„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.04.2026
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#300/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 10
III მოსმენა
✓ 84 ✗ 10

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-27
ბიუროს ნომერი 129

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.“. 2. 241 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მთავრობის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ქვეყნის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამართალდამცავი ორგანოების გამართულ, ურთიერთშეთანხმებულ ფუნქციონირებას. საზოგადოების განვითარებასთან ერთად, იცვლება დანაშაულის ხერხები და საშუალებები. შესაბამისად, მუდმივ დახვეწასა და ტრანსფორმაციას საჭიროებს სამართალდამცავი სფეროს მარეგულირებელი პოლიტიკა, დანაშაულთან ბრძოლის მიდგომები და მეთოდები. არსებული სამთავრობო სტრუქტურა არ ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სისტემურ მექანიზმს. ამავე დროს, სამართალდაცვითი ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე უწყებაში. აღნიშნული უწყებების ოპერატიული კოორდინაციის ამ მნიშვნელოვანი სფეროს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საჭიროა არსებობდეს ერთიანი სტრატეგიული მაკოორდინირებელი უწყება მთავრობის შემადგენლობაში, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობა იღებს ზომებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იგი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებაა. ცვლილება უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობას, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვას. მეორე მხრივ, მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას, პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირებას. ასევე, მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი განახორციელებს კოორდინაციას საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან. აღნიშნული ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება სამართალდაცვითი ფუნქციების მქონე სამსახურების საქმიანობის სინქრონიზაცია, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება, აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების დროული მომზადება და დინამიურ გამოწვევებზე ეფექტური და დროული რეაგირება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება აუცილებელია, ვინაიდან, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს მხოლოდ კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში შემოღებულ იქნება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. აღნიშნული ცვლილებით მოხდება სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობის ზრდა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების გზით, ისე რომ, შენარჩუნებული იქნება სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში შემოღებულ იქნება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა დროულად შეიქმნას უწყებათაშორისი კოორდინაციის ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ იქმნება ახალი - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. შესაბამისად, აღნიშნული პირის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის V კარიდან (საშემოსავლო და მოგების გადასახადები) გამომდინარე, წარმოადგენს ფიზიკური პირის დასაბეგრ შემოსავალს და დაექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით (20%-ის ოდენობით). კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში აპარატულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. კანონპროექტის მიღება ასევე არ იქონიებს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ იქმნება ახალი - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით მოხდება მისი შრომის ანაზღაურება. ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას, იგი უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ვინაიდან იქმნება ახალი - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, კანონპროექტის მიღება იქონიებს დადებით ფინანსურ გავლენას შესაბამის თანამდებობის პირზე, რადგან „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით მოხდება მისი შრომის ანაზღაურება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.