის წესრიგთან მიმართებაში. ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მიმართეს კორეულ მხარეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დასაჩქარებლად. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის ეროვნული დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელთან ჩო ჰიონგ ჩანთან სადაც საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ორმხრივი დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარება. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია დიპლომატიური აკადემიის პროფესორებთან და ექსპერტებთან, რომელიც ეხებოდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნულ დისკუსიაზე მოხსენებით გამოვიდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე, აგრეთვე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გავლენაზე ევრაზიის ქვეყნებისათვის.