„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
15.04.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, მარიამ ლაშხი
ნომერი
#296/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-20
ბიუროს ნომერი 128

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 194-ე მუხლის მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ქვეპუნქტი: „ო) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან. ამავე დროს, ანალოგიური შეღავათი არ ვრცელდება აქციზის გადასახადზე, რაც ქმნის მნიშვნელოვან პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს. კერძოდ, აქციზური საქონლის (მათ შორის, მსუბუქი ავტომობილის) შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია, მისი იმპორტისას სახელმწიფოს ეკისრება აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობა და ნეიტრალურობა, სახელმწიფოს უწევს საკუთარი აქტივის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება, რასაც ეკონომიკური შინაარსი არ გაააჩნია და საჭიროებს დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი არ თავისუფლდება აქციზის გადასახადისგან. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც აქციზის გადასახადით დასაბეგრი საქონელი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში, სახელმწიფოს უჩნდება ვალდებულება მოახდინოს მისთვის გადაცემული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა და შესაბამისად, აქციზის გადასახადით დაბეგვრა, რაც დამატებით ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს და ართულებს ასეთი საქონლის სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ განკარგვას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ამასთან, ასევე საქონელი მოქმედი კანონმდებლობით თავისუფლდება დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადებისგან. არსებული პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტა შეუძლებელია მოქმედი რეგულაციების ფარგლებში, რის გამოც აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის გზით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი გათავისუფლდება აქციზის გადასახადისგან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული ცვლილებით სახელმწიფო გათავისუფლდება თავის საკუთრებაში არსებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან, რასაც ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია. აღნიშნულით მარტივდება სამართლებრივი პროცედურები აქციზური საქონლის (მსუბუქი ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა აქციზით დასაბეგრი საქონელი) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევისას, რაც ხელს შეუწყობს მისი დროული რეგისტრაციისა და სახელმწიფოს მიერ მისი შემდგომი განკარგვის პროცესს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც 194-ე მუხლის მე-5 ნაწილს ემატება „ო“ქვეპუნქტი და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი თავისუფლდება აქციზის გადასახადის გადახდისგან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონისთვის უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი, ფორმალურად იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას, ვინაიდან მოქმედი რეგულაციის პირობებში ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის (მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების) იმპორტისას აქციზის გადასახადი აისახება შემოსავლებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი გადამხდელი თავად სახელმწიფოა. აღნიშნული ოპერაცია თავის შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსური რესურსის შიდა გადაადგილებას, რის გამოც საერთო ჯამში, ცვლილება ფისკალურად ნეიტრალურია. ამავე დროს, არსებული საკანონმდებლო ხარვეზის გამო, ბოლო პერიოდში ფაქტიურად შეჩერებულია აღნიშნული კატეგორიის საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, რის შედეგადაც შესაბამისი შემოსავლები პრაქტიკულად არ გენერირდება და შესაბამისად, ცვლილებით გამოწვეული საშემოსავლო დანაკარგი მინიმალურია. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ეხება კერძო სექტორის მიერ განხორციელებულ აქციზით დასაბეგრ ოპერაციებს და არ ამცირებს ეკონომიკური საქმიანობიდან გენერირებულ საგადასახადო შემოსავლებს. ცვლილება გავლენას არ ახდენს ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, ვინაიდან მოქმედი რეგულაციის პირობებში სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის იმპორტისას, სახელმწიფოს ეკისრება აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულება, რაც გულისხმობს შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფას ბიუჯეტიდან. აღნიშნული კანონით გათვლისწინებულ შემთხვევებში ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის სამსახურებს, რომლებიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ ქონების ჩამორთმევას, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, ასევე იმპორტის პროცედურების ადმინისტრირებას. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული ვალდებულება გაუქმდება, რის შედეგადაც გამარტივდება სამართლებრივი პროცედურები, დაჩქარდება ქონების რეგისტრაცია და განკარგვა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო ფინანსებისა და ქონების ეფექტიანი მართვა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომელის მიხედვითაც სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი თავისუფლდება აქციზის გადასახადისგან. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მომზადებულია შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი და მარიამ ლაშხი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი და მარიამ ლაშხი.