„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.04.2026
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#299/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-27
ბიუროს ნომერი 129

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ) ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი – ობიექტი, სადაც ინახება ნარჩენები 3 წელზე ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის, ან 1 წელზე ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილია განთავსებისთვის, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამონაკლისისა;“. 2. მე-6 მუხლის პირველი ნაწილის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება ამ კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად;“; ბ) „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ1) სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით;“. 3. მე-6 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით. აღნიშნული უფლებამოსილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გადაეცეს სხვა მესამე პირს.“. 4. მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს სახიფათო, არასახიფათო და ინერტული ნარჩენების, მათ შორის, მუნიციპალური, ბიოდეგრადირებადი, სამედიცინო, ცხოველური, სპეციფიკური და სხვა ნარჩენების ნაკადების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.“. 5. მე-12 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის მიზნის მისაღწევად და ნარჩენების მართვის პრინციპების და ამ კოდექსის მე11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული პოლიტიკის განსახორციელებლად სამინისტრო ამ კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად ყოველ 3 წელიწადში შეიმუშავებს ნარჩენების მართვის 3-წლიან ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 6. მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის ერთჯერადი, არაუმეტეს 1 წლით გაგრძელება, ხოლო, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლოა განისაზღვროს სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის უფრო ხანგრძლივი ვადით გაგრძელება, თუ დასტურდება, რომ ამით ზიანი არ მიადგება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.“. 7. მე-23 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნებართვა, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებიდან 18 თვის ვადაში შეუთანხმოს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს ნაგავსაყრელის ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. აღნიშნულ პერიოდში ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს.“. 8. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“. 9. 441 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის დისტრიბუტორის მიერ ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის არასწორი/არასრული ინფორმაციის წარმოდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“; დ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშში არასწორი/არასრული ინფორმაციის წარმოდგენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“; ე) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“; ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა (გარდა, ამ მუხლის პირველი- მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“. 10. 47-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილისა) ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 351, მე-40, 401, 402, 42-ე, 43-ე, 44-ე და 441 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 ნაწილი: „101. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სახდელის დადებისას სახდელდადებულმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. თუ ეს პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის აღნიშნული დადგენილებით/საჯარიმო ქვითრით გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.“. 11. 48-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. „ნარჩენების მართვის 2022 – 2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შემდგომი განახლებული ეროვნული სამოქმედო გეგმა, დამტკიცდეს საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის მოქმედების ვადით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ნარჩენების მართვის კოდექსი დღეის მდგომარეობით ითვალისწინებს ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე – ნარჩენების 3 წელზე ნაკლები დროით შენახვას, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის, ან 1 წელზე ნაკლები დროით შენახვას, თუ ნარჩენები განკუთვნილია ფარგლებში, განთავსებისთვის. პერიოდულად გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგში დგება ცალკეული პროდუქტების უფრო ხანგრძლივი ვადით დროებითი შენახვის საჭიროება, იმ პირობით, რომ ამით ზიანი არ მიადგება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. აღნიშნული შეეხება ისეთ ნარჩენებს როგორიცაა: კატალიზატორი, აზბესტი, ნაცარი, წიდა და სხვა. ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული მიზნების მიღწევისა და ნარჩენების მართვის პრინციპების, ასევე ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, საქათველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) კოდექსით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას. მიღებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №160 დადგენილება „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომლის განახლება დაგეგმილია უახლოეს პერიოდში. გათვალისწინებულია, რომ ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის ვადა უნდა შეადგენდეს 3 წელს და ამასთან, თანხვედრაში იყოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის 15-წლიან პერიოდთან (2016–2030 წწ.). თუმცა, სამოქმედო გეგმის 3წლიანი ვადით განახლება იწვევს დროით შეუსაბამობას მოქმედ სტრატეგიასთან. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, კანონში დამატებით განისაზღვრება დათქმა, რომლის საფუძველზეც დასაშვები იქნება, რომ განახლებული სამოქმედო გეგმა ერთჯერადად იყოს 2027– 2030 წლებზე გათვლილი, რათა მისი მოქმედების პერიოდი სრულად შეესაბამებოდეს მოქმედი სტრატეგიის ვადებს 2016-2030 წწ. აღსანიშნავია, რომ სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, განხორციელდა სახიფათო ნარჩენების მართვის მიზანშეწონილობის ანალიზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით, საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების მონაწილეობით. შემუშავებული იქნა რეკომენდაციები და განისაზღვრა კონკრეტული ნარჩენების ნაკადები (აზბესტი, ნაცარი, წიდა და სხვა), რომლის წინასწარი დამუშავების შემდეგ შესაძლებელი გახდება თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელზე მათი უსაფრთხო განთავსება. ზემოაღნიშნული რეკომენდაციები ითვალისწინებს კომპეტენტური ორგანოს განსაზღვრას. შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციის სფეროდ მკაფიოდ განისაზღვრა სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მშენებლობასთან და ოპერირებასთან დაკავშირებული საკითხები. ვინაიდან, სახიფათო ნარჩენების მართვა განეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას და ამასთანავე, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ განსაზღვრულია სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობასა და მართვაზე პასუხისმგებელ პირად, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოს, შესაბამისად სამინისტროს მიერ აღნიშნული ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა განისაზღვრა მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით. ასევე, საჭიროა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, კოდექსის შესაბამისი მუხლების ტექნიკური/ტერმინოლიგიური დახვეწა და მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. ამასთან, საჭიროა დაკონკრეტდეს და დაზუსტდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ნაწილში არსებული სამართალდარღვევების სახეები და ჯარიმის ოდენობები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოაღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს ნარჩენების მართვის კოდექსში, ვინაიდან ამ საკითხებს არეგულირებს აღნიშნული კოდექსი და არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანების გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით. ასევე, საჭიროა შეიქმნას საკანონდებლო საფუძველი ისეთი ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს კანონმდებლობის მოთხოვნების აღსრულებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შემცირდება ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღება და მათ რეალიზაცია ექსპორტის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. განხორციელდება ნარჩენების მართვის კოდექსიდან იმ აქტივობების ამოღება, რომელიც გათვალისწინებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით. მოხდება ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმების სტრატეგიულ დოკუმენტებთან დროული და თანმიმდევრული შესაბამისობის უზრუნველყოფა, სამართლებრივი შეუსაბამობების თავიდან აცილება და დაგეგმვის პროცესის მოქნილობის გაზრდა. ასევე, მოხდება კოდექსში არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გამოსწორება, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომლის მიხედვითაც მოხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვის აღსრულება. კანონპროექტის მიღების შედეგად გაიზრდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ეფექტიანობა. უზრუნველყოფილი იქნება მგვ ორგანიზაციების, მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების მიერ ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულება, გაუმჯობესდება ანგარიშგების ხარისხი და შემცირდება სამართალდარღვევათა რიცხვი მკაფიო საჯარიმო სანქციების არსებობის ხარჯზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად: - საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლება დაადგინოს გამონაკლისი, ნარჩენების დროებით შენახვის ობიექტზე განთავსებისთვის დადგენილი ვადასთან დაკავშირებით; - კონკრეტდება თუ რას უნდა მოიცავდეს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია; - კონკრეტდება სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები; - კოდექსის 40-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომლის თანახმადაც წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით; - კოდექსის 441 მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული დისტრიბუტორის მიერ ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; - 441 მუხლის მე-3 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომელიც აწესებს 5000 ლარიან ჯარიმას რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის. კოდექსის 441 მუხლს ემატება 31 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, არასწორი ინფორმაციის წარდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილება ეფუძნება ვალდებულების ყოველთვიურ ხასიათს და მწარმოებელთა რაოდენობას; - კოდექსის 441 მუხლის მე-4 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც სანქცია (5000 ლარი) გავრცელდება არა მხოლოდ ანგარიშგების შეუსრულებლობაზე, არამედ სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში არასწორი/არასრული ინფორმაციის წარდგენაზეც. კოდექსის 441 მუხლის მე-8 ნაწილი აწესებს 10 000 ლარიან ჯარიმას მგვ-ის ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობისთვის; - კოდექსის 441 მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომელიც აწესებს 5 000 ლარიან ჯარიმას ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ისეთი მოთხოვნების დარღვევისთვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამავე მუხლის პირველი-მე-9 ნაწილებით (მაგ: ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება და ა.შ.); - კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით; - კოდექსის 47-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, რომ 351, მე-40, 401, 402, 42ე, 43-ე, 44-ე და 441 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელი პირს შეიძლება დაედოს დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს 6 თვისა, რაც განპირობებულია დარღვევასთან დაკავშირებული გარემოებების სრულად გამორკვევისა და მტკიცებულებების სრულად შეკრების აუცილებლობით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება განხორციელდება ამ კოდექსითა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით, ხოლო, სახდელის დადების ვადა გარკვეულ მუხლებზე განისაზღვრება ამ კოდექსით. დღეისთვის სახდელის დადების ვადის ათვლა იწყება ჩადენის დღიდან, ცვლილება კი გარკვეულ მუხლებზე ითვალისწინებს ვადის ათვლას გამოვლენის დღიდან, რადგან მოცემული მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის დღის განსაზღვრა ფაქტიურად შეუძლებელია და მიზანშეწონილია, რომ ათვლა დაიწყოს გამოვლენის დღიდან; - კოდექსის 47-ე მუხლს ემატება 101 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმის 20%-ით შემცირებას, თუ პირი მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის, მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290 მუხლით დადგენილია ანალოგიური საშეღავათო დათქმა, 8 რომელიც დამრღვევს აძლევს საშუალებას დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადაიხადოს ჯარიმა 20% ფასდაკლებით. მნიშვნელოვანია, ანალოგიური შეღავათით ისარგებლონ პირებმა საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული გადაცდომების ჩადენის შემთხვევაშიც. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე ზრუნვა რაც ასახულია 2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნულ პროგრამაში. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემის დანერგვა ასახულია 2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნულ პროგრამაში და საქართველოს განვითარების სტრატეგიაში ხედვა 2030. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ნარჩენების მართვის კოდექსი დღეის მდგომარეობით ითვალისწინებს ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე – ნარჩენების 3 წელზე ნაკლები დროით შენახვას, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის, ან 1 წელზე ნაკლები დროით შენახვას, თუ ნარჩენები განკუთვნილია ფარგლებში, განთავსებისთვის. პერიოდულად გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგში დგება ცალკეული პროდუქტების უფრო ხანგრძლივი ვადით დროებითი შენახვის საჭიროება (ეს საჭიროება მით უფრო მძაფრია იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ მოქმედებს სახიფათო ნარჩენების არცერთი თანამედროვე ნაგავსაყრელი), იმ პირობით, რომ ამით ზიანი არ მიადგება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. ერთ-ერთი ასეთი მიზანი არის დაკავშირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციასთან. როგორც ცნობილია, ინტენსიური საავტომობილო მოძრაობის მაგისტრალებისა და დიდ ქალაქებში აზოტის ოქსიდებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ პრობლემის უმთავრესი წყარო ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ავტომობილების ტექნიკურ მდგომარეობასა და ასაკთან. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჰქონდეს კატალიზური კონვერტორი. იმის გამო, რომ კატალიზური კონვერტორები შეიცავს ძვირფას მეტალებს (პლატინა, პალადიუმი, როდიუმი და სხვ.) და ბაზარზე მას გააჩნია მაღალი ღირებულება, ადგილი აქვს ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღებას და მათ რეალიზაციას ექსპორტის გზით, რამაც წარსულში მასიური ხასიათი მიიღო. აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ივნისის №233 დადგენილებით, შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში და კატალიზატორის ნარჩენების ექსპორტი შეჩერდა 2026 წლის 1 მაისამდე. აღნიშნული აკრძალვის შედეგად, მოხდა კატალიზატორების ამოღებისა და მათი ექსპორტის გზით რეალიზაციის პრევენცია, რაც ერთერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული აკრძალვის ვადა იწურება 2026 წლის 1 მაისს, ხოლო მისი გაგრძელების სამართლებრივ შესაძლებლობას ზღუდავს ნარჩენების მართვის კოდექსის არსებული რედაქცია (ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე 1-3 წელზე ნაკლები დროით შენახვის ლიმიტები), დღის წესრიგში დადგა წარმოდგენილი ცვლილების მიღების საჭიროება. ეს პრობლემა ასევე ეხება სხვა სახის სახიფათო ნარჩენებსაც, როგორიცაა: აზბესტი, ნაცარი, წიდა, რომლებიც განთავსებულია დროებითი შენახვის ობიექტებზე და ასევე საჭიროებს დროებითი შენახვის ვადების გახანგრძლივებას მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვამდე (ექსპორტზე გატანა ან თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დაცვით ქვეყანაში აღდგენა ან განთავსება). აქვე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ ნარჩენების მართვის კოდექსი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვისა და ამ ობიექტის ოპერირების სპეციალური მოთხოვნების დარღვევისთვის ითვალისწინებს ჯარიმას და შესაბამისად ეს დამატებით ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის ამ სფეროში დასაქმებულ პირებს. ასევე, საჭიროა რაც შეიძლება დროულად დაიწყოს იაღლუჯას ვადაგასული პესტიციდების განთავსების ტერიტორიაზე დაცვითი ღონისძიებების გატარება და იქ თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების ობიექტისა და ნაგავსაყრელის მოწყობისთვის შესაბამისი სამუშაოების დაწყება. ამ ღონისძიებების განხორციელება „სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №443 განკარგულებით დაევალა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“, რომელიც მართვის უფლებით არის გადაცემული სამინისტროზე. ნარჩენების მართვის კოდექსში სამინისტროს უფლებამოსილების სფეროში შესაბამისი დამატებების შეტანა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ზემოხსენებულ ვადაგასული პესტიციდების განთავსების ტერიტორიაზე გადაუდებელი დაცვითი/გამაფრთხილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი წლების ბიუჯეტებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი ჯარიმების დაწესებას. კერძოდ: წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით; მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული დისტრიბუტორის მიერ ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის არასწორი/არასრული ინფორმაციის წარმოდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; მგვ-ის ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით; მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა (გარდა, 441 მუხლის 1-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და დაკისრებული ჯარიმების რაოდენობაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს ის გარემოებაც, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ დაჯარიმებული პირი ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. შესაბამისად, შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილიც. გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება ამ შეღავათის გამოყენებით გადახდილი ჯარიმების რაოდენობაზე. კანონპროექტს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა არ ექნება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას იქონიებს სახიფათო ნაგავსაყრელის მშენებლობასთან და მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც გამოყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები განხორციელდება სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის ფარგლებში. კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ადმინისტრირებას ახდენს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ვინაიდან ის ობიექტების შემოწმებას ისედაც ახორციელებს, ახალი ჯარიმის სახეობების შემოღება დაკავშირებული არ იქნება დამატებით ადამიანური და ფინანსური რესურსის გამოყოფასთან. რაც შეეხება, სახიფათო ნაგავსაყრელის მშენებლობასთან და მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ეს ხარჯები გამოყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გამოსაყოფი თანხების ოდენობა განსაზღვრული იქნება შესაბამისი პროექტის მომზადების საფუძველზე. სახიფათო ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს გარკვეული გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც აპირებდნენ კატალიზატორების ნარჩენების ექსპორტს, რომელიც შეჩერებულია 2026 წლის 1 მაისამდე და თუ საქართველოს მთავრობის მიერ მოხდება ამ ვადის გაგრძელება. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია საექსპორტო ნარჩენების რაოდენობაზე და მის საბაზრო ღირებულებაზე. ვინაიდან, კანონპროექტით დგინდება ახალი ჯარიმები, შესაბამისად ამას გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს (ახალი ჯარიმების სახეობები და ოდენობები მოცემულია ბ.ვ ქვეპუნქტში). გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახეზე და ჯარიმის ოდენობაზე. ასევე, ამ პირებზე გავლენა ექნება იმ გარემოებასაც, რომ პროექტის თანახმად თუ დაჯარიმებული პირი ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ფინანსური შედეგი დამოკიდებული იქნება ჯარიმის სახეობაზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი ჯარიმების ადმინისტრირებას მოახდენს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი სახის ჯარიმების შემოღებას. კერძოდ: 1. მე-40 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 2. 441 მუხლს: ა) ემატება 11 ნაწილი: 11. მწარმოებლის გაფართოებული დისტრიბუტორის მიერ ტექნიკური ვალდებულებისადმი რეგლამენტებით დაქვემდებარებული განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“ ბ) ემატება 31 ნაწილი: 31. მწარმოებლის პროდუქტის გაფართოებული მწარმოებლის მიერ ვალდებულებისადმი მწარმოებლის დაქვემდებარებული გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის არასწორი/არასრული ინფორმაციის წარმოდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. „რეგისტრაციის პირობების დარღვევა“ გათვალისწინებული არის ამ მუხლის მე-3 ნაწილში და ითვალისწინებს 5 000 ლარის ჯარიმას. ვინაიდან ამ სამართალდარღვევისთვის სანქცია საკმაოდ მაღალია, ეს სამართალდარღვევა გადადის 31 ნაწილში და ჯარიმის ოდენობა მცირდება 2000 ლარამდე. გ) მე-8 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით: 8. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. დ) ემატება მე-10 ნაწილი: „10. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა (გარდა, ამ მუხლის 1-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. კანონის პროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად განსაზღვრული ჯარიმის განსაზღვრის პრინციპი ეფუძნება არსებული პრაქტიკით გათვალისწინებულ დაშვებებს. ასევე, გაანალიზებულია არსებული სხვადასხვა ჯარიმების ოდენობები, შესაბამისად მოცემულ კანონის პროექტში წარმოდგენილი ახალი ჯარიმის კალკულაცია თანაზომადია და შესაბამისობაში მოდის ანალოგიური სახის სხვა შენატანებთან. გარდა ამისა, მოცემული ჯარიმის შემოღებისას გაანალიზებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.