ბრძანება N 26951
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26951
23 დეკემბერი 2024
ბრძანება
შპს „--------“-ის (ს/ნ "-------")
(მის.: "--------")
2024 წლის 30 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის და 19 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №125 და №133) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 ნოემბრის №23899/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“-ის (ს/ნ "--------") 2024 წლის 30 ივლისის №91095/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №075-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ არ დარღვეულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც ერთი ქვეპუნქტის მოთხოვნა, შესაბამისად, შემმოწმებელს არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. განმარტავს, რომ სარეალიზაციო პროდუქციის თავისებურებიდან გამომდინარე, პროდუქციის ღირებულება, ყოველდღიურად, მოდის ცვლილებასთან ერთად იცვლება, რაც იწვევს საქონლის ფასის პერიოდულად შემცირებას. აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზით აიხსნება შემოწმების აქტში ნახსენები უარყოფითი ფასნამატი და კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8610 და 2 მაისის №10956 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“-ის (ს/ნ "---------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 18 აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 18 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის პირველი ივლისის №15389 ბრძანება და ამავე თარიღის №075-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 92 229 ლარი, მათ შორის, გადასახადი 59 367 ლარი, ჯარიმა 29 684 ლარი, საურავი 3 178 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 20 აგვისტოს №19045 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო დღგ-ის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 14 ნოემბრის №23899/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 აგვისტოს №19045 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 ნოემბრის №23899/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ფეხსაცმლის (საშინაო, რეზინის, სპორტული), ჩანთების და ქუდების იმპორტი ჩინეთიდან, ირანიდან და ადგილობრივ ბაზარზე მათი საცალო რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელს ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა არ უფიქსირდება. კომპანიამ შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბანკო ცნობა და ამონაწერები, ახსნაგანმარტება, გადასახადის გადამხდელის ხელთ არსებული შემოწმების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა „ფინა“. აღნიშნული პროგრამა შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, არასანდოდ იქნა მიჩნეული, კერძოდ, ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ეკონომიკური ოპერაციებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო ვალდებულებების სწორად/სრულყოფილად განსაზღვრა. შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 18 აპრილს ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღწერის მასალებით, უწყებებიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე, სხვა ამგვარი მონაცემებით გადასახადის გადამხდელის შესახებ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუქნტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
2024 წლის 18 აპრილს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებით დადგინდა 2024 წლის პირველი აპრილისთვის სმფ-ების ნაშთის და შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომლიდანაც გამოიყო დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საბითუმო რეალიზაციად, რომელზეც გავრცელდა მსგავსი კომპანიის აუდირებული ფასნამატები, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში საბითუმოდ რეალიზებული საქონლის შეძენის ღირებულებამ შეადგინა 606 239 ლარი (დღგ-ის გარეშე), აღნიშნულზე შემოწმებამ გამოიყენა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების ("-------" ბაზრობის) აუდირებული საბითუმო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით (ფეხსაცმელზე 26%; ქუდზე 26% და ჩანთაზე 26%). შემოწმებით დაანგარიშებული რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 767 002 ლარს (დღგ-ის გარეშე), საიდანაც არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი საბითუმო რეალიზაციის ბრუნვა შეადგენს 763 861 ლარს. შესაბამისად, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში 2024 წლის 28 ნოემბერს 12:00 საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო 2024 წლის 19 დეკემბერს 13:40 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ფინა“ შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, არასანდოდ იქნა მიჩნეული, კერძოდ, ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ეკონომიკური ოპერაციებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო ვალდებულებების სწორად/სრულყოფილად განსაზღვრა, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 2024 წლის პირველი აპრილისთვის სმფ-ების ნაშთის და შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომლიდანაც გამოიყო დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საბითუმო რეალიზაციად, რაზეც გავრცელდა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები კატეგორიების მიხედვით. შესაბამისად, გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გამოყოფა, სხვაობის საბითუმო რეალიზაციად განხილვა და აღნიშნულზე მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საბითუმო ფასნამატის გავრცელება კატეგორიების მიხედვით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ფეხსაცმლის ჩანთების და ქუდების იმპორტი ჩინეთიდან, ირანიდან და ადგილობრივ ბაზარზე მათი საცალო რეალიზაცია. გადამხდელს ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა არ უფიქსირდება. კომპანიამ შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბანკო ცნობა და ამონაწერები, ახსნაგანმარტება, გადამხდელის ხელთ არსებული შემოწმების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა „ფინა“.
აღნიშნული პროგრამა შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, არასანდოდ იქნა მიჩნეული, კერძოდ, ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ეკონომიკური ოპერაციებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო ვალდებულებების სწორად/სრულყოფილად განსაზღვრა.გადამხდელის შესახებ და სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუქნტის საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოწმებით დაანგარიშებული რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 767 002 ლარს,საიდანაც არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი საბითუმო რეალიზაციის ბრუნვა შეადგენს 763 861 ლარს. შესაბამისად, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და შედეგად, სსკ-ის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),136,163,164.