N 21-06 - 03/07/2025 - „საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2007 წლის 15 ოქტომბერს ქ. ლუქსემბურგში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმი
📄 სრული ტექსტი
ოქმი
„საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2007 წლის 15 ოქტომბერს ქ. ლუქსემბურგში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობა,სურთ რა გააფორმონ „საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2007 წლის 15 ოქტომბერს ქ. ლუქსემბურგში ხელმოწერილ შეთანხმებაში (შემდგომში „შეთანხმება”) ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმი, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
შეთანხმების 27-ე მუხლი (ინფორმაციის გაცვლა) წაიშალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27
ინფორმაციის გაცვლა
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ შეთანხმების დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმებასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ინფორმაცია შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, როდესაც ამ ინფორმაციის გამოყენება ასეთი სხვა მიზნებისთვის ნებადართულია ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და ამ ინფორმაციის მიმწოდებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო მისცემს ასეთი გამოყენების უფლებას.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ordre public).
4. თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მას ეს ინფორმაცია არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია ან დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.“.
მუხლი 2
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით აუწყებენ ერთმანეთს მათი შესაბამისი მოქმედი პროცედურების დასრულების შესახებ. ეს ოქმი ძალაში შევა უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან.
2. ეს ოქმი იმოქმედებს ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ოქმის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. წინამდებარე ოქმი ძალაში რჩება შეთანხმების ძალაში ყოფნამდე.
რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქ. ლუქსემბურგში, 2025 წლის 3 ივლისს ორ დედნად, თითოეული ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრი
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს
სახელით
ჟილ როთი
ფინანსთა მინისტრი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე