საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის (2026 წლის 23−26 თებერვალი) ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.04.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-5039/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-28
ბიუროს ნომერი 130

📜 ტექსტი

წერილი
2-5039/26 27-04-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმოგიდგენთ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის ანგარიშს, რომელიც გაიმართა 2026 წლის 23-26 თებერვალს. დანართი 4გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი ქ. ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ( 2026 წლის 23-26 თებერვალი) დელეგაციის შემადგენლობა • ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დელეგაციის ხელმძღვანელი; • ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; • ირაკლი შატაკიშვილი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; • დავით დოლიძე – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; • ნინო აფხაზავა – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ქ. ბაქოში, აზერბაიჯანში, სადაც საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების რიგით მეათე სამმხრივი სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და კომიტეტების წევრები. გამომსვლელებმა ისაუბრეს სამი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. განიხილეს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტების ხელშეწყობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამი ქვეყნის ენერგეტიკულ დაკავშირებადობას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. პარლამენტების წარმომადგენლებმა საკუთარ გამოსვლებში მიმოიხილეს შიდა პოლიტიკური პროცესები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს საერთო პოზიციონირების მნიშვნელობას. სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ გლობალური გეოპოლიტიკური რყევები და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესუსტება განსაკუთრებით აზიანებს მცირე და მოწყვლად სახელმწიფოებს. მისი თქმით, ამ ფონზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავაც რჩება უკანონო ოკუპაციის ქვეშ. მან ასევე ისაუბრა შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დასავლეთის ზოგიერთი ოფიციალური პირი, ორგანიზაცია და თუ მთავრობა საქართველოს მოუწოდებდა ჩაედინა „ეკონომიკური თვითმკვლელობა“ და დაეწესებინა ორმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ასევე გადასულიყო პოლიტიკური და სამხედრო ესკალაციაზე. მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები არა მხოლოდ უსაფრთხოებას და სტაბილურობას შეუქმნიდა საფრთხეს, არამედ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დააყენებდა. ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე, ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც აძლიერებენ სამმხრივ თანამშრომლობას და ხელს უწყობენ ეკონომიკურ განვითარებას. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა სამ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ეს პარტნიორობა არა მხოლოდ ურთიერთსასარგებლო, არამედ სტრატეგიულად აუცილებელია სამი ქვეყნის კეთილდღეობისა და რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისთვის. მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. ასევე, ირანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. კომიტეტების თავმჯდომარეებმა და წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობა. ხაზი გაუსვეს მის უნიკალურობას და აღნიშნეს, რომ ის იძლევა შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით მოხდეს სამივე მხარისთვის საინტერესო საკითხების განხილვა. სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების შემდეგი სხდომა გაიმართება საქართველოში. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს. ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ საუკეთესო პოლიტიკურ ურთიერთობებზე და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის მუდმივად მზარდ დინამიკაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთიანობის მნიშვნელობას უსაფრთხოების გამოწვევებით სავსე საერთაშორისო გარემოში. საუბრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციებში საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობა წარმოადგენდა. მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემო, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობა და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. შეხვედრა ასევე გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველოაზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, არზუ ნაგიევთან და ჯგუფის წევრებთან. შეხვედრისას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დონეზე არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაძლიერებაში. საუბარი შეეხო სტრატეგიულ პროექტებს - მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ენერგეტიკულ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში. აზერბაიჯანულმა მხარემ ირაკლი ქადაგიშვილს აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მეგობრობის ჯგუფი კიდევ უფრო გააქტიურდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდნენ. მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისისა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციების წევრები. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის უდიდეს მნიშვნელობას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პროცესში. მხარეებმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ, მათ შორის, ნავთობსადენის, გაზსადენისა და რკინიგზის პროექტებზე ისაუბრეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ახალი და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტები იყო, რომლებმაც სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს უნდა დააკავშირონ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისა და მოლოდინების შესახებ ისაუბრა. შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, ირანის ირგვლივ განვითარებული პროცესები და სირიაში არსებული ვითარება.