„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.06.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/457/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-29
ბიუროს ნომერი 298

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1.21-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება).“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა.“. გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს მოძალადის მიერ გასავლელი, დამცავი ორდერით გათვალისწინებული ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ კურსის ორგანიზების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრა.“. 2. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მე-8 და მე-20 მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2017 წლის 1 სექტემბრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია, რომელიც გულისხმობს ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას, ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის (პირველადი იდენტიფიკაციის) და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულებას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელით უზრუნველყოფას, ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელებას. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2015 წლის 1 ივლისამდე შეჩერებულია კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, რომლითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში განისაზღვრა სოციალური მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისათვის. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს ვალდებულება 2015 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება). გათვალისწინებით იმისა, რომ ზემოაღნიშნული კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის განსაზღვრული უფლებამოვალეობების შესრულება და სოციალური მომსახურების შეუფერხებელი განხორციელება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდისა და ძალადობის საკითხებში მიზნობრივი პროფესიული სწავლების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, 2014 წლის ბოლოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არსებული სოციალური მუშაკების 239 საშტატო ერთეულის 67 ერთეულით გაზრდისა და ძალადობის საკითხებში ყველა სოციალური მუშაკისთვის მიზნობრივი ტრენინგების ჩატარების შესახებ. ზემოაღნიშნული მიზნით, მიმდინარე წელს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობით დაიგეგმა ორწლიანი პროექტი. პროექტის სავარაუდო განმახორციელებლად მოაზრებულ იქნა სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ოჯახში ძალადობის საკითხებში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდება სატრენინგო მოდულის შექმნა, რომლის საფუძველზე მოხდება შერჩეული 15 სოციალური მუშაკის მომზადება ტრენერებად. პროექტის შემდეგ ეტაპზე, მათ მიერ მოხდება სისტემაში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკის გადამზადება ძალადობის საკითხებზე შემუშავებული მოდულის საფუძველზე. მიმდინარე ეტაპზე, სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, პროექტის განმახორციელებლად შერჩევის მიზნით, წარდგენილი აქვს განაცხადი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება USAID მიერ ჭიანურდება შიდა პროცედურული რეგულაციების გამო. ამ ეტაპზე პროექტის დაწყების სავარაუდო თარიღად მიჩნეულია მიმდინარე წლის ივლისი. პროექტით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს 2 წელს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებას - 2015 წლის 1 ივლისამდე განახორციელოს სოციალური მუშაკების მომზადება და სოციალური მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისათვის. ამასთან, სოციალური მუშაკებისთვის განსაზღვრული ვალდებულების მასშტაბებისა და სიმძლავრის გათვალისწინებით, რასაც მიმდინარე წელს დაემატა უფლებამოსილების გაზრდა მხარდაჭერის მიმღებ პირებთან მიმართებაში, არსებულ რაოდენობაზე 67 სოციალური მუშაკის დამატება სრულად ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას, რის გამოც მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა და ამ მიზნებისთვის შესაბამისი საბიუჯეტო თანხების 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინება. გარდა ზემოაღნიშნული ვალდებულებებისა, სამინისტროს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 17 ივლისის N17/07/01 განკარგულებით დამტკიცებული ,,ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმით“ 2015 წლის ბოლომდე განსაზღვრული აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის გახსნისა და დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგის სისტემის დანერგვის ვალდებულება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კანონში ცვლილების შეტანის საჭიროება მითითებული ვადების გახანგრძლივების გამო, ისე რომ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2017 წლის 1 სექტემბრამდე, ნაცვლად 2015 წლის 1 ივლისისა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი : კანონპროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადები (სერტიფიცირება) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრის ვალდებულებების გადავადება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 21-ე მუხლის: - მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2017 წლის 1 სექტემბრამდე (ნაცვლად 2015 წლის 1 ივლისისა) განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმებს და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადებას (სერტიფიცირება). - - - მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 2017 წლის 1 ივლისამდე (ნაცვლად 2015 წლის 1 ივლისისა) უზრუნველყოს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრას; მე-10 პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 2017 წლის1 სექტემბრამდე (ნაცვლად 2015 წლის 1 სექტემბერი) უზრუნველყოფს მოძალადის მიერ გასავლელი, დამცავი ორდერით გათვალისწინებული ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, აგრეთვე ამ კურსის ორგანიზების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრას; აგრეთვე ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რითაც ხდება კანონის მე-8 და მე-20 მუხლების მოქმედების შეჩერება 2017 წლის პირველ სექტემბრამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ იწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები და უზრუნველყოს მათი შექმნა. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება). 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის ფორმის შემუშავება და დამტკიცება. 4. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა. 5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის თაობაზე არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გაცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების თაობაზე მონაცემთა ბაზის ფორმირება, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან დროული გაცვლა და მისი ხელმისაწვდომობა. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები. 8. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ამ კანონის 16 1 მუხლის 1 1 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება. 9. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 ოქტომბრის №665 ბრძანებულება და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულება. 10. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს მოძალადის მიერ გასავლელი, დამცავი ორდერით გათვალისწინებული ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ კურსის ორგანიზების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრა. 11. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს ამ კანონის 19 1 მუხლით გათვალისწინებული სატელეფონო ნომრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ორგანიზაციულსამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის კომპენსაციის მიცემის წესი და კომპენსაციის ოდენობა. მუხლი 22. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა მე-8 მუხლისა და VI თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-8 მუხლი და VI თავი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 1 ივლისამდე, ხოლო მე-20 მუხლის მოქმედება − 2015 წლის 1 მარტამდე. (17.10.2014. N 2697 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.) 4. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 1 2014 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო 19 მუხლის მოქმედება − 2015 წლის 1 მაისამდე. (17.10.2014. N 2697 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.)