„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
08.04.2026
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#293/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-14
ბიუროს ნომერი 125

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის მე-13 მუხლის: 1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობებისა, აგრეთვე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს შექმნასთან დაკავშირებული საქმიანობისა, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული საქმიანობისა, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესთან დაკავშირებული საქმიანობისა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში - საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის საქმიანობისა). ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირისა) უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას, აგრეთვე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობას, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებულ საქმიანობას, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესთან დაკავშირებულ საქმიანობას, მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული თანხმობების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობისა), მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის შესასრულებლად შექმნილ კომისიაში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა) ან საბჭოში (გარდა არაანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შემთხვევისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.“. 2. მე-18 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით და სპორტულ, აგრეთვე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს შექმნასთან დაკავშირებულ, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებულ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესთან დაკავშირებულ საქმიანობებს, მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, ცვლილება ეხება კანონის მე-13 მუხლით დადგენილ, თანამდებობრივი შეუთავსებლობის რეჟიმს, რომელიც საჯარო მოსამსახურეებს და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უკრძალავს გარკვეული სახის ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელებას. წარმოდგენილი ცვლილება ამ ზოგადი აკრძალვიდან ადგენს კონკრეტულ გამონაკლისს. კერძოდ, განათლების სფეროში საკანონმდებლო და სახელმწიფო მანდატით განსაზღვრული პროცესების - „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების შექმნა, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესთან დაკავშირებული საქმიანობები არ ჩაითვლება შეუთავსებელ საქმიანობად. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, საჯარო მოსამსახურისა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ მიიჩნევა მის მიერ დაკავებულ პოზიციასთან შეუთავსებელ საქმიანობად, თუ იგი ახორციელებს: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს შექმნასთან დაკავშირებულ, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებულ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესთან დაკავშირებულ საქმიანობებს. აღსანიშნავია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების (1353-Vმს-XIმპ; 04/02/2026) მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას სკოლა განახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით. აღნიშნული სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში ჩართული არიან საჯარო მოსამსახურეები და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ხსენებული საკანონმდებლო ცვლილება სახელმძღვანელოების შექმნის სამართლებრივი ჩარჩოს ფუნდამენტურად გარდაქმნას მოითხოვს, რადგან ხსენებულ ცვლილებამდე სახელმძღვანელოების შექმნა წარმოადგენდა კონკურენტულ, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებულ პროცესს, სადაც კერძო პირები, გამომცემლობები და განათლების სექტორის სხვა მონაწილეები დამოუკიდებლად ქმნიდნენ სასწავლო მასალებს. ახალი სამართლებრივი მოდელის თანახმად კი, ეს პროცესი მოექცა სახელმწიფოს სრული კოორდინაციის ქვეშ და სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილი გახდა, რაც მოიაზრებს შესაბამის დარგში ცოდნის, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული/სამეცნიერო გამოცდილების მქონე პირთა, ასევე, შესაბამისი საგნობრივი ასოციაციების და ა.შ. წარმომადგენლების ჩართულობას. ამასთან, აღნიშნული პროცესი ობიექტურად მოითხოვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების - სამინისტროების, საჯარო მოსამსახურეთა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უშუალო ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების შემუშავებასა და შეფასებაში. აღნიშნული სახელმძღვანელოების შინაარსის ექსპერტიზა, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, მეთოდოლოგიური ხარისხის კონტროლი და ასაკობრივ ჯგუფთა შესაბამისობის შეფასება მოითხოვს კვალიფიციურ პერსონალის ჩართულობას, რომელიც ფლობს როგორც სათანადო სამეცნიერო-პედაგოგიურ კვალიფიკაციას, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში დაგროვებულ პრაქტიკულ გამოცდილებას. ამდენად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოქმედი ნორმა ქმნის სამართლებრივ კოლიზიას: ერთი მხრივ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი კომპეტენტური საჯარო მოსამსახურეებისა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ჩართვას გულისხმობს სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში, ხოლო მეორე მხრივ, კანონის მოქმედი ნორმა გამორიცხავს აღნიშნული პირების ჩართულობას. წარმოდგენილი ცვლილება სწორედ ამ სამართლებრივი წინააღმდეგობის გადაჭრას ემსახურება და განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ამასთან, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში მონაწილე პირებზე გავრცელებით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ - ცენტრი) აღმოჩნდა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. კერძოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესების სრულყოფილად წარმართვის მიზნით, მნიშვნელოვანია, მასში მონაწილეობა მიიღონ მაღალკვალიფიციურმა და გამოცდილმა პირებმა, რომელთა ძირითად საქმიანობასთან ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა გახდა შეუთავსებელი და რიგ შემთხვევებში ისინი, სწორედ ამ მიზეზით ვერ ახერხებენ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მიღებას. იგივე ვრცელდება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესში და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესში მონაწილე პირებზეც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების უზრუნველსაყოფად, გააჩნია ექსპერტთა კორპუსი, რომელშიც ერთიანდებიანისეთი პირებიც, რომლებიც ძირითად საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო უწყებებში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტული საქმიანობა, თავისი შინაარსით, არამუდმივია და ცენტრი ექსპერტებთან საჭიროებისამებრ სხვადასხვა სიხშირით თანამშრომლობს. მათი აბსოლუტური უმრავლესობისთვის აკრედიტაციის ან ავტორიზაციის ექსპერტობა დამატებით საქმიანობას წარმოადგენს და ძირითად სამსახურებრივ მოვალეობას, სხვა, მათ შორის, საჯარო დაწესებულებებში/ორგანიზაციებში ასრულებენ. იმის გათვალისწინებით, რომ მთელი რიგი მიმართულებით ექსპერტული ცოდნა დეფიციტურია, ცენტრისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექსპერტები. სხვა შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესების განხორციელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრის ექსპერტების საქმიანობა შემოიფარგლება ერთჯერადად აკრედიტაციის ან ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობით და ფაქტობრივად გარდაუვალია სხვა ძირითად საქმიანობასთან შეთავსება, მიზანშეწონილია, რომ კანონის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხების მარეგულირებელი მოქმედი ნორმა არ გავრცელდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტებზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, უმაღლესი, პროფესიული, ზოგადსაგანმანათლებლო და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოებისა და სააპელაციო საბჭოების, ასევე, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრთა შემადგენლობა პერიოდულად მტკიცდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საბჭოს კატეგორიისა და წევრობის სტატუსის შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით (ერთიდან სამ წლამდე). თითოეული საბჭოს წევრად განსაზღვრულია ხუთიდან ოცამდე წევრი. საბჭოები, განსახილველი საკითხების რაოდენობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მისაღებად იკრიბებიან სხვადასხვა სიხშირით. აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის აკრედიტაციის ან ავტორიზაციის ექსპერტობა დამატებით საქმიანობას წარმოადგენს და ძირითად სამსახურებრივ მოვალეობას სხვა, მათ შორის, საჯარო დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ასრულებენ. საბჭოს წევრობა დაკავშირებულია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან, რამდენადაც საბჭო, როგორც კოლეგიური ორგანო, გადაწყვეტილებას იღებს საგანმანათლებლო დაწესებულების/საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის თაობაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს წევრებს ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება, რაც, თავის მხრივ, გათვალისწინებულია საბჭოს წევრობის შერჩევის კრიტერიუმებში. შესაბამისად, განათლების სისტემისთვის საბჭოების განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე, არსებითად მნიშვნელოვანია კვალიფიციური პროფესიონალების მონაწილეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოების განსაკუთრებული ფუნქციის, მათ შორის, შესაბამისი კვალიფიკაციური კადრების დეფიციტურობის გათვალისწინებით, აგრეთვე საბჭოს წევრობის საქმიანობის არამუდმივი ხასიათიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, თანამდებობრივ შეუთავსებლობასთან დაკავშირებული კანონის მოქმედი შეზღუდვები არ გავრცელდეს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და სააპელაციო, ასევე პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრებზე. ამდენად, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, ასევე, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების საქმიანობასთან დაკავშირებით, ცვლილებით შემოთავაზებული გამონაკლისის დაშვებით, ცენტრი შეძლებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების სრულფასოვნად და შეუფერხებლად შესრულებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან, ანაზღაურებადი საქმიანობის შეთავსების საკითხები რეგულირდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, აუცილებელია ზემოაღნიშნული ცვლილებები აისახოს წარმოდგენილ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულ პირებს მიეცემათ საშუალება შეთავსებით განახორციელონ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს შექმნასთან დაკავშირებული, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესთან დაკავშირებული ანაზღაურებადი საქმიანობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-18 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეებს უფლება მიეცემათ შეთავსებით განახორციელონ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს შექმნასთან დაკავშირებული, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესთან დაკავშირებული ანაზღაურებადი საქმიანობები, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან პროექტით წარმოდგენილი ინიციატივები მიზანშეწონილია დარეგულირდეს დროის მოკლე მონაკვეთში. ვინაიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების (1353-Vმს-XIმპ; 04/02/2026) საფუძველზე, ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება-დამტკიცების პროცესი უკვე დაწყებულია და აუცილებელია ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ განათლების სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა ნაწილი საჯარო მოსამსახურე ან საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. სახელმძღვანელოების შექმნისათვის განსაზღვრული ვადების (2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე) გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ აღნიშნული სამართლებრივი საკითხი დროულად იქნეს მოწესრიგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდება, რაც უარყოფითად აისახება ზოგადი განათლების ხარისხზე და სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი პირდაპირ დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს შემდეგ პირებზე: ა) საჯარო მოსამსახურეებზე და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე, რომლებიც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის/უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე ჩაერთვებიან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების შექმნაში - მათ მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ანაზღაურება სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობისათვის ან სარედაქციო-საექსპერტო მომსახურებისათვის; ბ) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა კორპუსის წევრ იმ ექსპერტებზე, რომელებიც ძირითადად საქმიანობენ სახელმწიფო უწყებებში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. აღნიშნულ პირებს, შეეძლებათ შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელის/უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული თანხმობით, განაგრძონ ცენტრთან თანამშრომლობა და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. ასევე, სამომავლოდ საჯარო მოსამსახურეებს და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, რომელთაც სურვილი ექნებათ შევიდნენ ცენტრის ექსპერტთა კორპუსში, მიეცემათ შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა; გ) ავტორიზაციის, აკრედიტაციის და სხვა საბჭოების იმ წევრებზე, რომლებიც ამავდროულად დასაქმებულნი არიან საჯარო სამსახურში და აღნიშნული კანონიდან გამომდინარე ეზღუდებოდათ ანაზღაურების მიღება. გასათვალისწინებელია, რომ ხსენებული საბჭოების შემადგენლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. წარმოდგენილი ცვლილებით ისინი შეინარჩუნებენ საბჭოს წევრობისთვის გათვალისწინებულ შესაბამის ანაზღაურებას ძირითადი სამუშაოს პარალელურად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.