დივიდენდის დაბეგვრა (საწარმოს დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის გატანა სესხად) N 0104

0104 დივიდენდის დაბეგვრა (საწარმოს დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის გატანა სესხად) 26.04.2022
№ დოკუმენტი 0104
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დივიდენდის დაბეგვრა N 0104

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ კაპიტალში შენატანის ოდენობით, არარეზიდენტ დამფუძნებელზე გასცა სესხი საბაზროზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით და ასახა მოთხოვნებში როგორც ძირითადი თანხა, ასევე მისაღები პროცენტი.

· I ვარიანტი: საწარმომ აპატია ვალდებულება დამფუძნებელს, მის მიმართ გააუქმა მოთხოვნა როგორც ძირი თანხის, ასევე დარიცხული პროცენტის ნაწილში, შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა და პარტნიორმა გადაწყვიტა საწარმოს ლიკვიდაცია.

· II ვარიანტი: საწარმოს მოთხოვნა არ გაუუქმებია დამფუძნებლის მიმართ. საწარმომ შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა და პარტნიორმა გადაწყვიტა საწარმოს ლიკვიდაცია.

· საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება არც ერთ ვარიანტში საწარმოს არ განუხორციელებია.

შეფასება

· სსკ-ის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდს არ მიეკუთვნება იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება; სსკ-ის 150-ე მუხლის თანახმად, თუ ხდება იურიდიული პირის ლიკვიდაცია და პარტნიორ იურიდიულ პირს გადაეცემა მისი წილის პროპორციული (შესაბამისი) აქტივი და, ამასთანავე, პარტნიორი იურიდიული პირი ლიკვიდაციამდე ფლობდა 50 პროცენტს ან მეტს ამ იურიდიულ პირში, მაშინ აქტივების განაწილება არ არის დივიდენდი. ეს ნაწილი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ლიკვიდაციაში პარტნიორი იურიდიული პირი არარეზიდენტია.

· I ვარიანტში რადგან საწარმოს მიერ პარტნიორისათვის ნაპატიები სესხის ძირი თანხა არ სცდება კაპიტალში მის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას, ამიტომ არ მიიჩნევა დივიდენდად. საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გაუქმებული მოთხოვნა დარიცხული პროცენტის თანხის ოდენობით არარეზიდენტი პარტნიორისათვის წარმოადგენს ვალის პატიებით მიღებულ შემოსავალს და გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.

· II ვარიანტში საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტში დივიდენდად უნდა განეხილა მოთხოვნებში დაფიქსირებულ (ძირითადი + პროცენტის თანხა) თანხას გამოკლებული პარტნიორის მიერ კაპიტალში შენატანის ოდენობა და დაებეგრა გადახდის წყაროსთან.

ღონისძიებები

· I ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და არ ხდება დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება.

· II ვარიანტში საწარმოს უნდა დაერიცხოს გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი (დივიდენდი).

· II ვარიანტში საწარმო დაჯარიმდება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე მუხლით.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2022 წლის 6 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც.

აღნიშნული სახელმძღვანელო ვრცელდება პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში იგულისხმება, რომ პარტნიორის მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანი სადაო არ არის.