გადაწყვეტილება №23362/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23362/2/2024
22 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 25.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23362/2/2024).
დავის საგანი:
ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2024 წლის №149-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13283 ბრძანება
დარიცხული თანხა: 3 098 860 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 1 880 120
დღგ - 384
მოგების გადასახადი - 22 514
საშემოსავლო გადასახადი - 1 857 222
ჯარიმა - 946 946
საურავი - 271 794
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი შენობების (კორპუსების) მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.03.2021 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას შესაბამისი ბუღალტრული სტანდარტების მიხედვით (არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა). შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა სალაროს მოძრაობა ექსელის ფორმაში, ასევე, საბანკო ამონაწერები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა ფულის ნაშთი. ასევე, კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით მომწოდებლებზე გადახდილია იმაზე მეტი თანხა, ვიდრე არსებობს სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების პროცესში მეორე მხარისგან გამოთხოვილია ინფორმაცია მიღებული თანხების შესახებ და დადგინდა, რომ კომპანიას არ აქვს გადახდილი ის თანხა, რასაც თავად აღრიცხავს. გარდა ამისა, შესწავლილ იქნა ფიზიკური პირებისგან აღებული სესხები და დადგინდა, რომ შემოწმებისთვის წარმოდგენილ ცხრილში ნაჩვენებია ძირითადი თანხის გადახდები, რომელიც გადახდილია წინა შემოწმების პერიოდში. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად, აღნიშნული თანხები არ იქნა მიჩნეული გადახდილად და დაემატა საბოლოო ნაშთს. შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა გონივრული ნაშთი და გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 16.04.2024 წლის №8739 ბრძანება და ამავე თარიღის №149-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13283 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება ფულის ნაშთი. ამასთან, კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით მომწოდებლებზე გადახდილია იმაზე მეტი თანხა, ვიდრე არსებობს სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო მეორე მხარისგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას არ აქვს გადახდილი ის თანხა, რასაც თავად აღრიცხავს. კომპანიას ასევე უფიქსირდება სესხები ფიზიკური პირებისგან, ხოლო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი (შემოწმებისთვის წარმოდგენილ ცხრილში ნაჩვენებია ძირითადი თანხის გადახდები, რომელიც გადახდილია წინა შემოწმების პერიოდში). ამდენად, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები არ იქნა გათვალისწინებული ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემცირებული არ არის იპოთეკარებზე გადახდილი ძირითადი თანხებით და პროცენტებით. პროცენტები შემცირებულია თითქოს იმ მიზეზით, რომ დასრულებულია სესხის ხელშეკრულება. ასევე, გადასახადები დარიცხულია კომპანიებისთვის გადახდილ თანხებზე, რომელთაც იპოთეკა ედოთ კომპანიის ქონებაზე, იპოთეკა მოხსნილია, თუმცა სატელეფონო კავშირისას არ აღიარეს თანხის გადახდის ფაქტი. იგივე ხდება მომწოდებლებზე გადახდილ თანხებთან დაკავშირებითაც, ზოგიერთმა მომწოდებელმა შემოწმებას არ წარუდგინა კომპანიის მიერ გადახდილ თანხებზე სრული ინფორმაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა ფულის ნაშთი. ასევე, კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით მომწოდებლებზე გადახდილია იმაზე მეტი თანხა, ვიდრე არსებობს სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოწმების მიერ მეორე მხარისგან გამოთხოვილია ინფორმაცია მიღებული თანხების შესახებ და დადგინდა, რომ კომპანიას არ აქვს გადახდილი ის თანხა, რასაც თავად აღრიცხავს. გარდა ამისა, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფიზიკური პირებისგან აღებული სესხის თანხები და დადგინდა, რომ შემოწმებისთვის წარდგენილ ცხრილში ნაჩვენებია ძირითადი თანხის გადახდები, რომელიც გადახდილია წინა შემოწმების პერიოდში. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად, აღნიშნული თანხები არ იქნა მიჩნეული გადახდილად და დაემატა საბოლოო ნაშთს. შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა გონივრული ნაშთი და გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, საჩივარში დაფიქსირებულ საკონტაქტო მობილურის ნომერზე განემარტა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე საჩივრის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე, თუმცა უშუალოდ საჩივრის განხილვის წინ დაკონტაქტებისას მან საბჭოს სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან არ ჰქონდა საჩივრის განხილვაში მონაწილეობის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა). მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საწარმოს არ გააჩნდა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აღნიშნული ხარჯის გაწევაზე გადახდილი თანხების მიხედვით გაანგარიშებული ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა ფულის ნაშთი. შესწავლილ იქნა ფიზიკური პირებისგან აღებული სესხები და დადგინდა, რომ შემოწმებისთვის წარმოდგენილ ცხრილში ნაჩვენებია ძირითადი თანხის გადახდები, რომელიც გადახდილია წინა შემოწმების პერიოდში. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა გონივრული ნაშთი და გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საწარმოს არ გააჩნდა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აღნიშნული ხარჯის გაწევაზე გადახდილი თანხების მიხედვით გაანგარიშებული ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154.