ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის მიერ წარმოდგენილი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.05.2026
ავტორი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი
ნომერი
#2-5956/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140

📜 ტექსტი

წერილი
2-5956/26 14-05-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სამუშაო წლის საქმიანობის ანგარიშს. გთხოვთ მიიღოთ ცნობად. პატივისცემით, კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ანგარიში 2025-2026 შესავალი წინამდებარე ანგარიში შემუშავებულია ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის (შემდგომში - კომისია) მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და კომისიის 1 დებულების მეორე მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. 2025 წლის 14 მაისის №578-IIმს-XIმპ დადგენილების საფუძველზე შეიქმნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია. კომისიის მთავარი მიზანია ქალთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის მექანიზმების სისტემური გაძლიერება, ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა, აგრეთვე აღნიშნულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა და მისი ეფექტიანი აღსრულების ზედამხედველობის მექანიზმების განვითარება. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2025 წლის 14 მაისიდან 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით. 2 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ანგარიში 2025-2026 წელი კომისიის საქმიანობა მიმართულია არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებაზე, პოლიტიკის გაუმჯობესებაზე და ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა და ბავშვთა ინტრესების სრულფასოვან დაცვასა და რეალიზებას. კომისიამ შექმნისთანავე დაიწყო აქტიურ და მიზანმიმართული საქმიანობა. საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა და სხდომა, რომელთა ფარგლებში დეტალურად განისაზღვრა კომისიის წევრთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მათზე დაკისრებული ინდივიდუალური თემატური პასუხისმგებლობები. აღნიშნულმა პროცესმა უზრუნველყო კომისიის მუშაობის უფრო ეფექტიანი დაგეგმვა და ფუნქციების გადანაწილება. ამასთან, პარალელურად შემუშავდა შიდა სამუშაო დოკუმენტი - სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენს კომისიის საქმიანობის ძირითად გზამკვლევს. დოკუმენტი განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს, სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე კონკრეტულ ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც მიმართულია კომისიის მანდატის ფარგლებში არსებული საკითხების ეფექტიან გადაწყვეტაზე. აღნიშნული გეგმა უზრუნველყოფს საქმიანობის სისტემურობას, თანმიმდევრულობასა და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას. დასახული სამუშაო გეგმა ეფუძნება სამ ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომლებიც განსაზღვრავს კომისიის საქმიანობის შინაარსს, მიმართულებებსა და კონკრეტულ ამოცანებს: - პირველი პრიორიტეტი უკავშირდება ბავშვთა დაცვასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას ციფრულ გარემოში, რაც მოიცავს როგორც უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებას, ისე განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას თანამედროვე ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებით. - მეორე პრიორიტეტი ეხება ქალთა გაძლიერების ხელშეწყობას ფართო და კომპლექსურ ჭრილში, რაც მოიცავს არა მხოლოდ მათი პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას, არამედ პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას. აღნიშნული მიმართულება გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც წაახალისებს ქალთა კარიერულ წინსვლას, პროფესიული უნარების განვითარებას, ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და სრულფასოვან ჩართულობას საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. - მესამე პრიორიტეტი მოიცავს ოჯახის მხარდაჭერასა და დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ოჯახზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერებას და მისი პრაქტიკული განხორციელების ეფექტიანობის ზრდას. აღნიშნული მიმართულება გულისხმობს როგორც არსებული სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების გაუმჯობესებას, ისე ახალი, მიზნობრივი პროგრამების ინიცირებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგრადობას. 3 კომისია მიზნად ისახავს არა მხოლოდ არსებული მდგომარეობის აღწერას, არამედ პრობლემებზე რეაგირების მექანიზმების განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ქალებისა და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას როგორც ინსტიტუციურ, ისე პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის ბავშვებისთვის ციფრული უსაფრთხოების შესახებ კამპანიების ჩატარებას და ონლაინ ძალადობის წინააღმდეგ რეგულაციების ინიცირებას. ასევე იგეგმება განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული მუნიციპალური პროგრამების ფორმირება და სოციალური მუშაკების მხარდაჭერა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. დემოგრაფიისა და ოჯახის მხარდაჭერის ნაწილში, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს როგორც სოციალური დახმარებების პოლიტიკის გადახედვას მრავალშვილიანი და მოწყვლადი ოჯახებისთვის, ისე არსებული მუნიციპალური პროგრამების შეფასებას და მათი გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებას. დაგეგმილია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის – მათ შორის, ახალგაზრდებისთვის, შშმ პირებისთვის, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების, ეთნიკური უმცირესობებისა და მარტოხელა დედებისთვის – რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების განვითარება, ცნობიერების ამაღლება და სამიზნე მხარდაჭერის მექანიზმების გამართვა. კომისიამ, შექმნიდან მალევე, პირველი მნიშვნელოვანი ფართომასშტაბიანი ღონისძიება გამართა. 2025 წლის 2 ივნისს, კომისიის ორგანიზებით გაიმართა ფორუმი — „ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისათვის“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა კომისიის საქმიანობის ოფიციალურ პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს გაეცნო კომისიის სამოქმედო გეგმა, ძირითადი პრიორიტეტები და ხედვა. ამასთან, ფორუმმა მნიშვნელოვანი პლატფორმა შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათთან საერთო მიზნებისა და მიდგომების გაზიარების მიმართულებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში მოქმედი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა კომისიის გაცნობა და მისი საქმიანობის პრიორიტეტების გაზიარება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სამომავლო კოორდინირებული თანამშრომლობის დასაწყებად. შეხვედრისას მოხდა ინიციატივების პრეზენტაცია და დაისახა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მექანიზმები, რაც კომისიის მიზნების შესრულებისთვის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს. ამ ფორმატით კომისიის აქტივობები მოიაზრებს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონეების პარტნიორობას, რაც დასახული გეგმის ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს. ღონისძიებას 200-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. ბავშვთა საკითხების მხარდაჭერა და განვითარება ბავშვთა კეთილდღეობა, მათი ინტერესების დაცვისა და განვითარების მიმართულება წარმოადგენს კომისიის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს, რომელიც მიზნად მათთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენას, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას და განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობების გაძლიერებას. აღნიშნული მიმართულება მოიცავს როგორც სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესებას, ისე პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას, 4 რომლებიც მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის ხელშეწყობაზე თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის ციფრულ გარემოში უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებაზე. ამ კონტექსტში კომისიის საქმიანობა ეფუძნება პრევენციულ და განვითარებისკენ მიმართულ მიდგომას, რომლის მიზანია ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპის რეალიზება ყველა შესაბამის პოლიტიკასა და პროგრამაში. ბავშვებსა და მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერების მიმართულებით, 2025 წლის 21 ივლისს კომისიამ მიმართა საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს პროექტის – „გმირის დღე“ – განხორციელების ინიციატივით. პროექტის მიზანია ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელება, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება. პროექტი აერთიანებს საგანმანათლებლო და კულტურულ კომპონენტებს, ხოლო მთხრობელ ისტორიკოსთა ჩართულობა უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამის მიღმა ცოდნის გაღრმავებას. საანგარიშო პერიოდში შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა 51 მუნიციპალიტეტში, მათ შორის: თეთრიწყაროს, ხაშურის, ვანის, გარდაბნის, ახალციხის, ხარაგაულის, დედოფლისწყაროს, ფოთის, ბაღდათის, ცაგერის, მარნეულის, ქუთაისის, წყალტუბოს, ყვარელის, ბოლნისის, ხობის, ხონის, ლენტეხის, თერჯოლას, თელავის, საჩხერის, ახმეტის, დმანისის, ბათუმის, ადიგენის, ასპინძის, ქობულეთის, სიღნაღის, აბაშის, ახალქალაქის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში. რომელთა შორის რამდენიმე ქალაქში გამართულ ღონისძიებაში კომისიამ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში სტატისტიკა: ✓ ჩატარდა შეხვედრები: █████████████████████ 51 (80%) ✓ მომავალი შეხვედრები: █████ 13 (20%) პროექტის ფარგლებში შექმნილია სოციალური პლატფორმა გმირის დღე, სადაც მოსწავლეები უზიარებენ თანატოლებს ვიდეო და ფოტო მასალას სხვადასხვა ისტორიული პერსონაჟის შესახებ – სასულიერო პირის თუ საზოგადო მოღვაწის, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს ისტორიაში. პლატფორმა ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით და აერთიანებს ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონიდან. „გმირის დღე“ უზრუნველყოფს ბავშვებსა და მოზარდებში არა მხოლოდ სასკოლო ცოდნის მიღებას, არამედ იმ ღირებულებების გაცნობას, რომლებიც ეფუძნება ეროვნული გმირების ცხოვრებასა და ღვაწლს. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეროვნული თვითშეგნების, ღირსებისა და პატრიოტიზმის აღორძინებისთვის მომავალ თაობაში. სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებასთან ერთად, აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლების სისტემის განვითარებას, მათ შორის განსაკუთრებით - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას. ეს კომპონენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით საგანმანათლებლო პროცესში მათი სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის ფარგლებში, 2025 წლის 17 დეკემბერს კომისიამ ორგანიზება გაუწია და მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში გამართულ კონფერენციაში „ინკლუზიური განათლება სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიმართულებით პროფესიული 5 დიალოგის ხელშეწყობა, როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ასევე ზოგადი განათლების საფეხურზე. კონფერენციის პარალელურად ასევე გაიმართა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო შშმ და სსმ ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა ბავშვთა შესაძლებლობების წარმოჩენას და მათი შემოქმედებითი უნარების მხარდაჭერას. ღონისძიებამ მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა ადრეული და სკოლამდელი განათლების ეტაპზე ბავშვთა საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობაზე, რეგიონებს შორის არსებულ უთანასწორობაზე და სისტემურ პრობლემებზე. შესაბამისად, კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ შედეგს წარმოადგენდა აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და პროფესიული დიალოგის გაძლიერება. სულ მონაწილე: 200 დაინტერესებული პირი ადგილობრივი თვითმმართველობის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები: 69 საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსები: 70 სხვა მონაწილეები: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის ექსპერტები (61) ღონისძიება გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ცოდნისა და გამოცდილების გაცვლისთვის, რაც ხელს უწყობს ბავშვთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და მართვის პროცესების გაძლიერებას რეგიონებსა და დაწესებულებებში. გასული წლის 18 დეკემბერს კომისიის ორგანიზებით, ინკლუზიური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის მიზანი იყო შშმ და სსმ ბავშვების საზოგადოებაში უფრო ეფექტიანი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით მათი მშობლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და გაძლიერება. მშობლების ფსიქოლოგიური მზაობის და კეთილდღეობის თაობაზე თბილისში მოქმედი დღისა და სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარების ოჯახის წევრების წინაშე მოხსენებით წარდგა პროფესორი, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რომლებსაც მშობლები აღზრდისა თუ ინტეგრაციის პროცესში აწყდებიან. სულ მონაწილე: 50 მშობელი ბენეფიციარების ოჯახის წევრები: 100% მონაწილეების პრიორიტეტული ჯგუფი ფოკუსი: მშობლების უნარ-ჩვევების განვითარება, ფსიქოლოგიური მზაობა, ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერა ტრენინგი გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა გამოცდილების გაზიარებისა და მშობლების ჩართულობისთვის, რაც უწყობს ხელს შშმ და სსმ ბავშვების უკეთეს ინტეგრაციას საზოგადოებაში. 2025 წლის 1 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შექმნილ ინკლუზიური სერვისების განვითარების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში. 2025 წლის 3 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის და საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაში. 6 სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერება და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებებს, რომლებიც საერთო მიზანს ემსახურება - თანასწორი, ინკლუზიური და მხარდაჭერაზე ორიენტირებული საზოგადოების ფორმირებას. აღნიშნული მიმართულებები არ შემოიფარგლება მხოლოდ საგანმანათლებლო სისტემით ან ცალკეული ინსტიტუციური ჩარევებით, არამედ საჭიროებს ფართო საზოგადოებრივ ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებას. სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თემატურ კამპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინფორმირებულობის ზრდას, სტიგმის შემცირებას და ინკლუზიური მიდგომების პოპულარიზაციას როგორც განათლების, ისე სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით. 2026 წლის 20 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კომისია ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილებს“ ეწვია. კომისიის წევრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, გაეცნენ მის პროგრამებს და საჩუქრები გადასცეს ბენეფიციარებს. ცენტრი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს და სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალური განვითარების პროგრამებს სთავაზობს. ღონისძიების მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის გაძლიერებაა. 2026 წლის 2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა. ღონისძიების ფარგლებში მულტიფუნქციური საბავშვო სივრცის - „თამაშობანა“ წარმომადგენლებმა ბავშვებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უსაფრთხო და საჭიროებებზე მორგებულ გარემოში ჩართულიყვნენ როგორც გასართობ, ასევე შემეცნებით აქტივობებში. ღონისძიება საზოგადოების ინფორმირებას და აუტისტური სპექტრის მქონე პირების მხარდაჭერის გაძლიერებას ემსახურებოდა. 2026 წლის 28 თებერვალს დაესწრო “საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსის” და “საქართველოს გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდის” მიერ ორგანიზებულ იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში. ღონისძიების მთავარი თემა იყო “სამართლიანობა იშვიათი დაავადებების სამყაროში”. ბავშვთა მხარდაჭერისა და განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტში ერთიანდება და კომისიისთვის განსაკუთრბეული მნიშვნელობის მქონე მიმართულებაა ბავშვთა დაცვა და შესაძლებლობების გაზრდა ციფრულ გარემოში, როგორც თანამედროვე პოლიტიკის ერთერთ მნიშვნელოვანი და გლობალური გამოწვეა. აღნიშნული მიმაღთულებით კომისიამ არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა: გასული წლის 17 ივნისს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მათი მხრიდან გაზიარებული იქნა ძირითადი მიღწევები და გამოწვევები სკოლაში ბავშვთა შორის ბულინგის, ფსიქოლოგიური ძალადობის საკითხებზე, შედგა შეთანხმება სამომავლოდ მანდატურის სამსახურსა და პარლამენტის დროებით კომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. 2025 წლის 18 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომის სამუშაო შეხვედრაში. სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო ქვეყნის პროგრამა (UNICEF CPD 2026-2030). 7 2025 წლის 27 ნოემბერს სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან. შეხვედრა ბავშვთა უფლებების დაცვასა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერის საკითხებს შეეხო, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვას კიბერსივრცეში და ძუძუთი კვების შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული პროტოკოლს. ასევე განხილულ იქნა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები გასული წლის 1 დეკემბერს პარლამენტში ორგანიზება გაუწია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პრევენციულ ზომებზე, ცნობიერების ამაღლებასა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ქართულ რეალობაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ასევე, სამომავლოდ თანამშრომლობის ფორმებზე. შეიმუშავა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, ციფრულ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერების შესახებ. 2025 წლის 12 დეკემბერს ორგანიზება გაუწია და მონაწილეობა მიიღო, მრგვალი მაგიდის შეხვედრაში ყველა რელევანტური უწყების მონაწილეობით. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ციფრული მმართველობის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, მანდატურის სამსახურის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. ღონისძიებების მთავარი თემა იყო, კიბერბულინგი ბავშვებში - კიბერბულინგის რეგულირება საკანონმდებლო დონეზე, არსებული მოწესრიგება, ხარვეზები და გამოწვევები. 2026 წლის 19 იანვარს მონაწილეწობა მიიღო ITU-ს, UNICEF-ისა და გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის (CRC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა ჟენევაში და რომელზეც 50-ზე მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და გაეროს 13 სააგენტომ ოფიციალურად აიღო ვალდებულება ხელოვნური ინტელექტის მიმართ ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომაზე. ღონისძიებაზე ოფიციალურად მოეწერა ხელი "ხელოვნური ინტელექტისა და ბავშვის უფლებების შესახებ ერთობლივ განცხადებას” (Joint Statement on Artificial Intelligence and the Rights of the Child). აღნიშნული ერთობლივი განცხადება წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ადგენს ახალ გლობალურ სტანდარტს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მართვა ბავშვთა უფლებების გათვალისწინებით. 2026 წლის 10 თებერვალს მონაწილეობა მიიღო უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, რომელიც გაიმართება ISOC-საქართველოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების კომისიის თანაორგანიზებით. კომფერენციის მთავარი განსახილველი საკითხები შეეხებოდა: ციფრული წიგნიერების პოლიტიკა და სამომავლო გეგმები; ინტერნეტ სივრცეში ბავშთა დაცვის მექანიზმები; ხელოვნური ინტელექტი, შესაძლებლობები და გამოწვევები. 2026 წლის 19 თებერვალს მონაწილეობა მიიღო, ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“ ხელმძღვანელი კომიტეტის მესამე შეხვედრაში. შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, ასევე წარდგენილ იქნა განახლებული თვისებრივი კვლევისა და ანალიზის ანგარიში სახელწოდებით „ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე რეაგირება და მისი პრევენცია საქართველოში: პროგრესი, ხარვეზები და რეკომენდაციები“ და ლანსაროტის კომიტეტის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები. 8 2026 წლის 4 მაისს სამუშაო შეხვედრა გამართა ონლაინ, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რელევანტურ მხარეებთან და დარგის ექსპერტებთან. ქალთა გაძლიერება და თანასწორობის უზრუნველყოფა ქალთა გაძლიერებისა და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა წარმოადგენს კომისიის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა საკითხების დაცვას, მათი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მიმართულება ეფუძნება თანასწორობის პრინციპს და მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებს. კომისიის საქმიანობა მიმართულია ისეთი გარემოს შექმნისკენ, რომელიც ხელს უწყობს ქალთა აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას და სტრუქტურული ბარიერების შემცირებას, რომლებიც ზღუდავს ქალთა სრულფასოვან მონაწილეობას სხვადასხვა სფეროში. პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში კომისიამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. კომისიის საქმიანობა ამ მიმართულებით მოიცავდა როგორც პრევენციულ და საინფორმაციო ღონისძიებებს, ისე პროფესიულ დიალოგს, გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ჩართულობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი მიდგომების განვითარებას, რომლებიც ხელს უწყობს სტერეოტიპების შემცირებას, ქალთა საკითხების უკეთ გააზრებასა და მათ პრაქტიკულ რეალიზებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამასთან, განხორციელებული აქტივობები მიმართული იყო როგორც პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე, ისე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის აქტიურ ჩართულობაზე, რაც უზრუნველყოფს საკითხისადმი კომპლექსურ და მდგრად მიდგომას. კომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ქალთა პოლიტიკური გაძლიერება, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მათ აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღნიშნული მიმართულებით კომისიამ გამართა გასვლითი შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომელიც 2025 წლის 8-10 ივლისს ჩატარდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ახალციხე, ასპინძა და ნინოწმინდა. გასვლითი შეხვედრების მიზანი იყო ადგილზე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, განსაკუთრებით ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კუთხით. შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, საჯარო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, რაც უზრუნველყოფდა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და არსებული მდგომარეობის კომპლექსურ შეფასებას. დისკუსიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა წარმომადგენლობის ზრდის საჭიროებას ადგილობრივ დონეზე, მათი მონაწილეობის 9 გაძლიერებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და იმ იდენტიფიცირებას, რომლებიც ზღუდავს მათ სრულფასოვან ჩართულობას. ბარიერების შეხვედრებმა ასევე გამოკვეთა პროფესიული განვითარების, ცნობიერების ამაღლებისა და მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერების მნიშვნელობა, რაც აუცილებელია ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისათვის. მიღებული ინფორმაცია და გამოვლენილი საჭიროებები საფუძვლად დაედება შემდგომი აქტივობებისა და პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრას. კომისიის წევრები გასვლითი შეხვედრის ფარგლებში ახალციხის მე-7 სკოლას ესტუმრნენ, სადაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლა-პანსიონატი ფუნქციონირებს. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეთა კვების და მათი მოვლამზრუნველობის მიზნით მოწყობილი სივრცეების დაათვალიერება მოხდა, გამოვლინდა არსებული საჭიროებები. სამუშაო შეხვედრები გაიმართა, ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საბჭოს წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან, კოლეჯ ,,ოპიზარის" ხელმძღვანელთან და სტუდენტებთან. ასპინძის მუნიციპალიტეტში კომისიის წევრები ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ, ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ქალ წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან. კომისიის წევრები ესტუმრნენ მუნიციპალიტეტის რაგბის ბაზაზე არსებულ ააიპ შშმ პირთა გაერთიანების ცენტრს, სადაც თანამშრომლებს, მშობლებს და ბენეფიციარებს შეხვდნენ. განხილულ იქნა ცენტრის ფუნქციები, არსებული მდგომარეობა და საჭიროებები. კომისიის წევრები სოფელ დამალაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მეწარმე ქალებს შეხვდნენ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება კომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კომისია შეხვდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაზიარებულ იქნა ინფორმაცია ქალთა და ბავშვთა მიმართულებით არსებულ ადგილობრივ საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების შესახებ. ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებთან ერთად, კომისიის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა საკანონმდებლო და პოლიტიკის დონის ცვლილებების ინიცირება და მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავდა თანასწორობის პრინციპის უფრო მყარ და სისტემურ ინტეგრირებას სახელმწიფო პოლიტიკაში. საკანონმდებლო ცვლილების თვალსაზრისით კომისიამ მოამზადა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი შესაბამისი განმარტებითი ბარათით - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კომისია აქტიურად იყო ჩართული კანონპროექტის განხილვის პროცესში რეგლამენტით დადგენილი ყველა ეტაპზე, რაც უზრუნველყოფდა ინიციატივის სრულფასოვან წარდგენასა და განხილვას. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ნაბიჯი გადაიდგა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 18 10 დეკემბრის დადგენილებით შეიქმნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო და დამტკიცდა მისი დებულება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს თანასწორობის პოლიტიკის ინსტიტუციურ საფუძვლებს რეგიონულ დონეზე. კანონპროექტის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს კანონმდებლობაში არსებული მექანიზმების გაძლიერება, რომლებიც ხელს უწყობს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის სისტემურ განხორციელებას, ასევე დისკრიმინაციის ეფექტიან გამოვლენასა და აღმოფხვრას. აღნიშნული ინიციატივა მიმართული იყო არა მხოლოდ სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწისკენ, არამედ პრაქტიკაში მისი აღსრულების ეფექტიანობის გაზრდისკენ. კომისიის ინიციატივით ასევე შემუშავდა სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის სწორ ტერმინოლოგიაზე დაფუძნებულ და კანონთან სრულ შესაბამისობაში ინტეგრირებას პოლიტიკის დოკუმენტებში, მათ შორის საჯარო ფინანსების მართვასა და ბიუჯეტირებასთან დაკავშირებულ მასალებში. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობა განპირობებული იყო 2025 წლის მარტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რის შედეგადაც საქართველოს კანონმდებლობიდან ამოღებულ იქნა ტერმინი „გენდერი“ და მის ნაცვლად კონსტიტუციით განსაზღვრული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპი განმტკიცდა საკანონმდებლო დონეზე. შესაბამისად, კომისიის ინიციატივით გაუქმდა პრაქტიკაში დამკვიდრებული ტერმინი „გენდერული ბიუჯეტირება“ და იგი ჩანაცვლდა ტერმინით - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ბიუჯეტირება“, რაც უზრუნველყოფს ტერმინოლოგიურ ერთიანობასა და სამართლებრივ სიცხადეს. განხორციელებული ცვლილებების შედეგად შემუშავდა შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტი და კომისიამ გასცა რეკომენდაციები იმ უწყებებისათვის, რომლებიც აღნიშნულ მიმართულებაზე მუშაობენ. ამასთან, დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს ცვლილებების ეფექტიან ინტეგრირებას მუნიციპალიტეტების დონეზე და მათი პრაქტიკაში განხორციელების მხარდაჭერას. საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე განხორციელებულ ინიციატივებთან ერთად, კომისიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ცნობიერების ამაღლების კამპანიებსა და საზოგადოებრივ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ქალთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და უფლებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას, ასევე პრევენციული მიდგომების გაძლიერებას. - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანია კომისია შეუერთდა გლობალურ ინიციატივას ვარდისფერი ოქტომბერი, რომლის ფარგლებშიც ონლაინ სივრცეში განთავსდა სხვადასხვა ინფორმაციული ხასიათის პოსტები. ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებად პარლამენტის სასახლეში კომისიამ ორგანიზება გაუწია ღონისძიებას „ერთად ჯანმრთელი მომავლისთვის“, ძუძუს კიბოს პრევენციის, სახელმწიფო სერვისების არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და სკრინინგის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით; ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამედიცინო პანელი თემაზე: „პრევენცია იწყება ცნობიერებით“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ექიმმა მამოლოგებმა და ონკოლოგებმა. ღონისძიების არაფორმალური ნაწილი იყო, პაციენტების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. 11 ღონისძიებას 100ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ბენეფიციარები, სახელმწიფო თუ სამოქალაქო სექტორის, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან გლობალურ კამპანია კომისია შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან გლობალურ კამპანიას, რომლის 2025 წლის ძირითადი აქცენტი ონლაინ ძალადობას დაეთმო - როგორც ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის მზარდ ფორმას, კამპანიის ფარგლებში კომისიამ განახორციელა არაერთი აქტივობა, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე; ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში კომისიამ მოამზადა ვიდეომიმართვა სადაც მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრებმა და სხვა დეპუტატებმა, აღნიშნული ვიდეო მიმართვა განთავსდა სატელევიზიო ეთერებშიც როგორც სოციალური რეკლამა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა საგანმანათლებლო და გასვლითი შეხვედრა თელავში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღონისძიებას მუნიციპალიტეტის სტუდენტები, ლექტორები, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები და აღმზრდელები ესწრებოდნენ, რომლებსაც ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „ოჯახში ძალადობა და ონლაინ ძალადობა ქალებსა და გოგოებში“; ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში კომისიის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა შეხვედრა ქალთა და ბავშვთა მიმართ ონლაინ ძალადობაზე, მათ ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „კიბერბულინგი და ონლაინ სივრცეში ძალადობა“; რუსთავის ქალთა და ბავშვთა საბჭოს ორგანიზებით და კომისიის მხარდაჭერით, რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ონლაინ უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდებში საფრთხეების გაცნობასა და ციფრულ სივრცეში უსაფრთხოებაზე; კომისიის ორგანიზებით კამპანიის ფარგელბში ჩატარებულ შეხვედრებს ახალგაზრდებთან, საერთო ჯამში 150-ზე მეტი სდუდენტი და სკოლის მოსწავლე დაესწრო. 2026 წლის 11 თებერვალს კომისიის ორგანიზებითა და ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება თემაზე - „ქალები ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს საკითხი „ბიოტექნოლოგიები საქართველოში – სად ვართ დღეს? ქალთა გამოცდილება ბიოტექნოლოგიებში“, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს დარგის განვითარების მდგომარეობაზე, სამეცნიერო პოტენციალსა და ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. ქვეყნის ბიოტექნოლოგიების სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული ღვაწლისთვის თინათინ სადუნიშვილს, ასევე, აგრარულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული ღვაწლისთვის მარინე ბარვენაშვილს მადლობის სიგელები გადაეცათ. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2026 წლის 8 მარტს კომისიის ინიციატივით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების 12 სააგენტოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მომსახურების მიმღებ დედებსა და მათ შვილებს. პატარებმა დედებთან ერთად უყურეს ისტორიულ საბავშვო სპექტაკლს „ბატის ჭუკი“, რომელმაც მათ დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობასთან, პოლიტიკის დოკუმენტების სრულყოფასა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებთან ერთად, კომისიამ მონაწილეობა მიიღო არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორმატის შეხვედრაში. 2026 წლის 11-12 თებერვალს ჟენევაში, საპარლამენტო დელეგაცია და მათ შორის კომისია გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) სესიაში მიიღო მონაწილეობა. სესიის განმავლობაში პარლამენტის წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს გააცნეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებებისადმი მტკიცე ერთგულებას, რომელიც ეფუძნება კონსტიტუციურ გარანტიებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელობას. 2026 წლის 23-27 თებერვალს კომისია, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფს (GREVIO) შეხვდა. აღნიშნული ჯგუფი ახორციელებს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) შესრულების მონიტორინგს. შეხვედრას კოორდინაციას უწევდა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტების მხრიდან დაისვა შეკითხვები GREVIO-ს მიერ დამტკიცებული პირველი თემატური კითხვარის საკითხების ირგვლივ. 2026 წლის 26–27 მარტს კომისია, თურქმენეთში, ქალაქ აშხაბადში, საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმების განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე. ღონისძიება ორგანიზებული იყო მოსახლეობისა და განვითარების საკითხებში პარლამენტართა აზური ფორუმისა(AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ რომელიც მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩოებში გაუმჯობესებას. კომისიამ შეხვედრის ფარგლებში წარადგინა საქართველოს მოქმედი პოლიტიკა და არსებული მდგომარეობის ანალიზი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა და დემოგრაფია პირველი საანგარიშო წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა და დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერებას, სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების გაუმჯობესებას და ქვეყნის დემოგრაფიული მდგრადობის უზრუნველყოფას. 13 კომისიის მიერ დამუშავდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების შესახებ, საკანონმდებლო რეგულაციები, არსებული შეღავათები და ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამები, იუსტიციის სამინისტროსგან გამოთხოვილ იქნა სტატისტიკური ინფორმაცია, სხვადასხვა უწყებებისა და მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია არსებული სახელმწიფო თუ ადგილობრივი სერვისების შესახებ. მრავალშილიანების მხარდამჭერი სერვისები ამ ეტაპზე გაფანტულია, კომისიის ინიციატივის მიზანია არსებული სერვისებისა თუ შეღავათების კოორდინირება და სახელმწიფო რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის შესაძლო საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებით; პარლამენტში სამუშაო შეხვედრები გამართა სხვადასხვა რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფო სერვისებისა და შეღავათების საკითხებზე. მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან. შეხვედრები გაიმართა სამოქალაქო სექტორთან, მრავალშვილიანი მშობლების გაერთიანებებთან, მოძრაობა „მრავალშვილიანები, საქართველოს“ წევრებთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერასა და საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკის განვითარებაზე, განხილულ იქნა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები, საჭიროებების და სამომავლო მიმართულებების გამოსაკვეთად. ორგანიზება გაუწია და მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე პროცესის გამარტივების და აღნიშნული სტატუსის მქონე მშობლებისთვის სახელმწიფო სერვისებზე შესაძლო შეღავათებით სარგებლობის თაობაზე. ორგანიზება გაუწია და მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებთან, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გათვალისწინებული განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების თაობაზე. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ და კომისიის ინიციატივითა და ჩართულობით, ბათუმში, დისკუსია თემაზე „დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“ გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღს როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მონაწილეებმა საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ გამოწვევებზე, შობადობის წახალისების საჭირო ღონისძიებებსა და იმ პოლიტიკურ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომელიც მიმდინარე დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებასა და დამატებით შეფასებას საჭიროებს. შეხვედრისას ასევე იმსჯელეს ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დისკუსიის შედეგად რეკომენდაციათა პაკეტი შემუშავდა, რომელიც შესაბამის უწყებებს დემოგრაფიული პოლიტიკის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში დაეხმარება. კომისიის ინიციატივითა და პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც მრავალშვილიანი მშობლები არიან, გადაეცათ სიმბოლური საახალწლო საჩუქრები მათი განსაკუთრებული ღვაწლის ხაზგასმის მიზნით ოჯახისა და სახელმწიფოს წინაშე; 14 მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების, მათთვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული ზრდის სტიმულირების მიზნით, ჯანდაცვის კომიტეტის მხარდაჭერით შემუშავდა ინიციატივა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. 2026 წლის თებერვალში კომისიის ინიციატივითა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით ბავშვიანი ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის წევრები არამხოლოდ დეპუტატები არამედ ყველა რელევანტური უწყების და მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან, სამუშაო ჯგუფმა ორი სამუშაო შეხვედრა უკვე ჩაატარა, რომელმაც მნიშვნელოვანი საკითხები გამოკვეთა და დააპრიორიტეტა. სამუშო ჯგუფი კომისიის ჩართულობით, განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს რელევანტური უწყებებისთვის არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით. 2026 წლის 20–24 იანვარს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უნგრეთში, რომლის ფარგლებშიც კომისიის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა გამართეს არაერთი მაღალი დონის შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ძირითადი მიზანი, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, იყო უნგრეთის გამოცდილების გაცნობა ოჯახის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით, ასევე იმ სახელმწიფო მიდგომების შესწავლა, რომლებიც მიზნად ისახავს ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერას და დემოგრაფიული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას. შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას, სოციალურ მხარდაჭერის მექანიზმებსა და სახელმწიფოს როლს დემოგრაფიული სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მხარეებს შორის გაიმართა დეტალური ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. კომისიის მხრიდან განხორციელდა რელევანტური ინფორმაციის მიღება და საუკეთესო პრაქტიკების ანალიზი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობაში შესაბამისი მიდგომების ადაპტირებისა და პოლიტიკის შემდგომი განვითარებისთვის. ვიზიტმა ასევე გააძლიერა საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები აღნიშნულ მიმართულებაში. 2026 წლის 22 თებერვალს კომისიის თავმჯდომარემ პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საკონკურსო პროექტი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 23 უმაღლესი სასწავლებელი, კოლეჯი, ახალგაზრდული ცენტრი და რამდენიმე დიასპორული ორგანიზაცია მოიცვა. პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და თბილისის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა. 2026 წლის 2 აპრილს სამუშაო შეხვედრა გამართა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორთან და მის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა დემოგრაფიული საკითხების სწავლების გაძლიერება და განვითარება სხვადასხვა საფეხურზე. 2026 წლის 15 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართა ღონისძიება — „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“. 15 ღონისძიება მიზნად ისახავდა ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის მნიშვნელობის ხაზგასმას, ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის თემის აქტუალიზაციას და დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა თემაზე — „ჩემი ოჯახი - ჩემი თვალით დანახული სამყარო“, ასევე გაიმართა ოფიციალური გამოსვლები, ვიდეო გზავნილი და თემატური მუსიკალური ნომრები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო, საკანონმდებლო, რელიგიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობას, როგორც საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს. კომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტო კომისიის, როგორც ინსტიტუციური კოორდინაციისა და ადგილობრივ დონეზე ერთიანი, სისტემური მუშაობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმის როლი. ● ● ● ● საანგარიშო პერიოდში, კომისიამ, ჩაატარა ხუთი სხდომა, მიმდინარე სამუშაო საკითხების შესაბამისად; ჩაატარა 40-მდე თემატური სამუშაო შეხვედრა; დაამუშავა სხვადასხვა შინაარსის ანალიტიკური/კვლევითი მასალა, მოამზადა სხვადასხვა შინაარსის პრეზენტაცია და თემატური სასაუბროები; ცალკეული მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისაგან შემოსულ განცხადებებზე რეაგირების მიზნით მოამზადა შესაბამისი წერილები. კომისიის წარმომადგენლობითი ფუნქციის ფარგლებში, საზოგადოების მხრიდან შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე უზრუნველყოფილი იქნა შესაბამისი და დროული რეაგირება. იმ შემთხვევებში, როდესაც მიმართვები არ წარმოადგენდა კომისიის კომპეტენციის საგანს, ისინი გადამისამართდა შესაბამის სახელმწიფო ან მუნიციპალურ სტრუქტურებში შემდგომი განხილვისა და რეაგირების მიზნით, რის შესახებაც განმცხადებლებს გაეცათ შესაბამისი საპასუხო წერილები. ამასთან, შემოსული იყო ისეთი მიმართვებიც, რომლებიც ცნობად იქნა მიღებული, სადაც მოქალაქეები და ორგანიზაციები თავიანთ პოზიციებსა და მოსაზრებებს უზიარებდნენ კომისიას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული მიმართვები გამოყენებულ იქნა ინფორმაციის წყაროდ და გათვალისწინებული იქნა კომისიის შემდგომი საქმიანობის დაგეგმვისა და შესაბამისი პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრის პროცესში. ადგილობრივ დონეზე სისტემური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებებისა და განახლებული მმართველობითი კონფიგურაციის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტებში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე კოორდინირებული და სისტემური მუშაობის გაძლიერების, ასევე „ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, კომისიის მიერ ყველა მუნიციპალიტეტში გაიგზავნა წერილობითი მიმართვა. მითითებული კომუნიკაციის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს მოეთხოვათ ინფორმაციის წარმოდგენა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მოქმედი მუნიციპალური საბჭოების შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ. კერძოდ, მოთხოვნილი იყო ინფორმაცია საბჭოს შემადგენლობის, დებულების, სამოქმედო გეგმის, ასევე პასუხისმგებელი საკონტაქტო პირის განსაზღვრის თაობაზე. 16 მუნიციპალიტეტების მხრიდან წარმოდგენილ იქნა შესაბამისი პასუხები და მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს როგორც არსებული მდგომარეობის ანალიზისთვის, ისე მომავალში აღნიშნული მიმართულებით პოლიტიკისა და ინსტიტუციური მექანიზმების შემდგომი გაძლიერების დაგეგმვისთვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროცესი არ არის ერთჯერად ხასიათს და კომისიის აქტიური ჩართულობითა და წახალისებით, უმოკლეს ვადებში საქართველოს მუნიციპალიტეტების ძირითად ნაწილში შეიქმნა ქალთა და ბავშვთა მუნიციპალური საბჭოები. ✓ შექმნილია მუნიციპალური საბჭო ████████████████████ 63(98%) ✓ არ არის შექმნილი მუნიციპალური საბჭო █ 1(2%) აღნიშნულ საბჭოებს უკვე აქვთ დამტკიცებული სამოქმედო გეგმები და დაწყებული აქვთ აქტიური მუშაობა, რაც ხორციელდება კოორდინირებულად საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიასთან. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ წინგადადგმულ ნაბიჯს ადგილობრივ დონეზე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მიდგომის ჩამოყალიბების მიმართულებით. ამასთან, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება მჭიდრო კოორდინაციით, რაც უზრუნველყოფს ერთიანი ხედვის, თანმიმდევრული პოლიტიკისა და ეფექტიანი მონიტორინგის ჩამოყალიბებას როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. 17