ბრძანება N 21179
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21179
29 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 30 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 და 11 სექტემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №72, №75) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 30 ივლისის №97233/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №001-122 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმებას არ გაუთვალისწინებია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და გამოყენებული აქვს არარეალური ფასნამატი. მიუთითებს, რომ კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ ერთ შემსყიდველთან, მოგებული ტენდერის საფუძველზე და აღნიშნულ საქმიანობაზე ფასნამატი შეადგენს 20%-ს. ასევე, შემსყიდველთან არსებული ხელშეკრულების პირობები მოითხოვს პროდუქციის ტრანსპორტირებას საქართველოს მასშტაბით, რაც ზრდის საქონლის თვითღირებულებას და ამცირებს მოგებას. მიუთითებს, რომ კომპანიას ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსპორტირების მომსახურებას უწევენ მცირე მეწარმეები, სხვა შემთხვევაში კი იჯარით აღებული ტრანსპორტით ხდება პროდუქციის მიწოდება. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ ხარჯები არასრულად არის გამოქვითული, არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტირების რეალური ღირებულება და ამ ნაწილში ითხოვს ხარჯის 75%-ის გათვალისწინებას.
2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1557 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 30 ივნისის №14205 ბრძანება და ამავე თარიღის №001-122 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 228 180 ლარი, მათ შორის გადასახადი 143 467 ლარი, ჯარიმა 71 733 ლარი და საურავი 12 980 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოდგენდა ავეჯის წარმოება-რეალიზაცია. კომპანია ავეჯის მიწოდებას ახდენდა სს „-------“, გამოცხადებული ტენდერის „საოფისე ავეჯის დამზადება-მიწოდების მომსახურების შესყიდვის შესახებ“ მეშვეობით. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, შპს „-------“, შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევდა მხოლოდ -------. აღნიშნულ პერიოდში მას სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირებისთვის მომსახურება არ გაუწევია. შემოწმების მიმდინარეობისას, საბანკო ანგარიშების ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სს „-------“ შემოსავლების მიღება უფიქსირდებოდა საბანკო ჩარიცხვების მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიისათვის ჩარიცხული თანხა ანაგრიშვალდებული პირის მიერ თითქმის სრულადაა გატანილი. შედეგად, დოკუმენტური ხარჯების, ბიუჯეტში გადახდა/დაბრუნებების, საკასო ხარჯების 10%-ისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრულ იქნა ფულადი ნაშთი, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადით. გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
მისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოდგენდა ავეჯის წარმოება-რეალიზაცია. კომპანია ავეჯის მიწოდებას ახდენდა მხოლოდ სს „-------“, გამოცხადებული ტენდერის მეშვეობით და შემოსავლების მიღება უფიქსირდებოდა საბანკო ჩარიცხვების მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიისათვის ჩარიცხული თანხა ანაგრიშვალდებული პირის მიერ თითქმის სრულადაა გატანილი. შედეგად, დოკუმენტური ხარჯების, ბიუჯეტში გადახდა/დაბრუნებების, საკასო ხარჯების 10%-ისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრულ იქნა ფულადი ნაშთი, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებით, რომ შემოწმების მიერ ხარჯები არასრულად არის გამოქვითული და არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტირების მომსახურებისა და საწვავის ღირებულებები, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით საწვავის შეძენა, შესაბამისად, შემოწმების მიერ საწვავის ხარჯი ფულის მოძრაობის გაანგარიშების მიზნებისთვის ვერ იქნებოდა გათვალისწინებული. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ან/და იჯარით აღების ფაქტი არ დასტურებდებოდა. რაც შეეხება სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს, გადამხდელმა განმარტა, რომ მას მომსახურებას უწევდნენ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რაც მისი თქმით დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით. გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მომსახურების გამწევი პირების უმეტესობას არ აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს ჰქონდა გადახდილი თანხების წყაროსთან დაკავების ვალდებულება, შესაბამისად, აღნიშნული თანხები ფულის მოძრაობის გაანგარიშების მიზნებისთვის ხარჯებში გათვალისწინებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც შემოწმების მიერ სრულად არ არის გათვალისწინებული ავეჯის წარმოებაზე გახარჯული მასალები და მას შეუძლია წარმოადგინოს ავეჯის მიწოდებაზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, შესაბამისი დანართით, სადაც ჩანს მიწოდებული ავეჯის მახასიათებლები და ასევე ცალკე ცხრილი, რომელშიც ჩაშლილი იქნება თითოეულ მიწოდებულ ავეჯზე გახარჯული და ჩამოწერილი მასალები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2025 წლის 4 სექტემბერს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 1 კვირის ვადით. 2025 წლის 11 სექტემბერს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გადასახადის გადამხდელმა ნიმუშის სახით წარმოადგინა ავეჯის მიწოდებაზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და შესაბამისი დანართი მისაწოდებელი ავეჯის მახასიათებლების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავეჯის წარმოებაზე გახარჯული მასალის შესაბამისი კალკულაციები, ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავეჯის წარმოებაზე გახარჯული მასალის შესაბამისი კალკულაციები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოდგენდა ავეჯის წარმოება-რეალიზაცია. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევდა მხოლოდ ერთ პირს. აღნიშნულ პერიოდში მას სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირებისთვის მომსახურება არ გაუწევია. შემოწმების მიმდინარეობისას, დადგინდა, რომ გადამხდელს შემოსავლების მიღება უფიქსირდებოდა საბანკო ჩარიცხვების მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიისათვის ჩარიცხული თანხა ანაგრიშვალდებული პირის მიერ თითქმის სრულადაა გატანილი. შედეგად, დოკუმენტური ხარჯების, ბიუჯეტში გადახდა/დაბრუნებების, საკასო ხარჯების 10%-ისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრულ იქნა ფულადი ნაშთი, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადით. გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავეჯის წარმოებაზე გახარჯული მასალის შესაბამისი კალკულაციები, ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 269(9)