ბრძანება № 28502

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2023
№ დოკუმენტი 28502
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 28502

20 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის პირველი სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) 2023 წლის პირველი სექტემბრის №83356/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აგვისტოს №125-19 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ხარჯებიდან და დღგ-ის ჩათვლებიდან ამოღებას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ნაწილობრივ შეამცირა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები, თუმცა ფორმალური თვალსაზრისით 2011 წლის შემდგომ პერიოდზე არ მოახდინა თანხების გადაანგარიშება/შემცირება. მიუთითებს, რომ შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ ხარჯების გამოქვითვის 75%-იანი მენუალი.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად განსაზღვრული სანქციების შემცირებას, საურავის დარიცხვის შეწყვეტას.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის №--------- განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის №---------- განჩინება. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/8131-15 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

,,1.-----------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 დეკემბრის №025-34 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 მარტის №8021 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება №9936/2/15 საჩივართან დაკავშირებით საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ხარჯებიდან და დღგ-ის ჩათვლებიდან ამოღების ნაწილში და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.“

გადაწყვეტილების თანახმად:

„საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით, მართალია, დამტკიცებული არის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესი, თუმცაღა საგულისხმოა სადავო შემთხვევაში განხორციელებული დარიცხვის პერიოდები. კერძოდ, საგადასახადო ორგანოთა მიერ მოცემული ბრძანების მოთხოვნების მისადაგება მოხდა 2008, 2009 და 2010 წლებზეც, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს და დაუშვებელია, დარიცხვა განხორციელდეს და გადამხდელს პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ნორმატიული აქტის საფუძველზე, რომელიც სადავო პერიოდში არ მოქმედებდა, მით უფრო, როდესაც აღნიშნულს მეწარმისათვის ხელსაყრელი შედეგები არ აქვს. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ განხორციელებული დარიცხვის ნაწილში აუცილებელია, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნოს 2011 წლამდე და 2011 წლის შემდგომ არსებული საანგარიშო პერიოდები, რამეთუ 2011 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა საწვავის კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოყენების არსებობის დადასტურება. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, მხარეს მოეთხოვოს იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლის წარდგენის ვალდებულება კანონმდებლობით არ ეკისრება. ამდენად, არ იყო რა მკაცრად განსაზღვრული მტკიცებულებათა ჩამონათვალი, გადასახადის გადამხდელს შეეძლო, წარედგინა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც აღნიშნულ გარემოებათა მტკიცება იქნებოდა შესაძლებელი, ხოლო საგადასახადო ორგანოს წარდგენილ მტკიცებულებათა სრულად და ყოველმხრივ ანალიზის შედეგად უნდა მიეღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, გადამხდელს უნდა ემოქმედა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი დანაწესების მიხედვით, მოქმედებდა ზოგადი მტკიცების ტვირთი და საგადასახადო ორგანოს ცალკეულ დოკუმენტთა ერთობლივად გამოკვლევის შედეგად უნდა განესაზღვრა გადამხდელის მოქმედების მართლზომიერების საკითხი.

მოცემულ სადავო საკითხის ნაწილში სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს საწარმოს საქმიანობის სახეს - ნავთობპროდუქტების შეძენა და შემდგომი რეალიზაცია, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასათვალისწინებელია მოსარჩელის საქმიანობის სახე, რომლის სრულყოფილად განხორციელებასთან ცალსახად არის დაკავშირებული შესაბამისი ხარჯის, მათ შორის ტრანსპორტის გამოყენებისა და საწვავის შეძენის, გაწევის აუცილებლობა. ამდენად, მნიშვნელოვანია რატომ იწვევს მოპასუხეებისთვის გაღებული საწვავის ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასა და დასაბეგრ ოპერაციებთან კავშირში გამოყენება ეჭვს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს ასევე არ წარმოშობს სადავო დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტი, რომ „საზოგადოების ბალანსზე რიცხული ავტომანქანით მოძრაობის წესების დარღვევისთვის რიგ შემთხვევებში დაჯარიმებულია სხვა პირი“, რამეთუ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ შესწავლილი და გამოკვლეული არ არის დაჯარიმებულ პირთა საწარმოსთან არსებული ურთიერთობის სახე, ასევე აღნიშნული არ არის მსგავს შემთხვევათა რაოდენობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ეჭვი პირის მიერ კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე არ შეიძლება გახდეს მისთვის საგადასახადო ტვირთის დამძიმების საფუძველი. ეჭვი უნდა იყოს გონივრული და შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით გამყარებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არის დასაბუთებული საწარმოს საქმიანობის სახის გათვალისწინებით რატომ წარმოიშვა ეჭვი გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის თაობაზე და აღნიშნული ეჭვი არ არის შესაბამისის მტკიცებულებებითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით გამყარებული, ამასთან, საგადასახადო ორგანოთა მიერ მოცემული სადავო საკითხის ნაწილში 2011 წლამდე პერიოდზე გავრცელდა 2011 წელს მიღებული ნორმატიული აქტი, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონიერების პრინციპთან. სადავო საკითხი საჭიროებს საქმის გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 დეკემბრის №025-34 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 მარტის №8021 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება №9936/2/15 საჩივართან დაკავშირებით საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ხარჯებიდან და დღგ-ის ჩათვლებიდან ამოღების ნაწილში და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.“

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/8131-15 გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის №---------- და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის №------------ განჩინებების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 4 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული გადასახადი 17 384 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 10 აგვისტოს №125-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კიდევ ერთხელ იქნა შესწავლილი სადავო საკითხი, კერძოდ, დასკვნით მოხდა ერთობლივი შემოსავლიდან გახარჯული საწვავის გამოქვითვის გათვალისწინება 2008, 2009 და 2010 წლებში. ვინაიდან ფინანსთა მინისტრის ბრძანება №230 საწვავების გახარჯვასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა 2011 წელს და ამოქმედდა 2011 წლიდან, არარელევანტური იქნება მისი გავრცელება წინა პერიოდებში. აღნიშნული საკითხმა თავის მხრივ გავლენა მოახდინა ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში, კერძოდ, 2008, 2009 და 2010 წლებში შემოწმებით ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები გადაანგარიშებით სრულად დაექვემდებარა შემცირებას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული საკითხის დარიცხვას 2011 წლიდან შემდგომ შესამოწმებელ პერიოდებზე აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით, დამტკიცებულია ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესი და ამ წესის თანახმად წარმოებული დოკუმენტაცია მტკიცებულების სახით გადამხდელს არ წარმოუდგენია არც შემოწმების დროს და არც შემდგომ გასაჩივრების პერიოდში. 2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2011 წლიდან შემდგომ შესამოწმებელ პერიოდზე დღგ-ის ნაწილში დარიცხვა დარჩა უცვლელი. ასევე, შემოწმებამ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე2 და 21 ნაწილები, ვინაიდან სასამართლოს დავალებული აქვს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შესაბამისად, სანქციის გადაანგარიშების დროს გათვალისწინებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის ნორმა, რომელმაც გავლენა მოახდინა დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმაზე, რის შედეგადაც 2011-2013 წლებში დამატებით შემცირებულ იქნა დღგ-ზე დარიცხული ჯარიმა 1 868 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხევდით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით, დამტკიცებული ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან საწვავის ხარჯის გამოსაქვითად აუცილებელი პირობაა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფილ იქნეს ქვემოთ მოყვანილი პირობების დაცვა და მისი დოკუმენტურად დადასტურება, კერძოდ:

ა) საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა;

ბ) საწვავის შესაბამის ძირითად საშუალებაზე გაცემის დადასტურება;

გ) შეძენილი და გახარჯული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, დღგ ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, მოხდა ერთობლივი შემოსავლიდან გახარჯული საწვავის გამოქვითვის გათვალისწინება 2008, 2009 და 2010 წლებში, ვინაიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №230 საწვავების გახარჯვასთან დაკავშირებით ამოქმედდა 2011 წლიდან. ამასთან, გადაანგარიშებით სრულად დაექვემდებარა შემცირებას 2008, 2009 და 2010 წლებში შემოწმებით ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები. ხოლო, 2011 წლიდან შემდგომ შესამოწმებელ პერიოდებზე აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით, შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა 1 868 ლარით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №3/8131-15 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს;

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად განსაზღვრული სანქციების შემცირებას, საურავის დარიცხვის შეწყვეტას.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, მოხდა ერთობლივი შემოსავლიდან გახარჯული საწვავის გამოქვითვის გათვალისწინება 2008, 2009 და 2010 წლებში, ვინაიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №230 საწვავების გახარჯვასთან დაკავშირებით ამოქმედდა 2011 წლიდან. ამასთან, გადაანგარიშებით სრულად დაექვემდებარა შემცირებას 2008, 2009 და 2010 წლებში შემოწმებით ჩასათვლელი დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები. ხოლო, 2011 წლიდან შემდგომ შესამოწმებელ პერიოდებზე აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით, შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:100,102,105;174(2);275