გადაწყვეტილება №25799/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25799/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 3.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25799/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26909 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2025 წლის №024-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18365 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 9 680 437.43 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 4 270 156
დღგ - 629 383
მოგების გადასახადი - 1 320 070
საშემოსავლო გადასახადი - 2 193 315
ქონების გადასახადი - 127 388
ჯარიმა - 2 779 590
საურავი - 2 630 691.43
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. მსხვილ გადამხდელთა ოფისში მიმდინარეობდა ობიექტის რისკის მიმოხილვის პროცედურა, რომლის ფარგლებში მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული ჩანაწერები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, რათა განხორციელებულიყო გამოვლენილი რისკების გაქარწყლება. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ბანკის ამონაწერები და ორისის პროგრამა, სადაც ფიქსირდება მხოლოდ ჯამური თანხობრივი მონაცემები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ გამოვლინდა დამატებით რისკ ფაქტორები, რომელთა დაკავშირებით ეცნობა გადასახადის გადამხდელს.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, გააჩნია საცალო რეალიზაციის პროგრამა აპექსი, თუმცა მის მიწოდებაზე უარი განაცხადა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დაინიშნა საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებში, ასევე მოხდა დამატებით ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც არ არის წარდგენილი, მიწოდებულია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. ვინაიდან, ვერ მოხერხდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, დაინიშნა საკონტროლო შესყიდვა გადასახადის გადამხდელის ყველა ობიექტზე, მიღებული მონაცემები დამუშავდა და საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (20.28%), შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.
ასევე, დამუშავდა ინფორმაცია მსგავსი ტიპის სავაჭრო ობიექტების ფასნამატის შესახებ, დადგინდა, რომ ფასნამატი მერყეობს 20%-დან 35%-მდე. შესაბამისად, შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატი მიესადაგება მსგავსი სავაჭრო ობიექტების აუდირებული ფასნამატის მინიმალურ პროცენტს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა 2020-2022 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც გაანგარიშდა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილ თვითღირებულებაზე მიღებული ფასნამატის გავრცელებით, ასევე ცალკე გაანგარიშდა რესტორნის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ფასნამატი, გაიმიჯნა დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მომსახურებების შესაბამისად მიღებული შემოსავალი.
აღნიშნულზე დაყრდნობით, გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით, მიღებული ბრუნვა გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენა (ხილ-ბოსტნეული, ხორცი, ყველი) შესყიდვის აქტებით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან მათი მიწოდება სრულყოფილად არ მომხდარა (მიწოდებული იქნა შესყიდვის აქტების მცირე ოდენობა), საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა შესყიდული საქონლის რაოდენობის და პროდუქციის კონკრეტული სახეობის იდენტიფიცირება, ასევე არ იდენტიფიცირდება ფიზიკური პირების მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირებისგან შესყიდულ პროდუქციაზე გავრცელდა ხილბოსტნეულის აუდირებული ფასნამატი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავლებს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, დეკლარირებული ხელფასი და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ასევე ხარჯში გათვალისწინებული იქნა ფიზიკური პირისგან შესყიდულ პროდუქციაზე, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, შესყიდვის ხარჯი. მიღებული სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით;
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის (ორისი) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზასა და შემოწმების მიერ დადგენილ ღირებულებას შორის. არსებულ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;
3. კომპანიას 2020-2022 წელში უფიქსირდება ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენა, თუმცა შემმოწმებლებისათვის სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი შესყიდვის აქტები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა როგორც ფიზიკური პირების იდენტიფიცირება, ასევე შესყიდული პროდუქციის რაოდენობის და სახეობის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის ხარჯი განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;
4. წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9 -ის, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, გაანგარიშდა სალაროში თვის ბოლო რიცხვებში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, ყოველთვიური საკასო შემოსავლები და საკასო ხარჯები. განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის არაგონივრული ნაწილი, რომელიც ჩაითვალა, შესაბამის პერიოდებში კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად (შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით), ხოლო ყოველ შემდგომ პერიოდში არაგონივრული ნაშთის გაზრდა დაკვალიფიცირდა დირექტორზე დამატებით გაცემულ უპროცენტო სესხად, შემცირება კი ფიზიკური პირის მიერ მიღებული სესხის კომპანიისთვის დაბრუნებად.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ სესხზე 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ სარგებლის სახით მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №16787 ბრძანება და №024-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26909 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით, საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ფასნამატის შესახებ);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26909 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 7 984 151 ლარით. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №024-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18365 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დადგენილ გარემოებებს, კერძოდ:
- აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ფასნამატის გავრცელების პროცესში, სრული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებიდან გამოკლებულია ისეთი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც არ უნდა განხორციელებულიყო ფასნამატის გავრცელება. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას გამოაკლდა რესტორნის, სალონის, დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები და 2019 წელს, შემოწმებული პერიოდის, აპრილის თვის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მიერ საგადასახადო შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გამომიჯვნა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით, კატეგორიების მიხედვით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების პროცესში მოხდა, როგორც დღგ-ის ბრუნვის კორექტირება, ასევე საშემოსავლო გადასახადის, რის შედეგადაც გარკვეულ პერიოდში მოხდა, როგორც დარიცხვის გაზრდა, ასევე შემცირება, შესაბამისად, კონკრეტულ პერიოდში შესაძლებელია მომხდარიყო ჯარიმის გადაჭარბება გადასახადზე, თუმცა სალდირებულად საგადასახადო მოთხოვნის ფარგლებში ჯარიმის გადამეტება გადასახადზე არ მომხდარა. ზემოაღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია დამატებითი მტკიცებულებები, შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის განსაზღვრისთვის, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულია სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რომლის შინაარსის გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, კერძოდ, გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის რენტაბელობა ყველა წელს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რის შედეგადაც განსაზღვრულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ოდენობა. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია (ფიზიკური პირებისგან შესყიდვა) შესასწავლად გადაგზავნილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რის შედეგადაც დადგინა სიყალბე, ამდენად, საგადასახადო შემოწმების მიერ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა;
- არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის ინფორმაცია, ვაუჩერის თანხები ამობეჭდილია თუ არა საკონტროლოსალარო აპარატში, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა. ამასთან, შემოწმების მიერ, სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულია ანგარიშვალდებულ პირთა ბუღალტრული ანგარიში.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის შემდგომ, შემმოწმებლების მიერ მოხდა შეძენაში, კატეგორიის წილის პროპორციულად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ მაგალითს კარტოფილის ფასნამატთან დაკავშირებით, ვინაიდან ხილ-ბოსტნეულის კატეგორია შედგება საკმაოდ მრავალფეროვანი დასახელების პროდუქციისგან და ისეთ პირობებში, როდესაც აღნიშნული კარტოფილის მიყიდვის ფაქტს არ ადასტურებს მეორე მხარე, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, აუდიტის დეპარტამენტი ვერ იხელმძღვანელებდა მხოლოდ კარტოფილის ფასნამატით, შესაბამისად, ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი.
იურიდიული პირებისგან სასაქონლო ზედნადებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კატეგორიებად დაყოფილ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გავრცელება, შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში მონაწილეობას იღებს, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილი, ასევე იურიდიული პირებისგან მიღებული პროდუქცია. ამდენად, ფასნამატის გავრცელება მოხდა, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილ საქონელზე, ასევე იურიდიული პირებისგან განხორციელებულ შეძენაზე.
საცალო რეალიზაციის თანმდევ ხარჯთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოწმების პროცესში გავლილი და შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან ერთად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაშიფვრა, ასევე გადასახადის გადამხდელს უნდა გაეშიფრა საწყისი და საბოლოო სასაქონლომატერიალური მარაგები, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არც რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და არც ნაშთების გაშიფვრა, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ვერ იქნა დადასტურებული.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით (14.08.2025 წლის №18365) მიღებულ გადაწყვეტილებას, მასში დაფიქსირებულ პოზიციებს, შემოწმების აქტსა და გადაანგარიშების დასკვნაში დაფიქსირებულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგენს პოზიციებს და აღნიშნავს შემდეგს:
I. დღგ და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი
შემოწმების აქტით დამატებით თანხების დარიცხვა გამოწვეულია აუდიტორის მიერ: საკონტროლო შესყიდვებში და ფასნამატის დადგენაში დაშვებული შეცდომებით, საქონლის რამდენიმე კატეგორიაზე გაყალბებული ფასნამატის გამოყენებით, საქონლის დაჯგუფებაში და შემოსავლების გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომებით.
1.1.ფასნამატი
2022 წლის 20-22 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საკონტროლო შესყიდვებით და სხვა მეთოდების გამოყენებით, სარეალიზაციო ფასები დააფიქსირეს 704 საქონელზე, თუმცა შემოწმების აქტში ფასნამატის და შესაბამისად, შემოსავლების გასაანგარიშებლად გამოყენებული იყო მხოლოდ 121 დასახელების საქონელი, რომლითაც გაანგარიშდა 30 კატეგორიის საქონლის ფასნამატი, საიდანაც დაწყვილების (გაერთიანების) შემდეგ მიიღეს 27 კატეგორია (თევზის, ყველის და ხილბოსტნეულის კატეგორიაზე საკონტროლო შესყიდვა არ განხორციელებულა). შემოსავლების გაანგარიშების ცხრილით, აუდიტორებმა გამოიყენეს 29 კატეგორია, კერძოდ, დაამატეს ყველის და ხილბოსტნეულის კატეგორია).
კატეგორიების მიხედვით, წლიური შემოსავლების გაანგარიშებაში დაშვებულია რამდენიმე შეცდომა:
ა) მიუხედავად იმისა, რომ არცერთი დასახელების ყველის ფასი საკონტროლო შესყიდვებში არ იყო დაფიქსირებული, გაანგარიშებაში ყველის კატეგორიის ფასნამატად გამოყენებულია 21.57%, რაც მიუთითებს ფასნამატის გაყალბებაზე აუდიტორების მიერ;
ბ) შემოწმების აქტში, პირველ საკითხში აუდიტორი მიუთითებს, რომ „გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენა (ხილ-ბოსტნეული, ხორცი, ყველი) შესყიდვის აქტებით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან მათი მიწოდება არ მომხდარა საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა შესყიდული საქონლის რაოდენობის და კონკრეტული პროდუქციის იდენტიფიცირება, ასევე არ იდენტიფიცირდება ფიზიკური პირების მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდულ პროდუქციაზე გავრცელებული იქნა ხილ-ბოსტნეულის აუდირებული ფასნამატი.“
აუდიტორმა არ იცოდა ფიზიკური პირებიდან შესყიდული საქონლის დასახელება, კერძოდ რა შეიძინა ფიზიკური პირებიდან ვაშლი, ატამი, ხორბალი თუ კარტოფილი, ასევე, არც საკონტროლო შესყიდვით არ უცდია აღნიშნულის გაგება, გაუგებარია რომელი პროდუქტის ან კანონის მიხედვით განსაზღვრა აუდირებული ფასნამატი აუდიტორმა.
გაანგარიშებაში, აუდიტორმა ხილ-ბოსტნეულის კატეგორიის შემოსავლების მისაღებად, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ 3 923 299 ლარის საქონელზე ფიზიკური პირის 55%-იანი აუდირებული ფასნამატი გაავრცელა და მიიღო შეწონილი 20.28%-იანი ფასნამატი (ხილ-ბოსტნეულის გარეშე 17.12%), ფიზიკური პირებიდან შემოსავლების გაანგარიშებისას, 3 261 138 ლარის საქონელზე ისევ, 55%-იანი აუდირებულ ფასნამატი გაავრცელა;
გ) ხორც-პროდუქტების კატეგორიის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა 17 პროდუქტზე, 121 დასახელების საქონელში მოხვდა მხოლოდ ერთი პროდუქტი (ბიბილოს ქათამი), რომლის ფასნამატი 3.6%-ია. გაანგარიშებაში კატეგორიის ფასნამატი რატომღაც 17%- ია აღებული. ამდენად, ფასნამატი ამ შემთხვევაშიც გაყალბებულია;
დ) ფასნამატის გაანგარიშებაში გამოყენებული 121 დასახელების საქონლიდან 32 საქონელზე შეძენის ფასი აუდიტორების მიერ უფრო დაბალი იყო აღებული, ვიდრე საკონტროლო შესყიდვამდე უახლესი თარიღით, დოკუმენტურად დადასტურებული შეძენის ფასი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 29 დეკემბერს მიღებული ფასნამატია გავრცელებული 2019 წლის შუალედური აქტით შემოსავლების გაანგარიშებისას და ასევე, 2020-2022 წლების შემოსავლების გაანგარიშებაში.
ქვემოთ განხილული იქნება ფასნამატის გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომები.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანების თანახმად, აღნიშნული 32 დასახელების საქონლის შეძენის დამადასტურებელი 27 სასაქონლო ზედნადების მონაცემები მიეწოდა აუდიტორებს იმ მოტივით, რომ მითითებული სასაქონლო ზედნადებები თითქოსდა არ იძებნებოდა შეძენის ერთიან ბაზაში. გადაანგარიშების შესახებ 2023 წლის 30 ივნისის დასკვნით შემოწმებით დარიცხული თანხები აუდიტორების მიერ არ შემცირდა, რითაც ფაქტობრივად გააყალბეს დასკვნა.
2023 წლის 30 ივნისის დასკვნა 2023 წლის 11 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და საჩივარს დაერთო შეძენის ერთიანი ბაზიდან ამობეჭდილი 27 სასაქონლო ზედნადები, თუმცა საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წლის 30 ოქტომბრის №26754 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.03.2024 წლის №21341/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად. შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა 2023 წლის 11 აგვისტოს საჩივარი და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ზემოთ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებების განხილვისას აუდიტორები დაეთანხმნენ 16 პროდუქციის შეძენის ფასის სისწორეში, რასაც ადასტურებს მათ მიერ მეილზე გადმოგზავნილი წერილი, რომლითაც ადასტურებენ გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული კონკრეტული თარიღისათვის ამ ფასების არსებობას და გაანგარიშების ფასებთან სხვაობას ხსნიან იმით, რომ მათ მიერ გამოყენებულია შეწონილი ფასნამატი, რაც ეწინააღმდეგება „პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებას, რომელიც ფასნამატის დასადგენად საკონტროლო შესყიდვის უახლესი თარიღით შესყიდვის ფასის გამოყენებას მოითხოვს.
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16823 ბრძანების აღსრულების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ჩატარებულ შეხვედრაზე, გადასახადის გადამხდელი დაეთანხმა მათ წინადადებას, რომ ფასნამატი კატეგორიების მიხედვით გაანგარიშებულიყო არა შემოწმების აქტში გამოყენებული 121 დასახელების საქონლის ფასნამატის მიხედვით, არამედ იმ 704 დასახელების საქონლის მიხედვით, რომელთა სარეალიზაციო ფასები დაფიქსირებული ქონდათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს.
ამასთან, სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ გაანგარიშებული ფასნამატი ორივე მხარისთვის იქნებოდა მისაღები და არ გახდებოდა სადაო.
ზემოაღნიშნული პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, გადასახადის გადამხდელსა და აუდიტორებს შორის მუდმივად არსებობდა კომუნიკაცია, რა დროსაც ხდებოდა სადაო ან დასაზუსტებელი საკითხების შეჯერება. ხდებოდა როგორც კატეგორიებში შესატანი საქონლის დასახელებების და შესაბამისად, კატეგორიების ღირებულების, ისე მათი ფასნამატების დაზუსტება და ა.შ.
აუდიტორებმა, კომუნიკაციისას მოითხოვეს მიწოდებულიყო მონაცემები ფასნამატის გაანგარიშებაზე, რაც გადაეგზავნათ მათ მიერვე, 2023 წლის თებერვალში გადმოგზავნილი ფასნამატის გაანგარიშება.
2024 წლის 27 სექტემბრის წერილით აუდიტორებმა ითხოვეს:
ა) 12 562 333 ლარის ღირებულების „სხვა“ კატეგორიაში შემავალი საქონლის გადანაწილება კატეგორიების მიხედვით.
გორიების მიხედვით. rs.ge-ზე ატვირთული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, ამ საქონლის ღირებულების ნაწილი გადანაწილდა უკვე არსებულ კატეგორიებში და დაემატა 5 კატეგორია: 1. ყველის, 2. თევზის, 3. ხილბოსტნეულის, 4. „სხვა“ და 5. საცალო რეალიზაციის თანმდევი ხარჯის კატეგორია;
ბ) 16 პროდუქტზე კატეგორიების და ფასნამატების დაზუსტება.
ამ 16 კატეგორიიდან 12 პროდუქტი ჩვენს მიერ გადატანილი იქნა შესაბამისი კატეგორიების ფასნამატის გაანგარიშებაში, მათ შორის იყო კარტოფილი, რომელიც საკვები პროდუქტებიდან გადაიტანა ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაში და მიიღო ხილ-ბოსტნეულის ფასნამატი 1.3056.
წინასწარი შეთანხმების შემდეგ, 2024 წლის 22 ოქტომბერს გადმოეგზავნათ 28 კატეგორიის მიხედვით ფასნამატის საბოლოოო გაანგარიშება, რომელშიც ხილ-ბოსტნეულის ფასნამატი 30.56%-ია (გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული 32 პროდუქტის, 27 სასაქონლო ზედნადების ფასები სრულად არის ასახული ახალ გაანგარიშებაში).
შეთანხმების მიუხედავად, 2025 წლის 7 მაისის დასკვნაში, როგორც ფიზიკური პირებიდან, ისე იურიდიული პირებიდან სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე გამოყენებულია 55%- იანი ფასნამატი.
შემოწმების აქტში და ზოგადად, ყველა წინა გაანგარიშებაში 55%-იანი აუდირებული ფასნამატი გამოყენებულია მხოლოდ ფიზიკური პირებისგან შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე, ხოლო სასაქონლო ზედნადებებით შეძენებზე გამოყენებულია საშუალო შეწონილი ფასნამატი.
როგორც ზემოთ აღნიშნა, 2022 წლის 29 დეკემბრის შემოწმების აქტში, პირველ საკითხში აუდიტორი მიუთითებს, რომ „გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენა (ხილ-ბოსტნეული, ხორცი, ყველი) შესყიდვის აქტებით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან მათი მიწოდება არ მომხდარა საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა შესყიდული საქონლის რაოდენობის და კონკრეტული პროდუქციის იდენტიფიცირება, ასევე არ იდენტიფიცირდება ფიზიკური პირების მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდულ პროდუქციაზე გავრცელებული იქნა ხილბოსტნეულის აუდირებული ფასნამატი.“.
აუდიტორებმა 2021 წლის 21 დეკემბერს მოითხოვეს 2019-2022 წლების შესყიდვის აქტები. მიწოდების ბოლო ვადა იყო 28 დეკემბერი. თითქმის 31 634 597 ლარის ღირებულების საქონლის შესყიდვის აქტების ასე მოკლე ვადაში მიწოდება ფაქტიურად შეუძლებელი იყო.
განსახილველია, რამდენად იყვნენ აუდიტორები დამოკიდებულნი ხილ-ბოსტნეულის ფასნამატის გასაანგარიშებლად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან, ფიზიკური პირებიდან შეძენილი საქონლის შეძენის აქტების მიწოდებაზე და მათი მიწოდების შემთხვევაში, შეძლებდნენ თუ არა ისინი საკონტროლო შესყიდვებით დაფიქსირებული ფასებით ხილ-ბოსტნეულის ფასნამატის გაანგარიშებას.
მიუთითებს „პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებიდან მუხლების ამონარიდებზე (მე-17 მუხლი (დაჯგუფება), მე-19 მუხლი (ფასნამატის დადგენა)), რომლებიც შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით ჩატარებისას არეგულირებენ საქონლის დაჯგუფების და ფასნამატის დადგენის საკითხებს და აღნიშნავს, რომ საქონლის კატეგორიების ანუ ჯგუფების, მათი ღირებულების და ფასნამატის დადგენა აუდიტორების მიერ ისეა შესრულებული, რომ დარღვეულია მეთოდური მითითების მოთხოვნები, რაც ჩანს შემდეგი მონაცემებით:
2022 წელს ჯამური შეძენები შეადგენს 86 818 000 ლარს, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული 12 012 605 ლარი - 13.83% წილი საერთო შესყიდვაში, ფიზიკური პირებიდან 9 346 175 ლარი - 10.76% წილი საერთო შესყიდვაში და სასაქონლო ზედნადებებით 2 666 430 ლარი - 3.07% წილი საერთო შესყიდვაში.
ყველი - 3 429 146 ლარი - 3.95% საერთო შესყიდვაში, მათ შორის ფიზიკური პირებიდან 1 286 627 ლარი - 1.48% საერთო შესყიდვაში და იურიდიული პირებიდან 2 142 519 ლარი - 2.47% საერთო შესყიდვაში.
თევზი - 3 429 146 ლარი -3.95% საერთო შესყიდვაში, მათ შორის ფიზიკური პირებიდან 99 703 ლარი - 0.115% საერთო შესყიდვაში და იურიდიული პირებიდან 1 261 400 ლარი - 1.45% საერთო შესყიდვაში.
საერთო შესყიდვაში, ჯამურად 19.35% წილის მქონე სამი კატეგორიის საქონლის ფასები, ფაქტიურად არ აისახა საკონტროლო შესყიდვებში, ხოლო საბავშვო ჰიგიენა, რომლის წლიური შეძენა 110 965 ლარია, ხოლო წილი საერთო შესყიდვებში მხოლოდ 0.13%-ია, 704 საქონლიდან 25-შია დაფიქსირებული, ხოლო ფასნამატის გაანგარიშებაში 6 პროდუქტითაა წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხი არის ცალსახა - არ იყვნენ დამოკიდებულნი.
საკონტროლო შესყიდვებით სარეალიზაციო ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, კატეგორიის ფასნამატის დადგენა თავისუფლად შეიძლებოდა იურიდიული პირების მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, რადგან ჯამში 2 666 430 ლარის შესყიდვა, რომლის წილი მთლიან შეძენაში 3.07%-ია, სავსებით საკმარისია ხილ-ბოსტნეულის კატეგორიის ფასნამატის დასადგენად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ისევე როგორც ყველისა და თევზის კატეგორიებზე, რომელთა ფასები ასევე არ იყო დაფიქსირებული საკონტროლო შესყიდვის აქტებში, ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაზე უნდა გავრცელდეს საშუალო შეწონილი ფასნამატი და მასზე ე.წ. აუდირებული ფასნამატის გავრცელება უკანონოა.
აღნიშნულზე განიხილავს საკითხებს, რომელიც დაფიქსირებულია სადავო შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში:
- შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა შეძენილი საქონლის კატეგორიების დაყოფა.
აღნიშნულზე აღნიშნავს, რომ დაყოფა მოხდა 32 კატეგორიად, საკონტროლო შესყიდვის 27 კატეგორიას დაემატა 5 კატეგორია (ყველი, თევზი, ხილ-ბოსტნეული, ხარჯი და „სხვა“ კატეგორია);
- ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი.
აუდიტორების თხოვნით, საკვები პროდუქტების კატეგორიიდან ამოიღო კარტოფილი და ხილბოსტნეულის ფასნამატი გაანგარიშდა 1.3056%, დანარჩენი 27 კატეგორია დადგინდა 2022 წლის დეკემბერში აუდიტის დეპარტამენტის მიერ;
- აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, შემმოწმებლების მიერ მოხდა, შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.
2020 წელი: ა) ყველის კატეგორიაზე 2 734 983 ლარი, მათ შორის ფიზიკური პირებიდან შეძენა 1 403 114 ლარის და სასაქონლო ზედნადებით შეძენილი 1 331 869 ლარის საქონელზე; ბ) თევზის კატეგორიაზე 1 411 196 ლარი, მათ შორის: ფიზიკური პირებიდან შეძენა 94 437 ლარის და სასაქონლო ზედნადებით შეძენილი 1 316 759 ლარის საქონელზე; გ) „სხვა“ კატეგორია 4 243 196 ლარის (მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით) საქონელზე;
2021 წელი: ა) ყველის კატეგორია 3 253 844 ლარი, მათ შორის ფიზიკური პირებიდან შეძენა 1 671 603 ლარი; ბ) თევზის კატეგორია - 1 529 252 ლარი, მათ შორის: ფიზიკური პირებიდან შეძენა 78 162 ლარის და სასაქონლო ზედნადებით შეძენილი 1 451 090 ლარის საქონელზე; გ) „სხვა“ კატეგორია - 5 583 311 ლარის (მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით) საქონელი;
2022 წელი: ა) ყველის კატეგორია 3 429 146 ლარი, მათ შორის ფიზიკური პირებიდან შეძენა 1 286 627 ლარი და სასაქონლო ზედნადებით შეძენილი 2 142 519 ლარის საქონელზე; ბ) თევზის კატეგორია - 1 361 103 ლარი, მათ შორის: ფიზიკური პირებიდან შეძენა 99 703 ლარის და სასაქონლო ზედნადებით შეძენილი 1 261 400 ლარის საქონელზე; გ) „სხვა“ კატეგორია - 4 939 890 ლარის (მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით) საქონელზე.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე გამოყენებულია საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელსაც 7%-ით ზრდის ხილ-ბოსტნეულის აუდირებულ ფასნამატი;
- შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ მაგალითს კარტოფილის ფასნამატთან დაკავშირებით, ვინაიდან ხილ-ბოსტნეულის კატეგორია შედგება საკმაოდ მრავალფეროვანი დასახელების პროდუქციისგან აუდიტის დეპარტამენტი ვერ იხელმძღვანელებდა მხოლოდ კარტოფილის ფასნამატით, შესაბამისად, ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი.“.
ზემოაღნიშნულიდან რჩება ორი ფასნამატი, რომლითაც შეიძლება ხილ-ბოსტნეულის შემოსავლების განსაზღვრა:
1. შეწონილი ფასნამატი, როგორც ეს ხდება თევზის, ყველის კატეგორიაზე და „სხვა“ კატეგორიაზე - აღნიშნული კატეგორიების ფასნამატის განსაზღვრა აუდიტის სამსახურის ვალდებულებაა და არა გადასახადის გადამხდელის. აუდიტორს სრული შესაძლებლობა ქონდა 80-ზე მეტი დასახელების ხილბოსტნეულის პროდუქციიდან 100-ზე განეხორციელებინა საკონტროლო შესყიდვა ისე, როგორც ეს განახორციელა საბავშვო ჰიგიენის კატეგორიაზე - 15 დასახელების პროდუქტიდან საკონტროლო 25 შესყიდვა, ხოლო ფასნამატის გაანგარიშებაში 121-დან 6 დასახელების პროდუქტითაა წარმოდგენილი;
2. აუდირებული ფასნამატი, რომელიც მიღებულია პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ ყველა მუხლის დარღვევით.
იმას, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად დაგეგმა საკონტროლო შესყიდვა იმ სამ ძირითად კატეგორიაზე, სადაც ხდება ფიზიკური პირებიდან შესყიდვის აქტებით საქონლის შეძენა, მივყავართ ლოგიკურ კითხვამდე, ხომ არ მოხდა ეს შეგნებულად, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ გამოეყენებინათ აუდირებული ან საშუალო შეწონილი ფასნამატი.
მიაჩნია, რომ სარეალიზაციო ფასების ფიქსაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო, კომპანიამ ფინანსურად არ უნდა აგოს პასუხი, რისთვისაც ერთადერთი სწორი გამოსავალია ხილ-ბოსტნეულზე გავრცელდეს საშუალო შეწონილი ფასნამატი, როგორც ეს მოხდა ყველის, თევზის და „სხვა“ კატეგორიაზე.
აუდიტორებმა ფაქტიურად არ მოახდინეს შეძენილი პროდუქციის დაჯგუფება, რომლის შესაძლებლობაც მათ ქონდათ, თუნდაც სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონლის მონაცემების მიხედვით. ასეთი მცდელობა სწორი ფასნამატის დასადგენად მათ ქონდათ 2019 წელზე, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი დიდი შეცდომებით.
აუდიტორებმა 2025 წელს, შემოსავლების გადაანგარიშებისას, ფიზიკური პირებიდან და სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე საერთო შეწონილი ფასნამატი გაავრცელა და მიიღო 1.124% ფასნამატი, რაც ფაქტიურად ანულებდა ფასნამატზე დარიცხულ გადასახადებს. ამიტომ აირჩიეს და ხილბოსტნეულის სრულ შესყიდვაზე კანონის დარღვევით მიღებული 55%-იანი აუდირებული ფასნამატი გამოიყენეს. ამით, თვით სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულთან ერთად, დაახლოებით 7%-ით გაიზარდა ყველის, თევზის და „სხვა“ კატეგორიების, როგორც დღგ-ისგან გათავისუფლებული, ისე დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმებით, 2020 წელს დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვაა 18 565 658 ლარი, გადაანგარიშებით 19 878 758 ლარი და გაიზარდა 8 375 866 ლარით, 2021 წელს დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვაა 11 502 892 ლარი, გადაანგარიშებით 19 878 758 ლარი და გაიზარდა 8 375 866 ლარით, 2022 წელს დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვაა 15 248 545 ლარი, გადაანგარიშებით 20 262 629 ლარი და გაიზარდა 5 014 084 ლარით. ასევე, სამივე წელს იზრდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რითაც მძიმდება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნული ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივანს დაუმძიმდეს საგადასახადო ვალდებულებები.
1.2. დოკუმენტური რეალიზაციის და რეალიზაციის თანმდევი ხარჯის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და ერთობლივი შემოსავლების გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომები.
2020 წელი
საგადასახადო შემოწმებისას აუდიტის დეპარტამენტს მიეწოდა „ორისის“ ბუღალტრული პროგრამა, სადაც ასახულია საქონლის შეძენის, ჯამური რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და წლის ბოლოს საქონლის ნაშთის ბუღალტრული მონაცემები.
შეძენა ჯამური ბუღალტრული არის 64 940 892 ლარი, მათ შორის დღგ-ით დასაბეგრი საქონელი 49 986 335 ლარი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონელი 14 954 557 ლარი, ჯამურად ჩამოწერილი საქონელია 63 327 075 ლარის, მათ შორის ხარჯის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და ნაშთი შეადგენს 1 613 817 ლარს.
აღნიშნული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებით იხელმძღვანელა აუდიტორმა, რაც ნიშნავს, რომ აუდიტმა აღიარა ჯამური მონაცემები: შეძენის ღირებულების, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და საქონლის ნაშთის სისწორე, რომლის ჯამური მონაცემების დაცვა აუცილებელია შემოსავლების გაანგარიშების ყველა ეტაპზე.
2020 წელს სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფის შემდეგ, დღგით დასაბეგრი, შეძენილი საქონლის ღირებულება, ხარჯის კატეგორიის 756 330 ლარის ჩათვლით, 49 816 336 ლარია, რაც 169 999 ლარით ნაკლებია ბუღალტრულ მონაცემებთან შედარებით, რაც დაყოფის დროს დაშვებული შეცდომით არის გამოწვეული. ამ სხვაობის „სხვა“ კატეგორიის შეძენაზე დამატებით შეივსება (49 816 336 + 169 999) 49 9686 335 ლარამდე.
2020 წელს სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი, დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის შეძენის ღირებულება, ხარჯის კატეგორიის 222 496 ლარის ჩათვლით, არის 8 447 834 ლარი. აღნიშნულს თუ გამოვაკლებთ ბუღალტრულ, დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონლის შეძენის ჯამს, მიიღება დაზუსტებული მონაცემები ფიზიკური პირებიდან აქტით შეძენილი საქონლის ღირებულება 6 506 723 ლარი (14 954 557- 8 447 834).
„პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-18 მუხლზე (იდენტიფიცირებადი რეალიზაციის გამოცალკავება) მითითებით აღნიშნავს, რომ აუდიტორმა rs.ge-ზე ატვირთული სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციის (დოკუმენტურის) სრული თანხა (მათ შორის, დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა) გაყო 1.18-ზე (2 388 289/1.18=2 023 974) და მიიღო დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის გარეშე. შემდეგ შეძენაში, კატეგორიების წილის პროპორციით, განსაზღვრა დოკუმენტური რეალიზაციის კატეგორიების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც გაამრავლა მის მიერვე დადგენილ აუდიტის ფასნამატზე (ხილ-ბოსტნეულის აუდირებულ 1.55 ფასნამატზე), მიიღო დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი 1 536 392 ლარი და დღგ-ისგან გათავისუფლებული 488 581 ლარის შემოსავალი.
მაღაზიების შემოსავლების გაანგარიშებისთვის ბუღალტრულ შეძენას, ჯამში 64 940 892 ლარს (მათ შორის დღგ-ით დასაბეგრი 49 986 336 ლარი, დღგ-ისგან გათავისუფლებული 14 954 557 ლარი) აკლდება სალონის და რესტორნის შეძენა 1 404 186 ლარი და სხვაობით მიიღება მაღაზიის 63 536 706 ლარის შეძენის ღირებულება. ჯამურ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, 63 327 075 ლარს, აკლდება სალონის, რესტორნის და დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები და სხვაობით მიიღება მაღაზიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. შეძენის და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების პროპორციით მიიღება თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც უნდა გამრავლდეს აუდიტის მიერ მიღებულ ფასნამატზე. მიღებულ შემოსავალს დაემატება დოკუმენტური რეალიზაციის შემოსავალი და მიიღება ჯამური შემოსავალი. საქონლის ჩამოწერის შედეგ მიიღება 1 613 817 ლარის საქონლის ნაშთი, რომლის მიღებაში, ისე ჩამოწერაში, არის ხარჯის კატეგორიაც ფასნამატის გარეშე.
მაღაზიების შემოსავლების გაანგარიშებისთვის აუდიტორებს აღებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი 49 816 351 ლარის შეძენა, ნაცვლად 49 986 335 ლარისა და დღგ-ისგან გათავისუფლებულ 15 834 018 ლარის შეძენა, ნაცვლად 14 954 557 ლარის შეძენისა. სულ ჯამში შეძენამ შეადგინა 65 650 069 ლარი. არ გამოაკლო სალონის და რესტორნის 1 404 186 ლარის საქონლის შეძენის ღირებულება და გამოაკლო დღგ-ით დასაბეგრი 756 330 ლარის და დღგ-ისგან გათავისუფლებული 222 496 ლარის ხარჯის შეძენა, რაც შეცდომაა.
ჯამურ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას გამოაკლო სალონის, რესტორნის და დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები და არ გამოაკლო ხარჯის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. შედეგად, მიიღო მაღაზიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მაღაზიების შეძენის პროპორციით გამოთვალა თვითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. მიღებული კატეგორიების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების აუდიტორების ფასნამატზე გამრავლებით, მიღებული შემოსავალის დოკუმენტური რეალიზაციის შემოსავალზე დამატებით მიიღება ჯამური შემოსავალი.
შემოსავლების სამსახურის სადავო №18365 ბრძანებაში საცალო რეალიზაციის თანმდევ ხარჯთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოწმების პროცესში გავლილი და შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან ერთად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებების გაშიფვრა, ასევე გადასახადის გადამხდელს უნდა გაეშიფრა საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგები, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არც რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებების და არც ნაშთების გაშიფვრა, შესაბამისად აღნიშნული საკითხი ვერ იქნა დადასტურებული.“. აღნიშნულ განმარტებას ვერ დაეთანხმება, რადგან:
1. სასაქონლო ზედნადებებით 978 826 ლარის ხარჯის საქონლის შეძენა დადასტურებულია;
2. დადასტურებულია, რომ ხარჯის საქონლის რეალიზაცია არ ხდება;
3. დადასტურებულია, რომ საქონელი სხვა რომელიმე ოპერაციით არ არის ჩამოწერილა.
ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულება არ მომხდარა ფიზიკური პირებისგან აქტით შეძენილ ხილ-ბოსტნეულის საქონელზე, გარდა ამისა, არ დადასტურებულა შესყიდვის დოკუმენტის კანონიერება, თუმცა აღნიშნულს ხელი არ შეუშლია, რომ აუდიტორებს სრულ შესყიდვაზე გაევრცელებინა აუდირებული 55%-იანი ფასნამატი;
4. როცა პირის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრება, შეძენის პროპორციის მიხედვით ხდება ყველა კატეგორიის საქონლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაშიფვრა და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების დადგენა.
აღნიშნულის მსგავსად უნდა ჩამოწერილიყო ხარჯის კატეგორია ფასნამატის გარეშე, რაც აუდიტორმა არ გააკეთა და რითაც დაარღვია კანონი.
ასევე, წარმოადგენს ანალოგიურ გარემოებებთან მიმართებით მონაცემებს, პოზიციებს, გაანგარიშებებს 2021 და 2022 წელთან მიმართებით.
1.3. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომები
საშემოსავლო გადასახადის სწორად გაანგარიშების შემთხვევაში, დამატებით უნდა შემცირებულიყო საშემოსავლო გადასახადი 135 044 ლარი, ჯარიმა 593 303 ლარი.
პანდემიის გამო, 2020 წლის მაისი-ოქტომბრის და დეკემბრის, 2021 წლის იანვარ-მაისის თვეებში გადასახადის გადამხდელები სარგებლობდნენ შეღავათით. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის 39-ე გრაფაში (ბიუჯეტში გადასახდელი, წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი) ჩაიწერებოდა დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სრული ოდენობა, ხოლო 57-ე გრაფაში (სულ ბიუჯეტში გადასახდელი, წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი შესამცირებელი გადასახადის გათვალისწინებით) გადასახადი შეღავათის გათვალისწინებით.
მიუხედავად იმისა, რომ გადაანგარიშების ცხრილში მითითებულია ზემოაღნიშნული 57-ე გრაფა, ჯარიმების გაანგარიშებისას მასში შეტანილია 39-ე გრაფის მონაცემები. ამასთან, ამ შეცდომამ 2020 წლის დეკემბრის თვის გადასახადის გაანგარიშებისას შესამცირებელი თანხის ოდენობაზეც იქონია გავლენა.
2020-2021 წლების დეკლარირებული, შემოწმების აქტით დარიცხული და გადაანგარიშების დასკვნით საშემოსავლო გადასახადის შემცირების ცხრილებში ჩანს ზემოაღნიშნული შეცდომები.
ორივე ცხრილის მონაცემებით ჩანს, რომ შემოწმების აქტთან შედარებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა შემცირდა მხოლოდ ორივე წლის დეკემბერში. კერძოდ:
2020 წლის დეკემბერი - შემოწმების აქტით, დაქირავებულ პირებზე გაცემული დასაბეგრი ხელფასი და სხვა განაცემია 6 823 332 ლარია, ხოლო გადაანგარიშების მონაცემებით 4 823 201 ლარი, დასაბეგრი ხელფასი შემცირდა 2 000 131 ლარით და შესამცირებელი გადასახადია 400 026 ლარი. ფაქტიურად, გადასახადი შემცირდა მხოლოდ 274 335 ლარით, ანუ სხვაობაა 125 691 ლარი;
2021 წლის დეკემბერი - შემოწმების აქტით, დაქირავებულ პირებზე გაცემული დასაბეგრი ხელფასი და სხვა განაცემია 7 750 820 ლარია, ხოლო გადაანგარიშების მონაცემებით 3 192 730 ლარი, დასაბეგრი ხელფასი შემცირდა 4 558 090 ლარით და გადასახადი უნდა შემცირებულიყო 911 618 ლარით. ფაქტიურად, გადასახადი შემცირდა მხოლოდ 903 265 ლარით, ანუ სხვაობა არის 8 353 ლარი.
სულ საშემოსავლო გადასახადი 134 044 ლარით ნაკლებია შემცირებული.
გადასახადის 400 026 ლარით შემცირებისას 2020 წელს ჯარიმა უნდა შემცირებულიყო ამ თანხის 50%-ით ანუ 200 013 ლარით, თუმცა, ფაქტიურად ჯარიმა გაიზარდა 160 169 ლარით, სხვაობაა 360 182 ლარი.
2021 წელს გადასახადი 911 613 ლარით უნდა შემცირებულიყო, ხოლო ჯარიმა 455 808 ლარით (თავად აუდიტორებმა დაიანგარიშეს 2021 წელს გადასახადის 903 265 ლარით შემცირება, თუმცა ჯარიმა მხოლოდ 222 687 ლარით შემცირდა). ფაქტიურად ჯარიმა 2021 წელს მხოლოდ 222 687 ლარით შემცირდა, სხვაობა 233 121 ლარია.
ჯამში ჯარიმა ნაკლებადაა შემცირებული - 593 303 ლარით, რაც როგორც აღნიშნა გამოიწვია დარიცხვის მიზნებისათვის, 2020 წლის მაისი-ოქტომბრის და დეკემბრის, 2021 წლის იანვარ-მაისის თვეში, პანდემიის პერიოდში შეღავათით დეკლარირებული თანხების საშემოსავლო გადასახადის იმ თანხებთან შეპირისპირებით, რომლებშიც არ იყო გათვალისწინებული პანდემიის შეღავათები.
II. მოგების გადასახადი
მიუთითებს შემოწმების აქტში დაფიქსირებულ და განხორციელებული დარიცხვის საფუძვლებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ მოხდა მოგების გადასახადის და შესაბამისი ჯარიმის დარიცხვა.
№0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, ტელევიზორი გაყიდულია 800 ლარად და არ არსებობს შესყიდვის სრულყოფილი დოკუმენტი.
განიხილავს მოგების გადასახადის დარიცხვის სისწორეს წლების მიხედვით და აღნიშნავს შემდეგს:
ა) 2020 წელი - კომპანიის მონაცემებით, 2020 წელს შეძენილია 14 799 748 ლარის ღირებულების დღგის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონელი, მათ შორის სასაქონლო ზედნადებებით შეძენილია 7 413 602 ლარის საქონელი და ფიზიკური პირებიდან (მათ შორის აბდულ მამედოვისგან სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი 811 757 ლარის ხორცი) შესყიდვის აქტებით 7 386 147 ლარის საქონელი. რეალიზაციიდან მიღებული დეკლარირებული შემოსავალია 16 874 514 ლარი, 18%-იანი ფასნამატით (მონაცემები აღებულია 2025 წლის გაანგარიშებიდან).
აუდიტორმა პროპორციით ხარჯში ჩამოწერა 14 303 918 ლარის ღირებულების დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონელი და 36.68%-იანი ფასნამატით მიიღო 19 550 960 ლარის შემოსავალი.
ფიზიკური პირებიდან შეძენილიდან ხარჯში ჩამოწერა 7 138 711 ლარის საქონელი (მათ შორის სასაქონლო ზედნადებებით აბდულ მამედოვისგან სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი 811 757 ლარის ხორცი), საიდანაც აუდიტის შეფასებით, სრულფასოვანი შესყიდვის დოკუმენტი წარდგენილია 2 197 376 ლარის შეძენაზე. შესაბამისად, 4 941 335 ლარის (1 138 711- 2 197 376) შეძენის დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს.
რეალიზაციის თანხა კომპანიის ფასნამატით 5 830 775 (4 941 335*1.18) ლარია. №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი ხარჯად ჩაითვლება რეალიზაციაზე დაფიქსირებულის 75%, რაც ამ შემთხვევაში შეადგენს 4 373 081 ლარს (5 830 775*0.75). მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხაა 568 254 ლარი, ხოლო მოგების გადასახადი 100 280 ლარი.
2020-2022 წლების შესყიდვის აქტები აუდიტის დეპარტამენტმა არ ჩაიბარა აქტების დიდი მოცულობის გამო.
აუდიტორმა მოგების გადასახადი გაიანგარიშა შემდეგი თანმიმდევრობით:
კომპანიის მიერ მიწოდებული რეესტრიდან აიღო ფიზიკური პირებიდან აქტით შეძენების სრული ღირებულება 7 386 147 ლარი (მათ შორის სასაქონლო ზედნადებებით აბდულ მამედოვისგან სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი 811 757 ლარის ხორცი) გაამრავლა თავის აუდირებულ ფასნამატზე და მიიღო 10 503 854 ლარის შემოსავალი 1.4221 ფასნამატით.
შეძენის სრულ ღირებულებას გამოაკლო სრულფასოვანი დოკუმენტით შეძენის ღირებულება 5 188 771 ლარი, ნარჩენი შეძენის ღირებულება გაყო ფასნამატზე (1.4221-ზე) და მიღებული 3 648 663 ლარი ჩათვალა ხარჯში, როგორც სიტუაციური სახელმძღვანელოთი ერთობლივი შემოსავლებიდან ხარჯის გამოქვითვა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. სხვაობიდან გამოთვალა 1 540 107 ლარი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი 271 784 ლარი (მოგების გაანგარიშება აუდიტორის მიერ).
ანალოგიურად, წარმოდგენილია გაანგარიშებული მოგების გადასახადი 2021-2022 წლებზე და შესაბამისად აღნიშნავს, რომ 2021 წელს მოგებით დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 2 125 695 ლარი, მოგების გადასახადი 375 123 ლარი, ხოლო 2022 წელს მოგებით დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 3 263 405 ლარი, მოგების გადასახადი 575 894 ლარი (მოგების გაანგარიშება აუდიტორის მიერ).
აღნიშნავს, რომ ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის გამოქვითვასთან დაკავშირებით №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით ფაქტობრივი გარემოებაა შემდეგი:
1. გადასახადის გადამხდელის შემოსავლები არ არის სადავო;
2. კომპანიას ერთობლივი შემოსავლებიდან სრულად აქვს გამოქვითული ამ საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯი;
3. დადგენილია, რომ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს;
4. მინიმალური შესასყიდი ფასის დასადგენად სხვა გადამხდელებთანაც ვერ მოიპოვება ჩამოწერილი საქონლის შესყიდვის სრულფასოვანი დოკუმენტი.
ჩამოთვლილი ოთხივე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შემოსავლებიდან 25%-იანი რენტაბელობით უნდა მოხდეს ხარჯის განსაზღვრა.
აუდიტორმა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა დაარღვია:
1. კომპანიის ფაქტიური შემოსავალი აუდიტორმა აუდირებული ფასნამატით ისე გაზარდა, რომ არ იცოდა ხარჯში ჩამოწერილი საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის შეძენის და სარეალიზაციო ფასი. არ მოუხდენია საკონტროლო შესყიდვა და შესაბამისად, აუდიტორების მიერ დადგენილი შემოსავალი სადავოა, გაყალბებული აუდირებული ფასნამატით გაზრდილია;
2. აუდიტორებს ქონდათ ინფორმაცია ხარჯის (საქონლის) შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობაზე, რაც დასტურდება შემდეგით:
- 2022 წლის 21 დეკემბერს, აუდიტორებმა მოითხოვეს 2019-2022 წლების შესყიდვის აქტების 5 დღის ვადაში მიწოდება, რომელთა ჯამური ღირებულება 31 634 597 ლარია (2019 წელი 6 164 217 ლარი, 2020 წელი 6 574 390 ლარი, 2021 წელი 8 143 754 ლარი, 2022 წელი 10 752 236 ლარი). შესასრულებელი სამუშაოს დიდი მოცულობის გამო, აქტების მიწოდება 5 დღიან ვადაში ვერ მოესწრო და მიეწოდათ აქტებით შესყიდვების სრული რეესტრი მომწოდებლის, პირადი ნომრის, შესყიდული საქონლის დასახელების, რაოდენობის და ერთეულის ღირებულების მონაცემებით;
- შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანების შესაბამისად, აუდიტორებს მიეწოდათ 2020-2022 წლის აქტები, რომელზეც არ იყო შედარების აქტები გაფორმებული მომწოდებელთან, ხოლო სხვა მომწოდებლებზე შედარების აქტები მიეწოდა. აუდიტის მოთხოვნით, 2023 წლის 7 ნოემბერს მიეწოდა შესყიდვის ის აქტები, რომლებზეც მიწოდებული ქონდათ შედარების აქტები, რაც არ ჩაიბარა აუდიტის დეპარტამენტმა აქტების დიდი მოცულობის გამო. აუდიტის დეპარტამენტის თხოვნით, 2024 წლის 26 თებერვალს განმეორებით მიეწოდათ 3 479 626.27 ლარის შესყიდვის აქტები;
3. აქტში აღნიშნულია, რომ აუდიტორმა ვერ დაადგინა ფიზიკური პირებისგან აქტებით შეძენილი და ხარჯში ჩამოწერილი საქონლის დასახელება, შესაბამისად, ვერც გადასახადის გადამხდელთან და ვერც სხვა გადასახადის გადამხდელებთან ვერ მოიპოვებდა სრულფასოვან დოკუმენტს, რომლითაც დაადგენდა მინიმალური შესყიდვის ფასებს.
III. სალაროს ნაშთები
სალაროს ნაშთებზე საბიუჯეტო გადასახადების დარიცხვისას აუდიტორებმა მიუთითეს, რომ სალაროს გონივრული ნაშთი გაიანგარიშეს თვის განმავლობაში საკასო შემოსავლებისა და საკასო ხარჯების ჯამის 10%-ის ოდენობით და შესაბამისად, 2020 წლიდან ნამატ თანხაზე, როგორც ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხზე გაანგარიშდა მოგების გადასახადი, ხოლო უპროცენტო სესხის სარგებელზე საშემოსავლო გადასახადი.
სულ 2020-2022 წლის საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულის გამო, მოხდა დამატებით გადასახადების დარიცხვა მოგების და საშემოსავლო გადასახადის სახით.
აუდიტორის მიერ მიწოდებული იქნა ცხრილი, მათ მიერ სალაროს გონივრული ნაშთის, გაცემული სესხის და მოგების გადასახადის გაანგარიშების შესახებ, რომლის მიმართ გააჩნია შენიშვნები. კერძოდ:
ა) 97 267 ლარის მოგების გადასახადზე ჯარიმის თანხა გაანგარიშებულია 266 954 ლარის ოდენობით, ანუ 274%-ზე მეტი. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ჯამურად, ყველა გადასახადის გათვალისწინებით, ხსენებული მუხლის მოთხოვნები თითქოს დაცულია მაგრამ, სალაროს ნაშთებთან დაკავშირებით თემატური შემოწმების ჩატარების შემთხვევაში, ჯარიმის თანხა ვერ იქნებოდა დარიცხული მოგების გადასახადზე მეტი.
ამის გარდა, ცხრილებიდან ჩანს მოგების გადასახადის შემცირების ტენდენცია. ვთქვათ 2020 წლის ბოლოს ის განულებულიყო. გამოდის, რომ ჯარიმა 266 954 ლარი მაინც დაექვემდებარებოდა დარიცხვას, რადგან ფორმალურად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნა არ იქნებოდა დარღვეული.
მიაჩნია, რომ ჯარიმის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ საკითხზე აქტით დარიცხულ ძირითად თანხას;
ბ) აუდიტორის მიერ მოწოდებულ ცხრილში შეტანილი საკასო ხარჯები შედგება გაცემული ხელფასებისა და სალაროდან იურიდიულ პირებზე (ძირითადად იჯარაზე) გაცემული თანხებიდან.
სალაროდან თანხების უმეტესი ნაწილი გაიცემა ანგარიშვალდებულ პირებზე მომწოდებლებისათვის თანხების გადასახდელად ან ბანკში შესატანად.
„ცალკეულ შემთხვევაში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების“ დანართი №9 (მითითება ნაღდი ფულის შესახებ) მიხედვით, ტერმინში „სალარო“ შედის ანგარიშვალდებული პირის ჯიბეც (საფულე). შესაბამისად, ანგარიშვალდებულ პირზე რიცხული ნაშთი უნდა დაემატოს სალაროს ნაშთს, ხოლო მათ მიერ ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც აკმაყოფილებს ამავე დებულებით განსაზღვრულ საკასო ხარჯის მოთხოვნებს, გათვალისწინებული უნდა იყოს სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას.
მათ შემთხვევაში, ანგარიშვალდებულ პირებს თვის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი, როგორც წესი არ ერიცხებათ, ხოლო მათ მიერ მომწოდებლებზე გადახდილი თანხების მონაცემები მითითებულია ცხრილის მე-11 გრაფაში, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს გონივრული ნაშთის და შესაბამისი გადასახადების გადაანგარიშება.
პროგრამა ორისის 1430 ანგარიშის (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ) ამონაწერები თვის ჯამური მონაცემებით ადასტურებენ, რომ აუდიტორებს ანგარიშვალდებული პირების მიერ მომწოდებლებზე გადახდილი თანხები არ აქვთ ჩართული საკასო ხარჯების და შესაბამისად, გონივრული ნაშთის გაანგარიშებაში.
დანართით ჩანს, რომ აუდიტორებს საკასო ხარჯებში არ აქვთ ჩართული ანგარიშვალდებული პირების მიერ გადახდილი თანხები.
მაგალითისათვის აღებულია სამივე წლის ივნისის მონაცემები.
2020 წლის ივნისი - საკასო ხარჯი ნაჩვენებია 290 860 ლარი, ფაქტიურად, მხოლოდ 1430 ანგარიშის ამონაწერით ანგარიშვალდებული პირების მიერ გაწეული ხარჯია 2 317 040 ლარი (მათ შორის მომწოდებელი: იურიდიული პირები 1 823 207 ლარი და ფიზიკური პირები 488 954 ლარი, სხვა ვალდებულებები 4 879 ლარი).
2021 წლის ივნისი - საკასო ხარჯი ნაჩვენებია 157 158 ლარი, მხოლოდ 1430 ანგარიშის ამონაწერით ანგარიშვალდებული პირების მიერ გაწეული ხარჯია 1 881 779 ლარი (მათ შორის მომწოდებელი: იურიდიული პირები 1 304 148 ლარი და ფიზიკური პირები 559 401 ლარი, სხვა ვალდებულებები 18 230 ლარი).
2022 წლის ივნისი - საკასო ხარჯი ნაჩვენებია 305 170 ლარი, 1430 ანგარიშის ამონაწერით ანგარიშვალდებული პირების მიერ გაწეული ხარჯია 1 497 361 ლარი (მათ შორის მომწოდებელი: იურიდიული პირები 309 566 ლარი და ფიზიკური პირები 1 181 385 ლარი, სხვა ვალდებულებები 6 410 ლარი).
საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოხატავს მზადყოფნას აუდიტორებს მიაწოდოს 1430 ანგარიშის სრული ამონაწერი ან იგივე ჯამური, თვიურ ჭრილში;
გ) გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები.
წინამდებარე მეთოდური მითითება არ გამოიყენება:
„ბ) თუ არაგონივრული ნაშთის გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა მცირდება გონივრული ნაშთის ფარგლებში.
გ) თუ არაგონივრული ნაშთი, მისი გამოვლენიდან 3 თვის განმავლობაში, აღარ ფიქსირდება.“;
დ) კომპანიის 2021 წლის 10 აგვისტოს საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26909 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) მიზნით ეხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად“, რაც არ არის შესრულებული აუდიტორების მიერ;
ამ მეთოდური მითითებების განახლებული ვერსიით, საკასო ხარჯს მიეკუთვნება (გასულად უნდა ჩაითვალოს) ის თანხები, რომელიც გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით, ხოლო საკასო შემოსავალს უნდა დაემატოს (შემოსულად უნდა ჩაითვალოს) ის თანხა, რომელიც გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით.
აქტის შედეგების შემდგომი გადაანგარიშებისას, თუ დარჩა არაპირდაპირი მეთოდით აღიარებული შემოსავალი და შესაბამისად ხარჯებიც, ამ თანხებით უნდა გაიზარდოს გონივრული ნაშთი;
ე) რიგი სსიპ-ებისა (სოციალური მომსახურების სააგენტო, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების სააგენტო) და კერძო სამართლის იურიდიული პირების (სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტი, შპს რუსთავის ფოლადის მიერ სოციალურად დაუცველ პირებზე და თანამშრომლებზე ხდება ვაუჩერების გაცემა, რომლის საფუძველზეც ეს პირები მათი სავაჭრო ობიექტებიდან იღებენ მათთვის საჭირო პროდუქციას.
სავაჭრო ობიექტების სალარო აპარატებში ჩეკის ამორტყმა არ ხდება საბანკო ტერმინალებით თანხის გადახდისას, დანარჩენ შემთხვევაში, ჩეკი ამოდის პროგრამულად, გაყიდვების პარალელურად.
ვაუჩერებით პროდუქცია ტარდება, როგორც ნაღდი შესყიდვა და ხდება ჩეკის ამორტყმა. ფაქტიურად, გადასახადის გადამხდელთან დარჩენილი ვაუჩერების საფუძველზე, ანგარიშსწორება ხდება ვაუჩერის გამცემი პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვით, რომელთა შესაბამისად უნდა მომხდარიყო სალაროს ნაშთის შემცირებაც, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა.
2020 -2022 წლებში ასეთი თანხები შეადგენს 2020 წელს 53 982 ლარს, 2021 წელს 78 317 ლარს, 2022 წელს 169 846 ლარს და ითხოვდნენ აუდიტორებს სალაროს ნაშთებში ცვლილებების შეტანის შესაბამისად მოეხდინათ გადასახადის გადაანგარიშება, რისთვისაც მზად არიან აუდიტორებს მიაწოდონ საჭირო დოკუმენტაცია.
გადაანგარიშების დასკვნაში აუდიტორი მიუთითებს, რომ აღნიშნულზე საგადასახადო ვალდებულებების შემცირება არ მოხდა იმის გამო, რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ წარუდგინა დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ვაუჩერის თანხები ამორტყმულია საკონტროლო სალარო აპარატში.
მაგალითისათვის, შპს ------- მათ გადმოურიცხეს თანხა, რაზედაც გაწერეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გასცეს ვაუჩერი და დაბეგრეს დღგ-ით. ვაუჩერის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა საქონლის შეძენისას, რომლის ღირებულება, როგორც წესი აღემატება ვაუჩერის ნომინალურ ღირებულებას, ღირებულების ნაწილი გადაიხადა ვაუჩერით და ნაწილი ნაღდით. ღირებულების სრული რაოდენობა გატარდა სალარო აპარატში და დაიბეგრა გადასახადებით.
ფაქტიურად მოხდა ორმაგი დაბეგვრა, დღგ უნდა შემცირებულიყო მაღაზიების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებების პროპორციულად, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთი და იგივე თანხა მესამედაც იბეგრება.
გაუგებარია, საბანკო გადარიცხვების და გაწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გარდა, სხვა რა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ვაუჩერის თანხების სალარო აპარატში ამორტყმა, რათა შესაბამისი თანხებით შემცირდეს სალაროს ნაშთები;
ვ) 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე, სალაროს არაგონივრულ ნაშთებზე გადასახადების გაანგარიშება არ მომხდარა, თუმცა ასეთი განხორციელდა 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე შედგენილი შემოწმების აქტით.
2019 წელზე, აქტის განხილვისას 2020-2022 წლების სალაროს ნაშთების დასაზუსტებლად ითხოვდა შემდეგს:
ა) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, 2019 წელს ხდებოდა სოციალურად დაუცველ პირებზე ვაუჩერების გაცემა, რომლის საფუძველზე ეს პირები ჩვენს სავაჭრო ობიექტებიდან იღებდნენ მათთვის სჭირო კვების პროდუქტებს.
სავაჭრო ობიექტების სალარო აპარატებში ჩეკის ამორტყმა არ ხდება მხოლოდ საბანკო ტერმინალებით გადახდისას, დანარჩენ შემთხვევებში ჩეკი ამოდის პროგრამულად, გაყიდვების პარალელურად.
ვაუჩერებით პროდუქცია ტარდება, როგორც ნაღდით შესყიდვა და ხდება ჩეკის ამორტყმა. ფაქტიურად ჩვენთან დარჩენილი ვაუჩერების საფუძველზე, ანგარიშსწორება ხდება ვაუჩერის გამცემი პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვით, რომელთა შესაბამისად უნდა მომხდარიყო სალაროს ნაშთის შემცირებაც, რაც ჩვენს მიერ არ მომხდარა.
2019 წელს ვაუჩერების საფუძველზე მიწოდების ჯამური თანხა, რომლითაც უნდა მომხდარიყო სალაროს შემოსავლებისა და შესაბამისად, ნაშთის შემცირებაც, შეადგენს 22 998 ლარს;
ბ) 2019 წლის 2 აგვისტოს ფიზიკური პირი ა. სადრაძისგან შეძენილია შპს „-------“-ის 25%-იანი წილი 95 750 ლარად. ნოტარიულად გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ორივე მხარე ადასტურებს ნასყიდობის ფასის გადახდას (დანართი 14).
თანხა ბანკიდან არ არის გადარიცხული და გამორჩენილია სალაროს გასავალშიც, ამიტომ ამ შემთხვევაში, სალაროს ნაშთი შესამცირებელია 95 750 ლარით.
გადაანგარიშების დასკვნაში აუდიტორი მიუთითებს „2019 წლის საანგარიშო პერიოდზე ჩვენს მიერ არ მომხდარა სარგებელის გაანგარიშება, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ამ საკითხზე საგადასახადო შემოწმების აქტში არ უფიქსირდება დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ მოხდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“.
არ ითხოვდა 2019 წლის გადასახადების გადაანგარიშებას, თხოვნა იყო სალაროს ნაშთების დაზუსტება (შემცირება), რაც თავისთავად შეამცირებს 2020 წლის საწყის ნაშთს და 2020-2022 წლების სალაროს არაგონივრულ ნაშთზე დარიცხულ გადასახადებს.
ითხოვს აუდიტორებს დაევალოს მოახდინონ 2019 წლის სალაროს ნაშთის დაზუსტება, რათა მისი გათვალისწინებით მოხდეს 2020-2022 წლების გადასახადების გადაანგარიშება.
ითხოვს ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მოახდინოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ:
1. 2022 წლის 20-22 დეკემბერს კომპანიის 10 ფილიალში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვები საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ, შედგა 12 ოქმი 241 დასახელების საქონლის სარეალიზაციო ფასის შესახებ, ამასთან, სხვა მეთოდებით დაფიქსირდა გასაყიდი ფასები, სულ 704 დასახელების საქონელზე.
თუ წინასწარ განზრახვა არ იყო, როგორ მოხდა, რომ არცერთი ჯგუფის მიერ არ დაფიქსირდა ისეთი მსხვილი კატეგორიების ფასები, როგორიცაა ხილ-ბოსტნეული, თევზი, ყველი, რომელთა წილი საერთო შესყიდვაში 20%-ია და სავაჭრო ფართის მოცულობითაც, ფაქტიურად შეუძლებელია მათთვის გვერდის ავლა;
2. მათი აზრით, აუდიტორებს თავიდანვე ქონდათ განზრახვა იმისა, რომ ამ საქონელზე აუდირებული ფასნამატი გამოეყენებინათ და დაგეგმეს საკონტროლო შესყიდვები ისე, რომ ამ საქონლის შესყიდვის ფასები არ დაფიქსირდა;
3. აქტში ხილ-ბოსტნეულზე აუდირებული, სადაო 55%-იანი ფასნამატის გარდა, ყველზე და ხორცზე გამოყენებულია გაყალბებული ფასნამატი;
4. მას შემდეგ, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ ეცნობათ იმ 27 სასაქონლო ზედნადებების მონაცემები, რომლებითაც უნდა დაზუსტებულიყო 32 საქონლის უახლოესი შესყიდვის ფასი, 30.06.2023 წლის გადაანგარიშების დასკვნაში მიეთითა, რომ თითქოს ეს სასაქონლო ზედნადებები ბაზაში არ იძებნებოდა, არ მოახდინეს გადაანგარიშება და ფაქტიურად გააყალბეს დასკვნა;
5. მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, შემოსავლების სამსახურისათვის საჩივრის ხელახლა განხილვის დაბრუნების შემდგომ აღიარეს მათ, რომ 27 სასაქონლო ზედნადები არსებობს და მათში მართლაც უფრო დაბალი ფასებია დაფიქსირებული.
მხოლოდ ის, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის აუდიტორები 27 სასაქონლო ზედნადებს ვერ ან არ მოძებნიან გადასახადის გადამხდელის ბაზაში, მიუთითებს მათ დაბალ კვალიფიკაციაზე;
6. შემოწმების აქტით, შემოსავლების გაანგარიშებაში და შემდგომ გადაანგარიშების დასკვნაშიც დაშვებულია ისეთი შეცდომები, რომლებიც მხოლოდ ამძიმებენ საგადასახადო ვალდებულებებს;
7. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას, გარდა იმისა, რომ 2020 წლის დეკემბერში 125 691 ლარით ნაკლები შეამცირეს დარიცხული გადასახადი, ჯარიმა წლის განმავლობაში გაზარდეს 160 169 ლარით მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი თანხა არასრულად, მაგრამ მაინც შეამცირეს 274 335 ლარით
დავების განხილვის
საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26909 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით, საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ფასნამატის შესახებ);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26909 ბრძანების აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 7 984 151 ლარით, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის დასკვნით ირკვევა შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის შემდგომ, შემმოწმებლების მიერ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. აღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები, შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია (ფიზიკური პირებისგან შესყიდვა) შესასწავლად გადაგზავნილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რის შედეგადაც დადგენილია სიყალბე, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ მომხდარა;
- არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის ინფორმაცია, ვაუჩერის თანხები ამობეჭდილია თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატში (შემოწმება ჩატარდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით), შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ მომხდარა.
ამასთან, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დადგენილი გარემოებები, კერძოდ:
- აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ფასნამატის გავრცელების პროცესში, სრული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებიდან გამოკლებულია ისეთი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც არ უნდა განხორციელებულიყო ფასნამატის გავრცელება. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას გამოაკლდა რესტორნის სალონის, დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები და 2019 წელს შემოწმებული პერიოდის, აპრილის თვის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მიერ საგადასახადო შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გამომიჯვნა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით, კატეგორიების მიხედვით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადაანგარიშების პროცესში მოხდა, როგორც დღგ-ის ბრუნვის კორექტირება, ასევე საშემოსავლო გადასახადის, რის შედეგადაც გარკვეულ პერიოდში მოხდა როგორც დარიცხვის გაზრდა, ასევე შემცირება, შესაბამისად, კონკრეტულ პერიოდში შესაძლებელია მომხდარიყო ჯარიმის გადაჭარბება გადასახადზე, თუმცა სალდირებულად, საგადასახადო მოთხოვნის ფარგლებში, ჯარიმის გადამეტება გადასახადზე არ მომხდარა. ყოველივე ზემოაღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად, საგადასახდო შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები, შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის განსაზღვრისთვის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულია სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რომლის შინაარსის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, კერძოდ, გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის რენტაბელობა ყველა წელს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რის შედეგადაც განსაზღვრული იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ოდენობა. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია (ფიზიკური პირებისგან შესყიდვა) შესასწავლად გადაგზავნილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რის შედეგადაც დადგინა სიყალბე, ამდენად, საგადასახადო შემოწმების მიერ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა;
- არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის ინფორმაცია, ვაუჩერის თანხები ამობეჭდილია თუ არა საკონტროლოსალარო აპარატში, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულია ანგარიშვალდებულ პირთა ბუღალტრული ანგარიში.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, საყურადღებოა ასევე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ შემმოწმებლების მიერ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ მაგალითთან, კერძოდ კარტოფილის ფასნამატთან დაკავშირებით, ვინაიდან ხილ - ბოსტნეულის კატეგორია შედგება საკმაოდ მრავალფეროვანი დასახელების პროდუქციისგან და ისეთ პირობებში, როდესაც აღნიშნული კარტოფილის მიყიდვის ფაქტს არ ადასტურებს მეორე მხარე, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, აუდიტის დეპარტამენტი ვერ იხელმძღვანელებდა მხოლოდ კარტოფილის ფასნამატით, შესაბამისად, ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი.
- იურიდიული პირებისგან სასაქონლო ზედნადებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კატეგორიებად დაყოფილ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გავრცელება, შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში მონაწილეობას იღებს, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილი, ასევე იურიდიული პირებისგან მიღებული პროდუქცია. ამდენად, ფასნამატის გავრცელება მოხდა, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილ საქონელზე, ასევე იურიდიული პირებისგან განხორციელებულ შეძენაზე.
- საცალო რეალიზაციის თანმდევ ხარჯთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოწმების პროცესში, გავლილი და შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელთან ერთად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაშიფვრა, ასევე გადასახადის გადამხდელს უნდა გაეშიფრა საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგები, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არც რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და არც ნაშთების გაშიფვრა, შესაბამისად აღნიშნული საკითხი ვერ იქნა დადასტურებული.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, წარმოადგენს არგუმენტებს/პოზიციებს დარიცხვებთან და გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და შესაბამისად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ აუდიტის დეპარტამენტის პოზიციებზე.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის და მისი წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/პოზიციები. ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ შემოწმების აქტით თანხების დარიცხვა გამოწვეულია აუდიტორის მიერ ფასნამატის დადგენაში, საქონლის დაჯგუფებაში და შემოსავლების გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომებით. შემოსავლების გასაანგარიშებლად საქონელი დაყოფილი იქნა კატეგორიებად და მისი მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, კერძოდ ყველის კატეგორიაზე გამოყენებულია 22%-იანი ფასნამატი, ხილ-ბოსტნეულზე ფიზიკური პირების აუდირებული 55%-იანი ფასნამატი, იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე 55%-იანი ფასნამატი, ხოლო დანარჩენზე საშუალო შეწონილი ფასნამატი. 32 დასახელების საქონლის შეძენის ფასები არასწორად იქნა დაფიქსირებული, მიაწოდეს სასაქონლო ზედნადების მონაცემები და მის საფუძველზე მოხდა გადაანგარიშება. მანამდე, აღნიშნავდნენ, რომ თითქოსდა ვერ იქნა მათ მიერ მოძიებული სასაქონლო ზედნადებები ერთიან ბაზაში, მხოლოდ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შემდგომ (რომ უნდა მომხდარიყო კომუნიკაცია), გადასახადის გადამხდელსაც დაევალა ფასნამატის გაანგარიშების წარდგენა და მხოლოდ მაშინ იქნა აღიარებული მათ მიერ, რომ სასაქონლო ზედნადებები არსებობდა და ფასები არასწორად იყო დადგენილი. აუდიტის სამსახურის მიერ გადაეგზავნათ კატეგორიების მიხედვით ფასნამატის გაანგარიშება, რომლის მიხედვით ხილ-ბოსტნეულზე ფასნამატი 31% იყო, სინამდვილეში კი გადაანგარიშების დასკვნით როგორც ფიზიკური პირებიდან, ისე იურიდიული პირებიდან სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე გამოყენებულია 55%-იანი ფასნამატი, მაშინ როდესაც აქტში და ყველა წინა გაანგარიშებაში 55%-იანი აუდირებული ფასნამატი გამოყენებულია მხოლოდ ფიზიკური პირებისგან შეძენილ ხილ-ბოსტნეულზე, ხოლო სასაქონლო ზედნადებებით შეძენებზე გამოყენებულია საშუალო შეწონილი ფასნამატი. თევზის, ყველის და ხილ-ბოსტნეულის კატეგორია, რომელიც შესყიდვების დაახლოებით 20%-ზე მეტია, არ ასახულა საკონტროლო შესყიდვაში, მაშინ როდესაც საბავშვო ჰიგიენის კატეგორიაზე, რომლის წილი მხოლოდ 0.13%-ია, 25 საკონტროლო შესყიდვაა, ხოლო ფასნამატის გაანგარიშებაში 6 დასახელების პროდუქტითაა წარმოდგენილი, გაუგებარია, რატომ გამორჩა შემმოწმებელს ეს სამი საქონელი. აუდიტორს შესყიდვის აქტები მიაწოდეს, მაგრამ გარდა ამისა, თუ არ მიეწოდებოდათ, კატეგორიის ფასნამატის დადგენა შეეძლოთ იურიდიული პირების სასაქონლო ზედნადებების მონაცემების მიხედვით, რაც საკმარისი იქნებოდა ხილ-ბოსტნეულის კატეგორიის ფასნამატის დასადგენად. მიაჩნია, რომ ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაზე უნდა გავრცელდეს საშუალო შეწონილ ფასნამატი და არა აუდირებული. გარდა ამისა, არის სხვა შეცდომებიც, კერძოდ 55%-იანმა ფასნამატის გავრცელებამ გაზარდა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც გავრცელდა თევზე და ყველზე. მეორეა მოგების გადასახადის გაანგარიშების საკითხი, რომელიც მიაჩნია, რომ არასწორად არის გაანგარიშებული. შემმოწმებელმა მოითხოვა შესყიდვის დოკუმენტების წარდგენა, თავდაპირველად ვერ მოასწრეს მიწოდება, მაგრამ შემდგომ მიაწოდეს შესყიდვის აქტების ქსეროასლები, რომელიც დოკუმენტაციის დიდი მოცულობის გამო არ მიიღეს და უთხრეს, რომ მათი მონაცემებით, ელექტრონულად არსებული ცხრილით გაიანგარიშეს. აუდიტორმა მოგების გადასახადი გაიანგარიშა მანუალზე დაყრდნობით და 25%-იანი რენტაბელობით გაიანგარიშა დასაბეგრი თანხა, მაგრამ მიიჩნევს, რომ მანუალი სულ სხვანაირად ითხოვს გადასახადის გაანგარიშებას, რაც დაფიქსირებული აქვს საჩივარშიც. 2020-2021 წლებზე, გადაანგარიშების შედეგად, მოხდა საშემოსავლო გადასახადის შემცირება, მაგრამ დაშვებულია შეცდომები, ამასთან აღნიშნულის მიუხედავად დაკისრებული ჯარიმების ოდენობა გაზრდილია, ჯამში ჯარიმა ნაკლებადაა შემცირებული. აღნიშნული პანდემიის პერიოდია, როცა არსებობდა შეღავათები, რაც არ არის გათვალისწინებული გადაანგარიშებაში, რამაც გავლენა იქონია შესამცირებელი თანხის ოდენობაზე. ცალკე თემაა სალაროს ნაშთი, რაზეც არ არის შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიცემული დავალება გათვალისწინებული. აუდიტორებს ანგარიშვალდებული პირების მიერ მომწოდებლებზე გადახდილი თანხები (1430 ანგარიში) არ აქვთ ჩართული, კერძოდ გაცემულია თანხები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც აუდიტორს არ აქვს გონივრული ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინებული. გადაანგარიშებისას, თუ დარჩება არაპირდაპირი მეთოდით აღიარებული შემოსავალი და შესაბამისად ხარჯებიც, ამ თანხებით უნდა გაიზარდოს გონივრული ნაშთი. 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე სალაროს არაგონივრულ ნაშთებზე გადასახადების გაანგარიშება არ მომხდარა, თუმცა ასეთი განხორციელდა 2020-2022 საანგარიშო პერიოდებზე შედგენილი შემოწმების აქტით. 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე მიწოდებული აქვთ სალაროს ნაშთზე მონაცემები ვაუჩერების საფუძველზე მიწოდებაზე და წილის შეძენაზე, მათ შორის ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო სალაროს შემოსავლების და შესაბამისად ნაშთის შემცირება, მათი თხოვნა იყო 2019 წლის სალაროს ნაშთი დაზუსტებულიყო (შემცირებულიყო), რაც შეამცირებდა მომდევნო პერიოდის საწყის ნაშთს და 2020-2022 წლების სალაროს არაგონივრულ ნაშთზე დარიცხულ გადასახადებს. აქვე აღსანიშნავია ვაუჩერებით რეალიზაციის საკითხი, მაგალითად, შპს რუსთავის ფოლადის მიერ სოციალურად დაუცველ პირებზე და თანამშრომლებზე ხდება ვაუჩერების გაცემა, რომლის საფუძველზეც ეს პირები მათი სავაჭრო ობიექტებიდან იღებენ მათთვის საჭირო პროდუქციას. ვაუჩერებით პროდუქცია ტარდება, როგორც ნაღდი შესყიდვა და ხდება ჩეკის ამორტყმა. აუდიტორი მიუთითებს, რომ ვერ წარედგინათ დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ვაუჩერის თანხები ამორტყმულია საკონტროლო სალარო აპარატში და ამიტომ არ მოხდა აღნიშნულზე საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. კომპანიამ გადმოურიცხა თანხა, რაზედაც გაწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, გასცეს ვაუჩერი და დაბეგრეს დღგ-ით. ვაუჩერის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა საქონლის შეძენისას, ღირებულების ნაწილი გადაიხადა ვაუჩერით და ნაწილი ნაღდით, ღირებულების სრული რაოდენობა გატარდა სალარო აპარატში და დაიბეგრა გადასახადებით. ამ ნაწილში მიაჩნია, რომ მოხდა ორმაგი დაბეგვრა, საბანკო გადარიცხვების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გარდა, გაუგებარია სხვა რა დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს ვაუჩერის თანხების სალარო აპარატში ამორტყმა, რათა შემცირდეს სალაროს ნაშთები. არ იქნა გათვალისწინებული სალაროს რეალიზაციის თანმდევი ხარჯის ღირებულებაც, რომელიც შედის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში, ანუ ხარჯი, რომელიც აისახა რეალიზაციაში ან წლის ბოლოს ნაშთებში და აღნიშნულით გაზრდილია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. თუნდაც ის საქონელი (პირბადეები), რომელიც არ იყიდებოდა პროპორციით უნდა მოხდეს მათი გამოკლება, საქონელი რომელიც ჩამოწერილია აუდიტორს მიეწოდა სრული ჩამონათვალი. ასევე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების კატეგორიების მიხედვით პროპორციის გასაანგარიშებლად ჯამური მიღებიდან არ არის გამოკლებული დოკუმენტური რეალიზაციის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან აღნიშნა, რომ ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნიათ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებთან/პოზიციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დაყოფა მოხდა კატეგორიებად, სადაც ერთ-ერთი კატეგორიაა ხილ-ბოსტნეული, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში მონაწილეობას იღებს, როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილი, ასევე იურიდიული პირებისგან მიღებული საქონელი, შესაბამისად, აუდირებული ფასნამატის გავრცელება მოხდა როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილ საქონელზე, ასევე იურიდიული პირებისგან განხორციელებულ შეძენაზე, მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაზე, დანარჩენზე საშუალო შეწონილი ფასნამატი იქნა გამოყენებული. ამასთან, ფასნამატის გაანგარიშების პროცესში დოკუმენტური რეალიზაციის, რესტორნის, სალონის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება გამოაკლდა მთლიან რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, მათ შორის ვაუჩერებით რეალიზაციაც, ვინაიდან მასზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან, როგორც ვაუჩერების, ისე დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილზე ფასნამატი გამოყენებული არ არის. შესაბამისი ცხრილი კი გაგზავნილია გადასახადის გადამხდელთან. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისთვის გამოყენებულია სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რომლის შინაარსის გათვალისწინებით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, კერძოდ, გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის რენტაბელობა, რის შედეგადაც განისაზღვრა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ოდენობა. მომჩივნის მოთხოვნა, რომ იმ პერიოდში, სადაც რენტაბელობა აჭარბებს 25%-ს ხარჯი დათვლილი იქნეს 25%-იანი რენტაბელობით, არ შეესაბამება №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს პრინციპებს. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას, გაანგარიშებულია სწორად, ჯარიმის დარიცხვა ხდება ავტომატურად და ფიზიკურად შეუძლებელია შეცდომა, გარკვეულ პერიოდში მოხდა როგორც დარიცხვის გაზრდა, ისე შემცირება, შესაბამისად, კონკრეტულ პერიოდში შესაძლებელია მომხდარიყო ჯარიმის გადაჭარბება გადასახადზე, თუმცა სალდირებულად ჯარიმის გადამეტება არ მომხდარა, ასევე გათვალისწინებულია კოვიდ შეღავათები. სალაროს ნაშთი გაანგარიშებულია მეთოდური მითითების შესაბამისად. სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ანგარიშვალდებულ პირთა ბუღალტრული ანგარიში ისე, როგორც სახელფასო განაცემები მონაწილეობს სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას. რაც შეეხება შიდა, ანუ თანმდევი ხარჯის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, რომელიც მისი განმარტებით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას უნდა გამოკლებოდა, აღნიშნულის დასადასტურებლად გადამხდელისგან მოთხოვნილი იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაშიფვრა, ვინაიდან ბუღალტრულად შეუძლებელია დადგენა თუ რას მოიცავდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ასევე, ეთხოვა საწყისი და საბოლოო სასაქონლომატერიალური მარაგების გაშიფვრა, თუმცა მათი მხრიდან არცერთის გაშიფვრა არ მომხდარა და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოთხოვნა არ იქნა დადასტურებული. ანუ, აღნიშნულ ნაწილში საუბარია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და ნაშთებზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ იქნა მიწოდებული, სადაც მომჩივნის განმარტებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში შეყვანილია საქონელი, რომელსაც არ ყიდის (მაგალითად: პირბადე, სალარო-აპარატის ლენტა, ბახილები და სხვა), დაკავშირებულია შიდა მოხმარებასთან და აღნიშნულით გაზრდილია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაევალა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაშიფვრა იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული ხარჯი ნამდვილად იყო შეყვანილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში, თუმცა მათ მიერ გაშიფვრა არ მომხდარა.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26909 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ და რა გადაწყვეტილება მიიღო შემოსავლების სამსახურმა.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26909 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26909 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №26909 ბრძანების აღსრულების შედეგების მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით ირკვევა შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა, ასევე კატეგორიებად დაიყო საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი საქონელი. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის შემდგომ, შემმოწმებლების მიერ მოხდა შეძენაში კატეგორიის წილის პროპორციულად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ჩაშლა და შესაბამის კატეგორიას მიესადაგა საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კატეგორიაზე დადგენილი ფასნამატი. აღნიშნული მონაცემების შესწავლის და დამუშავების შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები, შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია დამატებით მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ მომხდარა;
- არაგონივრული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დამატებით დოკუმენტური მტკიცებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ მომხდარა.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26909 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);