„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
06.05.2026
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#306/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-11
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 400000000.05.001.021003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 37- ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) 2026 წლის 1 სექტემბრამდე შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა.ა) „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“; ა.ბ) „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“; ა.გ) „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი“; ა.დ) „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“; ა.ე) ტექნიკური რეგლამენტი „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“; ა.ვ) „ტექნიკური რეგლამენტი „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“; ა.ზ) „ტექნიკური რეგლამენტი − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი“; ა.თ) „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“. ბ) 2027 წლის 1 სექტემბრამდე შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ბ.ა) „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესი“; ბ.ბ) „ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“; ბ.გ) „ტექნიკური რეგლამენტი „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“; ბ.დ) „სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“; ბ.ე)„ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“; ბ.ვ) „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე.“ 2. მინისტრმა უზრუნველყოს: ა) 2026 წლის 1 სექტემბრამდე : „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის“ მიღება. ბ) 2027 წლის 1 სექტემბრამდე შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ბ.ა) „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსის შესახებ“ ბრძანების გამოცემა; ბ.ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი მეთოდოლოგიების დამტკიცება; ბ.გ) ზედაპირულ წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; ბ.დ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის წესების განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება; ბ.ე) მიწისქვეშა წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; ბ.ვ) ურბანული ჩამდინარე წყლებით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება.“ 2. 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლები, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“-„გ“, „ე“-„კ“, „მ“, „ნ“, „რ“–„უ“ ქვეპუნქტები, მე-4–მე-7 პუნქტები, მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-9 პუნქტი, მე-7 მუხლი, მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, მე-10 მუხლი, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, მე-12 მუხლი, მე-13 მუხლის „ა“, „გ“– „ვ“ ქვეპუნქტები, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, მე-15 მუხლი, 22-ე მუხლი, 23-ე მუხლის მე2–მე-4 პუნქტები, 24-ე და 25-ე მუხლები, 28-ე მუხლი, 29-ე მუხლის „ა“–„დ“ და „ვ“–„ი“ ქვეპუნქტები, 30-ე მუხლი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”-,,დ”, მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები და მე-3-მე-მე-5 პუნქტი, 32-ე მუხლი, 33-ე მუხლი, 34-ე მუხლი, 36-ე მუხლი, 37ე მუხლის მე-5 პუნქტი და 41-ე მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. 3. ამ კანონის მე-5 მუხლი, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ'' ,,ლ" ,,ო'' ,,პ" ,,ჟ'' ,,ფ" ,,ქ" ,,ღ"„ყ“ ,,შ" ,,ჩ" ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტი, მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-13 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტი, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-16 მუხლი, მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3−მე-5 და მე-7−მე-10 პუნქტები, მე-18-21-ე მუხლები, 23-ე მუხლის პირველი პუნქტი, 26-ე და 27-ე მუხლები, 29-ე მუხლის ,,ე'' ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი, 35-ე მუხლი, 38-ე - მე-40 მუხლები ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „წყლის რესურსების მართვის შესახებ" საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2023 წლის 30 ივნისს და წარმოადგენს სექტორული რეფორმის ფუნდამენტურ სამართლებრივ აქტს, რომელიც ქმნის წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სამართლებრივ საფუძვლებს, ამკვიდრებს სააუზო მართვის პრინციპს და უზრუნველყოფს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაცვისა და მდგრადი გამოყენების სამართლებრივ ჩარჩოს. კანონის ძირითადი მუხლები ძალაში შედის 2026 წლის 1 სექტემბრიდან. კანონის მიღების შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (შემდგომში სამინისტრო) განახორციელა გარკვეული სამუშაოები კანონის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის. კერძოდ, სამინისტროს მიერ შემუშავებული იქნა და 2025 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია სააუზო მართვის მოდელის დანერგვისთვის საჭირო ნორმატიული აქტები: „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“ და „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“. ასევე, სამინისტროს მიერ მომზადებულია და 2026 წლის 1 სექტემბრამდე წარდგენილი იქნება საქართველოს მთავრობაში: „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“; „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობები და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები; „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“; „ტექნიკური რეგლამენტი „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი“. შემუშავების პროცესშია: „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“ და „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი“. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების (RBMPs) პროექტებზე მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს ძირითად ინსტრუმენტს წყლის ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. დღეის მდგომარეობით, მომზადებულია შემდეგი სააუზო მართვის გეგმების პროექტები: მდინარე რიონის სააუზო უბნის მართვის გეგმა; მდინარე ენგურის სააუზო უბნის მართვის გეგმა; ალაზანი-იორის მდინარეთა სააუზო უბნის მართვის გეგმა და უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჭოროხი-აჭარისწყლის მდინარეთა სააუზო უბნის მართვის გეგმისა და ხრამიდებედას მდინარეთა სააუზო უბნის მართვის გეგმის განახლებისა და სრულყოფის პროცესი. მდინარეთა სააუზო მართვის მოდელის სრული მასშტაბით ასამოქმედებლად, იგეგმება მტკვარი-თერგის მდინარეთა სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავება. წყლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგის სისტემის გაძლიერების მიზნით: გაუმჯობესდა სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული შესაძლებლობები 2025 წელს სახელმწიფოს ბიუჯეტით შესყიდული იქნა ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოები: ხელსაწყო ბიოგენური ელემენტების განსაზღვრისთვის; ექტრაქტორი - ამაორთქლებელი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ორგანული ნივთიერებების აქტიური კომპონენტების გამოწვლილვას წყლის ნიმუშებიდან; ჟბმ/ჟქმ-ის განსაზღვრის ავტომატური ხელსაწყო, რომელიც საზღვრავს ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნას და ჟანგბადის ქიმიურ მოთხოვნას. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობის შესრულების უზრუნველყოფას. თუმცა, გარკვეული გაუმჯობესება და ახალი აღჭურვილობის შესყიდვა და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა კვლავ საჭიროა სხვადასხვა პარამეტრების მონიტორინგის მიმართულებით. გაიზარდა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების მონიტორინგის ჩატარების სიხშირე და სინჯის აღების წერტილების რაოდენობა. ხარისხობრივი მონიტორინგის ქსელი მოიცავს როგორც დაკვირვებით, ასევე ოპერაციულ წერტილებს. 2025 წელს სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლის სინჯები აღებული იქნა საქართველოს მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების 238 წერტილში - სულ 2 571 სინჯი. გაფართოვდა მიწისქვეშა წყლის ობიექტებზე დაკვირვების ქსელი - 2025 წელს ქსელს დაემატა ორი ახალი ავტომატური სადგური და ჯამური რაოდენობა 74 ერთეულამდე გაიზარდა. 2023 წლიდან დაიწყო მზადება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად განსახორციელებელი სამუშაოებისთვის, ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი მიწისქვეშა წყლების იდენტიფიცირების მიზნით. გეგმიური ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის გარდა, 2025 წელს ნიტრატების შემცველობის შესახებ პირველადი მონაცემები შეგროვდა 50 წყალპუნქტზე. (19 ჭაბურღილი, 30 წყარო და 1 საყოფაცხოვრებო ჭა). გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მიწისპირა ჰიდროლოგიური სადგურების რაოდენობა, რომელიც ამჟამად 80 ერთეულს შეადგენს. ამავდროულად, ხორციელდება თანამედროვე ჰიდროლოგიური საპროგნოზო და გაფრთხილების სისტემის დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალდიდობის პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინების სისტემის შესაძლებლობებს. 2025 წლიდან სსიპ - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ბიოლოგიური მონიტორინგის სისტემის გაძლიერება, შემუშავდა გეგმა 6 მდინარის აუზის ეტაპობრივი დაფარვისთვის. 2025 წელს საპილოტედ განხორციელდა ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის ერთობლივი მონიტორინგი (ჰიდრომორფოლოგიური, ბიოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები) - 21 სადგურზე ფიტობენთოსის, მაკროუხერხემლოებისა და მაკროფიტების ნიმუშების ჩათვლით. 2026 წელს დაგეგმილია ანალოგიური მონიტორინგის ჩატარება რიონისა და ენგურის აუზებში. გარდა ამისა, გაეროსა და შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერილი პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირება“ ფარგლებში, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ UNDP-ის მხარდაჭერით მოამზადა 11 მდინარის აუზის წყალდიდობის საფრთხეებისა და რისკის რუკები. სამუშაოები განხორციელდა მაღალი გარჩევადობის ჰიდროლოგიურ-ჰიდრავლიკური მოდელირების მეთოდით, სხვადასხვა განმეორებადობის სცენარისთვის (2, 5, 25, 50, 100 და 500-წლიანი). UNDP-ისა და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის ფარგლებში უკვე მომზადებულია წყალდიდობის რისკის მართვის გეგმების პროექტები მდ. სუფსის, ნატანების, კინტრიშისა და ხობისწყლის აუზებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს ამ გეგმების შემუშავება კიდევ 7 აუზისთვის: აჭარა-ჭოროხისწყალი, ენგური, რიონი, მტკვარი, ალაზანი, იორი და ხრამი-ქცია - სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ბოლომდე. მიუხედავად ამისა, კანონის სრულფასოვანი აღსრულება მოითხოვს კომპლექსურ მიდგომასა და მრავალმხრივ ტექნიკურ ექსპერტიზას. კანონის იმპლემენტაციის პროცესში წარმოიშვა გამოწვევები, რომლებიც საჭიროებს გარდამავალი პერიოდის გადახედვას. დღეისათვის კანონის ამოქმედებისთვის საჭირო სამუშაოებს მხარს უჭერს ორი ძირითადი საერთაშორისო პარტნიორი: მსოფლიო ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD). მსოფლიო ბანკის პროექტით ,,წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესება საქართველოში’’ (რომლის ფარგლებში გამოყოფილია 338 395 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი) ითვალისწინებს სამინისტროს მხარდაჭერას შემდეგ სფეროებში: კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება, მათ შორის: ტექნიკური რეგლამენტი „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“; „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე; „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესი“; სააუზო მართვის გეგმების შემუშავებისთვის საჭირო მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავება, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერება. პარალელურ რეჟიმში, მსოფლიო ბანკთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მობილიზებულ იქნა დამატებითი ტექნიკური მხარდაჭერის რესურსი. საერთაშორისო პარტნიორის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს წყლის რესურსების მართვის ახლადშექმნილი დეპარტამენტისა და ნებართვების სამმართველოს ინსტიტუციურ გაძლიერებას. ვინაიდან აღნიშნული სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და ამჟამად მიმდინარეობს მათი კადრებით დაკომპლექტების პროცესი, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება პერსონალის გადამზადება, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება. საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) პროგრამის ,,მდგრადი და ინკლუზიური ირიგაციული სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა საქართველოში” ფარგლებში (აღნიშნული პროგრამიდან სააუზო მართვის გეგმებისა და ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მხარდაჭერისთვის გამოყოფილია 1 000 000 ევრო) შეიმუშავებს მტკვარი-თერგის მდინარეთა სააუზო მართვის გეგმას და შესაბამის ტექნიკურ ანგარიშებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, ორი სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის განახლება, კერძოდ: ხრამი-დებედას მდინარეთა სააუზო უბნის მართვის გეგმა და ჭოროხი-აჭარისწყლის მდინარეთა სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტი. აგრეთვე, ორი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის („წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესი“ და „ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“) და ერთი მეთოდოლოგიის („წყლის ობიექტების ეკოლოგიური სტატუსისა და ეკოლოგიური პოტენციალის კლასიფიკაციის მეთოდოლოგია“) შემუშავება. აღსანიშნავია, რომ პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობები 2023 წლის ნაცვლად, დაგვიანებით მხოლოდ 2026 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო. მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავება კომპლექსური პროცესია. ამ გარდამავალ ეტაპზე, საერთაშორისო ექსპერტული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს რეფორმის ხარისხიან და ეტაპობრივ განხორციელებას, მათ შორის, ისეთი მიზეზების გამო, როგორიც არის ტექნიკური სირთულე - სააუზო მართვის გეგმების მომზადება მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას წყლის ობიექტების ტიპოლოგიის განსაზღვრის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მდგომარეობის შეფასებისა და ეკონომიკური ანალიზის კუთხით, რაც შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკასა და თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დაფუძნებულ მიდგომებს საჭიროებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მეთოდოლოგიის შემუშავება არ ნიშნავს მის დაუყოვნებლივ გამოყენებას. აღნიშნული მეთოდოლოგია საჭიროებს პრაქტიკაში დანერგვას, პრაქტიკაში გამოცდას, მონაცემებზე მორგებასა და ადმინისტრაციულ პროცესებში ინტეგრაციას, რაც დამატებით დროს მოითხოვს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გაწერილია ამ კანონის ცალკეული მუხლების ძალაში შესვლის ვადები, შესაბამისად საჭიროა, რომ ამ ვადების ცვლილება განხორციელდეს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს კანონის გარკვეული მუხლების ძალაში შესვლის თარიღის (2026 წლის 1 სექტემბერი) გადაწევას ერთი წლით. რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს უზრუნველყოს: კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ეტაპობრივად და ხარისხიანად შესრულება საჭირო ტექნიკური ექსპერტიზის ბაზაზე; კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სათანადო ხარისხით შემუშავება და პრაქტიკაში ეფექტიანი დანერგვის უზრუნველყოფა; სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური პოტენციალის განვითარება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად: - ცვლილება შედის კანონის 37-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში და ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების ვადების კორექტირება. კერძოდ, გარკვეული ნორმატიული აქტების მიღების ვადა იწევს ერთი წლით და ნაცვლად 2026 წლის 1 სექტემბრისა, მიეთითება - 2027 წლის 1 სექტემბერი. - ცვლილება შედის 42-ე მუხლის მეორე და მე-3 პუნქტებში და ხდება კანონის გარკვეული მუხლების ამოქმედების ვადის გადაწევა - 2027 წლის 1 სექტემბრამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყაროა: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სსიპ-გარემოს ეროვნული სააგენტოს 2026 – 2027 წლების ბიუჯეტები, ასევე, დონორი ორგანიზაციები - მსოფლიო ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD). ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადების ვადის 2027 წლის 1 სექტემბრისთვის გადატანას, ფინანსური გავლენა არ ექნება არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე და არც სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოზე, ვინაიდან ამ ნორმატიული აქტების მომზადება ხდება ამ უწყებების მიერ არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსების ფარგლებში, დამატებითი ხარჯების გარეშე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გარკვეულ გავლენას მოახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე (წყალმოსარგებლეებზე), რომლებზეც უნდა გავრცელდეს ამ კანონის მუხლები და ვინაიდან ხდება გარკვეული მუხლების ამოქმედების ვადის გადაწევა, შესაბამისად ეს ფიზიკური და იურიდიული პირები დარჩებიან არსებულ მდგომარეობაში. გავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სახის საქმიანობას ეწევიან ეს ფიზიკური და იურიდიული პირები და რამდენად ექცევიან ისინი ახალი კანონის რეგულაციის სფეროში. ასევე, კანონპროექტს გარკვეული გავლენა ექნება იმ ექსპერტებზე, რომლებსაც დონორი ორგანიზაციები - მსოფლიო ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) ქირაობენ, საჭიროების შემთხვევაში. ვინაიდან მათი დაქირავება 2026 წლის ნაცვლად მოხდება 2027 წელს, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ექსპერტების მიერ შესასრულებელი სამუშაოს ოდენობაზე და ხარისხზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის ან მოსაკრებლის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.