ბრძანება N 9326
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9326
22 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------)
(ფაქტ. მის.: -------------------------;
იურ. მის.: ---------------------------)
2024 წლის 26 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------) №88712/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის №EL244619 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, პროდუქციის დამამზადებელი ქარხნის მიერ წარმოდგენილ ინვოისში, ერთი და იგივე მასალა არის ორ პოზიციად ჩაწერილი. რადგან ეს მასალები განსხვავდება ფერით, ზომით და რაოდენობით, ამიტომ აქვს განსხვავებული ერთეულის ფასი. აღნიშნულმა გამოიწვია ორი პოზიციის პროდუქციის ფასების არევა. მომჩივანი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ინვოისში შეცდომით არის ჩაწერილი ნაკლები წონა რეალურად გამოგზავნილთან შედარებით. ამიტომ, მებაჟემ ჩათვალა რომ არასწორი ინფორმაცია იქნა წარდგენილი საბაჟოსთვის. საჩივრის ავტორიტორი განმარტავს, რომ კომპანიის მიზანი არ ყოფილა გადასახადებისაგან თავის არიდება და მის ინტერესებში არ იყო მასალების ნაკლები წონის წარდგენა, რადგან საქონლის განბაჟება ხდება ღირებულებით და არა წონით. შესაბამისად, მიაჩნია, რომ წონის ცვლილება არ მოახდენდა გავლენას გადასახდელებზე.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დეკლარირების სისწორის საკითხის ხელახლა შესწავლას და წონის სხვაობის მექანიკურ შეცდომად ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 10 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე №-----/------ სატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ, სხვადასხვა მიმღების კუთვნილ სხვადასხვა დასახელების საქონელზე (12 სატრანსპორტო ზედდებული – საერთო წონა 7 894 კგ) გამოიწერა №----/D----- აღრიცხვის მოწმობა. აღნიშნული მოწმობისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაიგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ის“ დანიშნულებით.
2024 წლის 11 მარტს №-----/------ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----ის“ კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა აღრიცხვის მოწმობისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------) მიერ დეკლარირებულ საქონელთან ერთად, ასევე აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი. კერძოდ: ინვოისში №--------- (05.03.2024) მითითებული მე-3 პოზიცია „----------“ – 36 მეტრის ნაცვლად აღმოჩნდა 636 მეტრი (არადეკლარირებული 600 მეტრი (1 200კგ)); მე-4 პოზიცია „--------“ 36 ცალის ნაცვლად – 200 ცალი (არადეკლარირებული 164 ცალი (8 კგ)); მე-7 პოზიცია „--------“ 40 ცალის ნაცვლად – 600 ცალი (არადეკლარირებული 560 ცალი (93 კგ)); მე-8 პოზიცია „------“ 40 ცალის ნაცვლად – 578 ცალი (არადეკლარირებული 538 ცალი (3.6 კგ)); მე-9 პოზიცია „------“ 28 ცალის ნაცვლად – 1 392 ცალი (არადეკლარირებული 1 364 ცალი (8 კგ); მე-10 პოზიცია „----“ 28 ცალის ნაცვლად – 2 592 ცალი (არადეკლარირებული 2 564 ცალი (5.4 კგ)); მე-11 პოზიცია „--------“ 45 ცალის ნაცვლად – 751 ცალი (არადეკლარირებული 706 ცალი (10 კგ). ამასთან ერთად, აღმოჩენილ იქნა ისეთი საქონელიც, რომელიც საერთოდ არ იყო მითითებული №--------- (05.03.2024) ინვოისში, კერძოდ: „------“ – 200 ცალი (300 კგ); „-------“ – 209 ცალი (10 კგ); --------ი – 7 ცალი (1.2 კგ); ------ა – 4 ცალი (2.8 კგ); ------ით – 1 000 ცალი (6 კგ).
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2024 წლის 12 მარტის №-------/2024 დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 4566.11 აშშ დოლარი.
ვინაიდან შპს „------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 12 მარტს შედგენილ იქნა №EL244619 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----------ს“ (ს/ნ -------------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 12 133,55 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკსირებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკსირებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დეკლარირების სისწორის საკითხის ხელახლა შესწავლას და წონის სხვაობის მექანიკურ შეცდომად ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს. გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 12 მარტს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 12 133,55 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკსირებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(1);