„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.12.2014
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/281/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-15
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 163-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო აქტის პროექტს 2015 წლის 1 ოქტომბრამდე ამზადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მას საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა.“. 2. 165-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ოქტმბრამდე უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (შემდგომ - კოდექსის) 165-ე მუხლით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ვალდებულება 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. აღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეიქმნა კოდექსთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა 50 საკანონმდებლო აქტი, რომელიც საჭიროებს ცვლილებას. ცვლილებები არის როგორც ტექნიკური ხასიათის, აგრეთვე შინაარსობრივი და ითხოვს აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის საკითხების არსებით გადახედვას. ზოგ შემთხვევაში გადასახედი კანონები იმდენად მოძველებულია, რომ მათი შესწორება კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასთან ერთად შესაბამის მუხლებში სხვა არსებითი ცვლილებების შეტანასაც მოითხოვს. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემატურია განათლების, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სფეროები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებში მიმდინარეობს მუშაობა სრულიად ახალი საკანონმდებლო აქტების პროექტებზე. მსგავსი პრობლემა ფიქსირდება კოდექსის 163-ე მუხლთან მიმართებითაც, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის ვალდებულებას 2014 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მუნიციპალიტეტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და მიმწოდებელ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების მომსახურებით უზრუნველყოფის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების პირობების მარეგულირებელი საქართველოს კანონის პროექტი. აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება დამოკიდებულია კოდექსთან სხვა საკანონმდებლო აქტების, მათ შორის, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანის საკითხის გადაწყვეტაზე, აგრეთვე ადგილობრივი მნიშვნელობის წყლების ნუსხის განსაზღვრის საჭიროებაზე, რაც დამატებით შესწავლას მოითხოვს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტისთვის წარდგენა გადაიდოს 2015 წლის საშემოდგომო სესიისათვის, როდესაც სამინისტროების მიერ შესაძლებელი გახდება ცალკეულ კონცეფტუალურ საკითხებზე საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება და მიმდინარე საკანონმდებლო აქტების პროექტებზე მუშაობის დასრულება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია: კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ვალდებულების, 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა, შესრულების ვადის გაზრდა 2015 წლის 1 ოქტომბრამდე, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ცვლილებების სრულყოფილი პაკეტის წარდგენა. კოდექსის 163-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ვალდებულების, 2014 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მუნიციპალიტეტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და მიმწოდებელ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების მომსახურებით უზრუნველყოფის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების პირობების მარეგულირებელი საქართველოს კანონის პროექტი, შესრულების ვადის გაზრდა 2015 წლის 1 ოქტომბრამდე, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ცვლილებების სრულყოფილი პროექტის წარდგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ვალდებულების, 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა, შესრულების ვადა გრძელდება 2015 წლის 1 ოქტომბრამდე. კოდექსის 163-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ვალდებულების, 2014 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მუნიციპალიტეტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და მიმწოდებელ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების მომსახურების სფეროში სამართლებრივი ურთიერთოებების პირობების მარეგულირებელი საქართველოს კანონის პროექტი, შესრულების ვადა გრძელდება 2015 წლის 1 ოქტომბრამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანულ კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს იმ მუხლების სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 163. მუნიციპალიტეტის მიერ სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინებით მომსახურების უზრუნველყოფის უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები 1. მუნიციპალიტეტი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სასმელი წყლის მიწოდებას და წყალარინებით მომსახურებას უზრუნველყოფს შესაბამისი ლიცენზიატი კერძო სამართლის სუბიექტების საშუალებით იმ დასახლებებში, სადაც სასმელი წყლის მიწოდებას და წყალარინების მომსახურებას შესაბამისი ლიცენზიატი მიმწოდებელი არ ახორციელებს. 2. მუნიციპალიტეტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და მიმწოდებელ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის პირობები ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო აქტის პროექტს 2014 წლის 31 დეკემბრამდე ამზადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მას საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მუხლი 165. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი სხვა ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცება; ბ) 2014 წლის 1 ივნისამდე, საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების დადგენისა და გამოყენების წესების განსაზღვრა; გ) 2014 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის წესების, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესების დამტკიცება; დ) 2015 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის უზრუნველსაყოფად; ე) 2016 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და მიწის რესურსების, განსაზღვრის მიზნით. 2. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით მუნიციპალიტეტის რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემების განახლებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცება. 4. მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ თავიანთი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.